სხვა სკოლების მსგავსად, 16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოხეთის არასრულ საჯარო სკოლაშიც დაიწყო. ოღონდ ეს სასწავლო წელი ამ სკოლისთვის და ამ სოფლისთვის გამორჩეული გამოდგა – ერთბაშად 4 პირველკლასელი მიიღეს, ამდენი ახალი მოსწავლე კი, როგორც გვარიანი კვლევა-ძიების შემდეგ გავარკვიეთ, ბოლოს 20 წლის წინ ჰყავდათ! ბოლო წლებში აქ თითო-ოროლა ბავშვი თუ შედიოდა პირველ კლასში, ან საერთოდ არ ჰყავდათ.
სკოლის კარი წელს პირველად შეაღეს ლუკა შამუგიამ, კატო თავაძემ, გიორგი თევზაძემ და ნია შოშიტაშვილმა. სკოლა მათაც და ახალ სასწავლო წელსაც ტრადიციული საზეიმო ღონისძიებით შეხვდა, რომელშიც მონაწილეობა თავად პირველკლასელებმაც მიიღეს ამ დღისთვის საგანგებოდ შერჩეული ლექსებით. ახალ მოსწავლეებს საჩუქრად სასწავლო ლეპტოპები გადაეცათ, დაურიგდათ წიგნები, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობამ ასევე ტრადიციულად დაასაჩუქრა – სოფლის გამგებელმა სერგო კოტრიკაძემ და დეპუტატმა ზაურ ზარბაზოიამ სხვადასხვა სახის ფასიანი საჩუქრები, ძირითადად სასკოლო ნივთები გადასცეს პირველკლასელებს.
ისე კი მათი უმრავლესობისთვის სკოლის ატმოსფერო უცხო არაა, რადგან შარშანაც დადიოდნენ სკოლაში – ზოგი სკოლის თანამშრომელ მშობელს დაჰყვებოდა, ზოგიც – უფროს და-ძმას და გაკვეთილებსაც ესწრებოდნენ. ეს იმიტომ, რომ სოფელში სხვა გასართობი, სხვა სივრცე, სადაც თანატოლებთან, მათსავით უმცროსი ასაკის ბავშვებთან გართობას შეძლებდნენ, უბრალოდ, არ არსებობს – საბავშვო ბაღმა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირზე ბევრად ადრე მოგვჭამა ჭირი იმის მიუხედავად, რომ მაშინ ბავშვთა კონტიგენტი ბევრად დიდი იყო; მის აღდგენაზე ოცნებაც არაა, 2 წლის განმავლობაში ისიც ვერ მოხერხდა, რომ ეს 4-5 ბავშვი 3 კილომეტრში, საჭამიასერში გადაენაწილებინათ საბავშვო ბაღში. მანამდე 1-2 წელიწადი კი ატარეს, როცა ზემოხეთიდან საჭამიასერის საჯარო სკოლაში ბავშვები დადიოდნენ, მაგრამ როცა ეს კონტიგენტი აღარ იყო, არც სკოლამდელებზე უზრუნია ვინმეს, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად. არადა, ბავშვებისთვის ნამდვილად ბევრს ნიშნავდა საბავშვო ბაღი იმის მიუხედავად, რომ ძალიან ადრე უწევდათ ადგომა-გამგზავრება, მერე კი იქ, ადგილზე ლოდინი ბაღში სამუშაო საათების დაწყებამდე. ერთ-ერთი აღსაზრდელი ლუკა შამუგია ხშირად ეკითხებოდა დედას, ბაღში როდის მივდივართო… სამაგიეროდ, 16 სექტემბრის მოახლოებასთან დაკავშირებით მას სხვა საზრუნავი მიეცა. იმის მიუხედავად, რომ სკოლის ატმოსფერო ნაცნობი იყო მისთვის, – მაინც სულმოუთქმელად ელოდა სწავლის დაწყებას, როცა ამ დღისთვის საგანგებოდ გამოწყობილი, ჩანთით ხელში, შეაღებდა კარგად ნაცნობი ეზოს ჭიშკარს და უკვე მოსწავლის სტატუსით შეაბიჯებდა სკოლაში. დარწმუნებული ვარ, სხვებიც იმავე დღეში იყვნენ – ეს გრძნობა ხომ ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია, ყველას გამოგვიცდია ის სიხარული და გულის ფანცქალი, რაც სწავლის დაწყებას და სკოლისთვის მომზადებას ახლდა თან.
ახალი სასწავლო წლის დაწყება არა მხოლოდ ამ 4 პირველკლასელისთვის, არამედ მთელი სოფლისთვის იქცა ერთგვარ მოვლენად. მიგრაციით დალახვრული სოფელი ხომ შიშით შეჰყურებს მომავალს. მისთვის ყველაზე დიდი იმედი და გზა მომავლისკენ სკოლაა – ვიდრე მისი ზარი თუნდაც ერთი მოსწავლისთვის რეკავს, სოფელს გადარჩენის იმედი აქვს, სკოლის ზარის დადუმებიდან ნასოფლარად ქცევამდე კი რამდენიმე მოხუცის სიცოცხლეღაა დარჩენილი… სევდიანი რექვიემია, მაგრამ ბევრჯერ ნანახი და მოსმენილი ჩვენს რეალობაში. განსაკუთრებით – მთის სოფლებში. სწორედ ამ იმედის გამო ახალი სასწავლო წლის დაწყებას სოფლის მოსახლეობაც დაესწრო. თუმცა მათ დასამშვიდებელი ბევრი მაინც არაფერი აქვთ – ახლა კი მიიღეს 4 პირველკლასელი, მაგრამ სოფელში სკოლამდელი ასაკის ამდენი ბავშვი ერთად აღარაა…
წლეულს კი ზემოხეთის სკოლას 10 ბავშვი ეყოლება – ბოლო წლებისთვის ესეც უჩვეულოდ ბევრია. როგორც სკოლის დირექტორმა, ვასილ ნიკოლაიშვილმა გვითხრა, ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ. კადრების თუ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დიდ დანაკლისს არც ადრე განიცდიდნენ, წლეულს კი დაიმატეს 2 მასწავლებელი და ორივე სახელოვნებო კუთხით – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და მუსიკის. ამასთან, სკოლაში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის ახალი სისტემა.
მიუხედავად მცირე კონტიგენტისა, სკოლას წინა წლებში ყოველთვის ჰქონდა წარმატებები სასწავლო-შემეცნებითი თუ სპორტის მიმართულებით: მისი მოსწავლეები სხვადასხვა საგნობრივი ოლიმპიადების გამარჯვებულებიც კი გამხდარან ან გასულან დასკვნით, რესპუბლიკურ ფინალურ ტურში, შარშან კი მაგიდის ჩოგბურთში რაიონის პირველობა მოიგეს.
უფრო ადრინდელ წარსულს თუ გადავხედავთ, ამ სკოლას დიდი ტრადიციები ჰქონდა შესანიშნავი პედაგოგების დამსახურებით. იმედია, წლეულსაც წარმატებით გააგრძელებენ ამ ტრადიციას, ასევე კარგი პედკოლექტივის მეცადინეობით.
ირაკლი თავაძე