„მოდუსი“ ლათინური სიტყვაა და, რამდენიმე სხვა მნიშვნელობასთან ერთად, აზროვნების ნაირსახეობასაც ნიშნავს. არ ვიცი, ვის მოუვიდა აზრად პროფესიული სასწავლებლისთვის ამ სახელის შერქმევა, მაგრამ ცხადია, ავტორს კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რა დატვირთვა უნდა ჰქონოდა მომავალ კოლეჯს. დღეს, ათეული წლების შემდეგ, ავტორის ჩანაფიქრმა ასეთი სახე მიიღო — რუსთავის პროფესიული კოლეჯი, რომლის ფუნქციონირებასაც ქალაქის დაარსების პირველივე წლებიდან ჩაეყარა საფუძველი და რომელიც მასთან ერთად ვითარდებოდა, დროთა განმავლობაში, იცვლიდა სახელსა და პროფილს, ახლა თანამედროვე ტიპის კოლეჯია თანამედროვე პროფესიებითა და მათი შესწავლისათვის საჭირო უახლესი ტექნიკური აღჭურვილობით. როგორც ჩანს, სასწავლებლის მიზიდულობის ძალასაც ეს ორი ფაქტორი განაპირობებს; ამას ჩვენი სტუმრებიც ადასტურებენ — აზროვნების ნაირსახეობით გამორჩეული ახალგაზრდები — ნიკა გოგოლაძე და ლელა ტოტოშვილი.
ნიკა მეორე კურსის სტუდენტია, კომპიუტერული ქსელისა და სისტემის პროგრამას ეუფლება. ბავშვობიდან ორი რამ აინტერესებდა გამორჩეულად — ისტორია და კომპიუტერი, განსაკუთრებით ამ უკანასკნელს უთმობდა ყველაზე მეტ დროს, თავად ცდილობდა გარკვეულიყო იმ ნიუანსებში, რასაც კომპიუტერი ყოველი დაწკაპუნებისას სთავაზობდა. როცა არჩევანის წინაშე დადგა და მიხვდა, რომ არც ერთი არ ეთმობოდა, გადაწყვეტილება ორივე გატაცების სასარგებლოდ, თითქმის, ერთდროულად მიიღო: ისტორიის ფაკულტეტი — ილიას უნივერსიტეტში, ხოლო აიტი სპეციალობა — მოდუსში. „მაღალ კლასებში რომ ვიყავით, მახსოვს, ერთი-ორჯერ მოვიდნენ სკოლაში პროფესიული სასწავლებლიდან, შეგვკრიბეს ბავშვები და რაღაც საუბრები ჩაგვიტარეს. მაშინ ამ ვიზიტისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, მგონი, არც სკოლა მოეკიდა განსაკუთრებული სერიოზულობით — ასე უკვალოდ ჩაიარა (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) მაშინ ამ შეხვედრამ. შემდეგ, მოხდა ისე, რომ ჩემი სამი კლასელი სწავლობდა 1-წლიან პროგრამაზე — ინფორმაციული ტექნოლოგიები. ბევრი რამ კოლეჯის შესახებ სწორედ მათგან შევიტყვე და დავიწყე მოქმედება. ფეისბუქგვერდზე მივწერე კოლეჯის ადმინისტრაციას, დამიკავშირდა პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი, ბატონი გენო იმერლიშვილი, რომელთანაც დიდხნიანი მიწერ-მოწერა მქონდა, ყველა ჩემს შეკითხვას ამომწურავად პასუხობდა, რჩევებსაც მაძლევდა. საერთოდ, ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, მარტო აბიტურიენტებს კი არ ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, კურსდამთავრებულებსაც — დასაქმებაში. მეც სწორედ მასთან ურთიერთობით შემექმნა ნათელი წარმოდგენა ჩემს მომავალ პროფესიაზე და, არჩევანის სისწორეში სრულიად დარწმუნებული, გავხდი სტუდენტი.“
ჩვენი საუბარი შემდეგ ერთი ბანალური ფრაზით გაგრძელდა, რასაც ადამიანები არც ისე ხშირად ვიყენებთ ხოლმე და რაც ასე სასიამოვნო და იშვიათი მდგომარეობაა — სინამდვილემ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაო, მითხრა ნიკამ კოლეჯში გატარებულ 6 თვეზე. პროგრამა კი 16-თვიანია, მაგრამ სწავლა პანდემიის გამო შეჩერდა, ერთ თვეზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა დისტანციური სწავლება, მაგრამ კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასწავლებლებიც მიხვდნენ და სტუდენტებიც, ასე გაგრძელება მხოლოდ თავის მოტყუება იქნებოდა. დაახლოებით, ერთ წელიწადში უნდა დაასრულონ პროგრამით გათვალისწინებული კურსი. ნიკა ამბობს, რომ ყოველი ლექცია სიახლის შესწავლას გულისხმობს, რაც იქვე, კოლეჯშია შესაძლებელი. კომპიუტერის ნაწილები, კვების ბლოკი, ვინდოუსის გადაყენება, ინსტალაცია — ამ საკითხების თეორიულ შესწავლას პარალელურად მიჰყვება პრაქტიკული ნაწილი — კეთებით სწავლება, რაც განსაკუთრებით მოსწონთ სტუდენტებს და რასაც სულ სხვა რეჟიმში გულისხმობს საუნივერსიტეტო განათლება. ნიკაც იმავეს ამბობს: „უნივერსიტეტისგან განსხვავებით, როცა კოლეჯში აბარებ, გააზრებული გაქვს, რომ აი, ამ კონკრეტულ პროფესიას გინდა დაეუფლო და მთელ დროს მის შესწავლას ანდომებ. ეს საინტერესოა, რადგან მთელი ყურადღება ერთი მიმართულებით გაქვს კონცენტრირებული და შესაბამისად, შედეგიც ეფექტურია, რაც ლექტორების დიდი დამსახურებაა. თავიდანვე მეგობრულად მოგვიდგნენ, რაც ურთიერთობას აიოლებს, რამდენიც გინდა იმდენი შეკითხვა შეგიძლია დასვა, მოთმინებით გისმენენ და გიხსნიან.“
პროფესიული სტუდენტის მთავარ უპირატესობად ლექტორები დასაქმების დიდ შანსს მიიჩნევენ. იმავეს ამბობს ნიკაც. „თავიდანვე, როცა სტუდენტი გავხდი, კოლეჯში მიღებული პროფესიით დასაქმების უფრო მჯეროდა. ამაში ბატონმა გენომ დამარწმუნა, მირჩია, ინტერნეტით მომეძებნა ინფორმაცია რა მოთხოვნებია შრომის ბაზარზე ჩემს სპეციალობაზე. თავად დავრწმუნდი, რომ აიტი სპეციალისტზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე ისტორიკოსზე ან თუნდაც ტურიზმის სპეციალობაზე. კიდევ უფრო დიდი პერსპექტივაა საზღვარგარეთ, სადაც ბაზარიც დიდია და შესაბამისად, მოთხოვნაც, მით უმეტეს თუ მონდომებული ხარ. მე კიდევ ძალიან მონდომებული ვარ, ვცდილობ, ყველა პროგრამისა თუ ტრენინგის მონაწილე ვიყო, რასაც კოლეჯი გვთავაზობს, მაგალითად, გავიარე ინფორმაციული წიგნიერების პროგრამა, ახლახან დავრეგისტრირდი კიდევ ერთ პროგრამაზე, რომელსაც ჩეხური კომპანია გვთავაზობს 30 რუსთაველ ახალგაზრდას ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებით.“
ნიკა მართლაც მონდომებული და აქტიური სტუდენტია და არა მხოლოდ სწავლის მხრივ. სწორედ მისი ინიციატივა იყო კოლეჯში სტუდენტური თვითმმართველობის შექმნა თანამოაზრეებთან ერთად, თითქმის, ყველა სტუდენტს შეხვდა და ესაუბრა, მაგრამ წუხს, რომ მხოლოდ 15 აღმოჩნდა მსურველი, ცოტა ხნის შემდეგ კი, ათნი დარჩნენ და მხოლოდ ერთი ფოტოკონკურსის ჩატარება მოასწრეს, პანდემიური შეზღუდვების გამო. კონკურსში გამარჯვებულებს პრიზი გადასცა ხელნაკეთი ნივთების კომპანიამ „ჰიბი“. ახლა, ბალტიის ქვეყნებთან ერთად, „მოდუსი“ სპორტულ ღონისძიებას გეგმავს, რომელიც დისტანციურად გაიმართება. მანამდე კი, ნიკას ყოველდღიურობა კვლავ დატვირთულ რეჟიმში გრძელდება. დილით უნივერსიტეტშია, 3-დან 8 საათამდე — კოლეჯში, სადაც ყოველდღე პოულობს მისთვის საინტერესო სიახლეს.
„კოლეჯში ბევრი შესაძლებლობაა განვითარებისა და პროფესიაში წარმატებისთვის, ყველა მხარში გიდგას — ადმინისტრაცია, პედაგოგები, მთავარია, ჩვენ არ დავიზაროთ, მეტად ვიაქტიუროთ. ორი სასწავლებლის შეთავსება იოლი არ არის, როცა შუალედურები და ფინალურები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ არც ესაა დაუძლეველი, მით უმეტეს, როცა გაქვს შანსი, აიხდინო ბავშვობის ოცნება.“
ჩვენი მეორე რესპონდენტი ლელა ტოტოშვილია, ახალგაზრდა პედაგოგი, მოდუსის კურსდამთავრებული. საქმე, რომელსაც ლელა უძღვება კოლეჯში, სწორედ აზროვნების ნაირსახეობით გამორჩეული ადამიანებისთვისაა. ვგულისხმობ ინოვაციურ ლაბორატორიას, სადაც ახალგაზრდები ულტრათანამედროვე დანადგარებზე მუშაობენ, სადაც უვითარდებათ ფანტაზიის უნარი და საოცარ მაკეტებსა და პროტოტიპებს ქმნიან.
ლელა კოლეჯში სხვა მიზნით მოვიდა, დიზაინერობა იყო მისი არჩევანი, მაგრამ ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადაწყვიტა, მკერავის პროფესია აეთვისებინა. 21-თვიანი კურსი, პანდემიის გამო, 3 წელი გაგრძელდა. სამკერვალო წარმოების პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოდული აითვისა და პროფესიითაც დაიწყო მუშაობა. ლაბორატორიასთან მისი შეხება სტუდენტობის პირველი დღეებიდანვე დაიწყო: „ფაბლაბის შესახებ მანამდე არაფერი მსმენოდა. პირველად რომ შევიხედე და მოვიხიბლე, დღემდე მომყვება ეს შთაბეჭდილება. მაშინვე გადავწყვიტე, დავუფლებოდი აქ მუშაობის მეთოდსაც და პარალელურად, ყოველდღე, ლექციის დასრულების შემდეგ, მთელ დროს აქ ვატარებდი, ადმინისტრაცია გვაძლევდა ამის უფლებას. ბოლოს ისე გამოვიდა, რომ, ერთდროულად, ორ პროფესიას დავეუფლე. დამთავრების შემდეგ ჩემი სპეციალობით დავიწყე მუშაობა კომპანია „მაიკა.ჯი“-ში. დაახლოებით 6 თვის შემდეგ, კოლეჯმა ვაკანსია გამოაცხადა ფაბლაბის მენეჯერის პოზიციაზე, არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივატოვე სამსახური. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ამიყვანეს, ფიქრებით ხომ სულ იქ ვიყავი მთელი ეს პერიოდი და ახლა მომეცა საშუალება, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო… ეს მომავლის პროფესიაა. კერვასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ სამკერვალო წარმოების სტუდენტები ლაბს იყენებენ ეროვნული სამოსის მოქარგვისას, ასევე ლაზერული მჭრელით, ყველა სახის მასალისგან (ნაჭერი, ხე), ქმნიან ლამაზ მოდელებს, 3D მოდელირებით კაბის ნიმუში შექმნეს. პროგრამა, რომელსაც სტუდენტები გადიან, ისეა შედგენილი, რომ ტექნიკური და თეორიული საკითხების შესწავლის გარდა, ფანტაზიას უვითარებს მათ, რაც აუცილებელი ფაქტორია შემოქმედებით საქმიანობაში. თითოეული სტარტაპერისთვის ფაბლაბი არის საშუალება, ხორცი შეასხან თავიანთ იდეებს და შექმნან საკუთარი ბიზნესი. ამ ოთხი წლის წინ, სწორედ სტარტაპერი გოგონების გუნდმა შექმნა ფაბლაბში მანათობელი ჩანთები, პროექტმა კომპანიის „აწარმოე საქართველოსთვის“ დაფინანსება მოიპოვა, შექმნა „იისფერი სახელოსნო“ და წლებია, ევროპულ ბაზარზე წარმატებით იყიდება მათი მანათობელი ჩანთები, რომელსაც დღემდე არ აქვს ანალოგი. ასე რომ, ვისაც ჯერ კიდევ ძველი, სტერეოტიპული წარმოდგენა აქვს პროფესიულ სასწავლებელზე, ვურჩევ დაინტერესდნენ, საკუთარი თვალით ნახონ და დარწმუნდნენ, რომ აქ მართლა შეიძლება ოცნებების ახდენა“.
♦ ♦ ♦
უსამართლობა იქნება, ორიოდე სიტყვით არ გიამბოთ მათ შესახებ, ვინც ასეთი გარემო შექმნა ახალგაზრდებისთვის — ეს პედკოლექტივია, სრული შემადგენლობით, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი გენო იმერლიშვილი და კოლეჯის დირექტორი პავლე თვალიაშვილი. ბატონმა გენომ საკმაოდ ვრცლად გვიამბო თავისი მოვალეობების მნიშვნელობის შესახებ. ცხადია, პროფორიენტაციული და კარიერული მხარდაჭერის სერვისები, კურსდამთავრებულთა დასაქმება, შრომის ბაზრის კვლევა ის საკითხებია, რომელთა მოგვარება პირდაპირ კავშირშია ახალგაზრდების პროფესიულ არჩევანთან და დასაქმებასთან, რაც ასე პრობლემატურია ჩვენს ქვეყანაში.
ბატონი პავლე კი, შეიძლება ითქვას, ოჯახური დინასტიითაა დაკავშირებული პროფესიულ განათლებასთან — მისი მშობლები მუშაობდნენ პროფესიულ სასწავლებელში. თავად, წლების განმავლობაში, არაფორმალური განათლების მიმართულებით საქმიანობდა, პარალელურად, „მოდუსში“იყო მოწვეული როგორც საკოორდინაციო საბჭოს წევრი — სტრატეგიის შემუშავებაში ეხმარებოდა კოლეგებს; იყო დამოუკიდებელი ექსპერტი და ტრენერი; ევროკავშირის პროგრამის მონაწილე, რომელიც დირექტორთა საჭიროებებს იკვლევდა… 22 წელია განათლების სფეროშია და კარგად იცნობს სისტემას, ახალგაზრდებს და მათ საჭიროებებს. მასაც, ისევე როგორც „მოდუსის“ სტუდენტებს, სჯერა, რომ თუ კოლეჯი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტების პირობებს, მაშინ ნამდვილად შეიძლება აქ კონკურენტუნარიანი პროფესიონალის აღზრდა, უმაღლესი განათლების დიპლომი კეთილდღეობის გარანტია არ არის.