განათლების კოალიცია, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წარმატებით განხორციელების შემდეგ, კიდევ ერთ მნიშვნელოვან კონკურსს იწყებს, ამჯერად, დირექტორებისთვის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად.
„სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის“ მთავარი მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი საზოგადოებისათვის გაცნობა; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.efageorgia.ge – უკვე დაიწყო და 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. სამეტაპიანი კონკურსის პირობები საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება – გრანპრის მფლობელ დირექტორს, პრიზის სახით, 5000 ლარი გადაეცემა, ხოლო სკოლას სპეცპროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი; სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს კი, პრიზის სახით – 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი 25 000 ლარს შეადგენს და თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კონკურსის საბჭო/ჟიური მიიღებს.
კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 16 კვალიფიციური წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. ესენი არიან: განათლებისა და მართვის სპეციალისტები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
კონკურსის პირველ ეტაპზე, აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის ფინალისტები გამოვლინდებიან, ხოლო მესამე ეტაპზე – 2020 წლის 25 მაისს, სამი გამარჯვებული სკოლა დასახელდება.
კონკურსის მთავარი პარტნიორი უცვლელია – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, სხვა მხარდამჭერები კი, „თიბისი“, ტელეკომპანია „იმედი“, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media“ არიან.
რატომ გადაწყვიტა კოალიციამ „სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის“ დაარსება? – ამის შესახებ კოალიციის დირექტორი გიორგი ჭანტურია ამბობს, რომ „ზოგადი განათლების სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს სკოლის დირექტორები წარმოადგენენ. სწორედ ისინი განაპირობებენ და პირდაპირი გავლენა აქვთ როგორც მასწავლებლის შრომის ნაყოფიერებაზე, ასევე მოსწავლეთა შედეგებზე. შესაბამისად, მათი გაძლიერება და კარგი პრაქტიკების გავრცელება მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების განვითარებისთვის.
ზოგადად გვინდა დავამკვიდროთ ტერმინი, რომ სკოლის დირექტორი, პირველ რიგში, „საგანმანათლებლო ლიდერია“. სკოლის განვითარება კი შეუძლებელია კარგი მასწავლებლის და საგანმანათლებლო ლიდერის გარეშე. როგორც ეროვნული ჯილდოს შემთხვევაში, ისევე ვაპირებთ, შევაფასოთ, გამოვარჩიოთ და გარკვეულწილად დავაფასოთ გამარჯვებული კონკურსანტები. თუმცა, ვფიქრობ, მიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ, კონკურსის დასრულებით, არ ვწყვეტთ მათთან ურთიერთობას. დაგეგმილი გვაქვს, გავაგრძელოთ ამ სკოლებთან თანამშრომლობა – ვეცდებით, კარგი პრაქტიკები სისტემაში გავავრცელოთ. თანამშრომლობას გავაგრძელებთ არა მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ და გამარჯვებულ სკოლასებთან, არამედ, შეძლებისდაგვარად, ვეცდებით კონკურსის მონაწილე ყველა სკოლასთან ვითანამშრომლოთ. თუმცა, უფრო ინტენსიურ ურთიერთობას მაინც გასაუბრების შედეგად, მეორე ეტაპზე გადასულ და გამარჯვებულ სკოლებთან ვგეგმავთ. რამდენი სკოლა გადავა მეორე ეტაპზე, ჯერჯერობით, არ ვიცით, რადგან კონკრეტული კვოტა არ შეგვირჩევია, ეს დამოკიდებული იქნება განაცხადების რაოდენობაზე – რამდენი სკოლა ჩაერთვება კონკურსში.“
კონკურსანტები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმებთ: ისტორია და მოტივაცია; სკოლის მართვა და განვითარება; სწავლა-სწავლების ხარისხის განვითარება; ინკლუზიური და პოზიტიური სასკოლო კლიმატის განვითარება; რესურსების განვითარება და მოზიდვა. კოალიციის დირექტორი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ, როგორ აღიქვამს დირექტორი სკოლის კონტექსტს, როგორ ხდება სტრატეგიული დაგეგმარება, ჩართული არიან თუ არა მართვის პროცესში სხვადასხვა ჯგუფები; კომპლექსურად როგორ აფასებს დირექტორი მის მიერ გაწეულ საქმიანობას სკოლაში, როგორ წარმოაჩენს სკოლის გამოწვევებს – სუსტ და ძლიერ მხარეებს; როგორია დირექტორის ხედვა სკოლისთვის დამატებითი რესურსების მოზიდვის მიმართულებით. შეფასებისას ჟიური იმასაც მიაქცევს ყურადღებას, გამარჯვების შემთხვევაში, როგორ აპირებს სკოლა საპრიზო ფონდის გამოყენებას. რაც შეეხება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს, ცხადია, ყურადღება მიექცევა, თუმცა, შერჩევისას, ეს არ იქნება ერთადერთი და გადამწყვეტი კრიტერიუმი. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება მოტივაციაც, რატომ შემოდის კონკრეტული აპლიკანტი კონკურსში.
ჩამოთვლილი კრიტერიუმების მიხედვით, საბჭო სკოლებს კომპლექსურად შეაფასებს, მეორე ეტაპზე გადასასვლელად შერჩეული ჯგუფის წევრებთან ჩატარდება გასაუბრება, მოეწყობა ვორქშოფები კონკრეტული სკოლის თემატიკის მიმართულებით. პროცესში საერთაშორისო ექსპერტიც ჩაერთვება, თუმცა, მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება.
ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათია ანდღულაძე ამბობს, რომ პროექტი წინ წამოწევს სკოლაში წარმატებული საქმიანობის შესახებ მსჯელობას. „დაგვეხმარება სისტემის დონეზე დავაყენოთ, რა არის წარმატებული სკოლა და კარგი დირექტორი, ხელს შეუწყობს შესაძლებლობის შექმნას, რომ ამ საკითხზე მსჯელობა უფრო განვითარდეს.“
როგორი უნდა იყოს წარმატებული სკოლა და საგანმანათლებლო ლიდერი? ჟიურის წევრი მიიჩნევს, რომ: „ბევრი კვლევა არსებობს და ბევრ ქვეყანას აქვს ჩამოყალიბებული, რა არის კარგი სკოლის სტანდარტი. ჩვენ, ჯერჯერობით, ამ მიმართლებით ცოტა გვიჭირს, სისტემაში ბევრი ხელშემშლელი მექანიზმია, რომ სკოლა კონცენტრირდეს ყველაზე მნიშვნელოვანზე – ბავშვის კეთილდღეობაზე, სწავლა სწავლების ხარისხსა და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე. სამწუხაროდ, სხვა რამეზეა აქცენტი გადატანილი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლის, როგორც მთლიანი ორგანიზაციის და არა ერთეული პედაგოგების, არამედ უმრავლესობის ძალისხმევა მიმართული იყოს უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. სკოლას უნდა შეეძლოს იმის წარმოჩენა, რომ კონკრეტული მიმართულებით ის საუკეთესოა. თუნდაც იმით, რომ სიახლეს ნერგავს და მერე ავითარებს ამ სიახლეს. ეს შეიძლება ეხებოდეს ბავშვების ქცევას, სპორტულ საქმიანობას – მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ან ნებისმიერ მიმართულებას, რომელიც ეროვნულ მიზნებს უკავშირდება. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები რაღაცნაირად უნდა დავაკავშიროთ სკოლის საქმიანობასთან. დირექტორი მხოლოდ იმაზე კი არ უნდა იყოს კონცენტრირებული, რომ რაიმე ტიპის იურიდიული ან ტექნიკური (ბიუროკრატიული) შეცდომა არ გაეპაროს, არამედ მაქსიმალურად ორიენტირებული – ყოველდღიურად როგორ დაეხმაროს მასწავლებელს. მთლიანობაში კი, სკოლის კოლექტივი საერთო იდეების გარშემო უნდა გაერთიანდეს, იდეების, რომელიც მკაფიოდ უკავშირდება ბავშვის კეთილდღეობას.
პროექტის ფარგლებში შემუშავებული შეფასების კრიტერიუმები, ვფიქრობ, სწორედ ასეთ მიზნებს უკავშირდება. შემდეგ კრიტერიუმებს თანდათან განვავითარებთ და შევქმნით საფუძველს, რომ უფრო მასშტაბურად დაინერგოს. შეიქმნება მინი-მოდელი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მთლიანობაში გადავხედოთ სკოლის ანგარიშვალდებულების სისტემას, დირექტორის შერჩევა/დაწინაურებას და ა.შ.“
პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ კონკურსი საუკეთესო პრეცედენტს შექმნის ისევე, როგორც ეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შემთხვევაში მოხდა. რაც შეეხება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩართულობას, ამბობს, რომ მსგავსი ტიპის სკოლის საგანმანათლებლო პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის, რადგან უნივერსიტეტის წარმატება როგორც სწავლებაში, ისე კვლევაში უშუალოდ სასკოლო სივრცესთანაა მიბმული.
„განათლების კოალიციის და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ წამოწყებულ ორივე მნიშვნელოვან პროექტში დიდი ინტერესით ვართ ჩართული. პირველი კონკურსი მიზნად ისახავს მასწავლებლის, როგორც ღირებულების, შეფასებასა და დაფასებას ჩვენს ქვეყანაში. გარკვეულ პოპულარიზებას უწევს, რომ ბევრი კარგი სპეციალისტი წავიდეს სკოლაში. რაც შეეხება სკოლის ლიდერების კონკურსს, ეს არის ახალი სივრცის შექმნა და ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ექსპერტული ცოდნით თუ გამოცდილებით. ჩვენთვის ეს ერთგვარი გარანტი იქნება, რომ სწავლებისა და კვლევის დონეზე მოვახერხოთ ხარისხის აწევა, იმიტომ, რომ ამ ორ სისტემას შორის წყვეტა არ არსებობს. უფრო მეტიც, თაობებსა და ამ სისტემებს შორის უწყვეტი მემკვიდრეობითი კავშირი უნდა იყოს. თანამშრომლობისთვის ყოველთვის მზად ვართ. რაც მთავარია, კონკურსი შექმნის პრეცედენტებს ისევე, როგორც მასწავლებლის ჯილდოს შემთხვევაში მოხდა – რომ ჩვენ გვერდით, ერთი პატარა სოფლის სკოლაში ასწავლის X ლადო აფხაზავა და Y გიორგი ჭაუჭიძე ან ნებისმიერი სხვა, რომელსაც შეუძლია ადგილზე შეცვალოს გარემო, თითქმის მოუმზადებელი წინაპირობის გარეშე. ეს ყველა მასწავლებლისთვის არის დიდი იმედი და გამოწვევა, ყველა სკოლა და კლასი იმსახურებს სწორედ ისეთ მასწავლებელს, რომელიც შეუძლებელს შეძლებს.“
„სკოლის ლიდერობის ეროვნულმა კონკურსმა“ სტარტი აიღო და რეგისტრაცია გამოცხადდა, თუმცა, იქცევა თუ არა ის ტრადიციულ ყოველწლიურ კონკურსად, მაინც იმაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის წლევანდელი, ანუ პირველი კონკურსი.
ლალი ჯელაძე