პირველკლასელთათვის სწავლის დაწყება მნიშვნელოვანი ეტაპია. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ბავშვის დამოკიდებულება სწავლისა და სკოლის მიმართ. ჩვენ, პედაგოგები, მშობლებთან ერთად, ვზრუნავთ იმაზე, რომ პატარებმა წარმატებით გაიარონ სკოლასთან ადაპტაციის პერიოდი.
მოსწავლეთა განვითარებაში სკოლის როლი უმნიშვნელოვანესია. ბავშვი თავისი ცხოვრების 12 წელს სკოლაში ატარებს, ვითარდება, უყალიბდება ღირებულებათა სისტემა და ცხოვრებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები. ყველა იმ პრობლემას შორის, რომელსაც შეიძლება სასკოლო ცხოვრების დასაწყისში წავაწყდეთ, სკოლასთან პირველკლასელის ადაპტაცია წარმოადგენს. ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებეულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, თუ რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მისთვის სკოლა და სწავლა. პირველკლასელთათვის სკოლაში მისვლა საოცნებო და სასიხარულო მოვლენაა, თუმცა სწავლის დაწყების დღეს მეორე დღე მოსდევს, მეორეს – მესამე, შემდეგ მეოთხე და… სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეგუება პირველკლასელთა გარკვეული ნაწილისთვის რთულად დასაძლევი ხდება, ზოგისთვის კი მოსაწყენ რუტინადაც იქცევა.
პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაცია ყოველთვის აქტუალურია. ხშირად გვესმის პედაგოგებისგან: ვერ შეეგუა სკოლას, აღარ უნდა სკოლაში სიარული, ვერ ურთიერთობს ბავშვებთან, უჭირს ქცევის წესების დაცვა, დედას ხშირად ეტირება, გაკვეთილზე ვერ ჩერდება, გაკვეთილზე სახლიდან წამოღებული სათამაშოებით თამაშობს, როცა გაკვეთილს ვეკითხები, მაშინ სტკივდება თავი, დილით ეძინება და სულ იგვიანებს… მსგავსი მაგალითები ჩემს პრაქტიკაშიც ხშირია. ამ საკითხზე სკოლის საჭიროების კვლევისას ვიმუშავე, სადაც ცალსახად გამოიკვეთა, რომ სკოლის, მასწავლებლისა და მშობლის როლი მეტად მნიშვნელოვანია პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაციაში.
სასკოლო გარემოზე დაკვირვებით, მშობელთან და მოსწავლესთან გასაუბრებით, მასწავლებლისთვის ადვილია გაარკვიოს რა სირთულეებს და რა დოზით აწყდებიან პირველკლასელი მოსწავლეები. ბავშვი თუ მშვიდი, მხიარული და ხალისიანია, არ უჭირს თანაკლასელებთან დამეგობრება, სიამოვნებით საუბრობს სკოლაში გატარებულ დროსა და მასწავლებლებზე, ახალ მეგობრებზე, ხალისით ასრულებს დავალებებს, მოსწონს სკოლის რეჟიმი და სიახლეების ათვისება, ადეკვატურად რეაგირებს მასწავლებლის რჩევებსა და მითითებებზე. თუნდაც ამ მცირე ჩამონათვლის საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მას სკოლასთან ადაპტაციის პრობლემა არ აქვს. თუ მოსწავლე: ხშირად იმიზეზებს დაღლას, თავისა და მუცლის ტკივილს, ხშირად გამოთქვამს საყვედურებს თანაკლასელებზე, აქვს შინაგანი პროტესტის განცდა ისეთ სიტუაციებზე, ადრე რომ მშვიდად იღებდა, უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ იცავს სასკოლო წესებს… მაშინ უნდა გამოვიკვლიოთ პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები და იმ ინტერვენციების განხორციელებაზე ვიზრუნოთ, რომელიც მოსწავლეს პრობლემის უმტკივნეულოდ დაძლევაში დაეხმარება.
მშობლისა და ოჯახის როლიც უმნიშვნელოვანესია ბავშვის სასკოლო მზადების პროცესში. მშობელმა უნდა იცოდეს, რა უნარების განვითარებაზე გაამახვილოს ყურადღება იმისათვის, რომ სწავლების პროცესში მის შვილს სირთულეები არ შეექმნას და ადვილად შეძლოს სასკოლო გარემოში ადაპტაცია. მშობლისა და ბავშვის ჯანსაღი ურთიერთობა ოჯახში, მეგობრული დამოკიდებულება, ნდობა და ახსნა-განმარტებითი ურთიერთობები მნიშვნელოვანია შემდგომში ნებისმიერი სირთულის დასაძლევად. სასკოლო მზაობის ხელშესაწყობად მშობელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს შემდეგ საკითხებზე: ბავშვს შეეძლოს მიცემული დავალებების შესრულება და საკუთარი ემოციების კონტროლი, ჰქონდეს სხვა ბავშვებთან ურთიერთობის სურვილი, ინფორმაციის გაანალიზების, სწორი და გამართული მეტყველების უნარი, შეეძლოს ყურადღების კონცენტრირება. სკოლაში წასვლამდე ბავშვის ფსიქოლოგიური მომზადება ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ მას სკოლასთან შეგუება გაუჭირდეს. მშობელმა წინასწარ უნდა აუხსნას, რომ ამიერიდან მისი ცხოვრების განრიგი შეიცვლება; სასურველია, ეწვიოთ სკოლას ბავშვთან ერთად, სკოლის დაწყებამდე, დაათვალიერებინოთ საკლასო ოთახი, სადაც დროის გატარება მოუწევს, შეხვდეთ მის მომავალ მასწავლებელს; უთხარით, რომ სკოლაში წასვლის პირველ დღეს ყველა ბავშვი ნერვიულობს და ეს ბუნებრივია, მაგრამ თუ რაიმე პრობლემა შეექმნება, თქვენ და მასწავლებელი დაეხმარებით მის მოგვარებაში.
ამრიგად, როდესაც შეიკვრება წრე სკოლა-მასწავლებელი-მშობელი-მოსწავლე და ყოველი მათგანი პასუხისმგებლობითა და თანამშრომლობით მოეკიდება თავის მოვალეობას, შედეგად მივიღებთ იმას, რომ ბავშვი, ყოველგვარი სირთულეების გარეშე მოახდენს სკოლასთან ადაპტაციას და თავისუფლად მოერგება სასკოლო ცხოვრებას.
რეკომენდაციები სკოლას, მასწავლებლებსა და მშობლებს პირველკლასელთა სკოლასთან ადაპტაციისთვის
♦ საზეიმო დახვედრა. სკოლის გარემოს მორთვა-გაფორმება სასიამოვნო შთაბეჭდილებას შეუქმნის პირველკლასელებს, რაც დადებითად აისახება სკოლასთან ადვილად შეგუებაზე;
♦ თუ დაინერგება პრაქტიკა, რომ ზაფხულში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, მოეწყოს ექსკურსია სასკოლო გარემოსა და მასწავლებლების გასაცნობად, ამითაც დავეხმარებით პირველკლასელებს სკოლასთან ადაპტაციაში;
♦ მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებით აღჭურვილი სკოლა ხელს შეუწყობს მასწავლებელს საინტერესო გაკვეთილების ჩატარებაში, რითაც გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ინტერესი სკოლისადმი;
♦ პირველი კლასის დამრიგებლის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სკოლასთან ადაპტაციისთვის;
♦ დაწყებითი კლასის მასწავლებელი უნდა ფლობდეს საკმარის ცოდნას, რომ ზუსტად ამოიცნოს პირველკლასელთა სკოლასთან წარმატებით ადაპტაციისა და დეზადაპტაციის ნიშნები;
♦ მასწავლებელმა, პირველ რიგში, პრობლემის სწორად იდენტიფიცირება უნდა შეძლოს, შემდეგ გამოიკვლიოს გამომწვევი მიზეზები და თითოეულის გაუმჯობესებაზე იმუშაოს;
♦ მასწავლებლის მიერ პრობლემური საკითხის დეტალურად შესწავლა-გაანალიზება სწორად დაგეგმილი ინტერვენციების ერთ-ერთი წინაპირობაა;
♦ მასწავლებელი მუდმივად უნდა ეცნობოდეს შესაბამის ლიტერატურას, რომელსაც ბავშვებთან ურთიერთობაში გამოიყენებს. პრობლემურ საკითხებზე ლიტერატურის გაცნობა, კოლეგებისთვის მისი გაზიარება, მსჯელობა, მასწავლებელს დიდ ცოდნასა და გამოცდილებას აძლევს, მიღებული ინფორმაცია ეფექტურად გამოიყენოს სასწავლო პროცესში;
♦ თამაშის ელემენტების გამოყენება დაწყებით კლასებში ყოველთვის სასურველ შედეგს იძლევა;
♦ მშობელთათვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება, მათთან თანამშრომლობა, დადებითად აისახება მოსწავლეთა შედეგებზე;
♦ მშობლის მხრიდან მოსწავლის ფსიქოლოგიური მომზადება და სასკოლო მზაობის ხელშეწყობა პირველკლასელ მოსწავლეს სკოლასთან ადვილად ადაპტაციაში დაეხმარება;
♦ მშობლის მზაობა და აქტიური თანამშრომლობა მასწავლებელთან, წარმოქმნილი პრობლემის სწორად გადაჭრის წინაპირობაა.
ბელა სულაშვილი
ქ. დედოფლისწყაროს ¹1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი
გამოყენებული ლიტერატურა: