24 ნოემბერი, კვირა, 2024

ბალადა

spot_img

ტერმინი ბალადა ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს საცეკვაო სიმღერას. ქართულ ფოლკლორში ბალადა ლირიკულ-ეპიკური ფორმის ლექსია, რომელშიც გადმოცემულია გმირის ცხოვრებიდან არაჩვეულებრივი ეპიზოდი. ბალადა შეიცავს დიალოგებს („ია მთაზედა“), მონოლოგს („შემომეყარა ყივჩაღი“) ან ეპიკურ თხრობას („თავფარავნელი ჭაბუკი“). ბალადების სიუჟეტი ყოველთვის დრამატულია.

ბალადას, როგორც ლიტერატურულ ჟანრს, თავისი მახასიათებლები გააჩნია, ესენია:

♦ კომპოზიციის არსებობა: შესავალი, ძირითადი ნაწილი და კულმინაცია;

♦ ნაჩვენებია პერსონაჟის ემოციები და გრძნობები;

♦ პერსონაჟებს შორის დიალოგი, პოლილოგი, ან მონოლოგი;

♦ პეიზაჟის აღწერა.

ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში ბალადა XIX საუკუნეებამდე დოკუმენტური დადასტურებით არ გვხვდება. სავარაუდოდ, ქართული ბალადები გაცილებით ადრე უნდა ჩამოყალიბებულიყო. ამას ამტკიცებს სვანური, რაჭული, ხევსურული და საქართველოს ბარის კუთხეებში შემონახული ფოლკლორული ბალადების ნიმუშები.

ქართულ ბალადებში მოქმედება უფრო რეალისტურ გარემოში ხდება. ისინი ძირითადად მოგვითხრობენ ჭაბუკთა გმირობებსა და ბრძოლებზე. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბალადა არის ,,ლექსი ვეფხისა და მოყმისა“. ამ ბალადის პირველი მოკლე ვარიანტი 1887 წელს გამოაქვეყნა დ. ხიზანიშვილმა, ხოლო ვრცელი – ვ. კოტეტიშვილმა 1927 წელს. დღეისათვის ბალადის 24 ჩანაწერია ცნობილი. ეს ბალადა როგორც სტილისტური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით ქართული ხალხური ტრადიციის ნაყოფია. ბალადაში გადმოცემულია ჯიხვებზე მონადირე ახალგაზრდისა და ვეფხვის სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინება, ფიქრები და განცდები  ბრძოლაში დაღუპული ვაჟის დედისა, რომელიც თანაგრძნობას უცხადებს ვეფხვის დედას. მოყმის დედა ქართველი ქალის განზოგადებული სახეა, მისი ყველა საუკეთესო თვისების კრებითი ხატი.

,,ვეფხვისა და მოყმის ბალადაში“ ადამიანი და ცხოველი თანაბარნი არიან, როგორც ვაჟკაცობით, გმირული სულისკვეთების გამოვლინებითა და გამოხატულებებით.

ერთ-ერთი ცნობილი ქართული ბალადაა „თავფარავნელი ჭაბუკი“. თავფარავნელი ჭაბუკი ქართული მითოლოგიური სახეა, სიყვარულისთვის თავდადებული ვაჟკაცი, რომელიც თავისი მოქმედებითაც და სიმბოლიკითაც აშკარა ორეულია ბერძნული მითოლოგიური გმირის – ლეანდრესი. ჰეროს და ლეანდრეს ბალადა ჯერ ოვიდიუსმა (ძვ.წ. I ს.) უკვდავყო, მერე – შილერმა და შუა საუკუნეების მრავალმა ავტორმა. ოვიდიუსის ლეანდრემ ჰელენსპონტი უნდა გადაცუროს, აბიდოსთან ჰერო ელოდება. შუქი ქრება, ვაჟი იხრჩობა. მებადური გვამს გამოიტანს, ქალი დასტირის და თავს იკლავს. დაახლოებით ასევეა ქართულ ბალადაში, ჭაბუკმა აქაც „ზღვა“ (სინამდვილეში ტბა) უნდა გადაცუროს („ზღვა ჰქონდა წინათ სავალი, გასვლას შიგ არა ზარობდა“). უცხოურ ბალადაში შუქურას ქარიშხალი აქრობს, ქართულ ვერსიაში კი ბოროტი დედაბერი: „ქალი ანთებდა სანთელსა, სანთელი კელაპტარობდა, ერთი ავსული ბებერი აქრობდა, აბეზარობდა“ ტრაგიკულ ღამეს  იმძლავრა ქარიშხალმა,  ვაჟი იღუპება, შეყვარებული ქალის ბედს მთქმელი უცნობად გვიტოვებს. „თავფარავნელი ჭაბუკი“ ძალიან საინტერესოა ენობრივ-გამომსახველობითი ფორმებითა და ლექსიკური მრავალფეროვნებით, რითაც ის ხიბლს კიდევ მეტად იძენს.

თაკო კეშელავაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები