27-28 ნოემბერს, ა(ა)იპ „ასოციაცია-ბიოს“ დამფუძნებლის, ხათუნა გოგალაძის ორგანიზებით, ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია „მიკროორგანიზმები ჩვენ გარშემო“, რომლის მთავარი მიზანი იყო COVID-19-ის პანდემიის თემის ირგვლივ რესურსების შექმნა და პოპულარიზება, ინფორმაციის გაცვლა და ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა. დისტანციურ რეჟიმში (თიმსის გამოყენებით) მიმდინარე კონფერენციაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის საჯარო თუ კერძო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 81 საკონკურსო ნაშრომიდან, შემდეგი ეტაპისთვის, საბუნებისმეტყველო მიმართულების განათლების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟურიმ, 22 მომხსენებელი შეარჩია. კონფერენციას საკმაოდ დიდი დაინტერესება მოჰყვა, დაახლოებით, 100-მდე მსმენელი დაესწრო.
8 ნოემბერს კონფერენციის გამარჯვებულები დასახელდნენ, საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
✔️🟪 გიორგი შარიქაძე – I ადგილი – თბილისის კლასიკური გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე –
🔎საკონფერენციო თემა: „SARS-Cov-2-ის სტრუქტურა და პათოგენეზი“ (მასწავლებელი: ეკატერინე მითაიშვილი);
✔️🟪 ნიკა ღამბაროვი – II ადგილი – სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ თელავის №4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე
🔎 საკონფერენციო თემა: „ვაქცინაციის მნიშვნელობა“ (თემის ხელმძღვანელი: ეკატერინე გიგიტელაშვილი);
✔️🟪 ნია კალანდაძე – II ადგილი – თბილისის კლასიკური გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე
🔎 საკონფერენციო თემა: „კოვიდ-19 და ნერვული სისტემა“ (მასწავლებელი: ეკატერინე მითაიშვილი);
✔️🟪 ნოდიკო ბელთაძე – III ადგილი – სსიპ სამტრედიის №11 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე
🔎 საკონფერენციო თემა: „უჩინარი სამყარო დედამიწაზე“ (თემის ხელმძღვანელი – მარიამ ქართველიშვილი)
რა გახდა კონფერენციის ჩატარების ინსპირაცია, რამაც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის საჯარო თუ კერძო სკოლების მოსწავლეები მოიცვა? – ამ კითხვით მივმართეთ კონფერენციის ორგანიზატორს, ქიმიის დოქტორს, ბიოლოგიის მენტორ მასწავლებელს, ხათუნა გოგალაძეს. მისი თქმით, კოვიდ-19 პანდემიამ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა განათლების ექსპერტები და მასწავლებლები. პანდემიის დროს საყვარელი ადამიანების დაკარგვამ, ისინი ამ თემის ირგვლივ მეტი ინფორმაციის მოძიების, შესწავლისა და გაზიარების აუცილებლობაში დაარწმუნა, განსაკუთრებით კი, ამ საკითხზე სასკოლო საზოგადოება დააფიქრა. „პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ცნობიერების ამაღლება (ეს განსაკუთრებული თემაა ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის), ამავდროულად, დისტანციური სწავლების დროს, აუცილებელი გახდა ციფრული რესურსების შექმნა. „ასოციაცია-ბიოს“ ფარგლებში, რამდენიმე საინტერესო რესურსი შეიქმნა ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვან სწავლების მეთოდს მოსწავლეების მიერ შექმნილი რესურსები წარმოადგენს, მათ შორის პროექტები, პრეზენტაციები, კვლევები. ჩემი ფიქრიც აქედან დაიწყო, მოსწავლეებს შეექმნათ რესურსები და მათი მონაწილეობით პანდემიის თემაზე ჩამეტარებინა კონფერენცია. მათ უნდა მოემზადებინათ რესურსები მიკროორგანიზმების როლზე, ვაქცინაციასა თუ დღევანდელ სამეცნიერო მიღწევებსა და გამოწვევებზე. საინტერესო იქნებოდა, როგორ მსჯელობენ და რას ფიქრობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები ამ თემაზე. განსაკუთრებით მინდოდა აღმომეჩინა მათ შორის ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც თავის რეგიონსა თუ სკოლაში ამ თემაზე შექმნილ რესურსებს რეგიონის მაცხოვრებლებსა და თანატოლებს გააცნობდნენ,“ — ამბობს ხათუნა გოგალაძე.
ჟიურის წევრების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, დღევანდელ ვითარებაში, მსგავს თემებზე მოსწავლეების ყურადღების გამახვილება, მით უფრო, როცა ღონისძიება კარგად ორგანიზებულია და ჩანს მოსწავლეთა ცოდნა კონკრეტულ თემატიკაზე.
ჟიურის წევრი აივენგო შათირიშვილი, ბიოლოგიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კონფერენცია მართლაც მაღალ დონეზე ჩატარდა და კარგად იყო ორგანიზებული, მონაწილეებიც კარგად ერკვეოდნენ წარმოდგენილ თემატიკაში და დასმულ კითხვებსაც თამამად პასუხობდნენ. მისივე თქმით, დისტანციურ ფორმატში ჩატარებული კონფერენცია არაფრით განსხვავდებოდა ტრადიციულისგან და მეტიც, უფრო კომფორტულიც კი აღმოჩნდა სხვადასხვა რეგიონიდან ჩართვა და მოხსენების გაკეთება „შინაურ ატმოსფეროში“: „ჩემი შეხედულებით, შესანიშნავ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. კონფერენციამ ერთგვარად გამოაცოცხლა და გაახალისა მოსწავლეთა საქმიანობა. მასში სხვადასხვა რეგიონის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ და არ იგრძნობოდა ქალაქის ლიდერობა. ქალაქსა და სოფელს შორის ზღვარი იყო წაშლილი, რაც მისასალმებელია. ყველას ერთნაირად მიუწვდებოდა ხელი სამეცნიერო ინფორმაციაზე. შესანიშნავად ფლობდნენ უახლეს ტექნოლოგიებს. მოსწავლეებმა ორიგინალური პრეზენტაციები წარმოადგინეს. კარგი იქნება, თუ ეს ღონისძიება ტრადიციად დამკვიდრდება.“
ნანა დვალიშვილის აზრით (ჟიურის წევრი, ბიოლოგიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თსუ-სა და ილიაუნის მიწვეული ლექტორი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ბიოლოგიის ჯგუფის სპეციალისტი), „ასოციაცია-ბიოს“ ინიციატივა, პანდემიის პირობებში მოსწავლეთა დისტანციური კონფერენციის ჩატარების თაობაზე, თავისთავად, მისასალმებელი იყო. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი, ქალბატონი ნანა ამბობს, რომ: „ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია განვაცხადოთ: წამოწყება აღმოჩნდა ძალზე რეზონანსული და ორგანიზატორმა საუცხოოდ გაართვა თავი დასახულ ამოცანას.
კონფერენცია იყო მასშტაბური – მოიცვა მთელი საქართველო; მოსწავლეთა ჩართულობა უპრეცედენტოდ მაღალი იყო; საპრეზენტაციოდ შერჩეული მოხსენებები კარგად იყო დამუშავებული (უმეტესობა – საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული); მომხსენებლები სიღრმისეულად ფლობდნენ მასალას, თავდაჯერებულად მსჯელობდნენ თემებზე, გვთავაზობდნენ საკუთარ ხედვებს, პასუხობდნენ შეკითხვებს და იცავდნენ თავიანთ შეხედულებებს.
უდავოა, რომ მსგავსი ღონისძიებები მასობრივი უნდა გახდეს, რადგან ხელს უწყობს მოსწავლეებში საგნის პოპულარიზებას; ამასთან, აღვივებს მოზარდებში ინტერესს არა მხოლოდ საგნის მიმართ, არამედ კვლევის მიმართულებითაც, ზოგადად; ხელს უწყობს მათში ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარების განვითარებას. სამომავლოდ ვისურვებდი, რომ „ასოციაცია-ბიოს“ ამ წამოწყებას რეგულარული ხასიათი მიეცეს; მაქსიმალურად მოიცვას რეგიონები და წახალისებულ იქნეს ექსპერიმენტული კვლევები, რომელთა დიზაინს მოსწავლეები თვითონ შეიმუშავებდნენ და დამოუკიდებლად ჩაატარებდნენ ცდებს სკოლის სასწავლო ლაბორატორიებში, რა თქმა უნდა, პედაგოგების ზედამხედველობით; შემდეგ თვითონვე დაამუშავებდნენ ემპირიულ მონაცემებს სტატისტიკურად (მათ სანდოობაში დასარწმუნებლად). ეს უკეთ განავითარებდა მათში სინთეზისა და ანალიზის უნარებს. სასურველია, მოსწავლეებმა კონფერენციაზე, საკონკურსოდ, ამგვარი მინი-პროექტებიც წარმოადგინონ.“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბუნებისმეტყველების ექსპერტ-კონსულტანტი, ევროპის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი რუსუდან თედორაძე მიიჩნევს, რომ „ასოციაცია-ბიო“ ყოველთვის მოწინავეთა რიგებშია და ცდილობს, მასწავლებლებს სამუშაო პროცესი გაუხალისოს. „უდიდესი შრომა ჩანს ნაშრომების წარდგენისას, ეს მასწავლებლების დამსახურებაა. მოსწავლეს შეაყვარო საგანი, მოანდომო იმუშაოს და გააკეთოს კვლევა , პროექტი თუ პრეზენტაცია, უდიდესი შრომაა. მოხარული ვარ, რომ კონფერენციის მომხსენებელი მოსწავლეები საიმედო ხელში არიან. ძალიან მნიშვნელოვანია საბუნებისმეტყველო საგნებისადმი ინტერესის გაღვივება, რადგან ჩვენს ქვეყანას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების გაძლიერება გადაარჩენს. არაჩვეულებრივ მოსწავლეებსა და მათ მასწავლებლებს ბევრ წარმატებას ვუსურვებ.“
კონფერენციის დასრულების შემდეგ გამარჯვებულ მოსწავლეებს ვთხოვეთ კომენტარი, თუ რატომ დაინტერესდნენ თავიანთი საკონფერენციო თემებით ან საერთოდ, რატომ გადაწყვიტეს კონფერენციაში მონაწილეობა და რა გამოცდილება მიიღეს.
გიორგი შარიქაძე, თბილისის კლასიკური გიმნაზიის VIII კლასის მოსწავლე: „ჩემი საკონფერენციო თემა გახლავთ „SARS-CoV-2-ის სტრუქტურა და პათოგენეზი“. კოვიდმა გლობალურად შეცვალა მსოფლიოს ცხოვრება – ჩაკეტილი ქალაქები, ცარიელი ქუჩები, გაჩერებული ტრანსპორტი და სასწავლო დაწესებულებები, პანდემიის დასაწყისში ატეხილი პანიკა, როცა არ ვიცოდით რა გველოდა და როგორ გვებრძოლა ვირუსთან. დროთა განმავლობაში, ნელ-ნელა, ბევრი რამ გაირკვა. ამიტომ, ძალიან მომინდა ჩემი თანატოლებისთვის გამეცნო თუ როგორი აგებულებისაა კორონავირუსი, როგორ აინფიცირებს იგი ადამიანის ორგანიზმს, როგორ უნდა დავიცვათ თავი მისგან და როგორ ავირიდოთ მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები.
ჩემთვის ამ კონფერენციაზე პირველი ადგილის მოპოვება ძალიან დიდი პატივია და ჩემს ცხოვრებაში გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯია. კონფერენციისთვის მზადების პროცესში საკმაოდ კარგი გამოცდილება შევიძინე, როგორ ვიმუშაო სამეცნიერო თემაზე, როგორ მოვიპოვო და დავამუშაო ინფორმაცია, როგორ მივაწოდო მსმენელს. მოვისმინე ჩემი თანატოლების მიერ მომზადებული საოცრად კარგი და საინტერესო თემები, რაც ცოდნის გაფართოებაში დამეხმარა. ჟიურის წევრების მიერ დასმული შეკითხვების წყალობით, ვისწავლე ჩემი პოზიციების დაცვა და არგუმენტირებული პასუხების გაცემა, რისთვისაც მათ და კონფერენციის ორგანიზატორებს დიდ მადლობას მოვახსენებ. მათი წყალობით დავრწმუნდი, რომ თუ საქმეს სერიოზულად მივუდგებით და ჩვენი მიზნებისთვის თავს არ დავზოგავთ, შრომა დაგვიფასდება. იმედია, კონფერენციის ორგანიზატორები კიდევ შეძლებენ მსგავსი ღონიძიებების მოწყობას, რითაც დიდ დახმარებას გაგვიწევენ მომავალში, კარგი მეცნიერები რომ დავდგეთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.“
ნიკა ღამბაროვი, თელავის №4 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე: „ვინაიდან დღეს მსოფლიოში კოვიდ-19-ით გამოწვეული პანდემია მძვინვარებს, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების დარწმუნება ვაქცინაციის აუცილებლობაში. კოვიდ-19-მა უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები… ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო პანდემიის დასრულებაში და ვაქცინაციის ტემპის გაზრდაში. გარდა ამისა, ძალიან დაინტერესებული ვარ მედიცინით და ვცდილობ, მეტი ვისწავლო.
ასოციაცია „ბიო“-ს მიერ ორგანიზებულ მოსწავლეთა კონფერენციაში მონაწილეობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. გავიცანი ჩემი თანატოლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, გავიზიარე მათი გამოცდილება. ჟიურის წევრების მიერ თითოეული მონაწილისათვის მიცემული კონსტრუქციული შეფასება ჩემთვის განვითარების ხელშემწყობი იყო და ბიოლოგიის უფრო ღრმად შესწავლისკენ მიბიძგა. კონფერენციაში მონაწილეობამ საშუალება მომცა, დავხვეწო კომუნიკაციის უნარები და მაძიებელ მოსწავლედ ჩამოვყალიბდე, რაც, ვფიქრობ, მომავალში აუცილებლად დამეხმარება პროფესიულ ასპარეზზე.“
ნოდიკო ბელთაძე, სსიპ სამტრედიის №11 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე: „მსურდა, უფრო კარგად შემესწავლა მიკროორგანიზმები, ზოგადად, ძალიან მიყვარს ბიოლოგია, ეს საგანი ჩემმა მარიამ მასწავლებელმა შემაყვარა და დამაინტერესა.
ჩემთვის, როგორც ასაკით ყველაზე პატარა მონაწილისთვის, გამარჯვება ნიშნავს ჩემი შრომის დაფასებას, იმედი და მოტივაცია გამიჩნდა, ბიოლოგია უფრო ღრმად შევისწავლო. მადლობა ჩემს მასწავლებელსა და კონფერენციის ორგანიზატორებს“.
გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება სახალისო მეცნიერებათა მუზეუმში – ექსპერიმენტორიუმში (http://experimentorium.ge/) გაიმართა – მათ ავტორებისაგან – აივენგო შათირიშვილისა და ნანა დვალიშვილისგან – საჩუქრად გადაეცათ „ზოგადი გენეტიკის წიგნი“ და ხათუნა გოგალაძის „ბიოლოგია“, სავარჯიშოების კრებული საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის. ამის გარდა, კონფერენციის მონაწილეებმა სიმბოლური საჩუქრებიც მიიღეს.
ლალი ჯელაძე