27 აპრილი, შაბათი, 2024

ბავშვები ციფრულ სამყაროში

spot_img

თანამედროვე მსოფლიოში ციფრული სამყარო უფრო და უფრო მყარად იდგამს ფესვებს. იცვლება თაობები და იმატებს მილენიალებისა და X თაობის ციფრული სამყაროს გამოყენების მატების პროცესი. ციფრული ტექნიკა, სმარტფონები, კომპიუტერები და ტაბლეტები კი მედიის მოხმარების მთავარ მედიატორებად იქცნენ. კვლევებმა ცხადყო, რომ ციფრული სამყაროს მომავალი მომდევნო დიდი მოვლენა იქნება ჩვენს პლანეტაზე. და მაინც, საით მიექანება ციფრული სამყარო? ფაქტი ერთია, რომ ციფრული მედიის მოხმარება მნიშვნელოვნად მზარდია, მედიის სხვა წყაროებთან შედარებით; იზრდება ციფრული რეკლამირება; არსებობს არაერთი სოციალური ქსელი, Google და სხვა; წარსულს ჩაბარდა ტელევიზიის დიდება, თუმცა ის აქტუალური იქნება მუდამ. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მომდევნო დიდი მოვლენა იქნება უფრო დიდი რამ, ვიდრე ჭკვიანი სათვალე ან საათია.

სხვადასხვა ანგარიშების გაცნობით ვგებულობთ, რომ მსოფლიოში ყოველი მესამე ინტერნეტ მომხმარებელი ბავშვია და მას ციფრულ სამყაროში არსებული საფრთხეებისგან ვერავინ დაიცავს. ადამიანის ცხოვრება ძალზე შეცვალა ციფრულმა ტექნოლოგიამ, განსაკუთრებით კი მოზარდის. ხშირად მიფიქრია, რას გვიმზადებს მომავალი ამ მიმართულებით. ცნობილია, რომ 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები ყველაზე მეტად სარგებლობენ ინტერნეტით. ამ ასაკობრივი ჯგუფის 71% თუ ინტერნეტ მომხმარებელია, ეს მთელი მსოფლიოს ახალგაზრდების 48%-ია. აქვე აღვნიშნავ, რომ მსოფლიო ახალგაზრდების 29%-ს, დაახლოებით 346 მილიონ ახალგაზრდას, ხელი არ მიუწვდება ინტერნეტზე.

კითხვაზე, ინტერნეტი ბავშვისთვის ცუდია? არ შეიძლება პასუხი ერთმნიშვნელოვნად გავცეთ. ვიმედოვნებ, რომ არა, პირიქით. აღნიშნულ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ინტერნეტთან წვდომა ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს, რადგან თანამედროვე ეპოქაში ინტერნეტი სწავლის, კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის შეუზღუდავი შესაძლებლობაა. ციფრული ტექნოლოგიების ეპოქა დადგა და ეს შეუქცევადი პროცესია. რიგ შემთხვევებში, მშობლებს სათანადოდ ფეხის აწყობა უჭირთ. სწორად და მიზანმიმართულად გამოყენებული ინტერნეტი მნიშვნელოვნად ცვლის იმ ბავშვების ცხოვრებას, რომლებიც იჩაგრებიან სიღარიბის, რასის, ეთნიკური წარმომავლობის, გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის, გეოგრაფიულად რთულად მისაწვდომ ადგილზე ცხოვრების თუ სხვათა გამო. ციფრულ ტექნოლოგიას შეუძლია, მარტივად დააკავშიროს ეს ბავშვები დანარჩენ სამყაროს. ხშირად ინტერნეტი ბავშვისთვის ემიგრაციაში წასულ მშობელთან/მშობლებთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა. ცალსახაა ინტერნეტის მოხმარების აუცილებლობა და სიკეთეები, თუმცა არსებობს საფრთხე, რომელიც ემუქრება გლობალურ ქსელში ჩართულ ბავშვს. დღეს უამრავი მაგალითია იმისა, თუ რა საფრთხე და ტრაგედია შეიძლება მოუტანოს ვიდეოთამაშებმა მოზარდებს. არაერთია კიბერბულინგის  მსხვერპლი და სხვა არაერთი საფრთხის ჩამოთვლაა შესაძლებელი. სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ინტერნეტში ბოროტმოქმედები ადვილად ახერხებენ ბავშვებთან ურთიერთობას, რადგან ანონიმურ პროფილებს ქმნიან. ბავშვი ცუდს არაფერს ფიქრობს და მარტივად იწყებს ურთიერთობას, ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც მას სექსუალურ ან სხვა სახიფათო ურთიერთობებს აიძულებენ. ასევე ხშირია ბავშვების რადიკალიზების მცდელობები, წაქეზება არაჯანსაღი, საშიში ქცევისკენ (დიდ ბრიტანეთში ერთი წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ 13-დან 17 წლამდე ასაკის გოგონების მესამედი თანატოლებისგან, ინტერნეტით, არასასურველ სექსუალურ შეტყობინებებს იღებენ, ხოლო ყოველი მეათე – გაუპატიურების მუქარას. ასევე მალაიზიის პოლიციის სტატისტიკით, 2015 წელს, ინტერნეტში გაცნობის შედეგად გაუპატიურებულთა 80% 10-დან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი იყო). გარდა ამისა, ბავშვებისთვის ინტერნეტში ხელმისაწვდომია არასასურველი, ასაკისთვის შეუფერებელი შინაარსის მასალა, რაც ზიანს აყენებს მის ფსიქიკას. ხშირია სექსუალური ან პორნოგრაფიული ხასიათის მასალა, ძალადობის შემცველი ვიდეოები, ფოტოები, რასისტული, დისკრიმინაციული გამონათქვამები. არსებობს ვებგვერდები, რომლებიც აქეზებს საშიშ ქცევას, როგორიცაა საკუთარი სხეულის დაზიანება, თვითმკვლელობა ან ანორექსია.

არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად განვიხილოთ ინტერნეტი და საერთოდ ციფრული სამყარო, როგორც მხოლოდ ზიანის მომტანი. დღეს თანამედროვე მსოფლიო მუშაობს იმ საკითხებზე, რით შეიძლება საფრთხის თავიდან აცილება. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, არასრულწლოვანთა ოჯახებში, ინტერნეტ მომწოდებელი კომპანიები, მშობლების მოთხოვნით, აყენებენ ფილტრს, რომელიც ყველა შესაძლო საზიანო ონლაინ რესურსს ბლოკავს. ასევე დაცულია მობილური ტელეფონებიც. სიმ ბარათი ფორმდება ბავშვზე და ვერც ერთი ტელეფონი, სადაც ეს სიმი ჩაირთვება ვერ მიიღებს წვდომას ბავშვისთვის საფრთხის შემცველ რესურსებზე, ვიდრე მოზარდი სრულწლოვანი არ გახდება. ინტერნეტ რესურსების სიას დიდ ბრიტანეთში სპეციალური კომისია ადგენს.

საქართველოს რეალობაში ინტერნეტ საფრთხისგან დაცვა, ჯერჯერობით, მხოლოდ სკოლებში არსებული ინტერნეტ ფილტრითაა შესაძლებელი, სხვა მხრივ, მხოლოდ იდეის დონეზეა. ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტთან აქვთ წვდომა, სრულიად დაუცველნი არიან გლობალურ ქსელში. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობს სახელმწიფო. მზადდება შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც დაავალდებულებს პროვაიდერ კომპანიებს, რომ კონტენტი მსგავსი ტიპის ინფორმაციისგან გაწმინდოს.

ციფრული ეპოქის სამყაროში ნებისმიერი ადამიანის უფლებაა, სარგებლობდეს ინტერნეტით და, ამასთანავე, იყოს დაცული. რიგი ქვეყნების სკოლებში ისწავლება ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებისა და კიბერბულინგისაგან თავის დაცვის წესები. მსოფლიო განათლების სისტემა და ქართული საგანმანათლებლო სივრცე ყველანაირად ცდილობს მეტი უსაფრთხო ზომების მიღებას. მაგალითად, ყველა კომპიუტერი, რომელიც გამოიყენება სასკოლო სივრცეში, აღჭურვილია ისეთი პროგრამით, რომელიც ინტერნეტის შიგთავსს ფილტრავს. თუმცა, ბავშვები ღია ინტერნეტით სარგებლობას პირადი სმარტფონებით მაინც ახერხებენ.

თანამედროვე ბავშვებისა და თინეიჯერებისთვის სოციალური მედია ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მათი უმრავლესობა დარეგისტრირებულია და სარგებლობს სხვადასხვა სოციალური ქსელით. სოციალური ქსელის მომხმარებელთა რიცხვი კი, ყოველდღე მატულობს და იმის ალბათობა, რომ შემცირდება, თითქმის არ არსებობს.

სოციალურ მედიას უამრავი სარგებელი მოაქვს, მაგრამ ასევე ქმნის პოტენციურ საფრთხეებს. თითქმის ყველა მშობელი ცდილობს, მისგან დაიცვას შვილი, თუმცა, ყოველთვის ვერ პოულობენ საუკეთესო გამოსავალს. ამიტომ აუცილებელია, ვისწავლოთ სოციალური მედიის ჭკვიანურად გამოყენება.

პირველ რიგში, უნდა მოვახდინოთ სოციალური მედიის სიკეთეების, მავნე მხარეებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება. ამის შემდეგ, შეიძლება პრობლემის მოგვარების გზებზე საუბარი. სოციალური მედია შეიძლება:

? დაეხმაროს ბავშვს კომუნიკაციაში;

? შემოქმედებითი უნარების განვითარებაში;

? ინტერესების სფეროში სასურველი ინფორმაციის მოძიებაში და სხვ.

სოციალური მედიის ძირითადი უარყოფითი მხარე ისაა, რომ ნებაყოფლობითი ნიადაგია კიბერბულინგისათვის. ძალიან ბევრი მოზარდი საჯაროდ წერს პერსონალურ მონაცემებს, რაც კრიმინალებისთვის და მოძალადეებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია და შეიძლება ცუდი შედეგი მოჰყვეს. გარდა კიბერბულინგისა და ონლაინ კრიმინალისა, პრობლემას წაროადგენს ის ფაქტი, რომ მოზარდი შეიძლება რეალურად შეხვდეს პირს, რომელიც მოძალადე ან კრიმინალია. არსებობს აპლიკაციები, რომლებიც ავტომატურად გვიჩვენებს მომხმარებლის ადგილსამყოფელს. სპეციალისტების მტკიცებით, სოციალურ მედიაში დიდი დროის გატარებამ შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი, რომ არ დაკარგოს შვილის ნდობა მეტისმეტი ყურადღებით და, იმავდროულად, მოახდინოს შესაძლო, მოსალოდნელი საფრთხის პრევენცია. პირველ რიგში, ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მშობელი პატივს სცემს მის პირად სივრცეს, მაგრამ სურს მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მაგალითისთვის, მშობელმა შეიძლება შემდეგი ფრაზებით მიმართოს შვილს:

? იყავი ზრდილობიანი, გთხოვ. უხამსი ქმედება მიუღებელია ვირტუალურ სამყაროში, ისე როგორც რეალურში.

? კარგად დაფიქრდი, სანამ ტექსტს ან ფოტოს გამოაქვეყნებ.

? შენს ქმედებაზე რას იტყვის შენი მეგობარი? (ან ნებისმიერი, ვინც ავტორიტეტია ბავშვისათვის)

? გთხოვ, არ დაგავიწყდეს კონფიდენციალურობის დაცვის წესები.

? შეიკავე თავი უცნობებთან დამეგობრობისგან. მეგობრობა რეალურ ცხოვრებაში უფრო სანდოა.

შეპარვით შეიძლება შევუთანხმდეთ ბავშვს, რომ ის არასოდეს გამოიყენებს ტექნოლოგიას იმისთვის, რომ ვინმეს ზიანი, ტკივილი მიაყენოს ან დამამცირებელი, არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს. ზოგადად, ჩვენ, ადამიანები, ერთმანეთს მაგალითს ვაძლევთ და შესაძლებელია, ეს ვირტუალურ გარემოში ურთიერთობებითაც ვაკეთოთ.

ბავშვთა დაცვის სხვადასხვა ფონდები და ორგანიზაციები აცხადებენ, რომ სახელმწიფომ და, პირველ რიგში, ოჯახებმა უნდა იზრუნონ ბავშვებში ინტერნეტწიგნიერების გაზრდაზე. პატარა ასაკიდან უნდა მოხდეს მოზარდთა ციფრული ცოდნისა და უნარების ინტეგრირებაზე. ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს, როგორ დაიცვას თავი ინტერნეტსაფრთხეებისგან. არასრულწლოვნის მიერ ინტერნეტში გატარებული დრო არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა არ უნდა იყოს. თუმცა დროს იმდენად არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რამდენადაც იმას, თუ რას უყურებენ და რას აკეთებენ ბავშვები ონლაინ.

XXI-ე საუკუნე თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის დრო, როცა ჩვენი ცხოვრება უშუალო კავშირშია ციფრულ ტექნოლოგიასთან, სოციალურ ქსელებთან. თანამედროვე ტექნოლოგიები ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნახტომია, უდიდესი მიღწევა, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, ნებისმიერი საქმე უფრო სწრაფად და მარტივად აკეთოს, უფრო დახვეწოს შემოქმედებითობა და მუდმივად სიახლეების ძიებაში იყოს ჩართული. მხოლოდ საჭიროა, ვისწავლოთ მისი უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება.

ციალა გაბუნია

სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი

 

? გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://youngwayblog.wordpress.com
  2. http://eleqtronuli.blogspot.com/p/blog-page_8.html
  3. http://vugar12.blogspot.com/p/blog-page_27.html
  4. http://mastsavlebeli.ge/?p=9102
  5. https://jam-news.net
  6. https://sapari.ge

7. https://commersant.ge/ge/post/business-insider-rogori-iqneba-cifruli-samyaro-momavalshi

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები