შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დაკვეთით ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი გამოსაშვები და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შეფასება იყო. მიუხედავად იმისა, რომ არსებული საგამოცდო მოდელის ამა თუ იმ ასპექტის შესახებ ცალკეული კვლევები ადრეც ჩატარებულა, აქამდე კომპლექსურად არ შეფასებულა, რამდენად მიაღწია ამ მოდელმა დასახულ მიზნებს და რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას ამჟამად სისტემა.
კვლევის შედეგები ერთ-ერთი წყაროა, რომელზე დაყრდნობითაც დაიგეგმა გამოცდების რეფორმა — გაუქმდა გამოსაშვები გამოცდები, სავალდებულო საგამოცდო საგანთა ნუსხიდან კი ზოგადი უნარების გამოცდა მოიხსნა.
კვლევის ანგარიშის წარდგენა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, 11 თებერვალს გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ისაუბრა იმაზე, თუ რამდენად მიაღწია არსებულმა საგამოცდო მოდელმა დასახულ მიზნებს.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი მიზანი, უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების პროცესში, კორუფციის აღმოფხვრა იყო. არაერთხელ დადასტურდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი კვლევებით და შეფასებებით, რომ ეს მიზანი მიღწეულია, ანუ 15 წლის წინ არსებული დიდი გამოწვევა დაძლეულია. კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დღეს შეცვლილია გარემოებები და კორუფციის ასეთი საფრთხეები, ზოგადადაც, აღარ არსებობს, გარემო შეცვლილია უნივერსიტეტებშიც.“ — ამბობს სოფო გორგოძე.
ეეგ-ს შემოღების მეორე უმთავრეს მიზნად ცენტრის ხელმძღვანელმა მერიტოკრატიული შერჩევა — საუკეთესო სტუდენტების შერჩევა — დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ: „აქვე ჩნდება კითხვა ვინ არის საუკეთესო, ის, ვინც კონკრეტულ გამოცდას კარგად აბარებს? ამ შეკითხვას პასუხს სცემს პრედიქტული ვალიდობის კვლევა. თუმცა, ვიდრე კვლევის შედეგებს გაგაცნობთ, ერთ-ერთ მიზანსაც ვახსენებ, რომელიც ზოგადი უნარების ტესტს ეხება. ამ ტესტის მიზანია უნივერსიტეტში სტუდენტების აკადემიური წარმატების პროგნოზირება (ეს ჩვენი ცენტრის ერთ-ერთ ანგარიშში ამოვიკითხეთ), მაგრამ ცენტრის მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის მონაცემები, რომელიც 2006-2007 წლის მონაცემებს დაეყრდნო, აჩვენებს, რომ სინამდვილეში ზოგადი უნარების ტესტი, სხვა საგნის ტესტებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად პროგნოზირებს სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას.“
რადგანაც ეეგ-ს უმთავრესი ფუნქცია უნივერსიტეტებისათვის სტუდენტების შერჩევაა, ბუნებრივია, საინტერესოა, რამდენად შეესაბამება ეეგ-ში მიღებული შედეგები სტუდენტთა შემდგომ აკადემიურ წარმატებებს (პრედიქტული ვალიდობა).
კვლევის ფარგლებში გაანალიზდა ილიას უნივერსიტეტის ოთხი სხვადასხვა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე — მეცნიერებები და ხელოვნება, სამართალი, ბიზნესი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო — 2015, 2016 და 2017 წლებში ჩარიცხული სტუდენტების მისაღებ გამოცდებზე მიღებული ქულები და მათი საშუალო აკადემიური მოსწრება უნივერსიტეტში სწავლის პირველი სემესტრის განმავლობაში.
როგორც ვხედავთ, ორი ტენდენცია გამოიკვეთა: ყველაზე დაბალი პრედიქტული ვალიდობა ზოგადი უნარების ტესტს აქვს, შემდგომ — უცხოურ ენას და ყველაზე მაღალი — ქართულ ენას; ასევე, ყველა ტესტს ყველაზე დაბალი პრედიქტული ვალიდობა აქვს მეცნიერებებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და ყველაზე მაღალი — საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და სამართლის ფაკულტეტების სტუდენტებისათვის. „ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ილიას უნივერსიტეტში, სამი წლის განმავლობაში, ბაკალავრიატში ჩარიცხული სტუდენტებისათვის მისაღები გამოცდების ქართული ენის ტესტი ყველაზე უკეთ განსაზღვრავს იმას, თუ როგორი აკადემიური მოსწრება ექნებათ მათ. 2015, 2016 და 2017 წლებისთვის, ცალ-ცალკე რომ გამოვთვალოთ კორელაციის კოეფიციენტები, იგივე ტენდენციები ნარჩუნდება. თუმცა ქართულ ენაში შედეგები ყველაზე კონსისტენტურია. ეს შედეგები მეტ-ნაკლებად შეესაბამება საერთაშორისო კვლევების შედეგებს, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს კი, სხვა კვლევებთან შედარებითაც კი, მაღალი პრედიქტული ვალიდობა აქვს.“ — ვკითხულობთ კვლევაში.
ეს შედეგები შესაბამისობაშია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2008 წელს ჩატარებულ პრედიქტული ვალიდობის კვლევასთან, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდა, 2006-2007 წლებში, სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტთა მონაცემები. ანალიზმა აჩვენა, რომ ეეგ-ზე, სავალდებულო საგნებში, ყველაზე მაღალი პრედიქტული ვალიდობა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტს აქვს, ყველაზე დაბალი კი — ზოგად უნარებს: სტუდენტთა პირველი და მეორე სემესტრის აკადემიურ მოსწრებასთან ქართულის ტესტის შედეგების კორელაციის კოეფიციენტი, თითქმის, სამჯერ აღემატება ზოგადი უნარების შედეგების მაჩვენებელს; უცხო ენებისა კი — დაახლოებით ორჯერ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ექსპერტთა განცხადებით, 2010 წელს, სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის შეცვლა — მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგის ნაცვლად, ოთხი გამოცდის შედეგის საფუძველზე გაცემა — ნაწილობრივ, სწორედ ზოგადი უნარების ტესტის დაბალი პრედიქტული ვალიდობით იყო განპირობებული.
თვისებრივი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ როგორც სტუდენტების, ასევე უნივერსიტეტების წარმომადგენლების აღქმაში ეეგ-ზე მიღებული ქულები, თითქმის, არანაირ კავშირში არ არის უნივერსიტეტში სწავლის დროს აკადემიურ მოსწრებასთან. უფრო მეტიც, ბევრი ფიქრობს, რომ თუკი აბიტურიენტი მაღალ ქულას და, შესაბამისად, გრანტს იღებს, შემდგომ კარგად სწავლის მოტივაციას კარგავს. უნივერტიტეტების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ იმ სტუდენტებსაც კი, რომლებსაც ასპროცენტიანი გრანტი აქვთ (შესაბამისად, ვისაც საუკეთესო ქულები აქვთ მიღებული ეეგ-ში), ხშირად უნივერსიტეტში სწავლისთვის საჭირო ელემენტარული უნარ-ჩვევები არ აქვთ, როგორიცაა: წაკითხულის შინაარსის გააზრება და მოკლედ გადმოცემა, მონაცემების მარტივი ანალიზი და ა.შ. მაგალითად, თავისუფალ უნივერსიტეტს, რომელიც ტრადიციულად ყველაზე მეტ მაღალქულიან სტუდენტს იღებს, სასწავლო წლის დასაწყისში, უწევს პირველკურსელებისათვის ზოგადი შესავალი კურსის ორგანიზება, რომელშიც ამ უნარ-ჩვევებს განუვითარებენ სტუდენტებს.
კიდევ ერთი მიზანი, რომელსაც ზოგადი უნარების გამოცდამ ვერ მიაღწია, რეპეტიტორების როლის შემცირებაა. კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ იმ მეთორმეტეკლასელებიდან, რომლებიც რეპეტიტორებთან ემზადებიან, 47% სამზე მეტ საგანში ემზადება. მშობლების 74% მიიჩნევს, რომ ზოგად უნარებში მომზადება საჭიროა.
„ერთ-ერთი არგუმენტი, რომელსაც რეფორმის კრიტიკისას ხშირად ვისმენთ, არის ის, რომ ზოგადი უნარების გამოცდისთვის მომზადება არავის არ უნდა სჭირდებოდეს, ამიტომ არის ყველაზე დემოკრატიული. მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ პირიქითაა, ყველაზე ხშირად სწორედ უნარებში ემზადებიან აბიტურიენტები. ფოკუს ჯგუფებში გამოიკვეთა, რომ უნარებში მომზადებას გაცილებით მეტი მშობელი მიიჩნევს მნიშვნელოვნად. რეპეტიტორთან სიარული გარდაუვალ აუცილებლობად აღიქმება და ყველაზე სავალალო ის არის, რომ რეპეტიტორობა სკოლის პარალელურ სისტემად ჩამოყალიბდა, რაც, საბოლოო ჯამში, არც სკოლის განვითარებას ეხმარება, არც ბავშვის განვითარებას და უმაღლესშიც დიდ შედეგს ვერ გვაძლევს“, — ამბობს სოფო გორგოძე.
გარდა ამისა, კვლევის ანგარიში აჩვენებს, რომ სკოლის მდებარეობა და ტიპი განსაზღვრავს თუ რამდენად წარმატებით აბარებს აბიტურიენტი გამოცდას.
უმაღლეს სასწავლებლებში თბილისელი აბიტურიენტების, დაახლოებით, 95% ირიცხება, სხვა ქალაქებიდან — 78%, სოფლებიდან კი — 68%. კვლევამ აჩვენა ისიც, რომ ქულების მხრივ, სავალდებულო საგნებში, ყველაზე დიდი განსხვავება თბილისსა და სოფლებს შორის ორ საგანშია — უცხოური ენა და უნარები. მაგალითისთვის, უცხო ენაში სხვაობა 22 ქულაა, უნარებში კი — 8.5. ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს პრობლემა ადრეც ფიქსირდებოდა, რაც იმის მიზეზი გახდა, რომ უცხოურ ენაში გამოცდის ბარიერი ყველაზე დაბალია.
„უცხო ენა საგანია, უნარები საგანი არ არის. თუ მე უცხო ენაში პროექტებს დავგეგმავ, მასწავლებლებს გავაძლიერებ, შეიძლება შედეგი პირდაპირ აისახოს მოსწავლეებზე. უნარების მიმართულებით რა გავაკეთოთ? სანამ სკოლაში სწავლის ხარისხი 100%-ით არ გაიზრდება, ვერაფერს ვიზამთ, ამიტომ ეს 8.5 ქულა გაცილებით პრობლემატურია ამ ეტაპზე, ვიდრე 22 ქულა უცხო ენაში.ზოგადი უნარების ტესტი ცუდი არ არის და ამას არავინ ამბობს, მაგრამ არ არის ისეთი დემოკრატიული და გამათანაბრებელი, რომ ამხელა დატვირთვა ჰქონდეს და იყოს სავალდებულო საგანი.“ — აცხადებს სოფო გორგოძე და კიდევ ერთ სიახლეს — შეფასებების სკოლის პერიოდში გადატანას აანონსებს: „არ უნდა გვქონდეს მაღალი რისკის გამოცდა, რომელიც ჩაჭრის და სერიოზულად დააზარალებს მოსწავლის მომავალს, გვინდა შემოვიღოთ უფრო დაბალი რისკის გამოცდა, რომელიც ორიენტირებული იქნება მის განვითარებაზე. მაგალითად, გამოცდა მეათე კლასში, რომელიც გამოავლენს, თუ რა მიმართულებით სჭირდება მოსწავლეს განვითარება და მომავალ კლასს სწორედ ამის მიხედვით დაგეგმავს სკოლა. მსგავსი შეფასებები უფრო ქვედა კლასებშიც ჩამოვა, შეიძლება დაწყებითებშიც. თუმცა, არ გვინდა, მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ და იმდენი გამოცდა შემოვიღოთ, რომ მოსწავლეებმა თქვან, ის რვა გამოცდა გვერჩიაო. მნიშვნელოვანია, ვნახოთ რა ხდება დაწყებით საფეხურზე და გავიგოთ იცის თუ არა წერა-კითხვა ბავშვმა მეექვსე კლასის ბოლოს. ეს ვიღაცამ რეალურად ხომ უნდა შეაფასოს, ამიტომ გვინდა ამ პროცესს ცენტრალიზებული სახე მივცეთ და თითოეულ სკოლას დავუდოთ კონკრეტული მოსწავლის მონაცემები, სად აქვს პრობლემა, რომ მხოლოდ ბოლო წლებში არ აღმოაჩინოს მძიმე შედეგები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული შეფასება.“
კვლევის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რა გავლენა იქონია გამოსაშვებმა გამოცდებმა დასწრებაზე, რეპეტიტორობის პრაქტიკაზე, სკოლების ანგარიშვალდებულებასა და მოსწავლეთა ინტერესზე საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ, რაც კატის დანერგვის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა.
- მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის ინიციატორები გამოსაშვებ გამოცდას მოსწავლის სკოლაში დაბრუნების ფუნქციას აკისრებდნენ, უფროს კლასებში მოსწავლეთა დასწრება ისევ დიდ პრობლემად რჩება. ზოგ შემთხვევაში, სკოლა გამოცდებისთვის მომზადების პროცესში ხელისშემშლელ ფაქტორადაც კი აღიქმება;
- პირველ ეტაპზე, გამოსაშვებმა გამოცდებმა სკოლიდან მოსწავლეთა გადინებას შეუწყო ხელი;
- გამოსაშვები გამოცდებისთვის რეპეტიტორებთან მომზადება გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა ეეგ-სგან განსხვავებით, გამოსაშვები გამოცდებისთვის მოსწავლეები უფრო ნაკლები ხანგრძლივობით ემზადებიან;
- გამოსაშვები გამოცდების ფორმატს და ტესტური დავალებების შინაარსს განათლების სპეციალისტები ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ფაქტობრივი მასალის დამახსოვრებაზეა ორიენტირებული;
- მიუხედავად იმისა, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდები სასერტიფიკატოა, ანუ მიღწევის დონეს ზომავს, მისი შედეგების გამოყენება სისტემის შესაფასებლად და გასაუმჯობესებლად, ფაქტობრივად, შეუძლებელია;
- გამოცდების ორგანიზების პროცესში შეიმჩნევა ხარვეზები (გადაწერა, კარნახი, დავალებათა ბანკში შეკითხვების შედარებითი სიმცირის გამო ზოგჯერ კითხვები ტესტირებიდან გამოაქვთ მოსწავლეებს).
გამოსაშვები გამოცდების ძლიერ მხარედ სახელდება შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ შემუშავებული და დანერგილი კატის სისტემა. „მიუხედავად იმისა, რომ ტესტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის პრობლემები არსებობს, ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვანი მონაპოვარია და სასურველია, არ დაიკარგოს, დაიხვეწოს და გამრავალფეროვნდეს.“ — წერია კვლევაში.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე კატის გამოცდებზე ამბობს, რომ არათავსებადი იყო მოსწავლის რეალურ მიღწევებთან, რადგან ხშირად ოქროსა და ვერცხლის მედალოსნებიც კი იჭრებოდნენ. ამან გამოიწვია ის, რომ კარგი მოსწრების მქონე მოსწავლეები მხოლოდ გამოცდაზე იყვნენ ორიენტირებულები.
„მთავარია შევაჯამოთ ეტაპი, სადაც ვიმყოფებით. სისტემამ, რომელიც 2003-2005 წლებში უმწვავეს მდგომარეობაში, სრულიად ჩამოშლილი, დეგრადირებული იყო, აიღო კონკრეტული მიმართულება, დაისახა მიზანი, რომელსაც მიაღწია. უპირველესი ამოცანა იყო სამართლიანობა შესაძლებლობების კუთხით. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ სამართლიანობასაც ვერ მივაღწიეთ ბოლომდე, რადგან ეროვნული უმცირესობების კუთხით თუ განვიხილავთ, საქმე ისე არ არის, როგორც საჭიროა რომ იყოს. ძალიან მცირე ნაბიჯებით წაიწია სისტემამ ამ მიმართულებით. მაგრამ უფრო ფართოდ თუ შევხედავთ სურათს, მიღწევები ნამდვილად გვაქვს. ახლა მეორე ეტაპზე ვართ გადასული, როცა სრულ სამართლიანობას უნდა მივაღწიოთ. ვნახეთ, რომ ჩვენი საერთაშორისო შეფასებები, 2009 წელთან მიმართებაში, გაუმჯობესებულია, კონკრეტულად პიზაში, მაგრამ გაზრდილია სხვაობა ქალაქსა და სოფელს შორის. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. თუ თანასწორობის კუთხით სერიოზული პრობლემები გვექნება, ვერ განვითარდება ვერც განათლების სისტემა და ვერც ეკონომიკა.
ვამბობთ, რომ კორუფცია დავძლიეთ და ეს ვითარება უნდა შევინარჩუნოთ. ჯერ კიდევ ბევრი რამაა დასახვეწი, მაგრამ მთავარია სკოლაში ხარისხის გაუმჯობესება. ამდენი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით, პრაქტიკულად, ვერაფერი გავაკეთეთ. პირიქით, უფრო მეტი წნეხის ქვეშ მოვაქციეთ სკოლები.
საერთაშორისო კვლევების შედეგების მიხედვით, მეოთხეკლასელებთან საერთაშორისო საშუალოზე მაჩვენებელზე დაბალი შედეგები გვაქვს, მაგრამ არა იმდენად დაბალი, როგორც მერვეკლასელებში, შედეგები კიდევ უფრო უარესდება 15-წლიანებში. პროცესი გაუარესებისკენ მიდის და დაწყებით საფეხურზე, სადაც ყველაზე რთული ტრანზიციის პერიოდია, არაფერს ვაკეთებთ. არ გვაქვს არც პროგრამები, არც შეფასება და არც მხარდაჭერა. უბრალოდ, ამ ბავშვებს ოკეანეში ვისვრით — გადაგვყავს მე-7 კლასში და ვეუბნებით, თავს მიხედეთ.
ყურადსაღებია შარშანდელი ერთ-ერთი კვლევა, რომელიც რეპეტიტორობას ეხება. ჩვენს რეგიონში რეპეტიტორობას ყოველთვის სწყალობდნენ, ალბათ, მომავალშიც ასე იქნება. საინტერესოა თვითონ რეპეტიტორობის ტენდენციები — თუ საბჭოთა კავშირის დროს რეპეტიტორობა იმიტომ მძვინვარებდა, რომ კორუფციული სისტემა იყო უმაღლეს სასწავლებლებში, მერე დაიწყო დაბლა სვლა და ჩამოვიდა საბაზო საფეხურის დასაწყისში. ახლაც არის კორუფციული სისტემა რისკის შემცველი, გარდა ამისა, სერიოზული ეთიკური პრობლემებიც გვაქვს. მასწავლებლები მშობლებს ეუბნებიან, წაიყვანე, მოამზადე. ეს კვლევაში წერია. მასწავლებლები ამბობენ, ამას ვეუბნები იმ მშობლებს, რომლებსაც ვენდობი და ვუშვებ ჩემს მეგობართან. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს მასწავლებლის დატვირთვას და მის ვალდებულებას, მოსწავლეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შეუდგინოს, რათა მისი შედარებით სუსტი უნარები გააძლიეროს. ცხადია, ამას არავინ გააკეთებს, თუ მასწავლებელი მეტი საგაკვეთილო საათებით არ იქნება დაინტერესებული. იცით, რატომ არ უნდათ მეტი სამუშაო საათები სტატუსის მქონე მასწავლებლებს? — რაც უფრო მაღალი სტატუსი აქვთ, მომსახურებაც უფრო ძვირადღირებულია. აი, ასეა დეგრადირებული, ეთიკურობის თვალსაზრისით, ამ საკითხისადმი მიდგომა.
ჩვენი მომავალი საქმიანობის გეზი, საფეხურის დონეზე, მოსწავლეთა შეფასებები იქნება. როგორ უზრუნველვყოთ, რომ სკოლაში ნიშნები კორუფციულად არ დაიწეროს? ახლა ვიცით რა ხდება ან რის მიხედვით ვაფასებთ სკოლას? გეტყვით, რომ საერთოდ არაფერი ვიცით. სკოლების შეფასება ერთი დიდი კითხვის ნიშანია, რომელსაც შეიძლება ეშველოს, თუ ეროვნულ დონეზე გავაკეთებთ შეფასების სისტემას, ისეთს, რითიც გავზომავთ ამა თუ იმ სკოლის საქმიანობას. ერთმანეთს შევადარებთ სკოლაში დაწერილ ნიშნებსა და ეროვნული შეფასებით მიღებულ შედეგებს. ახლა იმასაც ვერ ვხვდებით, მოსწავლის მიერ მიღწეული შედეგი ვისი დამსახურებაა: სკოლის, რეპეტიტორის თუ მშობლის. შესაბამისად, სკოლამ უნდა იგრძნოს ეს პასუხისმგებლობა. არავის ეგონოს, რომ სკოლების მიშვებას ვაპირებთ, პირიქით, სკოლას ჯერ შესაძლებლობა მივცეთ და მერე მოვთხოვთ. ეს არის სისტემის დალაგების მცდელობა.“ — განაცხადა ირინა აბულაძემ, თუმცა არ უსაუბრია კონკრეტულად რა მეთოდით განხორციელდება სკოლის მონიტორინგი. მისივე თქმით, ჯერჯერობით, არც შეფასების სისტემაა მოფიქრებული.
მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ცალკე კვლევა უნდა ჩატარდეს ეროვნული უმცირესობების ნაწილში, იმიტომ, რომ იქ საერთოდ სხვა რეალობაა, სხვა ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, არ აქვთ სახელმძღვანელოები. კატის შედეგების მიხედვით თუ ნახავთ, ჩაჭრილი მოსწავლეების უმეტესობა სწორედ ეროვნული უმცირესობების სკოლების მოსწავლეები არიან (25%-დან 20% ეროვნულ უმცირესობებზე მოდის) და სვამს კითხვას — რა გავაკეთეთ ამ მიმართულებით 2011 წლის შემდეგ?
რაც შეეხება ზოგადი უნარების ტესტს, აცხადებს, რომ ზოგადი უნარების სწავლება ცალკე საგნად არც ოდესმე დაგეგმილა და არც ახლა იგეგმება. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ზოგადი უნარები განუვითაროთ, სკოლაში სწავლების ხარისხი უნდა გავზარდოთ იმ უნარების გასავითარებლად, რომელსაც არც ზოგადი უნარების ტესტი ზომავს, საბოლოო ჯამში, და არც სხვა რომელიმე ცალკე აღებული ტესტი. „თუ დისციპლინებში სწავლება არ გავაძლიერეთ, ვერაფერს მივაღწევთ. ჩვენი ბერკეტი და შესაძლებლობა ის არის, რომ სკოლებში ამ უნარების დისციპლინებში ინტეგრირებულად სწავლებაზე მოვახდინოთ ზეგავლენა — სამოქალაქო განათლება, უცხო ენები, ინტერდისციპლინური მიდგომების დანერგვა და ა.შ., რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა მოგვცეს ეფექტი — სხვადასხვა დისციპლინების სწავლების საფუძველზე მოსწავლეებს განუვითარდეთ ეს უნარები.“
კვლევის ავტორია ლელა ჩახაია (განათლების მეცნიერებათა დოქტორი, ევროპული უნივერსიტეტი, ფლორენცია, იტალია), ხოლო კვლევის რეცენზენტი — პეტერ ვან რიჯენი (უფროსი მეცნიერი; გლობალური საგანმანათლებლო ტესტირების სერვისი — ETS Global, ამსტერდამი, ნიდერლანდების სამეფო). კვლევა ხელმისწავდომია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
ლალი ჯელაძე