
3 ივნისი ტერენტი გრანელის დაბადების დღეა, რომლის პოეტურ ხმაზე დავით წერედიანმა დაწერა: „ტერენტი გრანელის პოეტური ხმა ყველაზე მძაფრი, ყველაზე ტრაგიკული და ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ხმაა მეოცე საუკუნის ქართულ ლირიკაში… იგი საბჭოთა პოეტი არასოდეს ყოფილა და აკრძალვით თუმცა არ აუკრძალავთ, ოფიციალურ დონეზე კეთილი სიტყვით მის ხსენებას საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ანუ მთელი ოცდაათი თუ ორმოცი წელი ისიც და მისი პოეზიაც უფრო არ არსებობდა, ვიდრე არსებობდა. მთელ თაობებს გადაავიწყეს“.
ტერენტი გრანელის პირადი და შემოქმედებითი ტრაგედია ნამდვილადაა დაკავშირებული საბჭოთა კავშირთან. ის უკომპრომისო იყო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რის გამოც საბჭოეთმა სიცოცხლეშივე სამაგალითოდ დასაჯა.
„არ შეიძლება ტერენტი ეპოქის კონტექსტიდან ამოვაგდოთ. იმპერატორო, რად დაივიწყე მამის საფლავზე სანთლის დანთებაო, ასე მიმართავდა ის „ჩვენს“ ბელადს [სტალინს – რ.თ.], მაშინ როცა სხვები ბელადებს ოდებს და პოემებს უძღვნიდნენ. ტერენტი გრანელი თავისუფლების იდეას ბოლომდე შეეწირა“ – აღნიშნავს ლერი ალიმონაკი, რომელმაც მრავალი წელი შეალია წამებული პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, განახლებას და ფაქტობრივად, მანვე ჩაუყარა ქართულ ლიტერატურაში საფუძველი გრანელოლოგიას. ტოტალიტარიზმის პერიოდიდან, როცა გრანელის სახელს ტაბუ ედო, ლერი ალიმონაკს არ დარჩენია მოუჩხრეკავი არქივი, წიგნსაცავი თუ ოჯახი, იმხანად დალუქული სპეცფონდები, სადაც ჟამის უკუღმართობით დაღუპული პოეტის შედევრები არ მოეძიოს, არ გამოეცეს, დაკარგვისგან არ ეხსნას.
2020 წელს გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა ლერი ალიმონაკის წიგნი „ჩემი გვარი გრანელი“, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება: „კვირის წირვები“ – ესაა ფსიქოლოგიურ-ეგზისტენციალური რომანი ტერენტი გრანელის ცხოვრებასა და პოეზიაზე, უფრო სწორად – ცხოვრების პოეზიაზე, სადაც ნამდვილი, ბიოგრაფიული ამბების გვერდით გვხდება დიდი პოეტის მისტიკურ სამყაროში ჩაძირვის და მის საიდუმლოთა მოხელთების მცდელობებიც; „გრანელის ლანდი“ ერთგვარად მემუარული ხასიათისაა და მოგვითხრობს იმ წინაღობათა და სირთულეთა შესახებ, რომელიც ლერი ალიმონაკმა წინა საუკუნის 60-იან, 70-იან და 80-იან წლებში გაიარა ტერენტი გრანელის სახელის აღორძინებისა და დამკვიდრების გზაზე.
ამ წიგნში ლერი ალიმონაკი პირდაპირ მიუთითებს ტერენტის წამების ყველაზე საშინელ ფორმაზე და საბჭოეთის მიერ მის სამაგალითო დასჯაზე წერს: „ცხადია [საბჭოთა რეჟიმი] დევნის ტერენტი გრანელსაც, მაგრამ დევნის ყველაზე საზარელი ფორმით: მას გიჟის ხალათს აცმევს და ასახლებს სურამში. სასტიკი მარტოობისა და ამაოების ოთხი წელი გაატარა სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით შეპატიმრებულმა პოეტმა. ბოლოს გამორბის სათაყვანებელ თბილისში („თბილისი წმინდა თავშესაფარი, თბილისი მინდა, როგორც საფლავი“), გამორბის, კიდევ ერთხელ რომ მოეფეროს თბილისსა და თბილისელებს, გამოეთხოვოს წმინდა ადგილებს და, როგორც მიუსაფარმა ბოგანომ, ისე დაამთავროს წამებული ცხოვრება არამიანცისეულ საავადმყოფოში“.
ტერენტის ცალკე იმით ტანჯავდნენ, რომ გალაკტიონის ეპიგონად მოიხსენიებდნენ და მისი შემოქმედების ღირებულებას ასე თელავდნენ.
„ანა კალანდაძის ხმაში ალაგ-ალაგ ძალიან მკაფიოდ ისმის გალაკტიონის ხმა. მაგრამ იგი არათუ ეპიგონად არ გამოუცხადებიათ, პირიქით, თავდაპირველად ფარზე სწორედ იმისთვის აიტაცეს და ძალზე შთამბეჭდავი დებიუტი მოუწყვეს, რომ გალაკტიონისთვის დაეპირისპირებინათ.
როცა ეს საქმე ჩაეშალათ, ტერენტი მაშინვე განზე გასწიეს და ათი-თორმეტი წლის განმავლობაში სტრიქონი აღარ დაუბეჭდეს. მხოლოდ შემდეგ გამოუცეს სიფრიფანა კრებული, არ შეატანინეს, რაც კი საუკეთესო ჰქონდა.
თვითონ მან ამ დაპირისპირებისა არაფერი იცოდა, გალაკტიონს ეთაყვანებოდა და შეტოქება აზრად არ ჰქონია.
გალაკტიონმა კი უმალ იგრძნო თავის ძველ მტერ-მოყვარეთა შეფარული ზრახვები. მოგეხსენებათ, თავისთვის ყველაფერს იწერდა და აღუნუსხავი არც ეს დარჩენია“ – წერს დავით წერედიანი ტერენტისადმი მიძღვნილ იმავე წერილში „ტერენტი გრანელის ხმა“.
გალაკტიონი და ტერენტი მეგობრობდნენ; გალაკტიონი მონაწილეობას იღებს 1922 წლის 7 დეკემბერს გამართულ ტერენტის საღამოში; ამავე დროს, ის აღიარებს ტერენტის, როგორც პოეტს.
დრამატურგი გენო ქელბაქიანი იგონებს:
„გრანელს გაუგია, რომ ვიღაც კრიტიკოსს კლუბში მოხსენების კითხვისას აღუნიშნავს, ტერენტი გრანელი გალაკტიონის მიმბაძველიაო. ამ ამბით განაწყენებული უგუნებოდ შეხვედრია გალაკტიონს. მათ შორის ამგვარი დიალოგი გამართულა:
– ცუდად ხომ არა ხარ? – ჰკითხა გალაკტიონმა.
ტერენტიმ პასუხი დაუგვიანა. მერე შეხედა თვალებში და უთხრა:
– თუ შენ მოხვედი ჩემთან, როგორც დიდი პოეტი პატარა პოეტის სანახავად, სასტიკად სცდები.
გალაკტიონი გაოცდა.
– რას ამბობ, რის დიდი პოეტი! მე მოვედი შენთან, როგორც მეგობარ პოეტთან.
– ესეც იცოდე, – განაგრძო ტერენტიმ, – მე შენზე დიდი პოეტი ვარ.
გალაკტიონმა გაიღიმა მარტო მისთვის დამახასიათებელი საოცარი ღიმილით:
– კი, ძამიკო, ჩემზე დიდი ხარ!“
(მოგონება შესულია წიგნში „გალაკტიონი. 200 ამბავი“. შემდგენელი: ნათია სიხარულიძე. გამომცემლობა „არტანუჯი“. 2019).

გალაკტიონი თავის უბის წიგნაკებშიც წერს ტერენტის შესახებ:
„იგი გამოხვეულია თბილ, ჭუჭყიან ძონძებში და აგვისტოს მზე დაუნდობლად აჭერს შიშველ თავზე.
ვინ არის ეს კაცი? – იკითხეს.
გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი.
იმავე ქვაფენილზე მიდის იგივე ფეხშიშველა ადამიანი და ახლა კი მას თბილი ძონძებიც არა აქვს. თოვს, ზამთარია, ის კი თეთრეულის ამარა მიდის.
ვინ არის ეს კაცი, – იკითხეს. გრანელია, პოეტი, – იყო პასუხი.“
2018 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა წიგნი „ქართველი მწერლები“ (სერიაში „თან საკითხავი“), რომელიც ნინო სადღობელაშვილმა შეადგინა. ამ წიგნში ტერენტი გრანელზე შესულია სამი ამბავი, რომლებიც მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ქრონიკას გვიცოცხლებს.
⇔ „რუსთაველის პროსპექტს სამნი მიუყვებოდნენ: კოლაუ ნადირაძე, სიმონ ჩიქოვანი და შალვა კაშმაძე. ქაშუეთის მხრიდან ტერენტი გრანელმა ამოუხვია – ღამენათევმა, ჩამოძენძილმა, თმააბურძგნილმა. შემხვედრი პოეტები რომ დაინახა, შორიდან მოვლა დააპირა, მაგრამ გზად სიმონ ჩიქოვანი გადაუდგა
და ხელი გაუწოდა:
– გამარჯობა, ტერენტი!
გრანელს მისთვის არც შეუხედავს, მარჯვენა ხელი წინ გაიშვირა, გადაატრიალ-გადმოატრიალა და უპასუხა:
– ხომ უყურებ, სიმონ, რა ჭუჭყიანი მაქვს… მაგრამ მაინც არ გავისვრი შენი ხელის ჩამორთმევით!..
არავინ იცის, რა წყენა ჰქონდა ასეთი ნატანჯ პოეტს კონკრეტულად სიმონ ჩიქოვანისგან, თორემ უფრო დიდმა და მოურჩენელმა წყენამ ცხოვრებისგან ხომ მისი ბედისწერა და პოეზია განაპირობა!..“
⇔ „ერთ დღეს, რუსთაველის პროსპექტზე, ტერენტი გრანელს კოტე მარჯანიშვილი შეხვდა. კოტე მეგობრებთან ერთად იყო. ის შორიდანვე მიესალმა პოეტს, ხოლო როცა მიუახლოვდა, გადაეხვია და შუბლზე აკოცა.
– ტერენტი, მე გადავწყვიტე დავწერო სცენარი, რომლის ქვაკუთხედი შენი ლექსი იქნება. ჩვენს სიამაყეზე, ვანო სარაჯიშვილზე ასეთი ლექსი ჯერ არავის დაუწერია. შენ უნდა მეწვიო ბინაზე, ჩვენ ამის შესახებ უნდა ვიმსჯელოთ. მართალია, მე ხშირად მოსკოვში ვარ, ახლაც მივემგზავრები!.. რომ ჩამოვალ, უსათუოდ უნდა მნახო! ჩემო ტერენტი, მე შენს შემოქმედებას ვიცნობ, თვალს ვადევნებ შენს მიღწევებს და მხურვალედ ვესალმები. ტერენტი, აუცილებლად უნდა ვნახოთ ერთმანეთი. ეს დადგმა აუცილებლად უნდა განვახორციელო.
მარჯანიშვილის მეგობრებმაც არ დაიშურეს ოვაციები და საქებარი სიტყვები გზად შეხვედრილი პოეტის მიმართ. ტერენტი ბედნიერი და იმედიანი უსმენდა.
სამწუხაროდ, არავინ იცის, როგორ განვითარდა მოვლენები, შეხვდნენ თუ არა კიდევ დიდი რეჟისორი და პოეტი ერთმანეთს. ფაქტია, რომ ეს დადგმა არ განხორციელებულა“.
⇔ „ნიკა აგიაშვილს მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე „თეთრი საყდარი“ მუდამ აგონებდა გვიანი შემოდგომის ერთ საღამოს, როცა იმ საყდრის უკან, ქარსა და ყინვაში, ხის ძირას მხართეძოზე წამოწოლილი ტერენტი გრანელი ნახა.
„თავშიშველს უკან გადავარცხნილი თმა ქალივით გაუშლია. აცვია წელშეშობილი გრძელი ნაცრისფერი ხალათი, კოჭებს ზემოთ დამოკლებული ვიწროტოტებიანი შარვალი, შავად შეღებილი ტილოს ფეხსაცმელები. პაპიროსს აბოლებს, ცალი ხელი თავქვეშ ამოუდვია“.
მას და პოეტს შორის დიალოგიც გამართულა:
– ეჰეი, ლორთქიფანიძე, ჩამოდი აქ, თუ კაცი ხარ.
ნიკა აგიაშვილს ტერენტი კარგად იცნობდა, ისიც იცოდა, სად მუშაობდა და მისი ნამდვილი გვარის შესახებაც მოეხსენებოდა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის „ლორთქიფანიძეთი“ მიმართავდა თურმე.
– ჩამოდი აქ, ჩემთან. ამ მწვანეზე წამოწექი და ვისაუბროთ. ჩემსავით იქნები და იოცნებებ მუდამ. ოცნებას რა სჯობია. ვუყუროთ ამ ცას, პირაღმა წამოწოლილები…
„მწვანეს“ რას ეძახდა ტერენტი გრანელი, ძნელი მისახვედრი იყო – ირგვლივ მხოლოდ ყინვისგან დამზრალი ქვები ეყარა.
– არ გცივა? – ჰკითხა ნიკა აგიაშვილმა და წასვლა დააპირა.
– რა მიგეჩქარება! მე აქ უნდა დავესახლო. კარგი ადგილია. მარტო ვიქნები და ხელს არავინ შემიშლის ოცნებაში. მალე თოვლი მოვა, მშრალი თოვლი.თოვლის ფანტელებს უნდა გავყვე. გინდა, ლექსს გაჩუქებ, ბევრი ლექსი მაქვს.
საყდრის კართან აიტუზა, ცოტა ხნით იდგა და რაღაცას ჩურჩულებდა. მერე გულისჯიბიდან ფანქრის ნატეხი ამოიღო, დაანერწყვა და „ტემპის“ კოლოფზე წააწერა:
ჩიტი
მზე ისევ გაჩნდა,
დღე ასე მიდის,
და უცებ დაჯდა
მიწაზე ჩიტი.
გავყურებ ქუჩებს,
დღე ასე მიდის.
დაჯდა და უცებ
აფრინდა ჩიტი.
– წაიღე თუ კაცი ხარ, ნუ დაკარგავ, თუ გინდა ასეთებს აუარებელს დავწერ. ახლა კი მშვიდობით იარე…
პირაღმა გაწვა ხის ძირას ქვებზე და აგიაშვილისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია. მწოლიარემ მუხლიმუხლზე შემოიდო და კვლავ პაპიროსი გააბოლა“.
ტერენტი გრანელის დღიურში ასეთ ჩანაწერს ვხვდებით: „კვირა დღეა, მივდივარ სიონში. არ თოვს. ვუსმენ ქართულ გალობას და ვიგონებ საქართველოს, როგორც უხილავს. იქიდან მივიწევ დიდუბისაკენ. ნელა თოვს. შევდივარ პანთეონში, პირველად ვნახულობ ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავს. ვკითხულობ ასეთ წარწერას: „ქართველი ერი არ დაივიწყებს შენს უკვდავ სახელს“. ცოტა ხნის დაფიქრების შემდეგ ვინახულე ვაჟას ობოლი სამარე. ღრუბლიანი ზეცა და თოვლიანი დედამიწა ორივე თეთრია, მხოლოდ სითეთრეა გარშემო და დუმილი“.
მიუხედავად ბევრი მცდელობისა, არც ქართველმა ერმა დაივიწყა ტერენტი გრანელის სახელი, მისი უკომპრომისო ცხოვრება და შემოქმედება. მან შეძლო და, სიკვდილის შემდეგაც მოერია საბჭოეთის ტერორსა და სისასტიკეს.