სიმონ ჯანაშია
განათლების სპეციალისტი
რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ პედაგოგები
პედაგოგების მნიშვნელოვან ნაწილს უჭირს საკუთარი სასწავლო პროცესის დაგეგმვა. ისინი მიჩვეული არიან გარკვეულ სტანდარტულ გზებს, ძირითადად, მიჰყვებიან სახელმძღვანელოებს. ხშირ შემთხვევაში, იმისთვის, რომ ასწავლონ, მათი პედაგოგიური გამოცდილება არის შეზღუდული. ამ შემთხვევაში, როდესაც დისტანციურად იწყებდნენ სწავლებას, პედაგოგებს მოუწიათ სრულიად ახალი ტექნოლოგიების, ახალი პედაგოგიური მიდგომების ათვისება, ახალი რეალობის გააზრება (მაგალითად, რას ნიშნავს ის, რომ მოსწავლე დააინტერესო ვირტუალურ გარემოში), რაც სრულიად სხვა რამ არის, განსხვავებით საკლასო გარემოსგან, იმიტომ რომ, იქ შეგიძლია აკონტროლო მოსწავლის ქცევა. მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს ტექნოლოგიების ათვისება იმიტომ გაუჭირდა, რომ კომპიუტერების გამოყენების გამოცდილება არ ჰქონდათ ისევე, როგორც იმ პროგრამების გამოყენების, რომლითაც ასწავლიან.
ასევე ძალიან რთულია დისტანციურად სწავლება იმის გამო, რომ ჩვეულებრივი სწავლებისას დარეგულირებულია ის დრო, როდესაც შენ მოსწავლეებთან გაქვს ურთიერთობა, ძირითადად, საკლასო ოთახში ურთიერთობა და შეიძლება სკოლის შემდგომაც რაღაც პერიოდები, მაგრამ დისტანციური სწავლების დროს ეს ურთიერთობა შეიძლება 24 საათის განმავლობაში გრძელდებოდეს. ფსიქოლოგიურად ესეც ცოტა რთულია და მასწავლებლებს გაუჭირდათ საკუთარი დროის დაგეგმვა.
რამდენად მზად აღმოჩნდა განათლების სამინისტრო ახალი გამოწვევების პირისპირ
პანდემია მოულოდნელი იყო სამინისტროსთვის და ის რესურსები, რაც მანამდეც ჰქონდათ შესყიდული, მაგალითად microsoft-პროგრამები, ისიც მაინცდამაინც არ გამოიყენებოდა ჩვეულებრივ პირობებში, თან ძალიან სწრაფად მოუწიათ ამ პროგრამების გავრცელება მასწავლებლებში. წარმოიდგინეთ, 60 000 მასწავლებელზეა საუბარი და მოსწავლეებზე (მოსწავლეების რაოდენობა გაცილებიც დიდია, ალბათ, ნახევარ მილიონამდე). ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ძნელია იმის უზრუნველყოფა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებებს ყველა მოსწავლე იკმაყოფილებდეს. სახელმწიფომ, პრინციპში, გარკვეულწილად, სწრაფად იმუშავა დასაწყისში, მაგრამ გაცილებით მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი თუნდაც იმ მხრივ, რომ, მაგალითად, სკოლის დირექტორებისთვის მიეცათ უფრო მკაფიო რეკომენდაციები როგორ შეიძლებოდა დისტანციური სწავლების პროცესის აწყობა, მიეწოდებინათ მოდელები როგორ შეიძლება დისტანციურად ასწავლო კონკრეტული საგანი, ასევე რეკომენდაციები როგორ დაეხმარებოდნენ მოსწავლეებს, როდესაც მათ არ ჰქონდათ აღჭურვილობა, ვიღაცასთან ინტერნეტი არ მუშაობდა წესიერად და ა.შ.
დამატებითი ხარჯი
მოსწავლეები და სტუდენტები ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ პანდემიის დაწყების შემდეგ იმიტომ, რომ მათ ახალი ხარჯების გაღება მოუწიათ, მოსწავლეების შემთხვევაში, მშობლებს მოუწიათ დამატებითი ხარჯის გაწევა იმისთვის, რომ შვილს შესაძლებლობა ჰქონოდა დისტანციურად გაევლო სასკოლო თუ საუნივერსიტეტო კურსები. ბევრ ოჯახს დასჭირდა ახალი კომპიუტერის ყიდვა, ზოგს — ინტერნეტის სიჩქარის გაზრდა, ზოგს — დაყენება, ზოგს — ტელეფონის ყიდვა და ა.შ. ნაწილს ამის შესაძლებლობაც არ ჰქონდა.
სტუდენტების პრობლემები კიდევ სხვა იყო, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქირაობს ბინას სხვა ქალაქში ან ცხოვრობს არა იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა. ეს ცალკე პრობლემა იყო. მათ მოუწიათ სახლებში დაბრუნება იმისთვის, რომ შეემცირებინათ ხარჯი და ამან ისიც გამოიწვია, რომ მოხვდნენ ისეთ ადგილას (ზოგ შემთხვევაში — სოფლებში, პატარა ქალაქებში), სადაც ინტერნეტის პრობლემებია, რამაც კიდევ უფრო გაურთულა სწავლა. მაგრამ ძირითადი პრობლემა მაინც ის იყო, რომ მათ მასწავლებლებსა და პროფესორებს არ ჰქონდა დისტანციურად სწავლების გამოცდილება, ამიტომ განათლება, რომელსაც ისინი ამ პერიოდში იღებდნენ, შეიძლება სულაც არ იყო საუკეთესო ხარისხის.
მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარება შეიძლებოდა, მაგრამ სახელმწიფომ ვერ მოაგვარა
სახელმწიფომ ჩათვალა, რომ ის არის ერთადერთი ძალა და ერთადერთი მოთამაშე ამ პირობებში და შეეცადა, მხოლოდ საკუთარი ძალებით მოეგვარებინა მასწავლებლის პრობლემები. ეს, ჩემი აზრით, შეცდომაა. სახელმწიფოს შეეძლო ფართო მობილიზაცია გამოეცხადებინა, მაგალითად, ჩაერთო სტუდენტები, უნივერსიტეტების პროფესორები, სატრენინგო ორგანიზაციები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობენ დისტანციურ განათლებაზე, უნდა შეეკრიბა ყველა, ვისაც შეეძლო სკოლების დახმარება. ეს ერთი და მეორე, რაც, ჩემი აზრით, უკეთესად უნდა გაკეთებულუყო, უნდა გამოვლენილიყო ყველა ის ბავშვი, ვისაც ჩართვის პრობლემა ჰქონდა და მათ უნდა დახმარებოდა სახელმწიფო, თუნდაც აღჭურვილობის თხოვებით ან შეიძლება ჩუქებითაც კი. ასევე, სახელმწიფოს შეეძლო მნიშვნელოვნად გაეფართოებინა ინტერნეტის ქსელი იმიტომ, რომ ეს აბსოლუტურად აუცილებელი პირობა იყო იმისათვის, რომ მოსწავლეებს დისტანციურად ესწავლათ გამართულად, თორემ, ცხადია, დისტანციურად შეიძლება ინტერნეტის გარეშეც ისწავლო. მე მგონია, რომ ეს საკითხები სახელმწიფომ ვერ გადაჭრა.
გარდა იმისა, რომ მასწავლებლებს უნდა ჰქონოდათ მკაფიო სცენარები, როგორ მუშაობენ მოსწავლეებთან, მაგალითად, როგორ მუშაობს მასწავლებელი, ტელესკოლის გამოყენებით, მოსწავლეებთან — რა დავალებებს აძლევს, მერე როგორ ამოწმებს ამ დავალებას, მასწავლებლებისთვისაც უნდა ეთხოვათ, რომ კოლეგებისთვის საკუთარი გამოცდილება გაეზიარებინათ. ეს იქნებოდა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი.
გარდა ამისა, სახელმწიფომ ბევრი დრო დაკარგა ახალი სასწავლო წლის ეფექტურად დასაგეგმად. რეალურად სახელმწიფოს, მთელი ამ თვების განმავლობაში, როდესაც სკოლები დახურული იყო, შექმნილი ვითარება უნდა გამოეყენებინა სკოლების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესებისთვის. მაგალითად, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესაბამისად ტუალეტების მოსაწყობად, წყლის გაყვანილობის გასამართად და სხვ. ეს საუკეთესო დრო იყო ამის გასაკეთებლად. სკოლები, ზაფხულში, მხოლოდ ორი თვით არის ხოლმე დახურული და სახელმწიფო ხშირად ვერ ასწრებს მათ რეაბილიტაციას, მაგრამ როდესაც მარტიდან სექტემბრამდეა სკოლები დახურული და სახელმწიფო პრაქტიკულად არაფერს აკეთებს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, ჩემი აზრით, ეს შეცდომაა.
როგორია სამინისტროსა და პედაგოგების მზაობა 2020-2021 სასწავლო წლისთვის
მთავარი გამოწვევა ახლა უსაფრთხოებაა, სახელმწიფომ უნდა შეძლოს მოსწავლეების მაქსიმალურად დაცვა ინფექციის გავრცელებისგან, ასევე უნდა დაიცვას საზოგადოება, სკოლა არ უნდა გახდეს ინფექციის გავრცელების წყარო. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დაეხმაროს სკოლებს, ეს არის პირველადი ამოცანა, მაგალითად, იმით, რომ სკოლებს ჰქონდეთ საკმარისი რესურსები დეზინფექციისთვის, იყოს მოწყობილი ტუალეტები, იყოს სასმელი წყალი, დაატრენინგოს მასწავლებლები როგორ მოიქცნენ.
სახელმწიფო უნდა დაეხმაროს სკოლებს იმაშიც, რომ მათ ჰქონდეთ ბერკეტები, როგორ იურთიერთონ მშობლებთან იმიტომ, რომ მშობლების მნიშვნელოვან ნაწილს, და მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილსაც, საერთოდ არ სჯერა, რომ რაიმე საფრთხე არსებობს და მოსწავლეები ამ საფრთხის წინაშე არიან. მნიშვნელოვანია, მშობლების დარწმუნება, რომ სახუმარო და სათამაშო ვითარება არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა სერიოზულად მიუდგეს ამას.
პარალელურად, სახელმწიფო უნდა ემზადოს იმ ვითარებისთვისაც, როდესაც ისევ შეიძლება დაიკეტოს სკოლები იმიტომ, რომ ჩვენ დავინახეთ, ევროპაშიც და ამერიკაშიც, სკოლების გახსნას შეიძლება სერიოზული უკუეფექტი ჰქონდეს. ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. იქ სკოლები იკეტება ხელახლა და ასეთ პირობებში სახელმწიფომ უნდა სცადოს, მაქსიმალურად გააუმჯობესოს, ერთი მხრივ — ინფრასტრუქტურა, მეორე მხრივ — მასწავლებელს ჰქონდეს ყველა ის შესაძლებლობა, რომ სათანადოდ დაგეგმოს სასწავლო პროცესი და ცხადია, აუცილებლად უნდა მოხდეს მოსწავლეების გამოვლენა (იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც 2019-2020 სასწავლო წლიდან გვქონდა) იმისთვის, რომ ყოველ კონკრეტულ მოსწავლეს დაეხმაროს სახელმწიფო, ან ადგილობრივი ხელისუფლება, ან სკოლა, ან სახელმწიფო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად.
როგორ უნდა მოიქცეს სახელმწიფო ჩაკეტვის შემთხვევაში
დაეხმაროს სკოლებს რეგულაციების შერბილებაში ან განსაზღვრაში იმისთვის, რომ სკოლებმა საკუთარი აღჭურვილობა, რაც მათ აქვთ, მაგალითად, სკოლაში არსებული კომპიუტერები მაქსიმალურად გამოიყენონ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.
უნივერსიტეტების შემთხვევაში, სახელმწიფოს, ასევე, შეუძლია დაეხმაროს სტუდენტებს იმით, რომ, მაგალითად, უფასო ინტერნეტის გაფართოება მოხდეს ქალაქებში ან სტუდენტებისთვის მობილური პაკეტების სუბსიდირება, სპეციალურად, იმ მიზნით, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები ხარჯი ჰქონდეთ. ასევე, უნდა შეეცადოს, რომ უნივერსიტეტებს ჰქონდეთ მაქსიმალურად სწრაფი ინტერნეტი იმისთვის, რომ შეუფერხებლად აწარმოონ დისტაცნიური სწავლება და სხვ.