„შვილო, ალბათ, მე ვერ მოვესწრები, მაგრამ იცოდე – 10 ოლიმპიადაზე უნდა იასპარეზო – ეს სიტყვები მამამ ერთ კაფანდარა, გამხდარ გოგოს 1988 წელს, სეულის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, უთხრა, როცა იმხანად 18 წლის შვილმა ჩემპიონობა იზეიმა. გოგონამაც ისე ჩაიბეჭდა თავში „10 ოლიმპიადა“, როგორც ტყვიებს აჭედებდა ფარში, თუმცა მაშინ ეს მაინც წარმოუდგენელი იყო – 10 ოლიმპიადა ხომ მთელი 40-წლიანი კარიერაა, რაც სპორტის უმეტეს სახეობებში მიუღწეველი შედეგია. ზუსტად 36 წლის შემდეგ, როცა შვილმა მართლაც იასპარეზა მე-10 ოლიმპიადაზე და გაიმეორა მსოფლიოში ერთადერთი ადამიანის, კანადელი ცხენოსნის, იან მილარის რეკორდი, შვილის მე-10 თამაშებზე გამოსვლას მამა ვეღარ მოესწრო – 5-იოდე თვით ადრე გარდაიცვალა, მაგრამ მოესწრო მე-10 ლიცენზიის მოპოვებას და უბედნიერესი ადამიანი იყო…
არადა, მაშინ, სეულის ოლიმპიადაზე, იმ კაფანდარა გოგონასგანაც ბევრი ვერ წარმოიდგენდა ასეთ რეკორდზე გასვლას. კი, იმ გოგომ მაშინაც ფურორი მოახდინა, როცა 18 წლისამ მოიგო ოლიმპიადა; რამდენიმე დღეში ისევ ავიდა კვარცხლბეკზე, ოღონდ ამჯერად მეორე ადგილზე, რადგან პირველი, შემდგომში მისმა ერთ-ერთმა უმთავრესმა კონკურენტმა და საუკეთესო მეგობარმა, იმხანად იუგოსლავიელმა, რეალობაში კი სერბმა იასნა სეკარიჩმა დაიკავა, თუმცა 10 ოლიმპიადაზე ფიქრს მასზე ბევრად გამოცდილებიც ვერ ბედავდნენ – როგორც გითხარით, ეს ხომ მთელი 40-წლიანი სპორტული კარიერაა, რაც სპორტის ბევრ სახეობაში, უბრალოდ, წარმოუდგენელია. თან, ამ გამხდარსა და მაღალ, შავთვალა და შავთმიან მოხდენილ გოგოს, კავკასიურ-ქართული სილამაზეც რომ გამოარჩევდა, მოდის პოდიუმზე ან ელიტური ჟურნალის ყდაზე უფრო წარმოიდგენდით, ვიდრე სასროლეთში, პისტოლეტით ხელში მდგარს.
ამ პისტოლეტმა და სპორტმა მას ხასიათიც ჩამოუყალიბა – მებრძოლი, ჟინიანი, შემტევი, გამტანი… უდავოა, ჟინი და ყველა ეს მონაცემი ბუნებამაც დაამადლა, მაგრამ შრომამ და თავისი საქმის პროფესიონალმა მამამ, რომელიც კარგ მწვრთნელთან ერთად, კარგი ფსიქოლოგიც იყო, ეს თვისებები კიდევ უფრო გამოუკვეთა და ჩამოუყალიბა. ეს რომ არა, ის სეულის ოლიმპიადაზეც ვერ მოხვდებოდა, იმდენი ბარიერი დაუდეს, იმდენჯერ გადაუკეტეს იქით მიმავალი გზა… მაშინდელ საბჭოთა კავშირში ხომ, რუსი თუ არ იყავი, ნაკრებში მოსახვედრად, 2-3 თავით მაღლა უნდა მდგარიყავი რუსზე. მით უფრო, ია-ვარდებით არავინ ელოდა იქ ამ 17-18 წლის გოგოს. საკავშირო ნაკრების ხელმძღვანელებს საკუთრივ მოსკოველებსა და საკუთრივ რუსებს შორის, ჰქონდათ დიდი კონკურენცია და დიდი თავის ტკივილი არჩევანის გასაკეთებლად… თუმცა, ეს ბარიერები, ეს დაბრკოლებები მას კიდევ უფრო აძლიერებდა და მეტ მოტივაციას სძენდა, უკეთ ესროლა, კიდევ უფრო მოემატებინა და გაძლიერებულიყო. ამიტომ, რამდენი საკონტროლოც დაუნიშნეს, რამდენ ტურნირზეც გაუშვეს, თითქოსდა ამ მწვრთნელებისა და რუსების ჯინაზე, ეს პატარა, გამხდარი გოგონა ყველას უგებდა, ყველა რეკორდს ხსნიდა და ჯიუტად ამტკიცებდა, რომ სეულში წაყვანას სხვებზე მეტად იმსახურებდა… ბოლოს, მწვრთნელებსაც მეტი გზა რომ აღარ დარჩათ, დააყენეს გუნდში და ასე დაიწყო ის თავბრუდამხვევი კარიერა, რომელიც აგერ ახლა, 40-წელზე უფრო ხანგრძლივი კარიერის შემდეგ, პარიზის ოლიმპიადაზე დასრულდა…
დადგა დრო, ვთქვათ, ვინ იყო ეს პატარა გოგონა და მისი მწვრთნელი მამა, რომლებმაც ეპოქა შექმნეს მსოფლიოს ოლიმპიზმის ისტორიაში: ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე და მისი მამა, აწ გარდაცვლილი, ვახტანგ სალუქვაძე. დღეს ეს გოგონა მსოფლიოს სპორტის ლეგენდაა, ცოცხალი ლეგენდა და შინ თუ გარეთ უამრავი რეკორდის ავტორი. საქართველოში ის კარგა ხნის წინ იქცა, ოლიმპიადებში მონაწილეობის მხრივ, რეკორდსმენად, ახლა კი მსოფლიოშიც ასეა — როგორც გითხარით, 10 ოლიმპიადის მონაწილე, აქამდე, პლანეტა დედამიწაზე, მხოლოდ კანადელი ცხენოსანი იან მილარი იყო, ახლა კი მის გვერდით, ციცქნა საქართველოს შვილი ნინო სალუქვაძეც დადგა… მათთან ახლოს კიდევ რამდენიმე ოლიმპიელია, თუმცა, თუნდაც მომავალ თამაშებზე, ლოს-ანჯელესში ამ რეკორდს არათუ დამხობა, გამეორებაც არ უწერია. სალუქვაძე იყო სამივე ოლიმპიური მედლის მფლობელი ერთადერთი ქართველი სპორტსმენი, ვიდრე 2021 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე, ძიუდოისტმა, ლაშა შავდათუაშვილმა, წლეულს კი, პარიზში თავისუფალ სტილში მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა არ გაიმეორეს იგივე… მართალია, თავად სალუქვაძე კი ამბობს, მერჩივნა, სამივე მედალი ოქროსი ყოფილიყოო, მაგრამ ისიც ხომ ისტორიაა და რაღაცის ათვლის წერტილი.
თამაშებში მონაწილეობის კუთხით, სალუქვაძე 2016 წელს, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე, გაუთანაბრდა ლატვიელ ოლიმპიურ ჩემპიონ აფანას კუზმინსს (ისინი სეულში ერთად გახდნენ ოლიმპიური ჩემპიონები) და ჩამოიტოვა სეკარიჩი, რომელმაც ლიცენზია კი მოიპოვა, მაგრამ სერბეთის სროლის ფედერაციამ, ბრაზილიაში, მის ნაცვლად, მისი მოსწავლე ბობანა ველიკოვიჩ-მომცილოვიჩი მიავლინა; 2021 წელს, ტოკიოში, გახდა სპორტის ყველა სახეობის ქალთა შორის რეკორდსმენი, 2024-ში კი ეს რეკორდი უკვე ვაჟებს შორისაც გაიმეორა. ამასთან, მას კიდევ ბევრი რეკორდი ეკუთვნის: 19-ჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი, 9-ჯერ მოიპოვა მსოფლიოს სუპერთასი (უახლოესი მდევრები, სეკარიჩი და ჩინელი ოლიმპიური ჩემპიონი ტაო ლუნა 6-6 ტროფეით არიან, თუმცა მათ კარგა ხნის წინ დაასრულეს კარიერა); ამასთან, ეკუთვნის რამდენიმე გამორჩეული რეკორდი, მაგალითად, ერთხელ, 200-დან 200 ქულა დააგროვა, მაგრამ მალე ის დისტანცია გააუქმეს და ეს მაჩვენებელი ისტორიაში მოუხსნელ რეკორდად დარჩა.
ერთხელაც, როცა ელექტროფარები ჯერ კიდევ არ იყო შემოსული და ძველებურად ქაღალდის ფარებზე ისროდნენ, გერმანიაში მსაჯები დიდხანს დასჩერებოდნენ მის ფარს და ვერ გაეგოთ, ერთი გასროლა კი ჩანდა – 10-იანში მოხვედრილი, მაგრამ დანარჩენი 9 სად გაქრა… ბოლოს მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე – დანარჩენი 9-ც იმ პირველში იყო მოხვედრილი…
მისი, ლამის ნახევარსაუკუნოვანი, კარიერა პირველხარისხოვან შეჯიბრებებზეც ბევრ მედალს მოიცავს: სამივე სინჯის თითო ოლიმპიურ მედალზე უკვე გითხარით და მსოფლიოზეც ასევე სამივე სინჯის თითო მედალი აქვს, ანუ 3-3 ჯილდო ამ ტურნირებზე, ევროპის ჩემპიონატებზე კი 17 მედალი მოიპოვა: 7 ოქრო, 4 ვერცხლი და 6 ბრინჯაო. თან, აქ საუბარია მხოლოდ პირად პირველობაში მოპოვებულ ჯილდოებზე, თორემ გუნდურებშიც ბევრი აქვს. მაგალითად, ყოფილი საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში, 6-ჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი… გუნდურში, ერთხელ, დამოუკიდებელი საქართველოს სახელითაც მოიპოვა ჯილდო, როცა ნინო უჩაძესა და თამილა ასათიანთან ერთად ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
არადა, იქნებ ეს შესანიშნავი კარიერა (ყველაფერი სრულად ვერც ჩამოვთვალეთ) არც ყოფილიყო, ერთი ბედნიერი შემთხვევა რომ არა. გარეგნულად იარაღის დამჭერს და მებრძოლს რომ არ ჰგავს, უკვე გითხარით და ბავშვობაში სულ სხვა გატაცებები ჰქონდა. მამის მწვრთნელობის მიუხედავად, მსროლელობაზე არც უფიქრია. თანატოლების მსგავსად, მასაც ჭრა-კერვა და ქარგვა იტაცებდა, ჰობიც ჰქონდა — მინიატურული ნივთების კოლექცია, თუმცა ძალიან ცელქი იყო, ეზოში ბიჭებთან ერთად ფეხბურთსაც თამაშობდა, სკოლაში კი, ტანმაღალი გოგონა, კალათბურთზე დადიოდა და თბილისის ჩემპიონიც გახდა… მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც ვერ იხარჯებოდა, არ იყო რთული ბავშვი, მშობლესაც უჯერებდა, არ ანერვიულებდა, მაინც ცელქი იყო. ჰოდა, ერთ დღესაც დედამ სთხოვა მამას, წაიყვანე შენთან სასროლეთზე, იქნებ იქ მაინც გაჩერდესო… მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ეს სიტყვები მსოფლიოს სპორტის ისტორიის ერთ გამორჩეულ მონაკვეთს დაუდებდა სათავეს და მთელ ეპოქას შექმნიდა, მაგრამ ასე კი მოხდა… ერთხელ თვითონ თქვა, სროლა არაა სანახაობრივი სპორტიო და ასეცაა, მაგრამ ტირში მისულს კი მოეწონა ეს „დამდგარი“ სპორტი, მიზანში სროლა და დარჩა კიდეც იქ… დედის გულმა ამჯერადაც ზუსტად გაიგო შვილის „წამალი“.
თუმცა ამ კარიერაში იყო პრობლემებიც, ყველაფერი ყოველთვის ისე ლამაზად მოხატული არ ყოფილა, როგორც ამ გადასახედიდან ჩანს. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში არეულობა და უკიდურესი ძნელბედობა იყო. არც დაფინანსება იყო, არც ჰქონია, თუმცა მას მისი თანაგუნდელები აკლდა. აქეთ იყო და რაც დარბაზი ჰქონდათ, იქაც მარტო ვარჯიშობდა. ერთხელ უცხოეთიდან შეჯიბრებისას კასეტაზე ჩაწერილი გასროლის ხმები ჩამოიტანა და ვარჯიშისას იმას რთავდა, რომ როგორმე საშეჯიბრო ატმოსფერო შეექმნა, თორემ ამ სიჩუმეში ნავარჯიშებს მერე იქაურ ხმაურთან შეგუება უჭირდა – სროლა ხომ ნერვების სპორტია… სწორედ მაშინ მითხრა, მე ჩემი ხალხისთვის მინდა, თორემ ჩემთვის ყველაფერი მოგებული მაქვსო. შეჯიბრებებზე უმეტესად მწვრთნელის გარეშე, მარტო დადიოდა და ხშირად ისიც უთქვამს, ჩემიანი ხმის გამცემი არ მყავსო. მეგობრის მეტი იქ რა ჰყავდა, ის ხომ „მშვიდობის მტრედადაა“ ცნობილი და კონფლიქტი არასოდეს არავისთან უკვე აღარ უდგას.
მამა-შვილმა სალუქვაძეებმა ოლიმპიზმის ისტორიაში ერთი გამორჩეული ფურცელი მაშინ შექმნეს, როცა 2016 წლის გაზაფხულზე, უნგრულ დიორში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ნინოს შვილმა, ცოტნე მაჭავარიანმა მოიპოვა რიოს თამაშების ლიცენზია… როგორც მოგვიანებით ჩვენმა ასოკირკიტა კოლეგებმა გაარკვიეს, თურმე, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა დედა და ვაჟი ერთად გამოვიდოდნენ ოლიმპიადაზე. დედა და ქალიშვილი მანამდეც ყოფილან, მამაც ბევრჯერ ყოფილა ორივე სქესის შვილებთან ერთად, მაგრამ დედა და ვაჟიშვილი პირველად იყვნენ. მაშინ დიორის სასროლეთზე ყურადღების ცენტრში ვახტანგ სალუქვაძე მოექცა – ყველასათვის საყვარელი „მაისეევიჩი“, რომელიც სიხარულისგან ტიროდა… „ღმერთო, რამე როგორ უნდა გთხოვო – რაც გთხოვე, ყველაფერი ამისრულე, მაგრამ ამ ერთხელაც ისმინე ჩემი თხოვნა და ცოტნეს დაეხმარე ლიცენზიის მოპოვებაში,“ – ფინალში ბოლო გასროლის წინ, რომელიც საგზურის მოპოვების ბედს წყვეტდა, თურმე ასე ევედრებოდა ღმერთს ბაბუა და როცა ღმერთმაც ისმინა მისი ვედრება, სიხარულის ცრემლები ვერ დამალა ბედნიერმა მოხუცმა. ასაკის გამო ის ბრაზილიაში ვეღარ გაჰყვა შვილსა და შვილიშვილს, თუმცა მაინც უბედნიერესი იყო. იმ ფინალის დასრულების შემდეგ, სახელოვან თურქ მსროლელს, ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონ იუსუფ დიკეცს უკითხავს ცოტნესთვის, ვისთან ვარჯიშობ, ასეთი შედეგები რომ გაქვსო. ნინო სალუქვაძის შვილი ვარო, უპასუხია და თურქს ხელები აუწევია – ოოო, მაშინ ყველაფერი გასაგებიაო და გაბრუნებულა…
ცრემლები ვახსენეთ და ძლიერი ხასიათით გამორჩეული სალუქვაძე სპორტულმა სამყარომ, კარიერის დასრულებამდე, ატირებული მხოლოდ ერთხელ ნახა – 1996 წელს, ატლანტას ოლიმპიადაზე, როცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, კომპიუტერმა ქულების დაჯამებისას აურია და ფინალში რეკორდით შესული, საბოლოოდ, მე-5 ადგილზე აღმოჩნდა. მეორედ კი შარშან, ივლისში, პოლონეთში, მესამე ევროპულ თამაშებზე იტირა, როცა მეათედ მოიპოვა ოლიმპიური ლიცენზია და ანდერძივით დაბარებული მამის სიტყვები – „ნინო, გახსოვდეს 10 ოლიმპიადა“, აღასრულა, თუმცა ეს სიხარულის ცრემლები იყო… მოგვიანებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ატირებული და დამწუხრებული ნინო სალუქვაძე – მამის დაკრძალვაზე, როცა ცხედარს ვერ მოაშორეს. ვახტანგ სალუქვაძე მაშინ გარდაიცვალა, როცა ჩვენი ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან ბრუნდებოდა, სადაც ახალგაზრდები ტრიუმფალურად გამოვიდნენ – 4-დან 3 ოქრო და 1 ვერცხლი მოიპოვეს. გუნდის წევრებმა მისი გარდაცვალება გამოფრენის წინ გაიგეს, ნინოს კი თბილისში ჩამოფრენის შემდეგ უთხრეს და დიდი სიხარულიც ჩამწარდა…
არადა, მე-10 საგზური ისეთ პირობებში მოიპოვა და ამას იმდენი პირადული პრობლემა უძღოდა წინ, ნამდვილად სასიხარულო იყო… მისი კარიერა ლამაზად შეფუთული სურათია, მაგრამ ის ჩვეულებრივი შვილი, დედა, ქალი, მეუღლე, დიასახლისი, მეგობარი, ახლობელი, მოქალაქეა და მასაც აქვს ყოველდღიური პრობლემები, რომლებიც იმ შესარჩევ ციკლში გაათკეცებულად დაატყდა თავს. პრობლემები, ჯერ კიდევ, 2 წლის წინ დაიწყო, როცა გაზაფხულზე სლოვენია-ხორვატიის ტურნირებზე იმყოფებოდა. მაშინ თავის ტკივილსა და სხვა სიმპტომებს დიდი ყურადღება არ მიაქცია, ისე გაემგზავრა ტაილანდში, მსოფლიოს თასზე. იქ პნევმატური პისტოლეტით კი იასპარეზა, 25-იანზე ივარჯიშა, მაგრამ ცუდად გახდა და სასროლეთიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადააგზავნეს, სადაც გაჟონვა დაუდგინეს… ექიმები საქართველოში გამგზავრების ნებასაც კი არ რთავდნენ, მაგრამ დაიჟინა და წამოვიდა, რასაც თურქეთში საკმაოდ რთული მკურნალობა მოჰყვა. მაშინ ექიმებმა ვარჯიშის ნება კი დართეს, მაგრამ 6 თვით აუკრძალეს თვითმფრინავით მგზავრობა. მოგვიანებით, მეუღლეს დასჭირდა ურთულესი ოპერაცია, იქით – მოხუცი მშობლები, რომლებსაც ხან კოვიდი შეეყარათ, მამამ ფეხიც კი მოიტეხა, მოგვიანებით მეუღლეს უკვე მუხლებზე დასჭირდა ოპერაცია თურქეთში, სადაც თავის ექიმებთანაც დადიოდა… ამას ემატებოდა მრავალმხრივი სამსახური – ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტობა, დაარსების პროცესში მყოფი სპორტის მუზეუმის დირექტორობა, სადაც ყოველ დეტალზე თავზე ადგა მუშებს, იქით – სროლის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტობა, სადაც უამრავი საქმეა. დილიდან საღამომდე მუდმივ გადარბენებში იყო – სახლიდან საავადმყოფოში (აქ დღეში რამდენჯერმეც კი უწევდა მისვლა), იქიდან – ერთ სამსახურში, მერე – სამსახურიდან სამსახურში, შუალედში მშობლებთანაც შეირბენდა ხოლმე, საღამოს კი ყოველთვის პოულობდა დროს, ტირში შეევლო და 1-1.5 საათი ევარჯიშა. საცოდაობა იქნებოდა, არ გამართლებოდა, თუმცა, ცუდია, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ამხელა მიღწევას – მე-10 ოლიმპიადას, ღვარძლიანად შეხვდნენ: თვითონ რას დადის ოლიმპიადებზე, ახალგაზრდები გაუშვასო. ლამის შვილის ტოლებს იქით ეხვეწება, მოდით, ვარჯიშს ნუ მიცდენთო, საათობით ურჩევს მათ შეცდომებს… თვითონ ისეთ პირობებშიც კი არ აცდენდა ვარჯიშს და სხვას დაუთმეო… მან კარგად იცის შრომის ფასი და იცის, რომ ამის გარეშე ბევრი არაფერი გამოვა. ხშირად უთქვამს, თუ არ იშრომე, მხოლოდ ნიჭით 20 პროცენტს მიაღწევო.
ბუნებაში ყველაფერს აქვს დასასრულიც და დასაწყისიც და მისი ბრწყინვალე კარიერაც დასრულდა. პარიზის შემდეგ კიდევ გვრჩებოდა იმედი, რომ იქნებ ისევ გაეგრძელებინა ვარჯიში და მე-11 ოლიმპიადაზეც გამოსულიყო, რითაც აბსოლუტური რეკორდსმენი გახდებოდა, მაგრამ წასვლის საბაბად ისეთი მიზეზი დაასახელა, ვერ შეედავები – მხედველობის პრობლემა. ეს ჩვეულებრივ ცხოვრებაში ხელს არ უშლის, მაგრამ სროლა სხვა განზომილებაა. ახლა მის წინ ახალი სარბიელია – სამწვრთნელო ასპარეზი, სადაც, გვჯერა, ისეთივე წარმატებული იქნება, როგორი სპორტსმენიც იყო. პირველი შედეგები უკვე აქვს – მისი კლუბიც წარმატებით მუშაობს და ნაკრების მწვრთნელის რანგში, ახალგაზრდებშიც, თვალსაჩინო წარმატებებია. წელს ხომ ტრიუმფით გამოვიდნენ ევროპირველობაზე, თუმცა, ბოლო წლებში, მუდმივად აქვთ გარკვეული მიღწევები.
ირაკლი თავაძე