24 ნოემბერი, კვირა, 2024

ეპოქისთვის დამახასიათებელი თემები, იდეები და პრობლემები „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“

spot_img

ნაწარმოებში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ  განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ახალგაზრდა გრიგოლს  უნდა ეტვირთა ეპისკოპოსობის სიმძიმე. ამ გადაწყვეტილებამ, ფაქტობრივად, მთელი მისი ცხოვრება განსაზღვრა. გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ ამის შემდეგ დაადგა იგი, მისთვის უცნობი ადგილებისაკენ მიმავალ გზას. საქართველოს უმთავრეს გამოწვევად რჩებოდა რელიგიური მდგომარეობა. ქრისტიანობა საკმაოდ დაკნინებული იყო, რის მოგვარებაშიც მოგვიანებით ერთვება ახალგაზრდა ასკეტი, აშოტ კურაპალატი და მასთან დაახლოებული პირი გაბრიელ დაფანჩული. ეს იყო მომენტი, როდესაც ერისა და ეკლესიის წარმომადგენლები გაერთიანდნენ და შეეცადნენ ერთობლივი ძალისხმევით გადაელახათ ეს დაბრკოლება. ნეტარი მამის იდეა იყო ქართლის ისევ გაქრისტიანება, როგორც  ტაო-კლარჯეთის, ისე სრულიად ქვეყნისა. დიდ ნაკლად შეგვიძლია ჩავთვალოთ ის, რომ საძმოს ასეთი სირთულის გადალახვა უხდებოდა ყოველგვარი რესურსის გარეშე.

საყოველთაო პრობლემად შეგვიძლია დავასახელოთ უზნეო ადამიანების არსებობა, რომლებიც აზარალებდნენ საზოგადოების წესიერ, ზნეობრივად მაღალ საფეხურზე მდგომ ნაწილს.  ერთი მხრივ, საკამოდ სამწუხარო იყო ისიც, რომ ბერებმა უპრობლემოდ დაიმოწაფეს მცირეწლოვანი არსენი. მისი ნება-სურვილი არ გაითვალისწინეს არც მამამისმა და არც თავად მოძღვრებმა. კონკრეტულ სიუჟეტებში ნათლად არის გამოკვეთილი უნდობლობის პრობლემაც, სახელმწიფოს მმართველებსა და საეკლესიო პირებს შორის. თუნდაც მაშინ, როდასაც საბა იშხნელი მხოლოდ გრიგოლის წერილის მიღების შემდგომ გამოცხადდა კურაპალატთან, ხოლო მეფის მიერ მივლენილი კაცი უარით გამოისტუმრა.

არასასიამოვნოა ისიც, რომ მამებმა ბევრი იბჭეს ეპისკოპოსის არჩევის პროცესში, როდესაც არსენი და ეფრემი ერთურთს დაუპირისპირდნენ. ეკლესია უნდა ზრუნავდეს პიროვნების სულიერ განვითარებაზე და ნაკლებად უნდა იყოს კონცენტრირებული მსგავს ბიუროკრატიულ საკითხებზე.  Როგორც თავად მამა გრიგოლმა თქვა, ეს მხოლოდ უფლის ნებაა და მის წინააღმდეგ წასვლის, მით უმეტეს ამის გამო არეულობის შექმნის უფლება არავის აქვს.

შურისძიების წყურვილთან ერთად, მოსახლეობისათვის დაუძლეველი გახლდათ ცდუნების მიმართ სისუსტე. არა მხოლოდ უბრალო ერისკაცის, არამედ თავად მეფისთვისაც კი თითქმის შეუძლებელი აღმოჩნდა ცდუნების დამარცხება. აქ შეგვიძლია მოვიხმოთ სიძვის დიაცისა და კურაპალატის ისტორია, როდესაც მმართველმა ტყუილიც კი იკადრა, რათა დაემალა მისი უკანონო ურთიერთობა. ნეტარმა მამა გრიგოლმა მოახერხა, არასწორ გზაზე მდგომი მეფის დახმარება და მისთვის სწორი მიმართულების მიცემა. მიჩნეულია, რომ ქვეყნის პირველი პირი უნდა იყოს მაგალითი საკუთარი საქციელით, საუბრით ყველა დანარჩენისათვის. აშოტ კურაპალატის  მდაბიო საქციელი საკმაოდ დამღუპველ შედეგებს მოიტანდა ქვეყნისათვის. კიდევ ერთი საზარელი გარემოებაა შეიქმნა, როდესაც თბილისის ამირამ  შეარჩია უწესო და თანამდებობისთვის შეუსაბამო ეპისკოპოსი. მან უმალ დაიწყო ბოროტების ჩადენა, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა კოლოსალური შედეგები. ვინაიდან, როდესაც ხალხი დაინახავდა ამგვარ საქციელს ამხელა რანგის პიროვნებისგან, მათაც შეიძლება დაეწყოთ იმავეს გამეორება, ან აეცრუებინათ გული რელიგიაზე.

Ბოლოს კი აუცილებლად ხაზი უნდა გაესვას, რომ ნაწარმოებში აღწერილი ეპოქისათვის დამახასიათებელი იყო ბერების თავდადება. ერთგულება უფლისა და საეკლესიო ცხოვრების მიმართ. ისინი მთელი თავისი არსით მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს ემსახურებოდნენ. იღვწოდნენ რელიგიის აღორძინებისა და გავრცელებისათვის. ძალას არ იშურებდნენ, რათა უნაკლოდ შეესრულებინათ მათთვის დაკისრებული მისია. მუდმივად აშენებდნენ ახალ ტაძრებს, ძირითადად, დაუსახლებელ ადგილებში, რათა აეყვავებინათ  იქაურობა. ცხოვრობდნენ უმკაცრესი ბერმონაზვნური წესით, მუდმივად ლოცულობდნენ, გალობდნენ, ანთებდნენ სანთლებს. ერთ-ერთი ყველაზე სანუკვარი მისია, ამ ეპოქაში, იყო საქართველოს გაერთიანება.

დღესდღეობით, ჩემ მიერ ჩამოთვლილი საკითების უმეტესობა აქტუალურია. უზნეო ადამიანების არსებობა თითქოს ახლა უფრო დიდი პრობლემაა, ვინაიდან უფრო გაცხადებულად მოქმედებენ, არ ერიდებიან არავის და მოგვიანებით ამგვარი საქციელით ამაყობენ კიდეც. ზემოხსენებული სენი ისევ იპყრობს ხალხის სულებს და ანადგურებს მათ. შემზარავია ბევრი რელიგიური პირის საქმიანობა, მათი მოწოდებები და ქცევები. Სამღვდელოება უნდა აძლევდეს ხალხს მაგალითს, რომ ხორციელი სიმდიდრე მხოლოდ საარსებოდ არის აუცილებელი, მაგრამ ისინი თავად არიან ქონების მოხვეჭაზე ორიენტირებული. ყველა სასულიერო მოღვაწეს უნდა უნდოდეს, დაემსგავსოს გრიგოლ ხანძთელს. ყველაფერს ემატება ის ფაქტიც, რომ ხალხს აღარ აქვს იმხელა სურვილი დაუდგეს გვერდში ეკლესიების შენებას, როგორც ნეტარი მამის ეპოქაში. სახელმწიფო საკითხად  რჩება ქვეყნის მთლიანობის დაცვა.

დაჩი ხელაშვილი – თბილისის № 53 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები