საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტებს, აგრარული მიმართულებით, ორმაგი – ქართულ-ფრანგული დიპლომის აღების შესაძლებლობა ეძლევათ, რაც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციას გაზრდის და საქართველოს, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში, მსოფლიო დონეზე წარმოაჩენს.
ორდიპლომიანი სამაგისტრო პროგრამის „მევენახეობა და ენოლოგია“ დასანერგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და საფრანგეთის სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის, თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ფაკულტეტი იმ EmavE კონსორციუმს შეუერთდება, რომლის შემადგენლობაშიც საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ესპანეთის, პორტუგალიის, შვეიცარიისა და სხვა მევენახეობის ქვეყნები შედიან.
სამაგისტრო პროგრამაზე ერთი წლის სწავლის შემდეგ, სტუდენტები, მეორე წელს, კონსორციუმის წევრ რომელიმე უნივერსიტეტში გააგრძელებენ სწავლას, რომლის დასრულების შემდეგ ორმაგ დიპლომს მიიღებენ.
თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონიას, ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეულ სტუმართა შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კალასი ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა მეღვინეობა-მევენახეობის სფეროში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ორმაგი ხარისხის დიპლომი, რომელიც აღიარებულია ევროპული საგანმანათლებლო სივრცის მიერ და გახდნენ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. აღნიშნული პარტნიორობა პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებსაც მისცემს შესაძლებლობას, ითანამშრომლონ ფრანგ კოლეგებთან, რომლებიც ასევე წარმოადგენენ ტრადიციული მეღვინეობა-მევენახეობის სკოლას საერთაშორისო სივრცეში.
„ჩვენი ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, საქართველოში, მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებით, კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ორმაგი ხარისხის პროგრამები ჩვენს ახალგაზრდებს ევროპული სტანდარტებით მოამზადებს და სხვა მასშტაბზე გაიყვანს. ეს იქნება საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ნდობის გაღრმავების კიდევ ერთი დასტური. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა ჩვენი მეცნიერების პუბლიკაციებსა და ერთობლივ შრომებს, საერთაშორისო მასშტაბით, კიდევ უფრო მეტ სანდოობასა და აღიარებას შესძენს“ – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის სუპაგრო მონპელიეს უნივერსიტეტს უკვე სამწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. სტუ-ს სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, შესაძლებლობა აქვთ მონპელიეს უნივერსიტეტში განაგრძონ სწავლა.