27 აპრილი, შაბათი, 2024

განახლდება თუ არა სწავლა პირველ ოქტომბერს  საკლასო ოთახებში

spot_img

განახლდება თუ არა 1 ოქტომბერს სწავლა საკლასო ოთახებში იმ სკოლებში, სადაც ამჟამად დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა, გუშინ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუ მომდევნო დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა 200-ის ფარგლებში შენარჩუნდება, სკოლებსა და ბაღებში სწავლის გაგრძელების გადადების აუცილებლობა არ იქნება: ,,თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ, საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ, კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე, სუბიექტურად, მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, სკოლაში რეგულაციების დაცვა, სადაც ერთ კლასში 30 მოსწავლე ზის, ძალიან გართულდება, რადგან საკლასო ოთახი დახურული სივრცეა. შეზღუდულია რესურსი, რომ ბავშვები დასვა ერთი მეტრის დაშორებით. ამიტომაც, ისევ ბავშვებისა და მათივე მშობლების საკეთილდღეოდ, მიიღეს ეს გადაწყვეტილება. მე ძველი თაობის ადამიანი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, არ მწამს რომ ეს ონლაინ სწავლება ისევე ეფექტურია, როგორც საკლასო სწავლება. მაგრამ ასეა მთელი მსოფლიო გადასული და რა ვქნათ“.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის ვერსია საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე აქამდე არ განხილულა და 23 სექტემბრის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე არც განსხვავებული გადაწყვეტილება  მიუღიათ, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია, არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს. იქიდან გამომდინარე, თუ რაიმე ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რაც იქნება საერთაშორისო რეკომენდაცია, ის აისახება. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამაზე რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება  მიღებული არ ყოფილა.“ –  განაცხადა თამარ გაბუნიამ.

არც განათლების სამინისტრო აკეთებს განმარტებას, რა ელის 1 ოქტომბერს იმ 730-მდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც ახალი სასწავლო წელი ონლაინ რეჟიმში განახლდა, გარდა იმ განცხადებისა, როდესაც მინისტრმა უწყების სურვილი გაახმოვანა: „ჩვენი ყველას სურვილია, რომ პირველ ოქტომბერს შევძლოთ და დავბრუნდეთ საკლასო ოთახებში, რომ ბავშვებს ჰქონდეთ ეს შესაძლებლობა, რადგან ბუნებრივი გარემო სასწავლო პროცესისთვის არის სწორედ სკოლაში, სასწავლო პროცესი არის საკლასო ოთახებში. შესაბამისად, ამას რომ მივაღწიოთ, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ საჭიროა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა“

დაავადებათა კონტროლი ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ტესტირება  იმ  2 237 მასწავლებლიდან, რომლებიც ზაფხულში აჭარაში იმყოფებოდნენ,  71%- ჩაუტარდა, მათგან, კორონავირუსი  8- დაუდასტურდა.

სხვადასხვა ვერსიების მოლოდინში მყოფი სკოლებისთვის კი, მოახლოებული პირველი ოქტომბერი ისევ ბუნდოვანია – აქამდე გაურკვეველია დაუბრუნდება თუ არა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს საკლასო ოთახში.

ლალი ჯელაძე

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები