გთავაზობთ არსებით სახელთან დაკავშირებით მართლწერის ზოგად წესებს კონკრეტული მაგალითებით.
ორი ერთნაირი ბგერის თავმოყრა
ა) ხმოვნების თავმოყრა
ორი ე იწერება ე ხმოვნით ფუძედაბოლოებულ სახელებთან, ებ-იან მრავლობითში:
ტყე-ებ-ი; დღე-ებ-ი, შრე-ებ-ი.
ორი ი იწერება ია-ზე დაბოლოებულ არსებითი სახელების ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში:
ია – ი-ის/ი-ით; გეოგრაფია – გეოგრაფი-ის/გეოგრაფი-ით; იაპონია – იაპონი-ის/იაპონი-ით.
ე ხმოვანი არ იკვეცება (არ იკარგება) უცხოური წარმოშობის სახელებში:
კაშნე – კაშნე-ს/კაშნე-თი და არა კაშნ-ის/კაშნ-ით; კაფე – კაფე-სი/კაფე-თი და არა კაფ-ის/კაფ-ით; ბლომანჟე – ბლომანჟე-ს/ბლომაჟე-თი და არა ბლომანჟ-ის/ბლომანჟ-ით.
აქვე დავიმახსოვროთ: რაღაცა, ვიღაცა ნაცვალსახელების მრავლობითის ფორმებია: ვიღაც-ები, რაღაც-ები… ეს ნაცვალსახელები ა ხმოვნით ბოლოვდება და ორი ე-ს თავმოყრა არ არის სწორი: ვიღაცეები, რაღაცეები.
ბ) თანხმოვნების თავმოყრა
მოთხრობით ბრუნვაში ორი მ იწერება, თუ სახელის ფუძე მ თანხმოვანზე ბოლოვდება:
ირემ-მა, კალამ-მა, მარიამ-მა, გურამ-მა, გემ-მა…
მიცემით ბრუნვაში ორი ს იწერება, თუ სახელის ფუძე ს თანხმოვანზე ბოლოვდება:
ინგლის-ს, თბილის-ს, უელს-ს, ლექს-ს, ეპისკოპოს-ს, სინდის-ს, კლას-ს…
ზე თანდებულის დართვისას ორი ზ იწერება, თუ სახელის ფუძე ზ თანხმოვანზე ბოლოვდება: გაზ-ზე, ასპარეზ-ზე, ხაზ-ზე, კოვზ-ზე…
თუ სახელის ფუძე შ-ზე ბოლოვდება და ში თანდებული დაერთვის, ორი შ დაიწერება:
თეფშ-ში, ბალიშ-ში, ქარქაშ-ში, ულვაშ-ში…
თან თანდებულის დართვის შემდეგ გვექნება ორი თ, თუ სახელის ფუძე თ თანხმოვანზე ბოლოვდება: თით-თან, კალათ-თან, ხალათ-თან, გუმბათ-თან…
თუ სახელის ფუძე ბოლოვდება ნ თანხმოვანზე, ნარიან მრავლობითში (სახელობითსა და წოდებითში) დაიწერება ორი ნ: ყორან-ნი, ყორან-ნო; ბრძენ-ნი, ბრძენ-ნო; ხელოსან-ნი, ხელოსან-ნო.
თანიან მრავლობითში იწერება ორი თ, თუ სახელის ფუძე ბოლოვდება თ თანხმოვანზე:
გუმბათ-თა, კალათ-თა, ბარათ-თა, სურათ-თა.
არსებით სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
ვითარებითი ბრუნვის ნიშანია დ (ხმოვანფუძიან სახელებში), ად (თანხმოვანფუძიანებში) და არა –თ (ათ): ნოველად, წიგნად, ლექსად, სასწავლებლად, სანახავად… არასწორია: ნოველათ, წიგნათ, ლექსათ, სასწავლებლათ, სანახავათ…
და კავშირით შეერთებულ სახელთაგან კავშირის წინ მდგომი სახელი დაირთავს ბრუნვის ნიშანს და გავრცობილია ა-თი: დასა და ძმას (და არა: დას და ძმას).
მიცემითსა და ნათესაობითში და კავშირით შეერთებულ სახელთაგან თანდებული მომდევნოს დაერთვის: ზღვასა და ხმელეთზე (და არა: ზღვაზე და ხმელეთზე), ან: ოჯახისა და საზოგადოებისათვის (და არა: ოჯახისათვის და საზოგადოებისათვის).
ხოლო თუ და-ს წინ რამდენიმე სახელია, ყველა დაირთავს თანდებულს, გარდა და კავშირის წინ მდგომისა: რექტორი ზრუნავდა პროფესორებზე, სტუდენტებზე, წარმატებასა და მომავალზე.
ზოგჯერ გვხვდება შემდეგი სახის შესიტყვება: სიყვარულის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის… სწორი იქნება, თუ სიტყვა გულს ამოვიღებთ და დავწერთ სიყვარულის(ა)თვის, სამშობლოს(ა)თვის…
ხშირად წინ და უკან სიტყვების თანდებულებად გამოყენებისას შეცდომებს ვუშვებთ. ეს შეცდომები რუსულიდან სიტყვასიტყვით თარგმნის (კალკირების) შედეგია. სწორია:
ორი წლის წინ, ან ათასი წლის წინ და არა: ორი წლის უკან, ათასი წლის უკან.
კანცელარიულ მეტყველებაში (საქმისწარმოების ტერმინოლოგიაში) არსებობს ასეთი გამოთქმა: ამა თუ იმ დოკუმენტის უკანა რიცხვით გაფორმება, რაც არასწორია. უნდა ვთქვათ: წინა (ან გასული) რიცხვით/თარიღით გაფორმება…
დაიმახსოვრეთ, რომ არასწორია: კენჭისყრები, შიშები, წნევები, შუქები, პრაქტიკები, მუსიკები… ეს სიტყვები მხოლობით რიცხვში უნდა გამოვიყენოთ: კენჭისყრა, შიში, წნევა, შუქი, პრაქტიკა, მუსიკა…
თანხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები ნათესაობით, მოქმედებითსა და ვითარებით ბრუნვებში, ასევე, ებ-იან მრავლობითში იკუმშება ხმოვნით დაწყებული ბრუნვის ნიშნის დართვის გამო. ფუძიდან ამოვარდება შემდეგი ხმოვნები: ა, ე და ო (ო ზოგჯერ კვალს ტოვებს ვ-ს სახით: მინდორი – მინდვრის). კუმშვას იწვევს ზოგი სხვა ხმოვნით დაწყებული სართის დართვაც: მგელი – მგლ-ურ-ი; წითელი – უ-წითლ-ეს-ი (წითელი ზედსართავი სახელია)…
როგორც წესი, იკუმშება ლ, რ, მ, ნ თანხმოვნებზე დაბოლოებული ფუძეები. ე.ი. ალ, ამ, ან, არ, ელ, ემ, ენ, ერ, ოლ, ომ, ონ, ორ მარცვლებზე დაბოლოებული სიტყვები იკუმშება.
ზოგიერთ სახელს თავისებურება ახასიათებს კუმშვისას, მაგალითად, სიტყვები: ამბავი, ღმერთი და ხუცესი, ხმოვანთან ერთად, ფუძიდან თანხმოვანსაც კარგავს: ამბავი – ამბ-ის, ამბ-ით, ამბ-ად; ხუცესი – ხუც-ის, ხუც-ით, ხუც-ად; ღმერთი – ღმრთის/ღვთის, ღმრთ-ით/ღვთ-ით.
ხმოვანფუძიანი საზოგადო სახელები ნათესაობითსა და მოქმედებითში მოიკვეცენ ორ ხმოვანს: ა-სა და ე-ს. ებ-იან მრავლობითში კი იკვეცება მხოლოდ ა: დედა – დედ-ის, დედ-ით, დედ-ებ-ი… ტყე – ტყ-ის, ტყ-ით…
უკვეცელია ი-ზე, ო-სა და უ-ზე დაბოლოებული სიტყვები, გამონაკლისია ღვინო – ღვინ-ის.
ჩაი – ჩაი-ს/ჩაი-თ
ოქრო – ოქრო-ს(ი)/ოქრო-თი;
წყარო – წყარო-ს(ი)/წყარო-თი;
ყრუ – ყრუ-ს(ი)/ყრუ-თი…
ზოგიერთი ა მაწარმოებლიანი სახელი და ე-ზე დაბოლოებული ნასესხები სახელებიც არ იკვეცება. მაგალითად: კარატე, კაშნე, კუპე, კაფე, ტირე, დედოფალა, ჭრიჭინა, წვერა, ნაცარქექია…
ზოგი სახელი, ერთდროულად, იკუმშება და იკვეცება კიდეც. კუმშვად-კვეცადი სახელებია: მოყვარე, პეპელა, ბეგარა, ტომარა, ქარხანა, ქვეყანა, ფანჯარა.
ადამიანთა და გეოგრაფიული სახელების მართლწერისთვის დავიმახსოვროთ:
ისევე, როგორც საზოგადო სახელები, გეოგრაფიული სახელების ნაწილი იკუმშება ან იკვეცება.
მაგალითად:
ჭიათურა – ჭიათურ-ის; საჩხერე – საჩხერ-ის; ქსანი – ქსნ-ის; მტკვარი – მტკვრ-ის; დიღომი – დიღმის; წილკანი – წილკნ-ის.
ა-ზე დაბოლოებული უცხოური გეოგრაფიული სახელებისთვის მართებულია ა ხმოვნის მოკვეცილი ფორმები ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში: უგანდ-ის, ინდიან-ის, ჯორჯი-ის, იუტ-ის, ალაბამ-ის…
ადამიანის საკუთარი სახელები არც იკუმშება და არც იკვეცება. შეცდომაა: რუსუდნის, ფარსადნის… სწორია: რუსუდანის, ფარსადანის …
ადამიანის საკუთარი სახელების მოთხრობითში, მიცემითსა და წოდებითში გამოყენებისას ი-ზე დაბოლოებული სახელების ბრუნებისას უნდა გავარკვიოთ, ი ფუძისეულია თუ ბრუნვის ნიშანი.
ი ფუძისეულია მაგალითებში: დიმიტრი, სერგი, აკაკი, გიორგი, გივი, ირაკლი, ლალი, ნანული, მერი…
ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია შემდეგ სიტყვებში: მერაბ-ი, ვახტანგ-ი, რამაზ-ი, თენგიზ-ი, ლევან-ი, ეთერ-ი, თამარ-ი, მარიამ-ი…
თუ საკუთარ სახელს გვართან ერთად ბრუნებისას ჩამოშორდება ი, მაშინ ეს ი ბრუნვის ნიშანია. აქედან გამომდინარე, მოთხრობითში იქნება: დიმიტრი-მ, მერი-მ, ოთარ-მა, ლევან-მა (და არა: ოთარიმ, ლევანიმ).
მიცემითში იქნება: დიმიტრი-ს, მერი-ს, რამაზ-ს, ნესტანს-ს (და არა: რამაზის, ნესტანის…).
წოდებითში საკუთარი სახელები ბრუნვის ნიშნის გარეშე უნდა იყოს წარმოდგენილი:
აკაკი! ემზარ! დალი! ქეთევან! ნანა! მზია! ელენე! ლეილა!
გვარების დაწერილობისას გაითვალისწინეთ შემდეგი: თუ ი-ზე დაბოლოებულ უცხოურ გვარებში ი სახელობითი ბრუნვის ნიშანია (აინშტაინ-ი, პუტინ-ი, ლერმონტოვ-ი, მან-ი), მოიკვეცება და მოთხრობითსა და მიცემითში იქნება: პუტინ-მა, პუტინ-ს…
თუ ი ფუძისეულია (უმეტესად, იტალიური და ბერძნული გვარები), იგი არ იკარგება და გვექნება: მასტროიანი, ამფიმიადი, ვერდი, ჩერნიშევსკი, ვივალდი, გარიბალდი, ფელინი, მანიანი, დიმიტრიადი… მანიანიმ, ფელინიმ, ბოტიჩელიმ… (და არა: მანიანმა, ბოტიჩელმა…).
წოდებითში ფუძის სახით იქნება: ამფიმიადი! ვერდი! პაგანინი!
ქართული გვარებიდან ძე-სა და ე-ზე დაბოლოებულები იკვეცება ნათესაობითსა და მოქმედებითში: ჯაფარიძე – ჯაფარიძის, ჯაფარიძით; მენაბდე – მენაბდის, მენაბდით…
ე-ზე დაბოლოებული უცხოური გვარები უცვლელია: ეზოპე-ს, გოეთე-ს, ბროსე-ს, ჰაინე-ს.
ია, უა, ვა-ზე დაბოლოებული გვარები იკვეცება მხოლოდ მრავლობით რიცხვში:
გუნია – გუნი-ებ-ი; გაბუნია – გაბუნი-ებ-ი, ქარდავა – ქარდავ-ებ-ი; მონიავა – მონიავ-ებ-ი
თანხმოვანფუძიან გვარებს წოდებითში დაერთვის -ო:
ხიმშიაშვილ-ო! აბრამიშვილ-ო! ბოდაველ-ო! არაბულ-ო! ჯიბუტ-ო!
ხმოვანფუძიან გვარებთან წოდებითში ბრუნვის ნიშანი არ იწერება: მამალაძე! გოგელია!
იკუმშება შემდეგი გვარები:
წერეთლ-ის, წერეთლ-ით, წერეთლ-ად; მაჩაბლ-ის, მაჩაბლ-ით, მაჩაბლ-ად; ცაგარლ-ის, ცაგარლ-ით, ცაგარლად; ბოდავლ-ის, ბოდავლ-ით, ბოდავლ-ად.
ადამიანის ვინაობის აღნიშვნისას ჯერ სახელი იწერება, შემდეგ მამის სახელი და ბოლოს – გვარი. საერთოდ, მამის სახელი უნდა მოსდევდეს საკუთარ სახელს:
არჩილ ლევანის ძე ავალიანი ან ავალიანი არჩილ ლევანის ძე.
სახელისა და გვარის ერთად ბრუნებისას მარტო გვარი იბრუნვის:
მათე მელუა, მათე მელუამ, მათე მელუას…
სიის ამოკითხვისას ჯერ გვარი ითქმება, შემდეგ – სახელი. სახელი უნდა იყოს წოდებით ბრუნვაში, რადგან ამ შემთხვევაში იგი მიმართვის ფორმაა:
აბუთიძე მერაბ, ბერძენიშვილი რამაზ, გიგაშვილი ეთერ… და არა: აბუთიძე მერაბი, ბერძენიშვილი რამაზი, გიგაშვილი ეთერი…
წინადადებაში იგივე სახელები სათანადო ბრუნვაში იქნება: თანამდებობიდან გაათავისუფლეს გიგაშვილი ეთერი.
დაიმახსოვრეთ: დაუშვებელია საკუთარ სახელთა შემოკლებანი, სადაც გვარის ნაცვლად გვხვდება წოდება. არასწორია: დ. გარეჯელი, გ. ხანძთელი, გ. მერჩულე.
არ შეიძლება ქალაქის ქუჩებისა თუ მოედნების ან დაწესებულებების სახელწოდებებში გამოყენებულ ქართველ მეფეთა თუ ცნობილ მოღვაწეთა სახელების შემოკლება: მაგ.: ქ. წამებულის ხიდი, დ. აღმაშენებლის გამზირი, თ. მეფის პროსპექტი, ვ. ფშაველას გამზირი, თ. მღვდლის ქუჩა…
როცა საკუთარ სახელებს წინ უძღვის წოდება-პროფესიის სახელები (ექიმი, პროფესორი, თავადი, გენერალი….), მხოლოდ სახელობითში, მოთხრობითსა და წოდებით ბრუნვებში ეთანხმებიან სახელს. თუ გვარს წინ უძღვის ბატონი ან ქალბატონი, ესენი ისევე იბრუნვის, როგორც ნებისმიერი თანხმოვანფუძიანი მსაზღვრელი სახელები, ანუ ნათესაობითსა და მოქმედებითში ი დაბოლოება იქნება წარმოდგენილი:
პროფესორ-ი ჯორბენაძე, პროფესორ-მა ჯორბენაძე-მ, პროფესორ ჯორბენაძე-ს, პროფესორ ჯორბენაძ-ის…
ბატონ-ი ლევან-ი, ბატონ-მა ლევან-მა, ბატონ ლევან-ს, ბატონი ლევან-ის…
ბატონ-ი თეიმურაზ-ი
მსაზღვრელის ა ხმოვნით გავრცობა აუცილებელია, როცა ნათესაობითში დასმული მსაზღვრელი მოსდევს სახელს: მოთხრობა გოგებაშვილისა, სპექტაკლი მარჯანიშვილისა, ლექსი ტაბიძისა…
სასულიერო პირთა მიმართვის დროს, პარალელურად, იხმარება ფორმები:
მამა საბა! ან მამაო საბა! მაგრამ შეცდომაა მამაო ფორმის გამოყენება იქ, სადაც მიმართვა არ გვაქვს: მამაო საბა საუბრობს.
საბა დეკანოიძე, სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
მაისურაძე მარიამი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;
კეშელავა თაკო, სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხნარის საჯარო სკოლი მე-11 კლასის მოსწავლე;
შველიძე ბარბარე, თბილისის №49 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე