23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ციფრული მრავალფეროვნება ხარისხიანი განათლებისთვის ⇒ ახალი პროექტი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში

spot_img
განათლების უფლების დაცვა და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ხელშეწყობა გახდა ახალი საგანმანათლებლო პროექტის შექმნის საწინდარი, რომელსაც 5 მაისს ჩაეყარა საფუძველი – განათლების სამინისტრომ, გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF), განათლების კოალიციამ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში ხარისხიანი განათლების ხელშესაწყობად საგანმანათლებლო რესურსები ორი მიმართულებით შეიქმნება. განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე ამბობს, რომ პროექტს ერთი მთავარი მიზანი აქვს – „დისტანციური სწავლების პროცესი უზრუნველყოს დამატებითი ციფრული რესურსით, რაც მასწავლებლებს მისცემს შესაძლებლობას, გაამრავალფეროვნონ გაკვეთილები.“
პროექტის პირველი კომპონენტის, ზოგადი განათლების – „iსკოლის“ ფარგლებში, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩართვისათვის შეიქმნება კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, რომლებიც განთავსდება ვებგვერდზე https://www.el.ge/. მოსწავლეებს დისტანციურად შეეძლებათ საჭირო მასალის გაცნობა და დავალებების შესრულება. ონლაინ პლატფორმაზე დავალებების პირველი კრებული ყოველი საგნის/საგნობრივ ჯგუფისათვის ხელმისაწვდომი იქნება მაისის პირველ კვირაში, ხოლო ყოველ მომდევნო კვირას მოსწავლეები მიიღებენ დავალების ახალ კრებულს. აღნიშნული სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვისაც.
მასალებს პროექტში ჩართული და მობილიზებული მასწავლებელთა ჯგუფები შექმნიან, ონლაინ პლატფორმაზე კი, ეტაპობრივად, აიტვირთება საფეხურებისა და საგნობრივი ჯგუფების მიხედვით. ბუნებრივია, რესურსზე წვდომა ექნება მოსწავლესაც და მასწავლებელსაც, რომელიც პირდაპირ შეძლებს სასწავლო პროცესში ინტეგრირებას.

✅ ირინა ხანთაძე:

„საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან ძალიან სწრაფ რეჟიმში ხდება ელექტრონული პლატფორმის მომზადება, სამუშაო ჯგუფი ცდილობს, რაც შეიძლება პრაქტიკული და შედარებით მარტივი მოხმარების სასწავლო ელექტრონული პლატფორმა შეიქმნას, თუმცა, სამომავლოდ, რა თქმა უნდა, სასურველია, რომ ასეთი პლატფორმები უფრო კომპლექსური გავხადოთ – მეტი შესაძლებლობები ჩაშენდეს. ახლა კი, მთავარი ამოცანა, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ამ მასალების ციფრული ფორმით მარტივად და სწრაფად მიწოდებაა. სწორედ ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება ის ახალი ვებგვერდი, რომელიც ემისის კოორდინირებით იქმნება. იმედია, ეს ყველაფერი გაზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, უფრო საინტერსოს და სახალისოსაც გახდის, იმდენად, რამდენადაც დიდი აქცენტი სწორედ ასეთი ტიპის დავალებების მომზადებაზე გაკეთდება. ბუნებრივია, ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, დავალებები საინტერესო და სახალისო იქნება. მოსწავლეებს, ძირითადად, უფრო კომპლექსურ დავალებებს შევთავაზებთ.

 ვფიქრობთ, პროექტი არ უნდა დასრულდეს სასწავლო წლის დასრულებასთან ერთად, სტრატეგიული მუშაობა რესურსების განვითარებაზე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, მოგვიწევს თუ არა დისტანციურ რეჟიმში სასწავლო პროცესის გაგრძელება, მსგავსი ციფრული რესურსების არსებობა ძალიან შუწყობს ხელს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებასაც და მის გათანამედროვეობასაც, რაც ბუნებრივად არის ხარისხთან კავშირში. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი აქტიური ნაბიჯების გადადგმა, შესაძლოა, უფრო ადრე უნდა დაგვეწყო, მაგრამ, ვფიქრობ, საკმაოდ დიდი ნაბიჯებით დაწყებული სტარტი შედეგს აუცილებლად მოიტანს – მას უკუქცევა აღარ ექნება.“

✅განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელი დიტო ბერიძე მიიჩნევს, რომ:

„პანდემიის გარეშეც, მსოფლიოს ძალიან ბევრი წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნებისთვისაც კი, დამატებითი ელექტრონული რესურსი, თავისებურად, ყოველთვის იყო ერთგვარი თავისუფლება, რადგან მასწავლებელი, მოსწავლესთან უფრო ეფექტურ შედეგზე გასასვლელად, გარდა იმ ლიტერატურისა, რომელსაც დადგენილი წესით ასწავლის, ყოველთვის იყენებს დამატებით რესურსს. შესაბამისად, ეს არ არის ახალი, მაგრამ არის ძალიან აქტუალური და საჭირო. რადგან ახლა დაგვიდგა დრო, როცა ჩვენს ბავშვებს, ტრადიციულად, საკლასო ოთახში კი არა, დისტანციურად ვუტარებთ გაკვეთილებს. ამიტომ ინლაინ სწავლების სრულფასოვნად წარმართვისთვის, მასწავლებელსაც და მოსწავლესაც სჭირდება მაქსიმალური ხელშეწყობა. ეს რესურსები მათთვის ახლა მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.“

✅ მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე

აცხადებს, რომ პანდემიის პირობებში სამინისტროს მთვარი ამოცანა შინ დარჩენილი მოსწავლეებისთვის დისტანციური სწავლების მრავალფეროვანი სერვისების მოწოდებაა და ამ მიზნით, არაერთი ღია რესურსი შეიქმნა როგორც საერთაშორისო, ისე განათლების მიმართლებით მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობით. თუმცა, ახალ საგანმანათლებლო პროექტს მნიშვნელოვნად მიიჩნევს პროექტის მეორე კომპონენტის, სკოლამდელი განათლების მიმართულების, თვალსაზრისითაც. „გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ დავფარავთ სკოლამდელი განათლების კომპონენტსაც – სკოლამდელი დაწესებულებების აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს, სატელევიზიო ფორმატში, დარგის ექსპერტები საინტერესო რჩევებსა და მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებენ.“ – ამბობს მინისტრის მოადგილე.

 

 

✅ღასან ხალილი

„პანდემიამ შეცვალა ბავშვების, მშობლებისა და მასწავლებლების ყოველდღიური რეალობა. სოციალური დისტანცირება, თვითიზოლაცია, სკოლისა თუ სკოლამდელი დაწესებულების დახურვა საზოგადოებისთვის სტრესია.“ – ამბობს იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი და ამ მემორანდუმის ხელმოწერით, გაეროს ბავშვთა ფონდის სახელით, ვალდებულებას იღებს, რომ პარტნიორებთან ერთად, შეიმუშაონ და ხელმისაწვდომი გახადონ რესურსები და სახელმძღვანელოები სწავლისა და სწავლებისთვის, რაც ძალიან საჭიროა საგანგებო ვითარებაში.

სკოლამდელი განათლების კომპონენტი გულისხმობს მშობლებისთვის რეკომენდაციებისა და მრავალფეროვანი აქტივობების სატელევიზიო ფორმატში შეთავაზებას, რომ მათ ოჯახურ გარემოში განაგრძონ პატარების აღზრდა-განათლება. დისტანციური სწავლების პროცესის მართვის მხარდაჭერის მიზნით, სკოლების, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია დისტანციური სწავლების გზამკვლევების შექმნაც.

იუნისეფის ადრეული განათლების სპეციალისტის, ანა ჯანელიძის აზრით, რესურსის შექმნის საჭიროება მართლაც მწვავედ დადგა, რადგან ბევრი მშობელი აღმოჩნდა პრობლემის პირისპირ – არ იციან მთელი დღე რით დააკავონ და გაართონ პატარები. ამიტომ, სამიზნე ჯგუფი სწორედ მშობლები აღმოჩნდნენ: „პროექტის ფარგლებში, მშობლებისთვის შეიქმნება რესურსი, როგორ შეუწყონ ბავშვის განვითარებას ხელი ოჯახურ გარემოში. ბუნებრივია, ეს ეხება მხოლოდ პანდემიის პერიოდს. შეიქმნება ორი ტიპის რესურსი – პირველი არხი-განათლებასთან თანამშრომლობით, მომზადდება გადაცემათა ციკლი და ბავშვის განვითარების შესახებ სპეციალისტები, როგორც ექსპერტები, ისე აღმზრდელები, ისაუბრებენ და დემონსტრირებას მოახდენენ, როგორ შეუწყონ ხელი მშობლებმა ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას – ფიზიკურ, შემეცნებით, მეტყველების, სოციალურ-ემოციურსა და ა.შ. თემატურად დალაგებული გადაცემების სერია, სულ 12 გადაცემა, ისეთივე მოკლექრონომეტრაჟის იქნება, როგორც ტელესკოლის გაკვეთილებია, მხოლოდ ეს „გაკვეთილები“ განკუთვნილია მშობლებისთვის. ამის გარდა, ვებსაიტისთვის მომზადდება ტექსტური რესურსი,რომელიც, ძირითადად, მიმართულია იმის ახსნისკენ, რა არის ბავშვის ტიპური განვითარება და სახლის პირობებში, როგორ შევუწყოთ მას ხელი.“

გადაცემების ნახვას მშობლები, არდადეგების დაწყებამდე, ყოველ შაბათ-კვირას შეძლებენ, თუმცა მათთვის, ვინც ვერ ნახავს, ვიდეოჩანაწერის სახით გახდება ხელმისაწვდომი ისევე, როგორც ნებისმიერი აქტივობა და რჩევა, რომელიც პროექტის ფარგლებში შეიქმნება, რადგან ეს რესურსი მშობლებს ყოველთვის გამოადგებათ.

♦ ♦ ♦

5 მაისს მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, ორგანიზაციებს შორის მჭიდრო კოორდინაციითა და თანამშრომლობით, ასევე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-სა და პირველი არხი-განათლების მხარდაჭერით, ახალი საგანმანათლებლო პროექტის ამოქმედებასა და ტექნიკურ უზრუნველყოფას.

ლალი ჯელაძე

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები