ფონდმა „სოხუმმა“,, პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს 10 ქალაქში (ქობულეთი, სენაკი, წალენჯიხა, ზუგდიდი, სამტრედია, ვანი, თერჯოლა, ტყიბული, ბაღდათი) ახალგაზრდული ცენტრების დაარსება დაიწყო. ადგილობრივ თვითმმართველობებსა და რესურსცენტრებთან შეთანხმებით, ფონდი „სოხუმი“ თანამშრომლობს ახალგაზრდულ დეპარტამენტებთან, რის საფუძველზეც იქმნება ახალგაზრდების გაძლიერების ცენტრები.
მოსწავლეებისთვის, ყოველთვიურად, ჩატარდება 5-თვიანი სატრენინგო კურსი ლიდერობის, კონფლიქტების მართვის და ძალადობის საკითხებზე. პროექტის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს ბულინგის პრევენცია. აღნიშნულ მიმართულებას უძღვება ტრენერი ბექა ფოცხვერია. შეხვედრებისას განიხილება შემდეგი საკითხები: ბულინგის გამომწვევი მიზეზები, ფორმები, შედეგები, გადაჭრის გზები, ერთ-ერთი შეხვედრა სამოქალაქო აქტივიზმისა და ლიდერობის შესახებ საუბარს ეთმობა. შეხვედრას სხვადასხვა სკოლის 20 ახალგაზრდა ესწრება. მიღებული ინფორმაციის შემდეგ უკვე თავად ახალგაზრდები, თავიანთ სკოლებში, ატარებენ მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრებს. „მე, როგორც ტრენერი, ვფიქრობ, რომ ბულინგის პრობლემის მოგვარება თუ ვინმეს შეუძლია, ეს სწორედ ახალგაზრდობაა. ამისთვის კი აუცილებელია გავზარდოთ მათი მოტივაცია, მოვახდინოთ ინფორმირება და თითოეულ მათგანს დავანახოთ მისი როლი, მნიშვნელობა. თუკი ყოველივე ამას შევძლებთ და გავაერთიანებთ ჩვენს მომავალ თაობას, არა მარტო გადავჭრით ბულინგის პრობლემას, არამედ შევძლებთ, სიტყვა „ბულინგი“ საერთოდ ამოვიღოთ ხმარებიდან“ – ამბობს ბექა ფოცხვერია.
როლური თამაშის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ტრენერმა, ნინო ჭაბუკიანმა: „მოსწავლეები თავად, დამოუკიდებლად დგამენ სცენებს ძალადობის შესახებ. მაგალითად, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობაზე. ვფიქრობ, ეს თამაში უდიდეს როლს ასრულებს თავად ბავშვების ცნობიერებაში ძალადობის პრევენციისათვის. მათ საშინაო დავალებებს ვაძლევთ, რომ შემდეგ საკუთარ სკოლებში ჩაატარონ იგივე თამაშები. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული მსგავსი შეხვედრები მოსწავლეებს განათლების მიღების ძალიან კარგ საფუძველს აძლევს. მათ უჩნდებათ სურვილი, იყვნენ ინფორმირებულები, მეტად განათლებულები და ამასთან, იძენენ სხვადასხვა უნარს, უვითარდებათ მოსმენისა და დისკუსიის კულტურა.“
კონფლიქტოლოგმა, ლელა შენგელიამ ყურადღება ფონდი „სოხუმის“ მუშაობის შედეგებზე ისაუბრა: „ჩვენ სკოლებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს. სწორედ ამ მუშაობის შედეგია ის, რომ სკოლის ადმინისტრაცია, მშობლები გვენდობიან. ფონდი „სოხუმის“ სახელი დადებითად მოქმედებს არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, მთელი საქართველოს მასშტაბით. როდესაც ვამბობთ, რომ ამ ორგანიზაციიდან ვართ და ვაპირებთ ახალგაზრდებთან მუშაობას კონკრეტულ საკითხებზე, სიამოვნებით გვთანხმდებიან, რადგან იციან, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის პოზიტიურ შედეგებზეა ორიენტირებული.“
უკვე გაიმართა ტრენინგები ზუგდიდში, თერჯოლაში, წალენჯიხაში, სამტრედიასა და ქობულეთში. მარიამ გობეჩია და ბექა სორდია ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის მეათეკლასელები არიან. კონფლიქტის თემაზე მიღებული ცოდნა მათ თავიანთი სკოლის მეშვიდეკლასელებს გაუზიარეს.