მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა კანონით ისჯება, ბევრ ოჯახში ბავშვის ცემა ჯერ კიდევ ნორმად მიიჩნევა. იუნისეფის 2013 წლის კლევების თანახმად, მოსახლეობის 60 პროცენტის აზრით, ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდები უფრო ამართლებს. ბოლოდროინდელმა უმძიმესმა, ტრაგიკულმა ფაქტებმა კი სრულიად შიშვლად წარმოაჩინა საქართველოში არსებული მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ, თბილისში, 4 წლის გოგონა, დიდი ალბათობით, დედის მიერ ძალადობის მსხვერპლი გახდა.
უფროსების მხრიდან არასრულწლოვანთა დასჯა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დაფარული ფორმაა, რადგან მოძალადე მშობლებს მომხდარის გახმაურება არ აწყობთ, ბავშვებს კი ამაზე ხმამაღლა საუბრის ეშინიათ. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეშიც ჯერ კიდევ მრავლად შემორჩნენ მშობლები, რომლებიც შვილებზე ფიზიკურად ძალადობენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ძალადობის ისეთ ფორმებზე, რომელსაც საერთოდაც არ განიხილავენ ძალადობად – მაგალითად, ფსიქოლოგიურ ძალადობას, ბავშვის აღზრდის უგულებელყოფას და სულაც არ ანაღვლებთ შედეგები, რომელსაც მომავალში შვილის მიერ განხორციელებეული ძალადობითვე იმკიან. „დატყვევებული უფრო საშიშია, ვიდრე ნებაზე გაშვებული“ – ოთარ ჭილაძის ეს შესანიშნავი ფრაზა ზუსტად გამოხატავს ჩვენს რეალობაში დამკვიდრებული ძალადობის უკუკავშირს. ცოტა ხნის წინ მომხდარი შემზარავი ფაქტი – დედის ცემით გარდაცვლილი ოთხი წლის გოგონა – სამწუხაროდ, არც პირველია და, სავარაუდოდ, არც ბოლო. ძალადობა სახლში, ძალადობა სკოლაში, ძალადობა ქუჩაში… უმწეო პატარა კი ისევ მსხვერპლია, ვისაც გაუმართლებს და „ზომიერად მოხვდება“, გადარჩება, თუმცა, როგორია გადარჩენის შემდეგ მისი ცხოვრება? ვინმე ფიქრობს ამაზე? ძალადობაგამოვლილი ბავშვები, უმეტეს შემთხვევაში, ისევ ძალადობის ხაზს აგრძელებენ – თანატოლების მიმართ, ან საკუთარი შვილების მიმართ, ან უბრალოდ, ფსიქიკური ტრავმით დააბიჯებენ ჩვენ გვერდით და, ვინ იცის, ფიქრობენ ჩემზე ან შენზე, ნეტავ, მას ბავშვობაში სცემდნენ ან სჯიდნენ?
საზოგადოება კი, როგორც ყოველთვის, ვერც ამჩნევს რატომ არის დათრგუნული ან გულჩათხრობილი მის გვერდით მყოფი ბავშვი, მის მდგომარეობას არც მასწავლებელი იძიებს, რომელიც, ასევე, შეიძლება მოძალადეა და მისთვის ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ფიქრობს, რომ მკაცრად აღზრდა პროფესიული ვალდებულებაა.
მოძალადეა ამის შემყურე საზოგადოებაც, თუკი ასეთ შემზარავ ფაქტებზე რეაგირებას არ ახდენს იმ მიზეზით, რომ ეს მისი საქმე არ არის, მოძალადეა სახელმწიფოც, რომელიც შეეცდება მშობლის ან მასწავლებლის ძალადობის მიჩუმათებას, მოძალადეა თითოეული ჩვენგანი, ვინც ამაზე დუმს!
„თავისუფლება, რომელსაც ჩემ შეგირდს ვაძლევ, სავსებით უნაზღაურებს მას იმ მცირეოდენ უხერხულობას, რომლის შესაძლებლობა წინასწარ არ აღვკვეთე, ვხედავ, რამდენიმე ბიჭი თოვლში თამაშობს: გალურჯებულან, გაყინულან, თითებს ძლივს ანძრევენ. განა არ შეუძლიათ დაანებონ თავი თამაშს და წავიდნენ გასათბობად? მაგრამ ამას არ შვრებიან; რომ ძალა დაეტანებინა ვინმეს, ისინი უფრო მწვავედ იგრძნობდნენ ამ ძალდატანების სუსხს, ვიდრე სიცივისას. მაშ, რას უჩივით? განა მე ვაუბედურებ თქვენს ბავშვს, როდესაც არ ვაცილებ მას ისეთ უხერხულობას, რომლის ატანა სურს? მას ბედნიერებას ვანიჭებ ამთავითვე, რადგან თავისუფლებას ვაძლევ; მას ბედნიერებას ვუმზადებ მომავალშიც, რადგან ვაწვდი იარაღს იმ გაჭირვების წინააღმდეგ, რომლის ატანა აუცილებელი იქნება. მას რომ ასარჩევი ჰქონდეს, თქვენი შეგირდი იყოს თუ ჩემი, ნუთუ გგონიათ, რომ იგი ერთი წუთით მაინც შეყოყმანდებოდა?“ – ჟან ჟაკ რუსო („ემილი ანუ აღზრდის შესახებ“
რატომ ძალადობს მშობელი შვილზე?
ამ კითხვას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს – მოძალადე მშობელი სტერეოტიპის ტყვეობაშია – „ბავშვი ჩემია და რასაც მინდა, იმას ვუზამ“. არადა, არც კი ფიქრობს, როგორ საბედისწერო შეცდომას უშვებს და ავიწყდება, რომ ბავშვი ნივთი არ არის, რომ ვინმეს საკუთრება გახდეს, ის ჩვეულებრივი ადამიანია ყველა იმ უფლებებით, რაც უფროსებს გვაქვს. ხშირად მშობელი თავს იმითაც იმართლებს, რომ ცუდი ზნისაა და არაფერს უჯერებს.
„თქვენ მიმითითებთ ბავშვის კაპრიზებზე, არა ხართ მართალი: ბავშვის კაპრიზი არასოდეს ბუნების ბრალი არ არის, არამედ ცუდი დისციპლინის შედეგია * ბავშვი ან მორჩილებაში იყო, ან ბატონობდა. მე კი ათასჯერ მითქვამს, რომ არც ერთი უნდა იყოს და არც მეორე. თქვენს შეგირდს მხოლოდ ის კაპრიზები ექნება, რასაც ჩაუნერგავთ მას და სამართლიანიც იქნება, რომ თქვენი შეცდომები თქვენვე მოგიბრუნდეთ. მაშ, როგორ ვუშველოთ საქმეს, მკითხავთ თქვენ – შველა მაინც შეიძლება და ამისათვის უკეთესი მიდგომა და მეტი მოთმინებაა საჭირო.“ ჟან ჟაკ რუსო („ემილი ანუ აღზრდის შესახებ“)
მე ვიცნობ ძალადობაგამოვლილ ბავშვებს, თუნდაც, ჩემ გვერდით რომ იზრდებოდნენ, დათრგუნულებს და შურისძიებით შეპყრობილებს – „გავიზრდები და მამას აუცილებლად გადავუხდი სამაგიეროს“. ასე გაუჩნდა ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ მეგობარს, უსამართლობის განცდასთან ერთად, მამისადმი შურისძიების წყურვილი და მას „სამაგიერო“ იმით გადაუხადა, რომ ცუდი ცხოვრების გზას დაადგა. მართალია, მშობლებს დანაპირები შეუსრულა, მაგრამ საბოლოოდ შურისძიებას საკუთარი ცხოვრება შესწირა – ძალადობის მსხვერპლმა ცუდი საქციელით გული ატკინა მშობლებს, რომლებიც ბავშვობაში სცემდნენ. მეტიც, მამის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულის გამო, „საზოგადოებისგან იცავდნენ“ და მეგობრებთან ერთად არსად უშვებდნენ, არც მასთან მეგობრობდნენ. ყველაფერმა კი სკოლის დამთავრებისთანავე ამოხეთქა – შეუერთდა სამყაროს, რომელსაც საზოგადოება უფრთხის. ამის გამო, მას სოციუმმა ზურგი კიდევ უფრო მეტად აქცია.
მოძალადე წარმოშობს მოძალადეს და რატომ გვიკვირს, რომ ასე მომძლავრდა ბულინგი? უფროსებისგან დაჩაგრული, მერე თვითონ ცდილობს მასზე სუსტი დაჩაგროს ან გულში ჩადებული შურისძიება დანაშაულით დაასრულოს. ხშირად ძალადობის მსხვერპლი ამას მხოლოდ ფიზიკური ძალადობით კი არა, სხვა ფორმებითაც გამოხატავს – ართმევს მასზე სუსტს (რისი წართმევაც შეუძლია), ძალადობს ფსიქოლოგიურად, დასცინის და მუდმივად აქვს იმის მცდელობა, თავი სხვაზე უპირატესად წარმოაჩინოს, თუნდაც, ეს მეგობრის, ამხანგის ან თანაკლასელის დამცირების ხარჯზე მოხდეს. ხან კი ძალადობაგამოვლილი ბავშვები იმდენად ითრგუნებიან, რომ მთელი ცხოვრება ურჩევნიათ იყვნენ სხვისი ბრძანების შემსრულებლები და უინიციატივოები. უმეტეს შემთხვევაში, მოძალადე მშობლების შვილები თვითონაც მოძალადეებად ყალიბდებიან!
რას განიცდიან ბავშვები, როცა მათზე ძალადობენ და ვინ არის პასუხისმგებელი?
„მე ვარ ვარდი, ტრიალ მინდორზე მარტო ამოვედი და თუ ვინმე ხელს მახლებს, ვშეშდები, ამიტომაც ეკლები გამომეზარდა. ზოგჯერ ჩემი ეკლები მე თვითონ მკაწრავს და სისხლი მდის. მინდა დიდი გავიზარდო, ეკლებს დავშორდე, ეკლები კი გაძლიერდნენ, ვეღარავინ შემახებს ხელს. მინდა ვუყურო ცას და დავშორდე მიწას.“ – ეს ძალადობის მსხვერპლი 9 წლის გოგონას სავარჯიშოა, რომელსაც ერთ-ერთ ფსიქოლოგთან აკეთებს და იდენტიფიცირებას ახდენს ვარდთან. ამ ერთ წინადადებაში ძალიან ბევრი რამ არის ნათქვამი იმ სიმპტომებზე, რომელიც ძალადობაგამოვლილ ბავშვებს აქვთ.
რა არის გამოსავალი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? უფლებადამცველი ანა არგანაშვილი, ამ საკითხზე საუბრისას, ამბობს, რომ პირველ რიგში, თუ სახელმწიფომ არ აღიარა ხარვეზი, არაფერი გვეშველება. „ჩემთვის გამოსავალია, რომ ბავშვთა უფლებებს გაუჩნდეს ბევრი გულშემატკივარი, ამიტომ თითოეული ადამიანი, ვინც ისმენს ამას, უნდა გრძნობდეს, რომ შეუძლია ბავშვების დაცვა და უნდა მოსთხოვოს სახელმწიფოს. რაც უფრო მეტს მოვითხოვთ, სახელმწიფო იძულებული გახდება, აღიაროს შეცდომები. ამის ძალა კი, ინდივიდუალურად, ჩვენშია. დასანანია, რომ ბავშვებს სურთ სწრაფად გაიზარდონ, რომ თავი დააღწიონ ამ პრობლემებს – თავი დააღწიონ ტრავმულ გამოცდილებებს. იქნებ შეგვიძლია რამე გავაკეთოთ, რომ მათ კარგი ბავშვობა ჰქონდეთ.“
უფლებადამცველის აზრით, ისიც პრობლემაა, რას და რა ეტაპზე აღიქვამს (თუ აღიქვამს!) საზოგადოება ბავშვის მიმართ ძალადობად და როდის რეაგირებს; ან რამდენად აზღვევს ბავშვს შემდგომი ძალადობისგან ეს რეაგირება. ანა არგანაშვილი აღნიშნავს, რომ თავად სისტემის წარმომადგენლები (სხვადასხვა მიზეზით, როგორც ზედა, ისე ქვედა რგოლი) არ საუბრობენ იმ სერიოზულ პრობლემებზე, ბარიერებსა და ხარვეზებზე, რაც მათ საქმიანობაში იკვეთება.
სოცმუშაკი ქეთი კალანდაძე მიიჩნევს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, სახელმწიფომ პროფესიული კადრის მნიშვნელობა და მათი შესაბამისი ფუნქციონირებისთვის ხელშეწყობა უნდა გაიაზროს – რომ გაჩნდნენ სპეციალისტები და სერვისები, რომლებიც პრევენციაზეც იმუშავებენ, რეაგირებაზეც და შემდგომ რეაბილიტაციაზეც. „იურისტი და ფსიქოლოგი უფრო ინდივიდუალურ დონეზე მუშაობს, სოციალური მუშაკის როლი, მათთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ სოციალური სამსახური უყურებს არა მხოლოდ ინდივიდს, არამედ მის გარშემო არსებულ სისტემას * სკოლას, ოჯახს, ნათესავებს, სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და იურიდიულ საჭიროებას. ეს არის პროფესია, რომელიც უნდა ხედავდეს ადამიანს, როგორც სისტემის ნაწილს და რეალურად შეეძლოს მისი ფუნქციონირების გაუმჯობესება არა მხოლოდ ინდივიდუალურად, არამედ გარემოს გაუმჯობესებით. რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური თერაპიის დროული მიღება, თუმცა, ფსიქოლოგი ვერ მოახდენს, მაგალითად, სხვა სისტემებთან ეფექტურ თანამშრომლობას, ამისთვის აუცილებლად დასჭირდება სხვა პროფესიის წარმომადგენლების ჩართვა – იურისტის, სოციალური მუშაკის, ექიმის, ოკუპაციური თერაპევტის და ა.შ. სწორედ ამ შემადგენლობას ვეძახით მულტიგუნდს, რომელიც რეალურად, სხვადასხვა კუთხით, ხედავს სირთულეებს, განსაკუთრებით კი იმ ბავშვების, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლნი არიან. მათ უფრო მეტი საჭიროება აქვთ ხოლმე, ვიდრე ბავშვს, რომელიც არ არის ძალადობის მსხვერპლი.“ – ამბობს ქეთი კალანდაძე.
სოციალური მუშაკი იმაზეც საუბრობს, რომ საქართველოში ამ პროფესიის ადამიანებს ფართო გამოცდილება არ აქვთ, რადგან თვითონ პროფესიაც ახალია და 18 წელს ითვლის, აკადემიურ სფეროში 2007 წელს დაარსდა, შესაბამისად, ახლა ვითარდება. რაც შეეხება ბავშვებზე ძალადობას ოჯახებში, ეს მიმართულება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვეშ მოიაზრება. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, სწორედ სოციალური სააგენტოა მეურვეობის, მზრუნველობის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია ბავშვს მეურვეობა გაუწიოს, თუკი მშობელი არ ასრულებს თავის ვალდებულებას, დაიცვას მისი საუკეთესო ინტერესები. თუ როგორ მუშაობს ეს რგოლი, ამის შესახებ ქეთი კალანდაძე აცხადებს, რომ საუკეთესო შემთხვევაში, სოციალური მუშაკი, პირველ რიგში, შეაფასებს რისკებს და საჭიროებებს, ხოლო შემდეგ, მულტიგუნდის სპეციალისტებთან ერთად, დაგეგმავს ინტერვენციებს. „თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, გეტყვით, რომ სოციალურ მუშაკს არ ჰყავს მულტიგუნდი. რეალურად გამოდის, რომ მას უწევს მარტო შეაფასოს და განახორციელოს, რასაც დაგეგმავს. წარმოიდგინეთ, ოჯახს რამდენი რამ შეიძლება დასჭირდეს ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად. ყველა ბავშვს ხომ ვერ გამოვიყვანთ ოჯახიდან? მისი საუკეთესო ინტერესია ოჯახში დარჩეს და თვითონ ოჯახი გავაძლიეროთ. მაგალითად, გავაძლიეროთ დედა, ვასწავლოთ ბავშვის პოზიტიური აღზრდის მეთოდები, შევცვალოთ მენტალობა, რომ იზრუნოს ბავშვის განათლებაზე, სკოლაში შექმნილ სირთულეებზე ან ეკონომიკური პრობლემების არსებობის შემთხვევაში – ამ მიმართულებით. რეალურად, სოცმუშაკი ამ ყველაფერზე თვითონ ზრუნავს, რადგან სახელმწიფოს არ აქვს არანაირი ალტერნატიული მომსახურება. იმასაც დავამატებ, თუ ბავშვს ფსიქოლოგიური მომსახურება დასჭირდება, სახელმწიფოს არანაირი თერაპიული მომსახურება არ გააჩნია, მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეუძლიათ ყველაზე მწვავე შემთხვევებზე მუშაობა. აქედან გამომდინარე, ჩათვალეთ, რომ 100-დან მხოლოდ 2 ბავშვი თუ მიიღებს ამ სერვისს. კიდევ უარესი სტატისტიკაც რომ წარმოვიდგინოთ, ის უფრო რეალისტური იქნება – შეიძლება 100-დან მხოლოდ ერთს დავეხმაროთ. ამიტომ, ხშირად ვამბობ, რომ სოციალურ მუშაკს სახელმწიფო შიშველი ხელებით ამუშავებს. წარმოიდგინეთ, როგორი შედეგი შეიძლება გვქონდეს? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგები მაქსიმალურად ცდილობენ, დროული და სწორი რეაგირება მოახდინონ, შევთანხმდეთ, რომ ინსტრუმენტის გარეშე, შეუძლებელია პრობლემების მოგვარება. ასეთ ვითარებაში, ხშირად, სოცმუშაკის შრომაც, ნაწილობრივ, წყალში იყრება.“
ქეთი კალანდაძე სერიოზულ პრობლემას ხედავს პრევენციის თვალსაზრისითაც, რადგან ძალადობის ფაქტის თავიდან ასაშორებლად, ზოგჯერ, აუცილებელია ბავშვის ალტერნატიულ მომსახურებაში განთავსება – ძირითადად, ორი სახის მომსახურება გვაქვს – მინდობით აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლები. „საქართველოში ამის სერიოზული დეფიციტია, რადგან მინდობით აღმზრდელები, ფაქტობრივად, თბილისში აღარ გვყავს, რეგიონებში კანტიკუნტად შემორჩნენ. დღეს 4 ბავშვი რომ დარჩეს, თუნდაც, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, შეიძლება სახელმწიფომ ისინი ვერსად განათავსოს და სოცმუშაკს მათი სახლში წაყვანა მოუწიოს.“
საქართველოს მასშტაბით, 240 სოციალური მუშაკი და 11 ფსიქოლოგია, სოციალური მომსახურების სააგენტოს კი, თბილისის მასშტაბით, მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი ჰყავს. 2010 წელს, თუნდაც ოთხი მიმართულებით კარგად რომ ემუშავა სოციალურ მუშაკს, მათი რაოდენობა 400 მაინც უნდა ყოფილიყო. ამჟამად სოციალური მუშაკი 28 მიმართულებით მუშაობს და მათი რაოდენობა მხოლოდ 240-ია. მარტივი არითმეტიკაა – რა ხარისხით კეთდება საქმე. „ძალიან დიდი მიღწევაა, რომ წელს სახელმწიფომაც აღიარა ეს პრობლემა, მანამდე მხოლოდ კულისებში განვიხილავდით. ამიტომ, ეს ფაქტი 2019 წლის მიგნებად შეიძლება ჩავთვალოთ“ * ამბობს ქეთი კალანდაძე და იმედს გამოთქვამს, რომ ამ აღიარებას სერიოზული ცვლილებები მოჰყვება.
ვითრების ასე მძიმე შეფასების შემდეგ, იგი ერთ პოზიტიურ ამბავსაც გვაცნობს – მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის დეპარტამენტში, რომელსაც ძალიან კარგი სპეციალისტები ჰყავს, დიდი რეფორმა იგეგმება. „ეს ძალაინ პოზიტიური სიახლეა ჩვენთვის და იმედი გვაქვს, ბევრ საჭიროებას გაითვალისწინებენ, რაც დღეს რეალურად სახეზეა.“
რას წარმოშობს ძალადობა?
ფსიქოლოგი მაია ცირამუა ამბობს, რომ, პირველ რიგში, „ძალდობრივი გამოცდილება, ხშირ შემთხვევაში, ხდება წინაპირობა იმისა, რომ ბავშვმა ამ ძალადობის მანიფესტირება თავისზე უფრო სუსტ ადამიანთან დაიწყოს, ანუ თვითონ გახდეს მოძალადე. მეორე – ძალიან დიდი ალბათობით, ის მუდმივად რჩება მსხვერპლის როლში და ყოველთვის, ყველა ვითარებაში მსხვერპლია. ამის გარდა, ძალადობრივი გამოცდილება ფსიქიკური ჯანმრთელობის ძალიან სერიოზულ პრობლემებთან არის კავშირში – შფოთვითი აშლილობები, დეპრესია, სუიციდი. ძალადობა ძალიან სერიოზულ და ღრმა კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე.“
მისი აზრით, ძალადობის გამოძახილია ჩვენს რეალობაში მოზარდებში ასე მომძლავრებული ბულინგი და ამ პრობლემასთან ბრძოლის ყველაზე მთავარ ხელისშემშლელ პირობად იმ კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენას ასახელებს, რომელიც მაქსიმალურად გაზრდილია ჩვენს საზოგადოებაში. „სწორედ აქედან არის მუშაობა დასაწყები, ბავშვს უნდა შეეძლოს, ჩაგვრის შესახებ ვინმეს მოუყვეს და, რაც მთავარია, უნდა არსებობდეს ისეთი ადამიანი, რომელიც მას მოუსმენს, მოსმენა კი, აუცილებლად ეფექტის მომტანი უნდა გახდეს. ვიდრე ასე არ იქნება, პრობლემა ვერ მოგვარდება. მანამ კი, ყოველდღე, ანგელოზები დაფარფატებენ ბავშვების თავზე და იცავენ მათ, რადგან ჩვენ ვერც კანონით და ვერც რეგულაციებით ვერ უზრუნველვყოფთ ბავშვების დაცვას.“
მიუხედავად მძიმე მოცემულობისა, ანა არგანაშვილი ყველას ურჩევს, ძალადობის ფაქტის შემთხვევაში, დარეკონ 1505-ზე ან 112-ზე. მშობლებს კი ემილის აღზრდის მეთოდიდან კიდევ ერთხელ შევახსენებ * ბავშვების აღზრდისას ნუ ვიქნებით ზედმეტად თავდაჯერებულები, რომ კარგად ვიცნობთ მათ უფლებებს და ნუ ვაიძულებთ იმის კეთებას, რაც ჩვენ გვსურს, მოვუსმინოთ რა სურთ მათ. „თუ სამოცგრადუსიანი კუთხე მაქვს გასაზომი, მე რკალს კი არ მოვხაზავ ამ კუთხის წვერიდან, არამედ სრულ წრეს. ბავშვებთან როცა გვაქვს საქმე, ნაგულისხმევი არასოდეს არაფერი არ უნდა იყოს.
ლალი ჯელაძე