გაბრიელ გარსია მარკესი – „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“
ისმაილ კადარე – „გახლეჩილი აპრილი“
სიკვდილი შემზარავი გარდაუვალობაა, მაგრამ ასე არ ფიქრობ მაშინ, როცა საქმე ტრადიციებით განსაზღვრულ სიკვდილზე მიდგება, რადგან ეს უკანასკნელი მაგიური გრიგალივით გატყდება თავს და ჩვეულებრივი სიკვდილის უფერულობას შეგაგრძნობინებს.
თემის ანალიზისას, ვიდრე მსოფლიო ლიტერატურას გადახედავ აუცილებლად მოგაგონდება ვაჟა-ფშაველას პოემები: „სტუმარ-მასპინძელი“ და „ალუდა ქეთელაური“.
როცა ამ პოემებს კითხულობ, მცირე ასაკში, ჯერ კიდევ არაფერი იცი მსოფლიოს ხალხთა ტრადიციებისა და კაცობრიობის ლიტერატურული მემკვიდრეობის შესახებ, სადაც სიკვდილის წინასწარგანზრახული ქრონიკები ადამიანური გონიერების ყველა დონეს სცდება და შემზარავი სიცხადით ცოცხლდება მკითხველის თვალწინ.
სიკვდილით სახელის გადარჩენის ამბავი გაბრიელ გარსია მარკესის რომანის, „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“, მთავარი თემაა, სადაც პერსონაჟი, სანტიაგო ნასარი, შურისმაძიებელი ძმების, პედრო და პაბლო ვიკარიოების ხელით კვდება, სიკვდილის მიზეზი მხოლოდ ძმებმა და მკითხველმა იციან: დის შემარცხვენელი ვერ იცოცხლებს, ამას წესი მოითხოვს, რომელიც საუკუნეების მანძილზე ზეპირი კანონის ფორმას იღებს და მას ჰყავს მცველები და აღმასრულებლები, რომელთაც არ ძალუძთ განსჯა.
დაუწერელი კანონების მიმდევართა მოქმედება ელვისებური შინაგანი ვნებათაღელვით არის ნაკარნახევი: წართმეულს დაბრუნება უნდა, შელახულს – შურისძიება და პასუხი, ხოლო სიკვდილს მხოლოდ სიკვდილი თუ დაძლევს.
გასული საუკუნის ალბანურ ლიტერატურაში ერთი თავზარდამცემი რომანი დაიწერა, რომლის ავტორი ისმაილ კადარე გახლავთ. რომანს „გახლეჩილი (შეწყვეტილი) აპრილი“ ჰქვია და ალბანეთის მთის წეს-ტრადიციათა დაწერილი კანუნებისა (ასე ეწოდება კანონთა კრებულს, რომელიც ალბანეთის მთის ხალხთა ცხოვრებას განსჯის) და მის მიმდევართა მძიმე ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.
მთავარი პერსონაჟი ჯორჯ ბერიშაა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის აღების მოსურნე არ არის, იძულებამდე ოჯახსა და თემს მიჰყავს, რადგან კანუნის შემარცხვენელი თემში კაცად არ ითვლება.
ჯორჯმა ძმის სისხლი უნდა აიღოს, რომელიც უკვე წელიწად-ნახევარია ელოდება საპასუხო მსხვერპლს.
ცხოვრება სიკვდილთან ერთად, ალბათ ესაა მთავარი საკითხი, რომელსაც მთის კანუნი განუსაზღვრავს მთიელ ალბანელს და ცხოვრების ნაცრისფერ ბურუსში შეაგრძნობინებს, რას ნიშნავს, მოკვდე საკუთარი სიკვდილით, რადგან აქ საკუთარი სიკვდილით მხოლოდ მღვდლები და ქალები კვდებიან.
ამბავს, რომელიც რომანშია აღწერილი, ახალდაქორწინებული მწერალი ჰყვება, რომელმაც საქორწინო მოგზაურობა სწორედ ჩრდილოეთის ზეგანზე დაგეგმა და ცოლს, რომელსაც მანამდე გატაცემით უამბობდა სამშობლოს მთიანეთის უცნაურ ამბებს, ახლა ამ ტრადიციების სიდიადის შესაგრძნობად მთაში ამოგზაურებს.
ეტლიდან, რომლითაც წყვილი ზეგანზე მოგზაურობს, ლამაზი, მაგრამ პირქუში გარემო იშლება. ამ მოგზაურობას კიდევ უფრო შემზარავს არაერთი პასაჟი ხდის: ტრაქტირი, სადაც წყვილი კანუნთა კოდექსის განმმარტებელსა და მომრიგებელ-მოსამართლეს, ჯორჯ ბერიშას (მკვლელს, რომელმაც ძმის სისხლი აიღო და ახლა ამ სისხლის ბეგარა უნდა გადაიხადოს) და ამ მაგიური გარემოს არაერთ გმირს პირადად ეცნობა.
რომანში ერთ-ერთი საინტერესო სივრცე უფლისწულის კოშკია, სადაც ბიბლიოთეკა მთიელთა ყოფის წარუშლელ შთაბეჭდილებებს ინახავს. ეს ბიბლიოთეკა სავსეა წიგნებითა და ჟურნალებით, რომლებშიც სრული სიცხადითაა აღწერილი ყოველივე, რაც კანუნის კოდექსს უკავშირდება და მოიცავს ეპოქას ამ კოდექსის დაწერის დღიდან. სასახლის მეპატრონესა და ბიბლიოთეკარს ყველას გაცნობა სურთ, ვინც კოდექსს იკვლევს და თუნდაც ერთი სტატია ოდესმე დაუწერია. რომანის მთხრობელი პერსონაჟიც ამ მხარეში სწორედ მათი მიწვევით ხვდება, რადგან რაღაც დაწერა, მაგრამ, როგორც უფლისწულის სასახლის მფლობელი ფიქრობს, კაცი ზუსტად ვერ გაიგებს, მოსწონს თუ გმობს მთის ადათ-წესების არსებობას.
მიწვევა, მასპინძლის აზრით, მის განზრახვებს ნათელს მოჰფენს.
გზადაგზა შეგროვებული შთაბეჭდილებების ანალიზისთვის, დიანას (მწერლის ცოლის) ემოციური მდგომარეობა მკითხველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
ადრე (მოგზაურობამდე) ის მომავალი ქმრისგან ისმენდა ამ დაუჯერებელ ისტორიებს, და, ალბათ, გულის სიღრმეში ამბები ქმრის უშრეტი ფანტაზიის შედეგი ეგონა, მაგრამ მოგზაურობის შემდეგ ვხედავთ მორალურად განადგურებულ ქალს, რომელსაც სასიკვდილოდ განწირული ჯორჯ ბერიშა უფრო ხშირად უდგას თვალწინ, ვიდრე კაცი, რომელიც გაცნობის შემდეგ მის გონებაში წუთითაც არ გაუფერულებულა, მაგრამ ახლა მის მიმართ აუხსნელი სიბრაზე ეუფლება.
ჯორჯ ბერიშას აპრილი სიკვდილით წყდება. მისი გვარისთვის კი დრო ჩერდება, რადგან ის ბერიშების უკანასკნელი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც გვარისთვის მომავალი უნდა ეჩუქებინა.
ლიტერატურა განსჯის საგნად არასოდეს აქცევს თემას, რომელიც ფიქრს არ აღძრავს, განჭვრეტასა და ანალიზს არ მოითხოვს. უცნაური და, ზოგჯერ, სრულიად დაუჯერებელი თემების მიღმა ჩნდება კითხვები, რომლებსაც პასუხები მკითხველებმა უნდა გასცენ.
როგორ აღიქმება წარსული, ტრადიციები და წინაპართა მემკვიდრეობა იმაზეა დამოკიდებული, რა ფორმით ხვდება ის საისტორიო წყაროებსა და ლიტერატურაში. ის, რასაც გაბრიელ გარსია მარკესი აღწერს, მაგიური რეალიზმის ჟანრული მახასიათებლებით არის ნასაზრდოები, თუმცა, მკითხველმა იცის, რომ მისი ლიტერატურის შთამაგონებელი ის გარემოა, რომელშიც დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობდა ნობელის პრემიის ლაურეატი მწერალი, მაგრამ რას აღწერს ნობელის პრემიაზე არაერთხელ ნომინირებული ალბანელი რომანისტი ისმაილ კადარე? კადარე, თუ მას ჟანრობრივად მაგიური რეალიზმის წარმომადგენლად გავიაზრებთ, აღწერს რეალობას, რომელშიც არის მაგია, რომელიც თუ საკუთარი თვალით არ გიხილავს, დაუჯერებელი და წარმოუდგენელია.
გამოცხადებული სიკვდილის ნამდვილი ქრონიკები, საუკუნოვანი წიგნი რომ ინახავს და აჩრდიელებად ქცეული ადამიანების სამშობლო – მთის ალბანეთი, რომელიც კანუნთა კრებულში იმედის ნაპერკლად წარმოაჩენს იმ გზებსა და ადგილებს, სადაც მკვლელობა დაუშვებელია. თუ ამ გზებს შურისძიების სამიზნე კაცი თავს აარიდებს, არ მოკვდება. ჯორჯ ბერიშამ ეს კარგად იცის, მაგრამ როცა უკანასკნელი 30 დღის მანძილზე საკუთარ ცხოვრებას გადახედავს, ალბათ ხვდება, რომ იმ უცხო ქალის (დიანას) კიდევ ერთხელ დანახვა სიკვდილის წინ ყველაზე ლამაზი თავგადასავალი იქნება, რაც ამ შავ-ბნელ ცხოვრებაში ნატვრად ჰქონია, ამიტომ კოდექსის მიღმა დარჩენილ გზაზე განზრახ გადადის.
ქეთევან გარაყანიძე
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი