24 ნოემბერი, კვირა, 2024

რა უნდა ვიცოდეთ გრიგოლ ხანძთელის შესახებ

spot_img

✅ გრიგოლ ხანძთელი იყო ქართველი სასულიერო მოღვაწე და მწერალი, ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის ფუძემდებელი. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ვრცლად აღწერა გიორგი მერჩულემ.

✅ გრიგოლ ხანძთელი დაიბადა  ქართლის ერისთავის, ნერსე II-ის ნათესავის, წარჩინებული გვარის ოჯახში და აღიზარდა მამიდის, ნერსე ერისთავის მეუღლის მიერ.

✅ გრიგოლი იზრდებოდა ქრისტიანული წესებით, იცავდა მარხვას, არ იხმევდა ღვინოსა და ხორცს.

✅ გრიგოლი მშობლების, აღმზრდელებისა და ქართლის დიდებულთა სურვილით მღვდლად აკურთხეს, ხოლო როცა  მისი ეპისკოპოსად კურთხევა განიზრახეს, ფარულად დატოვა ქართლი და კლარჯეთში დაიწყო მოღვაწეობა თავის დეიდაშვილთან საბა იშხნელთან, თევდორე ნეძვის მაშენებელთან და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელთან ერთად.

✅ სულიერი ძმები პირველად ოპიზაში დასახლდნენ. მონასტერში დამკვიდრების კურთხევა მონასტრის წინამძღვარ ამბა გიორგისგან მიიღეს. იქ ორი წელი იმორჩილეს და შემდეგ ხანძთაში გააგრძელეს მოღვაწეობა.

✅ გრიგოლმა პირველად ააშენა ძელის ტაძარი, სენაკები ძმათათვის და ერთი საოსტიგნე (საკუჭნაო).

✅ გრიგოლს გაბრიელ დაფანჩულმა (გაბრიელ დაფანჩული – ტაოელი აზნაური, რომელიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უცხადებს გრიგოლს) შესთავაზა მის მხარეში აეშენებინა დედათა მონასტერი. მან შავშეთის მხარე დაათვალიერა და გუნათლეს მახლობლად ადგილი აირჩია, სადაც ააშენეს დედათა მონასტერი, გუნათლის ვანი.

✅ გრიგოლ ხანძთელმა მთავარ გაბრიელ დაფანჩულის დახმარებით განასრულა ხანძთის მონასტრის მოწყობა.

✅ გრიგოლი თავისი მოღვაწეობის შუა წლებში იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში მოსალოცად.

✅ გრიგოლ ხანძთელმა საფუძველი ჩაუყარა სამონასტრო ცხოვრებას ტაო-კლარჯეთში, მან  ხანძთასა და შატბერდში ააგო მამათა, ხოლო გუნათლესა და მერეში დედათა სავანეები.

✅ დასავლეთ საქართველოში (მაშინ იწოდებოდა აფხაზეთად) დააარსა უბისის მონასტერი და იქ სარწმუნო მოხუცენული ილარიონი დანიშნა წინამძღვრად.

✅ გრიგოლ ხანძთელის ბაძვით მისმა მოწაფეებმა დაიწყეს მონასტრების მშენებლობა იშხანში, ბარეთელთაში, ნეძვში, წყაროსთავში და სხვა ადგილებში.

✅ IX საუკუნის 30-იან წლებში გრიგოლი ტაო-კლარჯეთის მონასტერთა არქიმანდრიტად დაადგინეს.

✅ გრიგოლ ხანძთელმა დიდი როლი შეასრულა IX საუკუნის 50-იან წლებში ჯავახეთში მოწვეულ საეკლესიო კრებაზე, რომელმაც არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერების საკითხი გაარჩია. მისი მხარდაჭერით არსენი დარჩა კათოლიკოსად.

✅ გიორგი მერჩულის ცნობით, გრიგოლ ხანძთელს, საბაწმინდის მონასტრის წესის საფუძველზე, თავისი ძმობის წევრთათვის შეუდგენია ქტიტოური ტიბიკონი (ღვთისმსახურების გარკვეული და სავალდებულო წესის ყოველი დღის ღმრთისმსახურების შემადგენლობას, რიგსა და წესი) და შეუთხზავს ჰიმნოგრაფიული კრებული „საწელიწადოი იადგარი“ * ლიტურგიკული კრებული მთელი წლისა. ვარაუდია, რომ გრიგოლი წერდა იამბიკოებსაც.

✅ გრიგოლ ხანძთელმა იცხოვრა 102 წელი და გარდაიცვალა 861 წელს. მისი გარდაცვალებიდან ოთხმოცდაათ წლის შემდეგ 951 წელს დაიწერა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.

✅ გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობაზე დაიწერა პატერიკი (მამათა ცხოვრების ამსახველი ნაწარმოები) გიორგი მერჩულეს მიერ. ნაწარმოების სრული სახელწოდებაა „შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხორებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანძთისა და შატბერდის აღმაშენებლისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“ (შემოკლებით „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“).

✅ გრიგოლის შესახებ დაწერილი ნაწარმოების ავტორი გიორგი მერჩულეზე პავლე ინგოროყვა ამბობს, რომ მერჩულე ავტორის პროფესიის აღმნიშვნელი სახელწოდებაა და ნიშნავს საეკლესიო სამართლის სპეციალისტს, სჯულის მოძღვარს).

✅ ტექსტის გადაწერილი ვერსია ნიკოლოზ ჩუბინაშვილის მიერ იქნა მოპოვებული 1845 წელს, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წიგნთსაცავში.

✅ ნაწარმოებში მოხსენებული არიან: საბა, ქრისტეფორე, თეოდორე, ზენონი, მატო, ეპიფანე, არსენი, ეფრემ მაწყვერელი, ცქირი, აშოტი, ადარნესე, ბაგრატი, გუარამი, ფებრონია, სიძვის დედაკაცები, ხუდეიოსი და სხვა პერსონაჟები.

✅ გრიგოლის ღვაწლის გარდა, აღსანიშნავია ნაწარმოების პერსონაჟთაგან განსაკუთრებული დამსახურებანი: აშოტ კურაპალატი – ბაგრატიონთა საგვარეულოს დაწინარებაში; ეფრემ მაწყვერელი – მირონის მოდუღების უფლების მომპოვებელი; საბა – იშხნის ამღორძინებელი…

ბაია ცხელიშვილი – ქუთაისის N14 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები