24 ნოემბერი, კვირა, 2024

რუსთაველიდან ბარათაშვილამდე

spot_img

ეს მცირე პუბლიკაცია წარმოადგენს, „მერნის“ შესწავლის შემდეგ, ჩემს პერსონალურ შეხედულებებს. ვეცადე, მიზეზშედეგობრივად წარმომეჩინა მოსაზრებები, რაც,  ვფიქრობ, ბევრ ჩემს თანატოლსაც დააფიქრებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილი წინარმობედი რომანტიკოსებისაგან ბევრად განსხვავებულია. გრიგოლ ორბელიანსა და ალექსანდრე ჭავჭავაძეს შემოქმედებაში გამოყენებული აქვთ რამდენადმე ირანული ლიტერატურის ტრადიციები. ბარათაშვილთან აღმოსავლური კულტურის გავლენას ვერ ვგრძნობთ. ის უფრო მეტად ახლოსაა ევროპელ რომანტიკოსებთან – ბაირონთან, ნოვალისთან, მიცკევიჩთან. ქართული მწერლობიდან კი ბარათაშვილს უფრო მეტად ეტყობა ის ფილოსოფიური ხედვა, რომელიც რუსთაველსა და გურამიშვილს ახასიათებთ.

„ვეფხისტყაოსნისა“ და „დავითიანის“ ავტორები ფილოსოფიურ მოსაზრებებს ითვალისწინებენ და უზოგადესი კანონები, რომლებიც კაცობრიობამ შეიმუშავა, თავიანთ პოეზიაში ასახეს. ასევეა ბარათაშვილის შემოქმედებაშიც.

რუსთაველისა და გურამიშვილის შემოქმედებაში სულიერი მდგომარება გადმოცემულია მოგონებების, წარსულის განხილვის ან აღწერის სახით, ბარათაშვილი კი, წარსულზე მეტად, გვიჩვენებს იმ დინამიკას, რომელშიც თავად ცხოვრობდა.

რუსთაველი „ვეფხისტყაოსანში“ მთელ სიუჟეტს გადმოგვცემს ისე, თითქოს ყველაფერი წარსულში ნახა და შემდეგ გაასიტყვა. გურამიშვილმაც, თავისა და ქართლის შესახებ, მოგვიანებით ასეთნაირადვე ისაუბრა.  ბარათაშვილი კი აწყმოს გადმომცემია, თავადაა პროცესის და განცდის ნაწილი.

რუსთაველის ნეოპლატონიზმი, გურამიშვილის ქრისტიანული მსოფლმხედველობა ნაწილობრივ კიდეც ჰგავს და კიდეც განსხვავდება ბარათაშვილის შეხედულებებისგან. ქრისტეს სჯულს ვერცერთმა ვერ აუარა გვერდი, ეს არცაა გასაოცარი – სამივე შემოქმედს ქრისტიანული გარემოს ზეგავლენის კვალი აუცილებლად დაეტყობოდა არა მარტო იმის გამო, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, არამედ იმის გამოც, რომ თავად ქრისტიანობაა ლიბერალური და ჰუმანისტური იდეების პროპაგანდისტი.

გურამიშვილმა თქვა: „ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო, ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო“. ეს ყველაფერი თავისებურად გადმოსცა რუსთაველმა თავის დროზე ავთანდილის პირით „სად წაიყვანს სადაურსა.“ ამ საკითხზე დიდხანს შეიძლება საუბარიც, დაფიქრებაც და ალბათ იმდენ ხანსაც, რამდენიც შეიძლება დაეთმოს ერთი ადამიანის დაბადებიდან მთელ ცხოვრებას.

რუსთაველისა და ბარათაშვილის შემოქმედებიდან შევადაროთ ერთმანეთს ციტატები: „ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის!“ და „თუ საწუთრომან დამამხოს ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან…“ ბარათაშვილის წინასწარმეტყველება ასრულდა, ავთანდილის ვარაუდი – არა. შესაძლოა, ავთანდილის ბედნიერი ცხოვრება იმითაც არის განპირობებული, რომ მის სიყვარულს თანაუგრძნობენ და ერთგულიც არიან. მისი ცხოვრება თინათინის აღთქმამ ერთ ბედნიერ წამად აქცია – „მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე“. ამის მსგავსი ბარათაშვილის ცხოვრებაში არ ხდება.

მნიშვნელოვანია შემდეგი ცოტატებიც: „საც დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო, მხოლოდ ვარსკვლავთა თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო“ და „რა შეუღამდის, ვარსკვლავთა ამოსვლა ეამებოდის, მას ამსგავსებდის, ილხენდის, უჭვრეტდის ეუბნებოდის…“ ბარათაშვილი ამ ციტატის მიხედვით ციურ სხეულებს ესაუბრება, ავთანდილიც ვარსკვლავებს ელაპარაკება, მაგრამ ეს მისთვის სასიამოვნოა. ნურადინ ფრიდონთან მიმავალი არაბი ჭაბუკი ბედნიერია იმიტომ, რომ ციური სხეულები თინათინთან კომუნიკაციის საშუალებად მიაჩნია. ბარათაშვილთან ვარსკვლავები არ არის კომუნიკაციის საშუალება.

ბარათაშვილი გვერდს ვერ უვლის ქართული პოეზიის მნიშვნელოვან ღირებულებებს. მის შემოქმედებაში რომანტიკული და ფილოსოფიური მსოფლმხედველობა ნათესაურ კავშირშია რუსთაველისა და გურამიშვილის პოეზიასთან, თუმცა ეს არ გულისხმობს პლაგიატს, ბრმა მიმდევრობას. „მერნის“ ავტორი, რუსთაველისა და გურამიშვილის მსგავსად, მეცხრამეტე საუკუნეში კიდევ ერთხელ გვაბრუნებს სამყაროს შეცნობისა და გააზრების ორბიტისაკენ, ოღონდ ამას სრულიად თავისებურად და ორიგინალურად წყვეტს.

ხატია ხოჯანაშვილი – სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები