კორონავირუსის პანდემიის გამო მოსწავლეები სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. დისტანციური სწავლების ფონზე, ბევრმა ბავშვმა თავი იზოლირებულად, გარიყულად იგრძნო და შესაბამისმა ემოციებმაც იჩინა თავი. ემოციებთან გამკლავებაში შვილს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მშობელი უნდა დაეხმაროს, მაგრამ არანაკლებია მასწავლებლის როლი და საჭიროების შემთხვევაში — ფსიქოთერაპევტის. დღეს ჩვენი სტუმარია ბავშვთა და მოზარდთა გეშტალტ თერაპევტი ნია ჭინჭარაული, რომელიც ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრება.
— რას გულისხმობს თქვენი სპეციალობა — გეშტალტ თერაპია და რით განსხვავდება ფსიქოთერაპიისგან?
— გეშტალტ თერაპია იგივე ფსიქოთერაპიაა, რომელიც უბრალოდ კონკრეტულ მიმდინარეობას გულისხმობს და ეს ნიშნავს, რომ აქ და ამჟამად განვიხილავთ ნებისმიერ ცხოვრებისეულ გამოცდილებას, მაგალითად, რა გავლენას ახდენს ბავშვობის გამოცდილება დღეს ჩვენს ცხოვრებაზე, რაზე აისახება, როგორ გრძნობ ამას. ძირითადად, აქცენტი კეთდება უფრო შეგრძნებებსა და ემოციებზე, ვიდრე რაციონალურ მხარეზე, თუმცა, ამას სულ ვაკავშირებთ ერთმანეთთან, როგორ ურთიერთქმედებენ, ემთხვევა თუ არა ეს ორი ერთმანეთს, თუ აცდენილია, რას გრძნობ და რას ფიქრობ, რატომ… მაგალითად, ფსიქოანალიტიკოსს, როცა კლიენტი ესაუბრება, კონკრეტული დასკვნები და შეფასებები გამოაქვს და ამას ეუბნება. გეშტალტ თერაპევტი, ფაქტობრივად, არასოდეს (ყოველ შემთხვევაში, ამას ნაკლებად აცხადებს) ეუბნება დასკვნებს, ნებისმიერ მოცემულობას ერთად იხილავენ — ასე გრძნობ თავს? ეს როგორია, რასთან ასოცირდება და ა.შ. მნიშვნელოვანია ერთ სიბრტყეზე ურთიერთობა და დიალოგი.
— თქვენს კლიენტებს შორის არიან როგორც უფროსები, ასევე ბავშვები, მოზარდები. ვისთან მუშაობა უფრო საინტერესოა?
— ჩემთვის მოზარდები ყველაზე საყვარელი კლიენტები არიან იმიტომ, რომ განსხვავებულები არიან, თან უკვე რაღაც იციან, თითქოს დიდ ცხოვრებაში გადასასვლელი ნაბიჯები იდგმება და ძალიან მსიამოვნებს ამ პროცესში მონაწილეობა. მათთან ძალიან ცოცხალი კონტაქტი მყარდება ხოლმე, როგორც წესი. როცა ზრდასრული ადამიანი რაღაც პრობლემით მოდის, მასთან ბევრად ხანგრძლივი მუშაობაა საჭირო (გააჩნია თემას), ვიდრე ბავშვთან ან მოზარდთან, რადგან მის შემთხვევაში პრობლემა ახალია და ჯერ კიდევ შეგიძლია ამოწიო და გაათავისუფლო იმ რაღაცისგან, რაც აწუხებს. ძალიან მსიამოვნებს მოზარდებთან მუშაობა.
— პანდემიის ფონზე იმატა მომართვიანობამ?
— ვერ ვიტყოდი, რომ მომართვიანობა გაიზარდა. როცა ამ მიმართულებით მუშაობ და აკვირდები პროცესს, მუდმივად არის, ასე ვთქვათ, ტალღები. ვერც იმას ვიტყოდი, რომ იმის გამო შემცირდა, ვიღაცას ფინანსური რესურსი მოაკლდა. გარკვეული პერიოდი ფსიქოთერაპევტები ონლაინ მუშაობაზე გადავედით, მაშინაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცისთვის, შეიძლება, ეს მისაღები ფორმა არ იყო, დიდი ნაწილი დარჩა ონლაინზე, როგორც ჩანს, ნაწილში იმდენად დიდი იყო თერაპიის საჭიროების განცდა, რომ ადამიანებმა ეს რიტმი შეინარჩუნეს.
— როგორ აისახა ადამიანებზე პანდემია, როგორც სტრესი?
— პანდემია ნამდვილად სტრესი აღმოჩნდა და სხვადასხვანაირად აისახა სხვადასხვა ადამიანებზე, მაგალითად, მათ, ვისაც ისედაც ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ (ვთქვათ, მედიკამენტს იღებდა, განსაკუთრებული შფოთვა, ცუდი ძილი კოშმარებით ან პანიკური შეტევები ახასიათებდა), ეს შეგრძნებები გაუმძაფრდათ და პრობლემებმა კიდევ უფრო იმატა. ხოლო კლიენტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული სირთულეები არ ჰქონდათ, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი გავლენა იქონია, თუმცა, ცხადია, დისკომფორტი ყველასთვის იყო.
— მოზარდებში როგორი სურათია?
— იგივე შემიძლია ვთქვა მოზარდებზეც. მედიკამენტების მოხმარებამ მოიმატა, თუ ადრე, როცა ექიმი ძლიერ მედიკამენტებს უნიშნავდა, მიღებას თავს არიდებდნენ, ამ პერიოდში, უფრო ხშირად მქონია შემთხვევა, როცა დაიწყეს მედიკამენტის მიღება.
— შეიძლება ითქვას, რომ გაჩნდა პრობლემა — ბავშვი და კორონავირუსი?
— ბავშვის განწყობა მთლიანად გამომდინარეობს მშობლის განწყობიდან. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რას ვეუბნებით, არამედ ისიც, როგორ ვგრძნობთ ამ დროს თავს, როგორ ვაწვდით ამ ინფორმაციას. თუ ოჯახში ღელავენ, განსაკუთრებული შფოთია ამასთან დაკავშირებით, ცხადია, ბავშვზე კიდევ უფრო მძაფრად აისახება. ამიტომ ეს ორი რამ გადაბმულია ერთმანეთზე — თუ მშობელი გაწონასწორებულია და ბავშვს მშვიდად აწვდის ინფორმაციას — რა ხდება, თავი როგორ დავიცვათ, რომ არც ისე გამოუვალი ვითარებაა, ეს და ეს გვიცავს, თუ წესებს დავიცავთ, ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვაწვდით ბავშვს ინფორმაციას, თუ კონსტრუქციულად და თანმიმდევრულად, ყველაფრის გათვალისწინებით, მის ასაკზე მორგებული დამოკიდებულებით, მაშინ ბავშვებიც ინარჩუნებენ სიმშვიდეს, მაგრამ თუ მშობელი ღელავს და ძალიან გაუწონასწორებელია, ცხადია, ეს ბავშვზეც აისახება.
— სასწავლო პროცესი გაზაფხულზე უჩვეულოდ წარიმართა, ესეც სტრესული იყო ალბათ ბავშვებისთვის?
— ზოგადად ბევრი სტრესი აქვთ ბავშვებს, რთულად მიდის შეგუება ამ პროცესთან. მე სამი შვილი მყავს და მიუხედავად იმისა, რომ დისტანციური სწავლების გარკვეული გამოცდილება ჩამოუყალიბდათ, ვხედავ, რომ ბევრი სტრესული მომენტი შემოდის (ინტერნეტი ჭედავს, მასწავლებლის ხმა ცუდად ისმის ან სხვ.), უამრავი ხარვეზია. მე (ბავშვი) ამ ყველაფერსაც უნდა გავუმკლავდე და თან ცოდნა მივიღო, რაც ძალიან მიჭირს, ამ სტრესსაც უნდა მოვერიო, რომ კორონავირუსია და რაღაც საშიშროება გვემუქრება, ჯანმრთელობის კუთხით. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ბავშვები დაზიანდნენ.
— რას ურჩევდით მშობლებს, მასწავლებლებს, ბავშვებს?
— რჩევის სახით, ვეტყოდი, რომ ეს დროებითი მოცემულობაა და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ იმით, რომ დავიცვათ წესები, ერთმანეთს დავეხმაროთ ამაში. მაგალითად, ჩემს პატარა შვილთან მასწავლებლებს ხელთათმანები აცვიათ, პირბადეები უკეთიათ, ბავშვები მასწავლებლების ემოციებს ვერ ხედავენ, რაც ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, უბრალოდ, არის ასეთი მოცემულობა და იქიდან გამომდინარე, რომ მასწავლებელი ან ნებისმიერი ზრდასრული თუ იცავს წესებს და ახმოვანებს, ამას რატომ აკეთებს, ბავშვიც რაღაცნაირად იღებს ამას. მთავარია, კიდევ გავიმეორებ, მოცემულობა, რომ ეს არის დროებითი, ჩვენ დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას, ჩვეულ რიტმს, ამას უნდა გავუმკლავდეთ ერთად.
— ახალი მოცემულობა, ალბათ, ყველაზე მეტად პირველკლასელებისთვის არის რთული? როგორც პირველკლასელის მშობელი, როგორია თქვენი დამოკიდებულება?
— მე, ფაქტობრივად, ვერ წარმომედგინა როგორ უნდა ესწავლა პირველ კლასში ონლაინ და ვფიქრობდი, გამომეყვანა, თუ ონლაინ სწავლება გაგრძელდებოდა. იმიტომ, რომ მას არ აქვს არანაირი უნარი, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს სასკოლო პროცესზე და აბსოლუტური ტანჯვა იქნებოდა მისთვის. პირველკლასელების შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს ჩართული. სიახლე ყოველთვის სტრესია, მიუხედავად იმისა, კარგია თუ ცუდი, განსაკუთრებით ბავშვისთვის. ახალ ფორმატში გადასვლაც ისედაც სტრესულია, კიდევ კორონა, ნიღაბი… ამიტომ ოჯახი უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდი ბავშვს განსაკუთრებული თანადგომა და მხარდაჭერა დასჭირდება. თუნდაც, მისი დაძაბული ხასიათის ატანა, ის ბევრი რამით შეიძლება იყოს უკმაყოფილო, წყენას გამოხატავდეს; შეიძლება დაუცველობის განცდა ჰქონდეს, ბრაზი მოერიოს, მოთმინებასთან გამკლავება გაუჭირდეს, ამიტომ უფროსებს განსაკუთრებული როლი გვაკისრია ახლა, რომ ბავშვებს მხარში დავუდგეთ, არ ავყვეთ მათ „მორყეულ“ ხასიათს და, პირიქით, ვეცადოთ, ჩვენ გავამყაროთ ჩვენი გაწონასწორებულობით, დიალოგით, ახსნით, სითბოთი. ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მხარდაჭერა.
— ზოგადად როგორ აისახება მოსწავლეზე დისტანციური სწავლება?
— ჩემი პრაქტიკით, მე რასაც ვხედავ, კი მიმდინარეობს ონლაინ გაკვეთილები და ლექციები, მაგრამ, როგორც ჩანს, სწავლის ხარისხი ძალიან დაეცა, რადგან მოსწავლეებს უბრალოდ უჭირთ აქედან მიიღონ ის, რასაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარე გაკვეთილებზე იღებდნენ. არ ვიცი, რა რეკომენდაციის მიცემა შეიძლება, იმდენად სტრესულია გარემო, აქ კიდევ დამატებით საკითხავის მიცემა ან რაღაც აქტივობებში ჩართვა, არ ვიცი რამდენად მიზანშეწონილია, ვისაც როგორ შეუძლია. ამ დროს, რა თქმა უნდა, კარგია სპორტი, რომ ის დაგროვილი ენერგია, რომელსაც ვერ ვხარჯავთ, სადღაც გამოვიდეს. უნდა გავუმკლავდეთ შექმნილ ვითარებას, ეს მთელი სამყაროს პრობლემაა, ასე მოხდა, რომ ამ ყველაფერთან თანაცხოვრება გვიწევს.
— როგორია ბავშვებთან მუშაობისას არტ თერაპიის როლი?
— არტ თერაპიას ზოგადად გეშტალტი მოიაზრებს, ბევრი გეშტალტ თერაპევტი მუშაობს ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ბავშვებთან. მათთან ხომ ჩვეულებრივი დისკუსია არ მიდის, მათთვის ეს უინტერესოა, ვცდილობთ კონკრეტული დავალება დავახატინოთ და შემდეგ ამაზე ვმსჯელობთ, სხვადასხვა კუთხით ვუდგებით, იგივე ქვიშის თერაპია, ძერწვა, არტ თერაპია ამ ყველაფერს მოიცავს და კარგია იმით, რომ პროცესი ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან თვითონ ქმნიან, ჩართულები არიან, შემდეგ ამ ყველაფრის ვიზუალიზაცია ხდება, მაგალითად, ნებისმიერი ემოცია, რომელიც შეიძლება დახატონ — როგორ გამოიყურება, როგორი ფაქტურა აქვს, რაიმე სუნი ხომ არ აქვს და ა.შ. თუმცა, არტ-თერაპიას დიდებთანაც ხშირად ვიყენებ (გააჩნია ადამიანს, არიან კლიენტები, რომლებიც პირდაპირ უარს აცხადებენ, არიან ისეთებიც, ვისაც ეს ძალიან უყვარს) და ძალიან კარგადაც მოგვყვებიან.
თერაპევტისთვის ეს დამხმარე ინსტრუმენტია, საკმაოდ ძლიერი და ეფექტური იმიტომ, რომ ის, რასაც კლიენტი გრძნობს, გამოაქვს ფურცელზე და უფრო მეტი აქცენტი შეუძლია გააკეთოს, კონცენტრირდეს, ახსნას ის, რასაც მისთვის გარკვეული სტრუქტურა არ აქვს, სადღაც მასში არსებობს და ეს გამოაქვს და ხატავს. ამას თვითონვე ხედავს და იღებს ინფორმაციას და შემდეგ, თერაპევტის დახმარებით, კიდევ უფრო ღრმად ჩადის. ასე რომ, უძვირფასესი ინსტრუმენტია მათთვის, ვისთვისაც მისაღებია. ბავშვებთან, 90%, მე პირადად, გეშტალტით და არტ თერაპიით ვმუშაობ.
— თუ არის გათვალისწინებული ერთობლივი აქტივობები მშობლებთან და ბავშვებთან?
— რა თქმა უნდა, მაგალითად, მშობლების ტრენინგი (ახლა შეჩერებული გვაქვს ტრენინგები), რომელიც 6 შეხვედრას მოიცავს, აქედან 2 ბავშვებთან ერთად ტარდება. ბავშვების შემთხვევაში — მშობლებთან ერთად ტარდება და ერთობლივ აქტივობებზე უკეთესი კონტაქტი მყარდება მათ შორის, რაღაც ახალი იკვეთება, დადებითი, რაც იქამდე არ ჰქონიათ. არტ თერაპიის, ჯგუფური ველის დახმარებით, თერაპევტის მაქსიმალური ჩართულობით, ნამდვილად სასიამოვნოდ მიმდინარეობს ხოლმე ეს ყველაფერი.
— ისევ თქვენს პროფესიას რომ დავუბრუნდეთ, რა არის მთავარი და ძირეული გეშტალტ ფსიქოლოგიაში?
— ძალიან ჰუმანისტური მიდგომაა, მაგალითად ის, რომ მე კლიენტზე მაღლა არ ვგრძნობ თავს და ვინარჩუნებ თანაბარუფლებიანობას — მე რაღაც კი არ ვიცი და ჩემს პროექციებს კი არ გახვევ თავს, არამედ შენ რასაც მიზიარებ, მე ის ყველაფერი მესმის, შემოვდივარ დიალოგში და ჩვენ შორის ხდება ცოდნის გაზიარება. ეს არის მთავარი.
ადამიანის მიმღებლობა ისეთად, როგორც ფსიქოთერაპიის ნებისმიერ მიმართულებაში, როგორიც ის არის, მიმღებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. კონფიდენციალობის დაცვაც უმნიშვნელოვანესია. გავუსვამ ხაზს, რომ ჩვენ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ხშირად ეს პრობლემურია ხოლმე. არა მხოლოდ გეშტალტ, ზოგადად, ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობ, რომ ბევრი კომპონენტია, რომელთა დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია — მიღება, ზრუნვა კლიენტზე და პრობლემასთან ერთად გამკლავება.
არსებობს ასეთი მეტაფორა — როგორია თერაპევტის როლი, რომელიც ძალიან მიყვარს და ხშირად ვეუბნები ჩემს კლიენტებს: წარმოიდგინე უღრანი ტყე, სადაც შენ მიაბიჯებ. გზას საერთოდ ვერ ხედავ, არ არის და უცაბედი გადაწყვეტილებებით გიწევს გზის გაგრძელება. მე ვდგავარ ოდნავ შენს უკან ან გვერდით და ფანრით გინათებ, საითაც მიიხედავ, რომ გახდეს უფრო ნათელი და შენ მიიღო გადაწყვეტილება — წახვიდე იქით თუ არა. შენ თვითონ წყვეტ საით გადადგა ნაბიჯი, მე უბრალოდ გეხმარები, უკეთ დაინახო ეს ადგილი. ძალიან მხარდამჭერი მომენტია, როცა კლიენტი ხვდება, რომ რეალურად თვითონ იღებს გადაწვეტილებებს საკუთარ ცხოვრებაში, უბრალოდ, მე მაქვს დამხმარე რგოლის, ერთგვარი ყავარჯნის ფუნქცია. მთელი არსი ფსიქოთერაპიის არის ეს და ვფიქრობ, ამან განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა ახლა, როცა ადამიანებს მხარდაჭერა და სიმყარის განცდა უფრო მეტად სჭირდებათ. იმედი ვიქონიოთ, რომ მოვერევით ამ ყველაფერს.
ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი