27 აპრილი, შაბათი, 2024

წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

spot_img

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

აჭარის გარდა, დადასტურებული კორონავირუსის გამო, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა გურიისა და სამეგრელოს ზოგიერთი სკოლა. აღნიშნულ სკოლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვებისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის სკოლებიც დაემატა, სადაც სასწავლო პროცესის უწყვეტობა ასევე შენარჩუნებული იქნება და სკოლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლენ.

რაც შეეხება სკოლებში უსაფრთხოებას, უწყებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ახალი სასწავლო წლისთვის, სამინისტრომ საჯარო სკოლები სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.

„დისტანციური სწავლების გამოცდილება საქართველოს საჯარო სკოლებს ჯერ კიდევ გასული სასწავლო წლიდან აქვთ. შედეგად, 600 000-ზე მეტ მოსწავლესა და 55 000-მდე მასწავლებელს სპეციალური პროფილები უკვე გააქტიურებული აქვთ და სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებლობა ეძლევათ, სრულყოფილად ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით – Microsoft office 365- ით, რომელიც აერთიანებს Microsoft TEAMS, OneNote-ს და სხვა. ამასთან, სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლებმა, საქართველოს საჯარო სკოლების ყველა კლასისთვის, პროგრამა TEAMS-ში ვირტუალური საკლასო ოთახები შექმნეს და პედაგოგებს ეხმარებიან სწავლა-სწავლების პროცესისთვის მხარდამჭერი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამართვასა და დანერგვაში.

დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთ მთავარ რესურსს წარმოადგენს „ტელესკოლაც“, რომელიც ახალ სასწავლო წელს ახალი სეზონით განახლდა. საეთერო ბადე ყველა საფეხურის საგანს მოიცავს. გაკვეთილების დაგეგმვისას, სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე, მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები.“- ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები