რუსთავში, 1995 წლიდან, მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირი, რომლის თავმჯდომარეა საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტის რექტორი, მწერალი, აკადემიკოსი გარი ჩაფიძე; მოადგილე – ამავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, პოეტი ნინო კაკიაშვილი. ამ საგანმანათლებლო ცენტრში, ქვემო ქართლისა თუ რესპუბლიკის მასშტაბით, უამრავი საინტერესო ღონისძიება ტარდება, რაც მიზნად ისახავს ახალგაზრდების ეროვნული სულისკვეთებით აღზრდას.
მორიგი ღონისძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო სივრცეში გამოაცხადა ლიტერატურული კონკურსი სახელწოდებით – „თანამედროვე გალაკტიონი“. კონკურსში 3000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო, მასალები გამოიგზავნა აკადემიურ ქალაქში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ახალგაზრდები ეცნობიან ერის სახელოვან ადამიანებს, მათ ბიოგრაფიებს, სწავლობენ შემოქმედებას.
ადიგენით დაწყებული და ხულოთი დამთავრებული, ქვეყნის ყველა რეგიონიდან გამოგზავნილი მოსწავლეთა ნამუშევრები დახარისხდა, შეფასდა და გამარჯვებული ნაწერებიც გამოვლინდა.
მოგვიანებით, მონაწილე პედაგოგ-მოსწავლეთა სურვილით, გადაწყდა, საუკეთესო ნამუშევრების წიგნის შექმნა, სახელწოდებით – „კვლავ გვინათე, როგორც ახლა გვინათ…“ (გალაკტიონი). საქართველოს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატორთა კავშირის ეგიდით გამოცემული კრებული ყველა ავტორისა და გამარჯვებულთა სკოლების ბიბლიოთეკების კუთვნილებაა.
წიგნის პრეზენტაცია გალაკტიონის სახლ-მუზეუმში, სოფელ ჭყვიშში ჩატარდა და მართლაც არაჩვეულებრივ, ლიტერატურულ ღონისძიებად იქცა. პრეზენტაცია გამორჩეული იყო მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობით: ჭყვიშის, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის მუზეუმის დირექტორი, ფერიდე მაკარაძე; სკოლის დირექტორები: მარიამ ბრეგვაძე, ვენერა გაჩეჩილაძე, მაია ბეგაძე, თამარ ბრეგვაძე, სტელა გიგოლაევა, ინგა მრელაშვილი, რუსუდან ხარაზი, ირინა გორგაძე, თამილა ოზბეთელაშვილი… ქვეყნის რეგიონებიდან ჩამოსულმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მოინახულეს სახელოვანი პოეტის მშობლიური სანახები, დაათვალიერეს მუზეუმი და იქვე, დიდ დარბაზში მისი ლექსების დეკლამაციით თავი მოიწონეს.
კონკურსი სახელწოდებით – „თანამედროვე გალაკტიონი“ მაღალ დონეზე ჩატარდა. მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები: ესეები, ჩანახატები, ლექსები, მინიატურები – ერთიან და მომავლის საქართველოს გვიხატავს. კონკურსში ყველაზე მასშტაბურად სამტრედია ჩაერთო, ამ რაიონის სკოლების ნიჭიერი, გონიერი მოსწავლეები: ნოდიკო ბელთაძე, რაულ ჩაჩუა, მარიამ ასლანიშვილი, თეკლა მეგენეიშვილი, ლელა ცხვარაძე, ნინო ჩაჩუა, ანი კაჭაყმაძე, თეკლა ძნელაძე, ანი კვანტრიშვილი, ნატალია გაბუნია, თავიანთი ინიციატივით, ნამდვილად მისაბაძნი არიან. მათ სიტყვით მიმართა და პირველი წარმატება მიულოცა სამტრედიის მე-11 სკოლის პედაგოგმა, მაია ლორიამ. იყო სხვა გამოსვლებიც და მადლიერების გამოხატვა ამ ლიტერატურული კონკურსის ჩატარების გამო.
გამომსვლელები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ასეთი ღონისძიებები და ლიტერატურული კონკურსები ყველაზე უკეთ შეაცნობინებს ახალგაზრდა თაობას, რანი ვიყავით, რანი ვართ და რანი უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად, მთელ მსოფლიოში მისი სახელის წარმოსაჩენად.
ცალკე უნდა აღინიშნოს ღონისძიების ორგანიზატორის და წამყვანის, პედაგოგ ნინო კაკიაშვილის შესახებ. მაღალი ორგანიზატორული ნიჭით და შემოქმედებითი ლიტერატურული გემოვნებით დაჯილდოებულმა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეძლო ყველა მონაწილისათვის დაემახსოვრებინა თავი. გალაკტიონსა და მის პოეზიაზე უსაზღვროდ შეყვარებული, ჯერ კიდევ წლების წინ გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატურული კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მან, მწერალ გარი ჩაფიძესთან ერთად, ბევრი კარგი ღონისძიების ჩატარება შეძლო. ისიც სათქმელია, რომ ხანგრძლივი პედაგოგიური საქმიანობის მანძილზე, სადაც კი იმუშავა, ყველგან დატოვა თავისი კვალი, იყო ეს ქვემო ქართლის ქართული ენის სიწმინდის დაცვის პალატის თავმჯდომარეობა, რუსთავის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორობა თუ რიგითი მასწავლებლობა. ახლა ის თავის პედაგოგიურ და შემოქმედებით ენერგიას, დიდ გამოცდილებასთან ერთად, ისევ ახალგაზრდებს ახმარს. ამ თაობის ერთ-ერთი რიგითი წარმომადგენელია მისი შვილიშვილი, მარიამ მიროტაძე, რუსთავის მე-11 საჯარო სკოლის მოსწავლე, რომლის საკონკურსო თემა – „საქართველო დავაბრუნოთ საქართველოში“, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, წიგნში შესულ ნაწერებს შორის, ერთ-ერთი საუკეთესოა.
რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა? – გენიოს პოეტს ეს კითხვა სიცოცხლის ბოლომდე არ ასვენებდა. პასუხი ცალსახაა, შთამომავლობა გალაკტიონთან ერთად ცოცხლობს, გალაკტიონი ჩვენი თანამედროვეა.