მიმდინარე წლის 8 მარტს დაბადების 90 წელი შეუსრულდა მსოფლიოში სახელგანთქმულ პედაგოგს, ჰუმანური პედაგოგიკის მამამთავარს, აკადემიკოს შალვა ამონაშვილს. ამ თარიღთან დაკავშირებით დაიწერა ეს სტატია.
ვინ არის შალვა ამონაშვილი?
სამწუხაროდ, აკადემიკოს შალვა ამონაშვილს მშობლიურ საქართველოში უფრო ნაკლებად იცნობენ, ვიდრე მის ფარგლებს გარეთ, რაზედაც ქვემოთ გვექნება საუბარი.
შალვა ამონაშვილი — პედაგოგი და ფსიქოლოგი, დაიბადა 1931 წლის 8 მარტს, თბილისში. საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ გადაწყვეტილი ჰქონია ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელება, მაგრამ მედალოსნების ადგილი უნივერსიტეტში შევსებული ყოფილა და იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე შევიდა, რომელიც 1955 წელს დაამთავრა. მამა დიდ სამამულო ომში დაეღუპა. საჭირო იყო დედისა და დისთვის დახმარება. ამიტომ მისულა კომკავშირის რაიკომში და სამუშაო უთხოვია. აქ მისთვის ერთ-ერთ სკოლაში უფროსი პიონერხელმძღვანელის ადგილი შეუთავაზებიათ, მაგრამ სკოლის დირექტორს არ მიუღია, უთქვამს, რომ ჯერ კიდევ ბავშვი ხარ, მოსწავლეებისგან არ განირჩევი და როგორ განდო ეს ადგილიო. მისდა საბედნიეროდ, მალე იმ სკოლაში, რომელიც მან დაამთავრა, განთავისუფლებულა უფროსი პიონერხელმძღვანელის ადგილი და იქ დაუწყია მუშაობა. სწორედ აქ მუშაობის პერიოდში შეიყვარა მან ბავშვები და გაუჩნდა პედაგოგობის სურვილი.
ბატონმა შალვამ, ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, 1960 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია პედაგოგიკაში და მიენიჭა პედაგოგიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. ამავე წელს იწყებს მუშაობას პედაგოგიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად, შემდეგ აქვე მუშაობდა უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, ლაბორატორიის გამგედ, დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში, დირექტორად. 1987-1990 წლებში მუშაობდა ექსპერიმენტული სამეცნიერო საწარმოო პედაგოგიური გაერთიანების გენერალურ დირექტორად. 1972 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, მაგრამ არა პედაგოგიკაში, არამედ ფსიქოლოგიაში.
1964 წელს ბატონმა შალვამ, საქართველოს განათლების მინისტრის, თამარ ლაშქარაშვილისა და პედაგოგიკის მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, დოცენტ გრიგოლ ფოფხაძის მხარდაჭერით, პროფესორ ბ. ხაჭაპურიძესთან ერთად, თბილისში ჩამოაყალიბა პირველი ექსპერიმენტული სკოლა და ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორია, სადაც 6-წლიანი ბავშვების სწავლების პრობლემებს ამუშავებდა. ამ დროს, საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, იგი უკვე აღიარებული იყო როგორც ერთ-ერთი ნოვატორი პედაგოგი.
1991-1998 წლებში სათავეში ედგა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკათა ფაკულტეტს. ამჟამად განაგებს მის მიერვე დაარსებულ ჰუმანური პედაგოგიკის აკადემიას და არის პედაგოგთა საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტი.
პირველად საქართველოში, ბატონმა შალვამ შემოიღო ხუთდღიანი სამუშაო დღე. ეს საკითხი მან ჯერ საქართველოს მასწავლებელთა V ყრილობაზე დააყენა, რომელიც 1982 წლის 9-11 ნოემბერს მიმდინარეობდა, 1988 წლის 20 დეკემბერს კი გაიხსნა განათლების მუშაკთა საკავშირო ყრილობა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა და მოითხოვა ჩვენი მოსწავლეების დახსნა ცენტრალური გათანაბრებისა და შტამპისაგან: მისი სამართლიანი აზრით, ნებისმიერი ეროვნების ბავშვს საკუთარი ეროვნული თავისებურებანი აქვს და არ შეიძლებოდა ყველა მოკავშირე რესპუბლიკებში ერთიანი სასწავლო გეგმებით, პროგრამებითა და სახელმძღვანელოებით მუშაობა: „სანამ ასეთი ვითარება იქნება ჩვენს სკოლებში, სკოლის კედლებიდან გამოვლენ სკოლაზე და ცხოვრებაზე გაავებული ათასობით ჭაბუკები და ქალიშვილები“.
როგორც ხდება ხოლმე, ახლის ძიებას, მომხრეებთან ერთად, მტრებიც გამოუჩნდნენ და ბატონ შალვას უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა. ბოლოს იგი იძულებული გახდა საქართველო — მშობლიური ქვეყანა მიეტოვებინა, მოსკოვში გადასულიყო და იქ გაეგრძელებინა თავისი პედაგოგიკური იდეების ხორცშესხმა. მოსკოვში მან შექმნა საკუთარი საგამომცემლო სახლი, სადაც აკადემიკოს დ. ზუევთან ერთად „ქართული პედაგოგიკის ანთოლოგიას“ გამოსცემს. ამჟამად გამოცემულია 54 ტომი.
შალვა ამონაშვილი 50-მდე წიგნის ავტორია, ქართულ და რუსულ ენებზე. ქართულ ენაზე გამოცემული მისი წიგნებიდან ცნობილია: „გარდაქმნის მთავარი პირი: სკოლის პრობლემები“, თბილისი, 1989; „გამარჯობა, ბავშვებო!: მასწავლებელთა დასახმარებლად“, ცხინვალი, „ირისთონი“, 1989; „გამარჯობა, ბავშვებო!: დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის“, სოხუმი, „ალაშარა“, 1988 და სხვები.
იგი ხელმძღვანელობს 250-მდე ლაბორატორიას, სადაც სისტემატურად ეწყობა 5-დღიანი მასტერ-კლასები, საქართველოში კი ამდაგვარი არაფერია. ბატონი შალვა იძულებული გახდა, თავის მშობლიურ სოფელ ბუშეტში, ჩამოეყალიბებინა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი „მზის ქალაქი“, სადაც ზაფხულის არდადეგების დროს ატარებს ლექცია-სემინარებს, რომლებსაც მსოფლიოს ოცზე მეტი ქვეყნის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებიან.
1985 წელს ბატონი შალვა ყოფილი საბჭოთა კავშირის პედაგოგიკის მეცნიერებათა აკადებიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს, ხოლო 1989 წლის 27 იანვარს — ნამდვილ წევრად. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წლის 21 მარტს, იგი რუსეთის განათლების მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
აკად. შალვა ამონაშვილს, ლექციების წასაკითხად, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იწვევენ, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. იგი მსოფლიოს ასამდე ქვეყნის საპატიო დოქტორია და თავისი ასაკის მიუხედავად, ენერგიულად აგრძელებს აქტიურ საგანმანათლებლო მოღვაწეობას. საქართველოში კი, სამწუხაროდ, იგი დავიწყებული ჰყავთ. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე მისი პროგრამით დაწყებითი კლასების არც ერთი პედაგოგი არ გადამზადებულა. თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას ეძებდაო, სწორედ ჩვენზეა ნათქვამი.
ბატონი შალვა ამონაშვილი, როგორც ჰუმანისტი პედაგოგი, მოითხოვს ბავშვებთან განსხვავებულ მიდგომას, ვიდრე ეს ყოფილი საბჭოთა კავშირის სკოლებში იყო მიღებული, სადაც სკოლების უმრავლესობა ავტორიტარული იყო, ბავშვების სულის აღზრდაზე კი არავინ ფიქრობდა. მოსწავლეებს არ ასწავლიდნენ ღიმილს, ადამიანისა და ნებისმიერი ცოცხალი არსების სიყვარულს, პატივისცემას, თანაგრძნობას, მოკლედ რომ ვთქვათ, სიკეთის ქმნას. შალვა ამონაშვილის ჰუმანიზმის პედაგოგიკა კი დაფუძნებულია ბავშვების უსაზღვრო სიყვარულზე, მათი პიროვნების აღიარებასა და დაფასებაზე. მისი აზრით, ამჟამად, ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა საგნის უამრავი მასწავლებელია, მაგრამ მათგან ძალზე ცოტაა აღმზრდელი. დღეს სიტყვა „აღზრდა“ თითქმის მთლიანად განდევნილია სკოლებიდან. „დღევანდელმა სკოლამ, — წერს იგი, — „აღზრდა“ გამოაძევა სკოლიდან და დარჩა მხოლოდ „სწავლება“, რის შედეგადაც ვზრდით მხოლოდ „განათლებულ უზრდელებს“ (ი.ა. კომენსკი).
თავის მრავალრიცხოვან შრომებში ბატონი შალვა საუბრობს მასწავლებლებისა და მშობლების უშუალო მოვალეობაზე — ბავშვისადმი სიყვარულსა და სითბოზე, მისი პიროვნების აღიარებასა და დაფასებაზე. ბავშვის გაზრდა ძალუძს მხოლოდ იმ მასწავლებელს, — გვასწავლის დიდი პედაგოგი, — ვინც თავად იზრდება. მისი აზრით, ბავშვებთან ურთიერთობის ერთადერთი გზა სიყვარული და მეგობრობაა. ის მასწავლებელი გახდება სუკეთესო, რომელიც ცელქ, მოუსვენარ ბავშვს დააყენებს საკუთარ ბილიკზე, შეაყვარებს თავს და მისი ცხოვრების მასწავლებელი, მეგზური გახდება.
თბილისში მის მიერ შექმნილ ექსპერიმენტულ სკოლებში მომავალ 6-წლიან ბავშვებთან მუშაობას, ბატონი შალვა მათი პირადი საქმეებისა და სურათების გაცნობით იწყებდა, პირველ სექტემბერს კი თითოეულ მათგანს ხელის ჩამორთმევითა და მათი სახელის წარმოთქმით ესალმებოდა: „გამარჯობა, ნინო!“, „გამარჯობა, ზაზა!“ და ა.შ. ეს ძალიან ახარებდათ ბავშვებს და პირველსავე შეხვედრისთანავე იხიბლებოდნენ თავიანთი მასწავლებლით. ასე გადიოდა იგი „ბეწვის ხიდზე“ (ი. ჭავჭავაძე).
აკად. შალვა ამონაშვილი იზიარებს ცნობილი პოლონელი პედაგოგისა და პედიატრის იანუშ კორჩაკის აზრს, რომ სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს იძულებას, ძალდატანებას. ბავშვს უფლება აქვს, დარჩეს ისეთად, როგორიც არის და პედაგოგი არ უნდა ცდილობდეს მათ გათანაბრებას, „ერთ თარგზე მოჭრას“. მასწავლებელი ყველა ბავშვთან ახლო კონტაქტში უნდა იყოს, კარგად უნდა იცოდეს თითოეული აღსაზრდელის თავისებურებანი, მათი გულებისაკენ მიმავალი გზები, რათა განეწყოს იმ სიმის ხმაზე, რომელიც ყველა ბავშვს საკუთარი აქვს და განსხვავებულად ჟღერს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ბევრი საერთო აქვთ, მაინც დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამიტომ სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაში აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახული მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
ავტორიტარული პედაგოგიკის მიმდევარ მასწავლებლებს სურთ, რომ ბავშვები მათზე მორგებულები იყვნენ. ბატონი შალვას აზრით, ისინი კი არ უნდა მოგვერგონ ჩვენ, არამედ ჩვენ უნდა მოვერგოთ მათ. მასწავლებელი ბავშვს უნდა მოექცეს ისე, როგორც თანასწორს, პატივი უნდა სცეს მის უცოდინრობას. მოსწავლეებთან ურთიერთობისას ხშირად უნდა იღიმებოდეს, ეს ძალზე მოსწონთ ბავშვებს. ტყუილად როდი ამბობს დიდი ფრანგი მწერალი და მფრინავი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი: „ყველაზე მთავარი ხშირად ღიმილია. ღიმილით უხდიან ვალს, ღიმილით აჯილდოებენ, ღიმილით უბრუნებენ სიცოცხლეს, ზოგიერთი ღიმილის გულისათვის თავს გასწირავ“ (სენტ-ეგზიუპერი, „ადამიანთა მიწა“).
ექსპერიმენტის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის პროცესში შემუშავდა მოსწავლეებთან ურთიერთობის გარკვეული წესები, რომელსაც ყველა იცავდა.
აი, ეს წესები:
⇒ ვიყოთ მუდამ ხალისიანი ბავშვებთან და შევუქმნათ მათ კარგი განწყობილება;
⇒ ჩვენც გვიხაროდეს ის, რაც ბავშვებს უხარიათ;
⇒ ვიყოთ ბავშვების საინტერესო, სერიოზული, მხიარული თანამოსაუბრენი;
⇒ გავუზიაროთ ბავშვებს ჩვენი ბავშვობის მოგონებანი;
⇒ მთელი სერიოზულობით, გულისხმიერებით, თანაგრძნობით მოვეპყრათ თითოეული ბავშვის საზრუნავს;
⇒ ზოგჯერ ბავშვებთან ისეთივე ბავშვად ვიქცეთ, როგორც ისინი არიან;
⇒ ვასწავლოთ ბავშვებს ჭკვიანური ხუმრობა, ვითამაშოთ მათთან ერთად თანასწორი უფლებით;
⇒ გაკვეთილზე, სასწავლო-შემეცნებითი ამოცანების გადაწყვეტისას, ზოგჯერ დავუშვათ „შეცდომები“ და „დავიბნეთ“ კიდეც;
⇒ ვაჩუქოთ ბავშვებს ღიმილი — მათდამი ჩვენი კეთილგანწყობის, ინტიმურობის, ნდობის ნიშანი;
⇒ არასოდეს არ ვეცადოთ ვამხილოთ ბავშვი ამა თუ იმ დანაშაულში, პირიქით, ხაზგასმით გამოვხატოთ იმის იმედი, რომ მას არ შეეძლო ჩაედინა ეს, რომ იგი ასეთი არ არის, რომ ყოველივე ეს… გაუგებრობაა;
⇒ ხშირად ჩავერიოთ ბავშვების საუბარში, როგორც მათი თანატოლი;
⇒ წახალისების საბაბი ბევრად უფრო ხშირად მოვნახოთ, ვიდრე გაკიცხვისა (ჟურნ. „სკოლა და ცხოვრება“, 1983, №12, გვ.7).
ეს წესები, რა თქმა უნდა, ვერ ამოწურავს უმცროსკლასელებთან მასწავლებლის მუშაობის მთელ სისტემას, იგი უფრო ფართო და მრავალმხრივია.
ბატონი შალვა ამონაშვილის პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ არაერთხელ დაიწერა და დღესაც იწერება საქებარი წერილები არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. აი, რას წერს პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იური აზაროვი:
„ყველაფერი საინტერესოა შალვას საქმიანობაში: ის, რომ თავად ასწავლის დაწყებით სკოლაში, ის, რომ ბავშვებთან ერთად ლაშქრობებზე დადის, ის, რომ ბავშვებისთვის სახელმძღვანელოებს წერს, ის, რომ ბავშვებთან ერთად თამაშობს, მაგრამ ყველაზე მთავარი მასში მაინც ის არის, რაც მას მკვლევრად, პროფესიონალად აქცევს, რომ ბავშვები პირდაპირ გარბიან მისკენ, მხრებზე ასხდებიან და იგი ასწრებს ყველას მოფერებას, რაღაცის გამოკითხვას, რჩევა-დარიგების მიცემას“ (თზთპრვ ბ.ა. მყკუყყივრ ვრყამიძვთიტ, ს., „აპრყვეწენმე“, 1979, ყ. 253).
შალვა ამონაშვილი, თავის პედაგოგიკურ მემკვიდრეობაში, დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეთა შორის ურთიერთსიყვარულს, თანამშრომლობასა და პატივისცემას. ბიჭებისაგან იგი მოითხოვდა გოგონებისადმი ჯენტლმენურ დამოკიდებულებას. აი, ამის მაგალითიც:
„ერთ-ერთ დასვენებაზე მასწავლებელმა (საუბარია ექსპერიმენტული სკოლის მასწავლებელზე — ნ. ბ.) სთხოვა მოსწავლე ვაჟებს, კლასში დარჩენილიყვნენ, გოგონები კი დერეფანში გასულიყვნენ. ბიჭებთან ასეთი საუბარი გაიმართა:
— ხომ არ დაგითვლიათ რამდენი გოგონაა ჩვენს კლასში?
— არა! — უპასუხეს ბიჭებმა.
— ისინი თექვსმეტნი არიან… თქვენ კი ვინა ხართ?
ბავშვებმა არ იციან რა თქვან.
— ჩვენ ბიჭები ვართ! — თქვა ერთმა.
— არა, თქვენ უბრალოდ ბიჭები კი არა, ვაჟკაცები, მამაცი, მომთმენი და ძლიერი ადამიანები ხართ! მიჩვენე შენი კუნთები!
ბიჭი მომუშტულ მარჯვენა ხელს ღუნავს, სახე ეძაბება. მასწავლებელი ინტერესით უსინჯავს კუნთებს.
— ოჰო, მაგარი კუნთები გქონია! — სერიოზულად ამბობს იგი, — აბა, შენი მიჩვენე!
ასე უსინჯავს იგი კუნთებს ყველა ბიჭს და აღფრთოვანებას გამოხატავს მათი სიძლიერის გამო.
— ხომ გითხარით, ძლიერები ხართ-მეთქი! ძლიერი კი ყოველთვის იცავს სუსტს, ეხმარება მას, უთმობს. მაშ, ვის გაუფრთხილდებით და დაიცავთ კლასში?
— გოგონებს! — პასუხობენ ბიჭები.
— მოდით, დავადგინოთ შემდეგი ვაჟკაცური წესები: არასოდეს ვაწყენინოთ გოგონებს, გავუფრთხილდეთ, დავეხმაროთ მათ! თანახმა ხართ?
— დიახ!
— კლასში შესვლისა და კლასიდან გასვლისას გზა დაუთმეთ გოგონებს. თანახმა ხართ?
— დიახ!
შემდგომში მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე, ზარის დარეკვის წინ, აფრთხილებდა ბავშვებს:
— ბიჭებო, გახსოვდეთ, რომ თქვენ ვაჟკაცები ხართ!“ (შ. ამონაშვილი, ურთიერთობა და აღზრდა, ჟურნ. „სკოლა და ცხოვრება“, 1983, №12, გვ. 8).
ამ საუბრის შემდეგ ბიჭები უფრო ყურადღებიან და გულთბილ დამოკიდებულებას იჩენდნენ გოგონების მიმართ — აცმევდნენ პალტოს, მიჰქონდათ მათი მძიმე ჩანთები, ადგილს უთმობდნენ და სხვა. ანალოგიური საუბარი ჩაუტარა მასწავლებელმა გოგონებსაც.
აკად. შალვა ამონაშვილი ჩვენს ქვეყანაში თანამშროლობის პედაგოგიკის დამფუძნებელია. ზოგიერთი მასწავლებელი ამბობს, — წერს ბატონი შალვა, — მე ჩემი მეთოდი მაქვსო. გააანალიზებ მის „მეთოდს“ და აღმოჩნდება, რომ ის, რაც მას საკუთარი ჰგონია, დიდი ხანია ცნობილია და ასჯერ არის გადაღეჭილი. ზოგიერთებს თანამშრომლობის პედაგოგიკა გაუბრალოებულად ესმის. დღეს არ კმარა ბავშვებთან უბრალო კონტაქტი, საჭიროა, გამოაღვიძო მათი მთვლემარე ძალები, ააფორიაქო მათი სული, ასწავლო იძულების, ძალდატანების გარეშე.
მოსწავლეებთან ურთიერთობა დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ამაზე მსჯელობენ მასწავლებელთა საერთაშორისო შეხვედრებზე, თათბირებსა და კონფერენციებზე. ამის მიზეზი არის ის, რომ ადრე მოსწავლე, რომელსაც არ სურდა სწავლა ან სწავლის უნარი არ ჰქონდა, კლასში რჩებოდა მეორე ან მესამე წელსაც, ანდა, საერთოდ, თავს ანებებდა სწავლას, ახლა კი ყველა ასეთი მოსწავლე კლასშია და მასწავლებელს ევალება, ასწავლოს მათ ყოველგვარი „განთესვის“ გარეშე.
ძნელია მოიძებნოს ბავშვი, რომელსაც არ სურდეს სწავლა, მაგრამ როცა სკოლაში შედის, ზოგიერთი მათგანი გულს იცრუებს სწავლაზე და აკადემიურად ჩამორჩენილთა რიგებში ხვდება. ამაში ბრალი უფრო მეტად მასწავლებელს მიუძღვის, ვიდრე მოსწავლეს, რადგან მან ვერ ასწავლა ბავშვს სწავლა, ფიქრი, აზროვნება, ვერ შეაყვარა წიგნი. ამიტომ, დაწყებით კლასებში, მოსწავლეს სწავლისაკენ კი არ უნდა მოვუწოდოთ, არამედ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ვასწავლოთ სწავლა, რადგან სწავლის სურვილს მხოლოდ სწავლაში წარმატებები ბადებს. სხვა გზა გულგრილობის „კედლის“ გასარღვევად არ არსებობს.
აქვე არ უნდა დავივიწყოთ ის ურყევი პედაგოგიური კანონი, რომ სწავლაში წარმატების ცნება შეფარდებითია. ის, რაც ერთისთვის მიღწევად, წარმატებად ითვლება, მეორისთვის შეიძლება წარუმატებლად იქნეს მიჩნეული. ზოგიერთი მოსწავლისთვის წარმატებით სწავლა მხოლოდ „ფრიადზე“ სწავლა ითვლება, ზოგისთვის კი „დამაკმაყოფილებელზე“ სწავლაც დიდი მიღწევაა. ამიტომ სწავლების პროცესში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებანი. სწორედ ასე და ამგვარად უნდა შევძლოთ მოსწავლეთა სწავლისადმი გულგრილობის „კედლის“ გარღვევა და მათ მიერ მეცნიერებათა საფუძვლების დაუფლება.