24 ნოემბერი, კვირა, 2024

ფოკუსი შენზე! – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი

spot_img

„ჟურნალისტი გახლავთ ადამიანი, რომელიც დაჯილდოებულია უნარით,

შეავსოს ყოველდღიური სიცარიელე.“

დეიმ რებეკა უესტი

ინფორმაციულ ქაოსში თითქოს რთულია, მიაგნო მიმართულებას, რომელსაც შეავსებ, საითაც გაახედებ შენს აუდიტორიას. რთულია, იპოვო შენი ფოკუსი, გაასწორო და არასოდეს დაკარგო. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრი კარგი მაგალითია, როგორ შეიძლება ხედვის მთავარი ობიექტი გახდეს თავად აუდიტორია, უმთავრესად კი სტუდენტი, მისი მიზნებით, ინტერესებითა და ისტორიებით.

თანამედროვე მედიატექნოლოგიებთან ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტების წვდომისა და კონკურენტუნარიანი მედიაპროდუქციის მომზადების მიზნით, CIU მულტიმედია ცენტრი მუდმივად უზრუნველყოფს:

სალექციო კურსებზე დაფუძნებული მედიაპროდუქციის შექმნას;

სამეცნიერო და კვლევითი პროცესების ვიზუალიზაციას;

სასწავლო-სამეცნიერო, საგანმანათლებლო-შემეცნებითი და მხატვრულ-დოკუმენტური აუდიო, ბეჭდური და ვიდეო მედიაპროდუქციის წარმოებას.

ჩვენ ხომ ყველამ ვიცით, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი მხოლოდ თანამედროვე ინფრასტრუქტურით არ მიიღწევა.

ზოგადად, ღირებულ, საინტერესო მედიაპროდუქტს ხომ ადამიანი ქმნის და არა ტექნიკა. მულტიმედია ცენტრი არის სივრცე, სადაც უახლესი ტექნიკური რესურსი და მატერიალური ბაზა სტუდენტისთვის ხდება საშუალება, მიიღოს პრაქტიკული ცოდნა, ჩაერთოს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში და საკუთარი თეორიული ცოდნა პრაქტიკული უნარებით გაიმყაროს.

ასე ეტაპობრივად იქმნებოდა და იქმნება, სხვადასხვა საგნის ფარგლებში, დოკუმენტური ფილმები, რომლებიც არაერთხელ გასულა ქართულ სამაუწყებლო სივრცეში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია „მე მთელს დედამიწას დუელში ვიწვევ“, „უკანასკნელი ნოტები“, „დაბრუნება“, „დიდი სიყვარულის პატარა ისტორია“, „საღვინე სახლი“… ეს არასრული ჩამონათვალია იმ სასწავლო-შემეცნებითი მასალებისა, რომელიც სტუდენტების აქტიური მონაწილეობით იქმნება.

გარდა ამისა, მულტიმედია ცენტრი მუდმივად ახორციელებდა და ახორიცელებს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს.

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ „60 წლის 60 წამი“. ერთწუთიანი 18 ვიდეორგოლი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გავიდა, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.

შემეცნებითი ხასიათის სატელევიზიო რგოლები გვიამბობენ ცენტრში დაცული უნიკალური ხელნაწერების ისტორიებს და ამ გზით ხელს უწყობენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული საგანძურის შესახებ.

იმავე მიზნით, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასთან ერთად, მომზადდა პროექტი – „დღემდე მოტანილი ისტორია“.

ქართლის ცხოვრების ნუსხები, „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერები, სამართლის წიგნები, ქართველი მეფეების ავტოგრაფები, ისტორიული დოკუმენტები – დღემდე მოტანილ ხელით წერილ განძზე საუბრობენ საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

პარტნიორი ტელეკომპანიები მუდმივად თანამშრომლობენ მულტიმედია ცენტრთან და უთმობენ საეთერო ბადეს სტუდენტების ჩართულობით მომზადებულ სხვადასხვა გადაცემებს.

„ავტოგრაფი“ აუდიტორიას საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს გაიცნოს კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენლები. ქართველი მსახიობებისა და მხატვრების ცხოვრების ექსპოზიცია მაყურებელმა ამ გადაცემების საშუალებით შეიძლება, იხილოს.

„ცისფერი ეკრანის ზღაპრები“ საქართველის პირველი ტელევიზიის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა.  შემოქმედებითმა ჯგუფმა, სტუდენტებთან ერთად, ამ ფორმით მიულოცა იუბილე ყველას, ვინც ქართული ტელევიზიის სათავეებთან იდგა. მედიაპროექტის ცალკეული ფრაგმენტები ეთმობა მაყურებლებისათვის კარგად ნაცნობ პერსონებსა და საქართველოს ტელევიზიაში სხვადსხვა დროს მომზადებულ გადაცემებს.

 „რუსთველის სამყარო – თამაზ კვაჭანტირაძე“ –  რვა გადაცემისგან შემდგარი ციკლით მულტიმედია ცენტრი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს გამოეხმაურა. პროექტის ფარგლებში, ფილოლოგი თამაზ კვაჭანტირაძე მოგვითხრობს  „ვეფხისტყაოსნის” დაწერის ეპოქაზე, შოთა რუსთაველის ბიოგრაფიასა და დღემდე შემორჩენილ დოკუმენტებზე. აქვეა განხილული შემდეგი აფორიზმები: „რასაცა გასცემ, შენია, რასც არა, დაკარგულია!“, „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა“, „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი!“, „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!“, „ლეკვი ლომისა სწორია ძუ იყოს თუნდა ხვადია!“, „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“… დაინტერესებული მაყურებელი თავად ეცნობა დღემდე შემონახულ პირველ ხელნაწერებს, ილუსტრაციებსა და წიგნის პირველნაბეჭდ ეგზემპლარებს.

თუ გსურთ შეიხედოთ სივრცეებში, სადაც იწერებოდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი ფურცლები, მაშინ მულტიმედია ცენტრის კიდევ ერთი გადაცემა „…სახლი“ თქვენთვისაა. დოკუმენტური ფილმები საშუალებას მოგცემთ, დაათვალიეროთ სახლ-მუზეუმებში დაცული მემორიალური ნივთები, რომლებიც, ხშირად, დაუფარავად გვიამბობენ გამორჩეულ ადამიანთა სულიერი სამყაროს, შეხედულებების, მისწრაფებებისა და მიზნების თაობაზე…

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად, განხორციელდა კიდევ ერთი გამორჩეული პროექტი – „XX საუკუნის ქართული მწერლობა და ნაციონალური იდენტობის იდეა. ნამდვილი ისტორია“. გადაცემათა ციკლში ხუთი ავტორი განიხილავს ქართული ლიტერატურის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდს. ეს არის ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი საუკუნის მეცნიერული ანალიზი.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პროცესმა განსაკუთრებით აქტუალური გახადა ონლაინ ლექციები. მულტიმედია ცენტრი, ჯერ კიდევ 2018 წლიდან, აქტიურად მუშაობს ისეთი საგანმანათლებლო რესურსის შექმნაზე, როგორიცაა „ლექტორიუმი“.

პროექტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორები ყველასთვის გასაგები ენით საუბრობენ სხვადასხვა მნიშვნელოვან, საინტერესო თემებზე. ონლაინ ლექციების ბენეფიციარები არა მხოლოდ კონკრეტული საგნის სტუდენტები, არამედ გაცილებით ფართო აუდიტორიის წარმომადგენლები არიან. კერძოდ, სოციალური ქსელების მომხმარებლები, აბიტურიენტები და მათი მშობლები, სხვადასხვა ასაკისა და კვალიფიკაციის, დარგით დაინტერესებული ადამიანები.

მეცნიერების ვიზუალიზაცია, ეს არის მულტიმედია ცენტრის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. სასწავლო რესურსი, რომელიც ხელმისაწვდომი და  საინტერესო იქნება ნებისმიერი ასაკის მაყურებლისთვის – ამ მიზნით შეიქმნა და საგაკვეთილო პროცესში აქტიურად გამოიყენება „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“ და „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“.

მოსწავლეებს საშუალება აქვთ, პროგრამით გათვალისწინებული მასალის შესაბამისად, იხილონ პროექტის თექვსმეტი სასწავლო-შემეცნებითი ფილმი. მათ აკადემიკოსი მარიამ ლორთქიფანიძე ესაუბრება საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე, საუკუნეთა მანძილზე განვითარებულ მოვლენებსა თუ სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლაზე, ქვეყნის გაერთიანებისა და დამოუკიდებლობისათვის. მოცემული საკითხები თანმიმდევრულადაა განხილული მსოფლიო ისტორიულ პროცესებთან მიმართებაში.

დღემდე მიმდინარეობს მუშაობა კიდევ ერთ სასწავლო-შემეცნებით პროექტზე – „ყვარლიდან მთაწმინდამდე გურამ შარაძის მოტივებზე“.

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები მოგვითხრობენ ერის მამად წოდებული, ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.

რეკონსტრუქციები, გრაფიკული გამოსახულებები, არქივებსა თუ სამუზეუმო ფონდებში დაცული მასალების ვიზუალიზაცია საშუალებას იძლევა, მაყურებელმა თვალი მიადევნოს თანმიმდევრულად გაცოცხლებულ ფაქტებსა თუ მოვლენებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მულტიმედია ცენტრის მთავარი ფოკუსი სტუდენტის ინტერესი და მიზნებია. შესაბამისად, მათ იდეებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. თავის მხრივ, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა არსებული უნარების სასურველი  მიმართულებით განვითარების გარანტი ხდება.

ამის დასტურია ის მრავალფეროვანი კონტენტი, რომლის ხილვაც ვებგვერდზეა (www.multimedia.ciu.edu.ge) შესაძლებელი.

ცაკლეული სიუჟეტები, ვიდეობლოგები, ჩანახატები სხვადასხვა სახალისო, საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე. რადიოგადაცემები, ინტერვიუები, ბლოგები, ჟურნალები, საგაზეთო პუბლიკაციები, შემეცნებითი ქვიზები, ფოტოგამოფენები….

აქ არსებული რესურსი სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, ყველა მიმართულებით გამოსცადოს საკუთარი თავი, იმუშაოს რეალურ სარედაქციო რეჟიმში, პრაქტიკაში მიაგნოს მისთვის საინტერესო მიმართულებას და, პროფესიონალების დახმარებით, თავადაც პროფესიონალებად იქცნენ.

ეს არის სივრცე, სადაც შემოქმედებითი პროცესის ყველა საფეხურს დაინტერესებული ახალგაზრდა თავად გადის – ფიქრობს თემაზე, ამუშავებს მას, წერს, იღებს,  ამონტაჟებს… ქმნის მედიაპროდუქტს და თავადვე განსაზღვრავს როგორ, რა არხებით მიაწოდოს სამიზნე აუდიტორიას.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მულტიმედია ცენტრის ობიექტივში მოქცეული სტუდენტი თავად სწავლობს კონკრეტულად რაზე გაასწოროს ფოკუსი ისე, რომ ის ზუსტად მიემართოს ცხოვრების მთავარ მიზანს, წარმატებულ მომავალს, რომელსაც ნამდვილად ქმნის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ( 115).

ვიდეო – https://www.youtube.com/watch?v=0UFK76UdwT0&

 

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები