აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარე 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომელიც გულისხმობს საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაწყვეტისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას, ასევე, საუნივერსიტეტო დონეზე ისეთი პროგრამების ხელშეწყობას, რომელიც შემდგომში უზრუნველყოფს სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მთავრობის მიერ პრიორიტეტად გამოცხადებული საგანმანათლებლო კომპლექსური რეფორმების პროცესში, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება საქართველოს საჯარო სკოლების დაწყებით საფეხურზე. ერთობლივი ქართულ-ამერიკული პროგრამა, განათლების ხარისხის ასამაღლებლად, მასწავლებელთა გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებასაც ითვალისწინებს.
USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი პროგრამის მთავარ მახასიათებლებზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია, მოვიდნენ ახალი მასწავლებლები, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებენ მოსწავლეების საჭიროებებზე და არა ძველ სტილზე, რომელიც გაკვეთილის წაკითხვას, წერისა და დაზეპირების დავალებებს მოიცავდა. „ქვეყნის მასშტაბით, 8 უნივერსიტეტთან პარტნიორობით, გარდავქმნით მასწავლებელთა გადამზადების მეთოდს, ხელს შევუწყობთ მთავრობის პრიორიტეტიზაციას, შეიქმნას წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც მოიზიდავს ახალგაზრდებს, გახდნენ მასწავლებლები. წარსულში გარკვეული მიზეზები იყო, რის გამოც მასწავლებლის კარიერის არჩევა, კონკურენტული ეკონომიკის პირობებში, სასურველი არ იყო. ჩვენ შევეცდებით, მხარი დავუჭიროთ რეფორმებს, რითაც მასწავლებლის პროფესიას მიმზიდველს გავხდით, ასევე, დავეხმარებით განათლების სამინისტროს, გამოავლინოს პრობლემები და ხელი შეუწყოს განათლების პოლიტიკის რეფორმებს, მთელი სისტემის მასშტაბით, რაც, საერთო ჯამში, აამაღლებს განათლების ხარისხს საბაზო დონეზე. სწორედ ამიტომ არის ჩვენი პროგრამის სახელწოდება „USAID — საბაზო განათლების პროგრამა“, ჩვენი პროგრამა დაწყებითი საფეხურის პედაგოგებზე გაამახვილებს ყურადღებას. ჩვენს ინტერესებში შედის საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება.
განათლების რეფორმის მნიშვნელობას საქართველოში არა მხოლოდ USAID, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებიც აღიარებს. ვიმედოვნებ, რომ უამრავმა ქართველმა იცის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 5-წლიანი პროგრამა, რომელიც ახლახან დაასრულა და რომელიც ხელს უწყობდა საქართველოს საგანმანათლებლო წინსვლას სხვადასხვა სფეროში. აშშ აცნობიერებს და აღიარებს ამ რეფორმების მნიშვნელობას.“
საქართველოში განათლების ხარისხი მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტად სახელდება, მიუხედავად ამისა, მაინც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე საუბრისას, პიტერ ვიბლერი აღნიშნავს, რომ ქართული განათლების სისტემის ფუნდამენტურ გამოწვევას წარმოადგენს ძველი სისტემიდან მოსწავლეზე ორიენტირებულ სისტემაზე გადასვლა.
მასშტაბურ პროგრამას, რა თქმა უნდა, შესაბამისი ადამიანური რესურსიც სჭირდება. „რესურსი საკმარისი არასოდესაა, არც ამერიკაში გვაქვს საკმარისი. წელიწად-ნახევარია, რაც აქ ვცხოვრობ და ვფიქრობ, რომ საქართველოს ადამიანური კაპიტალი ამ ქვეყნის უდიდესი აქტივია. ვგულისხმობ, მთელი ქვეყნის მასშტაბით და არა მხოლოდ თბილისში. ადამიანური კაპიტალი არსებობს და საჭიროებს გაღვივებას, ზრდა-განვითარებას ისე, რომ შეიქმნას კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტების მასა, რომელთაც ექნებათ პრობლემების გადაჭრისა და მათემატიკური უნარები, შეეძლებათ სხვადასხვა ენაზე კითხვა და საუბარი, რაც შემდგომში ისეთ პროფესიებში აისახება, როგორებიცაა ტექნოლოგია, მათემატიკა, ზოგდად მეცნიერება.“ — აცხადებს პიტერ ვიბლერი.
პროგრამის განხორციელება სხვადასხვა ინსტიტუციების ჩართულობასაც გულისხმობს. USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახალი პროგრამა არა მხოლოდ განათლების სამინისტროსთან, არამედ არაერთ სხვა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციების შედეგად შეიქმნა. „ფართო მასშტაბის კონსულტაციები გავიარეთ, რათა დაგვედგინა საჭიროებები და სამიზნედ ის სფეროები აგვეღო, რომელზეც ცვლილებების განხორციელება შეგვიძლია. ჩვენ აქტიურად ჩავრთეთ სამინისტროს წარმომადგენლობა შესყიდვისა და იმ პარტნიორის შერჩევის პროცესში, რომელიც პრაქტიკულად განახორციელებს ამ პროგრამას USAID-სთვის. ერთობლივად ვიმუშავეთ პროგრამის შექმნაზე, ზოგადად, განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ საქართველოს ბევრი სხვა საერთაშორისო მეგობრის ძალისხმევით ხორციელდება. მოგეხსენებათ, მსოფლიო ბანკმა, წარსულში, დიდი ოდენობის ინვესტიცია ჩადო და კიდევ გეგმავს ახალ, მსხვილ ინვესტიციას განათლებაში, რათა ხელი შეუწყოს მთავრობის რეფორმებს. ვიცი, რომ გერმანიის ხელისუფლება უჭერს მხარს პროფესიულ-ტექნიკურ განათლებას და საგანმანათლებლო რეფორმებს.
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რა მასშტაბის საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს ქვეყანას. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ განათლება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ღერძია. მოსწავლეებმა იციან თავიანთი უფლებები და პასუხისმგებლობები და შეუძლიათ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერება. სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეუძლიათ ისეთი ახალგაზრდების გამოშვება, რომელთა უნარებიც საჭიროა საქართველოს თანამედროვე ეკონომიკისთვის. ეს ასევე მნიშვნელოვანია სოციალური ჩართულობისთვის.“
იმ მასშტაბის ცვლილებებს, რასაც საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმა ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო სჭირდება. პიტერ ვიბლერის აზრით, საუბარია თაობის ცვლილებაზე. ამ საგანმანათლებლო რეფორმას, ასევე, შეუძლია მოიცვას ეთნიკური უმცირესობები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რათა მეტად იყოს მათთვის ხელმისაწვდომი საქართველოში არსებული ყველა შესაძლებლობა.
„ჩვენი პროგრამა ფორმალურად უკვე დაიწყო. პარტნიორებთან ერთად, გახსნის დიდ ცერემონიას ვგეგმავთ მარტში ან აპრილში. შემდეგ კი, დაიწყება საფუძვლიანი მუშაობა და პროექტის შედეგებს მომდევნო 6 თვესა და ერთ წელიწადში დავაკვირდებით. ამ ეტაპზე, 4-წლიან ძალისხმევაზეა საუბარი, შემდეგ, როგორც USAID-ის სხვა პროგრამების შემთხვევაში, გადავხედავთ როგორ მუშაობს პროგრამა და, ამერიკის მხრიდან სათანადო რესურსების არსებობის შემთხვევაში, სამომავლო ინვესტიციებზე ვიფიქრებთ.“ – ამბობს USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.
მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა