27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

სკოლისა და ოჯახის ურთიერთობა

spot_img
მანანა აბუსელიძე
შუახევის რაიონის უჩამბის საჯარო სკოლის პირველი კლასის მასწავლებელი

 

 

ბავშვის აღზრდა და ხარისხიანი განათლება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება, როგორიცაა სკოლისა და მშობლის თანამშრომლობა. ამ პროცესში მთავარ როლს კლასის დამრიგებელი ასრულებს. მასზეა დამოკიდებული, რამდენად ესმის მოსწავლის მშობელს  სკოლის მიერ აღმზრდელობით-საგანმანათლებლო მიმართულებით გატარებული პოლიტიკა და რამდენად მონაწილეობს სასკოლო ცხოვრებაში.

მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში განსხვავებული უნდა იყოს ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. მშობელი არ უნდა იყოს მხოლოდ შვილის აკადემიური მოსწრების მაკონტროლებელი. თუმცა მშობლის ინდეფერენტული დამოკიდებულება ძალიან ცუდად მოქმედებს შვილის მოსწრებაზე. არის შემთხვევები, როცა ჩართულობა მხოლოდ კონტროლით შემოიფარგლება.

სკოლაში დამრიგებლის უმთავრესი ფუნქცია მოსწავლის ოჯახთან ურთიერთობაა. მათი თანამშრომლობა, პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემას, დახმარებისა და თანადგომის სურვილს, მოთმინებასა და ნდობას უნდა ემყარებოდეს.დამრიგებელი ფსიქოლოგიურ-პედაგოგიურ მუშაობას ეწევა მოსწავლის ოჯახთან. მშობლის მიერ დაგროვილი ინფორმაცია მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი განვითარების შესახებ მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგს აქვს გამოცდილება და ცოდნა საგანმანათლებლო საკითხებში, ხოლო ოჯახს – ყველაზე საჭირო და მეტი ინფორმაცია სკოლის გარეთ ცხოვრების შესახებ.

დაწყებითი კლასის მასწავლებელმა თავიდანვე უნდა შეარჩიოს თანამშრომლობის ფორმები. დაანახოს მშობელს თუ, დიდი როლი აკისრია, როგორც სკოლას ასევე მშობელს, არა მხოლოდ სწავლა-სწავლების პროცესში, არამედ თანამედროვე დემოკრატიული კულტურის კომპონენტებით აღჭურვილი პიროვნების ჩამოყალიბებაში.

მშობლებთან მუშაობის უამრავი ფორმა არსებობს.თითეული მოსწავლისათვის ინდივიდუალური ფორმის მორგებაა საჭირო. ერთ-ერთი აქტუალურია მშობლებთან მიმოწერა. მშობლები და მასწავლებელი ქმნიან საერთო ჯგუფებს და საჯარო ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება. ასევე ძალიან კარგი საშუალებაა პირად გვერდზე მიწერა, რომელიც აუცილებელი ხდება გარკვეულ შემთხვევებში. მშობელთან წერილობითი ურთიერთობისას აუცილებელია ჩანდეს მასწავლებლის კეთილგანწყობა, წერილები შეიცავდეს დადებით ინფორმაციას, რჩევას, სურვილს და ცნობებს პედაგოგის მიერ დაგეგმილი საქმიანობის, ასევე მოსწავლის წარმატებებისა და მიღწევების შესახებ.

ანალიზისა და ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი ფორმაა – მშობელთა კრება.

მშობელთა კრების სახეები: საორგანიზაციო,პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური განათლების მიზნით შეხვედრა, თემატური, შეხვედრა – დისკუსიები, შემაჯამებელი.დამრიგებელი აორგანიზებს მშობელთა კრებას, სადაც სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესების მიმდინარეობა და ამოცანები განიხილება.მშობელთა კრება მაშინ არის ნაყოფიერი, როდესაც ყურადღებას მხოლოდ შედეგებზე კი არ ვამახვილებთ, არამედ აქტუალური პრობლემების მოგვარების სტრატეგიებს ვარჩევთ. აუცილებელია, კრების ჩასატარებლად დრო სწორად იყოს შერჩეული და ყველა მშობელს მასში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეს.

წლის განმვლობაში რამდენჯერაც დამრიგებელი საჭიროდ ჩათვლის,რომ მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა აუცილებელია და განსახილველია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მოსწავლეთა სასწავლო შედეგები, ბავშვების ქცევა, წარმოჩენილი პრობლემები, იმდენჯერ აქვს უფლება პედაგოგს, რომ მშობელთა კრება მოიწვიოს.

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,დამრიგებელმა მშობელს მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატების შესახებ ინფორმაცია თვეში, მინიმუმ, ერთხელ უნდა მიაწოდოს. გარდა ამისა, კლასის ხელმძღვანელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია. გასათვალისწინებელია, რომ დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვა მშობლის თანდასწრებით საუბარი. იმ მოსწავლეთა მშობლებს, რომლებსაც სწავლისა და განვითარების პრობლემები აქვთ, დამრიგებელი ინდივიდუალურად უნდა გაესაუბროს. ასევე მნიშვნელოვანია მშობლებთან ურთიერთობის ფორმები: მშობელთა კომიტეტი, სასკოლო ღონისძიებები, ღია გაკვეთილები, თემატური კონსულტაციები და სხვა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები