პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად, ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია მაინც გამართა, თუმცა — ონლაინ რეჟიმში. მიზანიც იგივეა, რაც წინა წლებში — გატარებული რეფორმების შედეგების სრული სურათის წარდგენა ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისთვის და იმ გამოწვევებისა თუ პრობლემების წამოწევა და განხილვა, რის დაძლევაც მოუწევს განათლების სისტემას ხარისხის განვითარების კუთხით.
წლევანდელი კონფერენცია, გარდა იმისა, რომ დისტანციურად მიმდინარეობდა სამი დღის განმავლობაში, გამორჩეული იმით იყო, რომ განსახილველ საკითხთა ნუსხაში პირველად შევიდა პროფესიული და ზოგადი განათლება (წინა სამი კონფერენცია უმაღლეს განათლებაში ხარისხის განვითარების საკითხებს ეძღვნებოდა), რაც, სხვა ფაქტორებთან ერთად, ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებამ განაპირობა. 2026 წლისათვის ყველა საჯარო სკოლამ ეტაპობრივად უნდა გაიაროს ავტორიზაცია (კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის ეს ვალდებულება 2010 წლიდან მოქმედებს). მთავარი გამოწვევაც სწორედ ესაა არა მარტო ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის, არამედ მთელი სისტემისთვის. განათლების მინისტრმა კონფერენციის გახსნისას, 2021 წელი ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში გარდატეხის წლად გამოაცხადა. პირველ რიგში, ეს სიმძიმე ხარისხის ეროვნულ ცენტრზე მოდის. მოსამზადებელ სამუშაოებზე რომ არაფერი ვთქვათ, საჯარო სკოლების ავტორიზაციის პროცესში ჩართვა 10-ჯერ მეტ ბენეფიციარს ნიშნავს ცენტრისთვის, რომელთა შეფასება და უკუკავშირი სწორედ მისი პრეროგატივაა.
რით დაიწყება ავტორიზაციისთვის მზადება ზოგად განათლებაში და რა ეტაპები იქნება გასავლელი ამ მიმართულებით, ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, კახაბერ ერაძის პასუხიდან ვიგებთ: „დიახ, ეს ნამდვილად პოლიტიკური ნებაა და არც ისე იოლად შესასრულებელი, რადგან ერთი წელი არც ისე დიდი დროა იმისთვის, რომ ხარისხის სისტემა მთლიანად გამართო და ფეხზე დააყენო, თუმცა კილომეტრის გავლა ხომ პირველი ნაბიჯით იწყება და ჩვენც ასე მოვიქცევით – უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება ცვლილებები კანონებში ზოგადი განათლებისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე ავტორიზაციის შესახებ დებულებაში. მიზანი ავტორიზაციის სტანდარტების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაა, ასევე აუცილებელი პირობაა, იგი მოერგოს „ახალი სკოლის მოდელს“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ინერგება ჩვენს სკოლებში. ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ფეხი უნდა აუწყოს ამ სიახლეს. მკითხველისთვის რომ ცხადი გახდეს, თუ რატომაა აუცილებელი არსებული სტანდარტების შეცვლა, მარტივად გეტყვით, იმიტომ რომ ძველი სტანდარტი საკმაოდ ხისტია. ის ერთნაირია 6-ბავშვიანი სკოლისთვის, რომელიმე სოფელში და 600-ბავშვიანი სკოლისთვის — ქალაქში. ახალ სტანდარტში აქცენტი უნდა გაკეთდეს სკოლის, როგორც სასწავლო დაწესებულების მისიაზე, უნდა გაჩნდეს არა მხოლოდ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შექმნილი, არამედ ალტერნატიული კურიკულუმები, სკოლებს, გაზრდილი ავტონომიურობის ფარგლებში, მეტი თავისუფლება მიეცემათ, შემოქმედებითად მიუდგნენ სასკოლო კურიკულუმების შედგენას და მათ განხორციელებას, რათა მაქსიმალურად წარმოჩინდეს კონკრეტული სკოლის უნიკალურობა.
მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება აქცენტის გადატანა სკოლის განვითარებაზე. სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მოქმედი ორდონიანი სისტემა — შეესაბამება, არ შეესაბამება — განვითარების კომპონენტს საერთოდ არ ითვალისწინებს. „არ შეესაბამება“ — განაჩენია, სკოლა კარგავს ავტორიზაციას. ახალი, ე.წ. შუალედური შეფასებები — ნაწილობრივ შეესაბამება ან მეტწილად შეესაბამება — საშუალებას აძლევს სასწავლო დაწესებულებას, გონივრულ ვადაში დაძლიოს ის ხარვეზი, რაც სტანდარტთან სრულ შესაბამისობამდე აკლია. გარდა ამისა, მეტი აქცენტი გაკეთდება პროგრამულ ნაწილზე, რადგან ავტორიზაცია მაინც ინსტიტუციური სტანდარტების შეფასება უფროა, ხოლო სასწავლო პროგრამა, თავისი არსით, ნაკლებად შეფასებადია ავტორიზაციის მოქმედი სტანდარტების პირობებში. შესაბამისად, ცალკე სტანდარტი დაეთმობა სასკოლო კურიკულუმს, მის ხარისხს და განხორციელებას. აქვე უნდა ითქვას კიდევ ერთი აუცილებლობის შესახებ, ვგულისხმობ ავტორიზაციის საბჭოების, როგორც შემფასებლების როლის გაძლიერებას. მას, ახალი კონცეფციის მიხედვით, მხოლოდ ვერდიქტი აღარ გამოაქვს — შეესაბამება ან არ შეესაბამება, არამედ შუალედური შეფასების პირობებში რეკომენდაციები უნდა მისცეს სკოლას, თუ რა და როგორ გამოასწოროს. განმავითარებელი კომპონენტის შეთავსება ზრდის საბჭოს როლსა და მანდატს; საჭირო იქნება ექსპერტთა კორპუსის ტრენინგიც, მათი გადამზადება ახალი ხედვებისა და მიდგომების შესაბამისად“.
უმნიშვნელო ცვლილებებს ნამდვილად ვერ უწოდებ იმას, რაზეც ბატონმა კახაბერმა ისაუბრა, ძალიან სერიოზული სამუშაო ელის ხარისხის განვითარების ცენტრს მათ განსახორციელებლად და დასანერგად. არანაკლებ მნიშვნელოვანია რამდენად ადეკვატურად აღიქვამენ ამ პროცესს თავად სკოლები და რამდენად სწორი, სათანადო რეაქცია იქნება მათი მხრიდან — სიახლის მიღებისათვის მზაობაც ხომ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია წარმატებისთვის, მით უმეტეს, რომ ხარისხის შიდა სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით მართლაც სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი.
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების თვალსაზრისით, კონფერენციაზე გაცილებით სრულყოფილად წარმოჩინდა პროფესიული განათლება. ჩვენ არა ერთი საგაზეთო სტატია მივუძღვენით აქ მიმდინარე რეფორმას, რომელთა შესახებაც ონლაინ კონფერენციიდან დეტალურად შეიტყვეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. გასული წელიც ძალიან პროდუქტიული იყო სისტემისთვის. მოკლედ ჩვენს მკითხველსაც შევახსენებთ რამდენიმე სიახლის შესახებ. შარშან, თებერვალში, ძალაში შევიდა ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და კოლეჯებს მოუწიათ მასთან შესაბამისობაში მოსვლა. მართალია, ამ პროცესს დაერთო პანდემია, მაგრამ სისტემამ მეტ-ნაკლები წარმატებით მაინც გაართვა თავი რეფორმის ამ მნიშვნელოვან ეტაპს; ამოქმედდა წინარე განათლების აღიარების მექანიზმები — რაც ვიცი, ხელახლა აღარ უნდა ვისწავლო — ანუ, შემოვიდა ფორმალური და არაფორმალური განათლების აღიარების რეგულაციები და დაიწყო მათი სისტემაში დანერგვა; ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო პროფესიული კრედიტების სისტემის დანერგვა (მანამდე უმაღლეს განათლებაში არსებული წესის ანალოგი მოქმედებდა, რაც ნაკლებად შეესაბამებოდა პროფესიული განათლების სპეციფიკას), რამაც ხელი უნდა შეუწყოს პროფესიული სტუდენტის მობილობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, 2-3-წლიანი საკვალიფიკაციო პროგრამების პარალელურად, სწრაფად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მეტად მორგებული და მოქნილი, პროფესიული მომზადება-გადამზადების სისტემის მასშტაბების ზრდა. როგორც სპეციალისტები ამბობენ, პოსტპანდემიური ეკონომიკის აღდგენაში ყველაზე დიდი როლი პროფესიულმა განათლებამ უნდა შეასრულოს. ამ ფონზე კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შეიძინა მომზადება-გადამზადების პროგრამების ფორმალიზებამ; კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც პროფესიულმა განათლებამ გაიარა, თვითშეფასების სისტემის დანერგვაა. ამ კომპონენტში იყო შემთხვევები, როცა პროფესიული სასწავლებლების თვითშეფასებასა და ექსპერტების შეფასებებს შორის აცდენები აღინიშნა. ამიტომ ბევრი რამ დასახვეწია. პირველ რიგში, ძალზე დაბალია ობიექტურობის ხარისხი, თუმცა, მაინც კარგი პრეცედენტია, რადგან იქმნება სრული სურათი იმისა, თუ რისი გამოსწორებაა საჭირო როგორც სისტემურ, ისე ინსტიტუციურ დონეზე. საბედნიეროდ, პროფესიულ განათლებას სოლიდური დონორული და მზარდი საბიუჯეტო მხარდაჭერა აქვს, მათ შორის გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის მხრიდან. უკვე ცნობილია მიმდინარე წლის აუცილებელი ინტერვენციები პროფესიულ განათლებაში ხარისხის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი პირველი, ეს არის ხარისხის შიდა უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების გაძლიერება.
თვითშეფასებამ აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ბევრი რამ კეთდება, მაგრამ არ არსებობს ამის დოკუმენტური დადასტურება. მნიშვნელოვანი მუშაობის გაწევა იქნება საჭირო იმისთვის, თუ როგორ გააკეთონ კოლეჯებმა საკუთარი მდგომარეობის სწორი და ობიექტური ანალიზი და მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით სამუშაო ისევ ბევრია, ბატონი კახაბერი, შეფასებისას, შეიძლება ითქვას, ლოიალურია, ამბობს, რომ „თვითშეფასების დიდი ტრადიციებისა და კულტურის ქვეყნებშიც კი, თვითშეფასებასა და გარე შეფასებას შორის აცდენები არის და ეს ნორმალურია. სხვათა შორის, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც გარე შეფასება უფრო მაღალი იყო, ვიდრე თვითშეფასება. ასე რომ, აცდენა, სავარაუდოდ, ყოველთვის გვექნება, მთავარია აცდენის მასშტაბები იყოს მინიმალური. თავისთავად, ამაში არაფერი ტრაგიკული არაა. მხარეები ხვდებიან ერთმანეთს (საბჭოს ან ცენტრის ფორმატში), განიხილავენ და შეჯერდებიან. ხარისხის უზრუნველყოფის მთავარი პრინციპიც ეს არის — თვითშეფასება პირველი ნაბიჯია, ამის გარეშე ხარისხზე ლაპარაკიც ზედმეტია. თვითშეფასების პროცესის პილოტირება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ცოტა მოგვიანებით, 2022 წელს, დაიწყება.“
ერთი წელი მართლაც არ არის დიდი დრო თვითშეფასებასთან მისასვლელად, მაგრამ როცა არსებობს გამოცდილება, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო, ერთი შეხედვით, ეს საქმეს აადვილებს. მეორე მხრივ, როცა სკოლებზეა საუბარი და 2000-ზე მეტი თვითშეფასება იქნება შესასწავლი, დღის წესრიგში დგება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის როლი — ელექტრონული თვითშეფასების მხარდაჭერა. „ვერანაირი ადამიანური რესურსი ვერ აუვა 2200 თვითშეფასების ანალიზსა და უკუკავშირის მიცემას. აუცილებელია ამ პროცესის გაციფრულება. ბევრ რამეში დაგვეხმარება კომპიუტერი, თუმცა ადამიანური ინტელექტი მაინც შეუცვლელია ხარისხის უზრუნველყოფის ნაწილში.
განსაკუთრებული სიახლე ელოდებათ პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებს. სულ მალე, ამოქმედდება მასწავლებლის პროფესიაში შესვლის და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა. ამჯერად, რამდენიმე მოდელი ან მათი ერთობლიობა განიხილება. პარალელურად, მუშავდება პროფესიული მასწავლებლის დაფინანსებისა და ანაზღაურების სქემა და მოდელი, რომელიც ერთიანი სისტემის ნაწილი იქნება. პროფესიული განათლების მასწავლებლობა იქნება სტატუსური, ძირითადი პოზიცია, როგორც კარიერული განვითარების შესაძლებლობის მქონე ისევე, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებლობაა. შესაბამისად, განისაზღვრება პროფესიაში შესვლის, პროფესიული განვითარებისა და ანაზღაურების სქემა და წესი. ანაზღაურება გაითვალისწინებს მასწავლებლის დამსახურებას, გამოცდილებას, მეტ პროფესიულ დაოსტატებას. ამ სიახლეებს საზოგადოება მიმდინარე წლის პირველ ნახევარშივე შეიტყობს.“ — აღნიშნა კახაბერ ერაძემ.
vvv
კონფერენციაში მონაწილეობდნენ, როგორც დამოუკიდებელი, ისე სხვადასხვა ინსტიტუციების წარმომადგენელი საერთაშორისო ექსპერტები. მათ გაიზიარეს ქართული მხარის ხედვები ახალ სტანდარტებთან და პროცედურებთან დაკავშირებით. ფასდაუდებელი იყო მათი რჩევები და რეკომენდაციები სტანდარტების შეცვლასა თუ სხვა პროცედურებთან მიმართებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათი მოსაზრებები პანდემიის პირობებში, ხარისხის უზრუნველყოფისათვის როგორც პროფესიული განათლების, ისე ზოგადი განათლების ნაწილში. „დავინახეთ, რომ ყველანი ექსპერიმენტირების რეჟიმში ვართ, არ არსებობს ყველასთვის მისაღები რაიმე საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, ისინიც ისევე ეძებენ გამოსავალს, როგორც ჩვენ და ეს მოსაზრებები გავუზიარეთ ერთმანეთს. მათთვის საინტერესო აღმოჩნდა და ჩვენთვის საამაყოა, რომ პროფესიულ სტანდარტებში მოვახდინეთ იმ შედეგების იდენტიფიცირება, რომელიც დისტანციური სწავლებისას შეიძლება განხორციელდეს, დისტანციურ შეფასებაზეც გვაქვს ჩვენი რეკომენდაციები.
პროფესიულ განათლებაში მიმდინარე პროცესებს მაღალი შეფასება მისცეს გერმანელმა კოლეგებმა. ესტონელმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს კრედიტების სისტემის შემოღება, რაც ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან სრული ჰარმონიზაციის საშუალებას იძლევა.
ზოგადი განათლების ნაწილში „ტელესკოლა“ აღიარეს წარმატებულ პროექტად და მაღალი შეფასება მისცეს ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით“ — აღნიშნა კახაბერ ერაძემ.
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე გავლენიანმა საერთაშორისო ინსტიტუციების წარმომადგენლებმა კონფერენცია წარმატებულად შეაფასეს. კახაბერ ერაძის მოკლე შეფასება კი ასეთია — „თითოეულმა ჩვენგანმა რეალისტურად დაინახა ყველა გამოწვევა, რაც წინ გველოდება. ასე რომ, არაფერი დასრულებულა, ვიცით რა უნდა ვაკეთოთ და ვაგრძელებთ მუშაობას“.