ლელა წიკლაური
სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის მასწავლებელი
მე ვარ ლელა წიკლაური, ქართული ენის მასწავლებელი. 2009 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანში, სპეციალური სახელმწიფო პროგრამით წავედი და, დღემდე, ჩემს აზერბაიჯანელ მოსწავლეებს სახელწიფო ენას ვასწავლი. გულწრფელად რომ ვთქვა, მუშაობის დაწყება არ იყო მარტივი, პროგრამის დასაწყისში და შემდეგაც, ბევრი გამოწვევისა და სირთულის წინაშე დავდექი, მაგრამ ჩემი მოსწავლეების, ადგილობრივი თემისა და კოლექტივის დახმარებით შევძელი სირთულეების გადალახვა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, არასოდეს მიფიქრია იმ საქმისთვის თავის დანებებაზე, რაც ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ბოლნისში ჩასვლისთანავე გავაცნობიერე, რომ მათთვის მხოლოდ ქართულის ენის მასწავლებელი არ ვიყავი. გავიაზრე ისიც, რომ ჩემთვის სრულიად უცხო რეალობაში აღმოვჩნდი. საინტერესო განცდაა, როდესაც აღმოაჩენ, რომ თბილისიდან, სულ რაღაც, 60 კილომეტრში არის რეგიონი, სადაც არათუ სახელმწიფო ენას ვერ ფლობენ, ქართულენოვან მოსახლეობასთან ინტეგრაციაც ძალიან დაბალია. მივხვდი, რომ იმაზე დიდი როლი მეკისრებოდა, ვიდრე დასაწყისში წარმომედგინა – ვიყავი და ახლაც ვარ ერთგვარი ხიდი ქართულენოვან საზოგადოებასთან. ქართული ენის სწავლების პარალელურად, მათ ქართულ კულტურასა და ტრადიციას ვაცნობ, ვაწვდი ინფორმაციას იმ ქვეყნის შესახებ, რომლის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან და რომლის შესახებაც ძალიან მწირ ინფორმაციას ფლობენ. დღესდღეობით, სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასთან ერთად, ჩემი ყველაზე დიდი მონაპოვარია ის ნდობა და ერთგულება, რაც ჩემს მოსწავლეებსა და თემს ჩემ მიმართ აქვთ. იმის გათვალისწინებით, რომ არც ინფრასტრუქტურა და არც რესურების მრავალფეროვნება გვიწყობს ხელს, ჩვენ ნელა, მაგრამ შედეგიანად მივიწევთ წინ.
2009 წლიდან დღემდე, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, ბევრი საჭირო და საინტერესო პროექტი განვახორციელე სკოლაში – ეკოლოგიაზე, ევროკავშირზე, დეზინფორმაციასა და მედიაწიგნიერებაზე. საგრანტო კონკურისის ფარგლებში, სკოლაში, ქართული ენის კაბინეტი და პატარა ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. 3 წლის განმავლობაში, ფუნქციონირებდა დებატ კლუბი ქართულ ენაზე. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ არაფორმალური განათლება მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლეთა ცოდნის დონისა და მოტივაციის ამაღლებას. პროექტების პარალელურად, ყოველწლიურად ვაწყობდით ექსკურსიებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
სამწუხაროდ, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, დღესაც, სახელწიფო ენის არცოდნა პრობლემად რჩება – ენის სრულყოფილად არცოდნა კი დიდ დაბრკოლებას უქმნის და აფერხებს მათ ინტეგრაციას ქართულენოვან მოსახლეობასთან. ამიტომაც, ქართულმა სახელმწიფომ, ქართული ენის მცოდნე კვალიფიციური მასწავლებლებით, სრულად უნდა დააკმაყოფილოს არაქართულენოვანი სკოლები. განათლების სამინიტრომ ამგვარი მიდგომა განათლების პოლიტიკის პრიორიტეტად უნდა აქციოს.