აგ-ს საიუბილეო მე-1000 ნომრის სტუმარია ისტორიკოსი და გამომცემელი ბუბა კუდავა.
ინტერვიუ 25 თებერვალთან დაკავშირებით დაიგეგმა და მასთან საუბარიც, ბუნებრივია, ამ მოვლენის შეფასებით დავიწყეთ, თუმცა, ჩვენი მკითხველისთვის, არანკლებ საინტერსო იქნება ისტორიკოსის პასუხები დღევანდელობაზე, როგორ გამოვიყურებით მსოფლიო ისტორიის ჭრილში და უახლეს ისტორიაზე, რომელსაც ქართველი ხალხი ახლა და ამ მოცემულობაში წერს, ამბობს, რომ – არცთუ სასახელოს. ჩვენი რესპონდენტი ასევე საუბრობს საქართველოს ისტორიის სკოლებში სწავლის საკითხზეც და „თავისუფალ გაკვეთილებზეც“, რომელსაც თავად წარმართავს მე-6 საავტორო სკოლაში.
☑️🔳ბატონო ბუბა, როგორ აფასებთ 25 თებერვალს, თავისი მძიმე შედეგებით, დღევანდელი გადმოსახედიდან?
ჩვენი ისტორია ტრაგიკული თარიღებისა და მოვლენების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის, თუმცა 25 თებერვალი მაინც გამოირჩევა — მისი თანამედროვეობით, მისი დაუსრულებლობით, კვლავაც აქტუალობით. 1921 წლის თებერვალ-მარტის რუსეთ-საქართველოს ომის (დიახ, ომის! – რატომღაც არ ვარქმევთ ხოლმე თავის სახელს) შედეგად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი, ანუ მოდერნიზებული რუსეთის იმპერია, დაიშალა, იმ დროს ჩაკლული სახელმწიფოებრიობა, საბჭოეთში გატარებული 70 წელი და წითელი იმპერიის მემკვიდრე თანამედროვე რუსეთის სახელმწიფო დღემდე მოგვყვება მძიმე მემკვიდრეობად.
25 თებერვალი არა მხოლოდ წარსულის გახსენებისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თაობების დაფასების დღეა, არამედ უახლესი ისტორიისა და არსებული მძიმე რეალობის კვლავ გააზრების სიმბოლური თარიღიცაა.
☑️🔳როგორ ისტორიას ვწერთ დღეს? როგორ გამოიყურება ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა მსოფლიო ისტორიის ჭრილში?
კაცობრიობას, არსებობის მანძილზე, არასოდეს ჰქონია ასეთი შესაძლებლობები, როგორიც თანამედროვე ეპოქაშია. ჩვენს ქვეყანასაც – შესაბამისად. ტექნოლოგიური მიღწევები, გადაადგილების სიმარტივე, დიდძალ ინფორმაციაზე სწრაფი წვდომა, ეკონომიკური ბუმი, საზოგადოებათა მეტი ღიაობა – ეს იმ სიკეთეთა მოკლე ჩამონათვალია, ახლანდელ დროებაში მცხოვრებ ადამიანს (ქართველს, მათ შორის) რომ ხვდა წილად. რამდენად ვაქცევთ ამ უნიკალურ პრივილეგიებს (პლუს – გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს) ქვეყნის განვითარების საშუალებად, სრულად თუ არა, დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული.
ლამის ისტორიულ ტრადიციად გვექცა წუწუნი და გადაბრალება – რომ ჩვენი ბედკრული ხვედრი დიდი იმპერიებისა და ძლევამოსილი დამპყრობლების ბრალია. კარგი კითხვაა — სად ვართ ჩვენ ასეთ დიდ ჭიდილებში? რა როლი გვაქვს? თუკი ყოველთვის ყველაფერს დიდი ძიები წყვეტენ, მაშ, სადღაა ჩვენი პასუხისმგებლობა?
როგორ ისტორიას ვწერთ? ვფიქრობ, არცთუ სასახელოს. ვფლანგავთ ზემოხსენებულ უდიდეს შესაძლებლობებს – იმედით, რომ მომავალი თაობები, ჩვენი ეროვნული ტრადიციისამებრ, ქვეყნის სტაგნაციას კვლავ მეზობელი სახელმწიფოს სიძლიერეს და ჩვენს „პატარა ქვეყნობას“ დააბრალებენ.
☑️🔳 როგორ ისწავლება დღეს სკოლებში საქართველოს ისტორია და როგორ უნდა ისწავლებოდეს, თქვენი აზრით? როგორი სახელმძღვანელოები გვაქვს ისტორიაში?
ალბათ უკეთ, ვიდრე ჩემს ბავშვობაში. დროც წინ მიდის და სახელმძღვანელოებიც, მთლიანობაში, ვფიქრობ, უმჯობესდება. სიმართლე გითხრათ, არ ვარ ჯეროვნად ჩახედული სასკოლო განათლების საკითხებში, თუმცა პირველკურსელ სტუდენტებთან მრავალწლიანი ურთიერთობა ერთგვარი საშუალებაა, წარმოდგენა შევიქმნა სკოლაში საქართველოს ისტორიის სწავლების პრობლემებზე.
სტერეოტიპული დამოკიდებულებები და კლიშეები, აქცენტი ფაქტოლოგიური მასალის ცოდნაზე, ისტორიული პროცესების გაუაზრებლობა, გლობალური და რეგიონული კონტექსტების გაუთვალისწინებლობა, საქართველოს წარსულის იდეალიზება, მითოლოგიზება და საკრალიზება, ალტერნატიული ვერსიების განუხილველობა, პიროვნების როლის გადაჭარბება, ისტორიის უინტერესო და უსარგებლო საგნად აღქმა… – ეს იმ გამოწვევების ნაწილია, რომლის წინაშეც, ჩემი დაკვირვებით, კვლავ დგას საქართველოს ისტორიის შემეცნება როგორც „საზოგადოებრივ“, ისე სასკოლო დონეზე.
☑️🔳 ცოტა ხნის წინ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ისტორიას სკოლებში (X-XII კლასებში) ცალკე საგნად ისწავლიან. ეთანხმებით თუ არა ამ გადაწყვეტილებას და რას შეცვლის საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება?
ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც ხშირად ფორმა უფრო გვხიბლავს, ვიდრე შინაარსი. თუკი ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოს ისტორიის პოპულარიზებას (რაც მას ნამდვილად სჭირდება), მოსწავლეთა ინტერესის ზრდას, საკუთარი ქვეყნის წარსულისა და კულტურის მიმართ დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, მაშინ მშვენიერი. თუმცა, თუ ზემოჩამოთვლილი პრობლემები ვერ დავძლიეთ და პირიქით, კლიშეები და იზოლაციონური წარმოდგენები ვაძლიერეთ, მხოლოდ „ფორმა“ შეგვრჩება ხელში.
ყველაფერი გაზომვადია და საინტერესო იქნება კვალიფიციური კვლევის შედეგების გაცნობა – სწავლისა და შემეცნების თვალსაზრისით რა შეიცვალა უკეთესობისკენ ბოლო წლებში, მათ შორის, ამ გადაწყვეტილებით.
☑️🔳 „ჩვენ და ისტორია“ – მეექვსე საავტორო სკოლაში თქვენი ლექცია-სემინარები ასეთი სახელწოდებით მიმდინარეობს. რატომ გადაწყვიტეთ სკოლაში, თუნდაც, ასეთი ფორმით სწავლება?
იდეა, რომ უფროსკლასელებთან ერთგვარი „თავისუფალი გაკვეთილები“ მქონოდა, მეექვსე საავტორო სკოლის ხელმძღვანელობას და ჩემთვის დიდად საპატივცემულო ადამიანს – ნინო რამიშვილს ეკუთვნის.
ისტორიის საგანს, მოგეხსენებათ, მოსწავლეები ადრეული საფეხურიდანვე გადიან. საქართველოსა და ზოგადად მსოფლიოს ხანგრძლივ ისტორიაში მათ უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ მოვლენის შესწავლა, ასეულობით ისტორიული პირისა თუ ისტორიულ-გეოგრაფიული სახელის დამახსოვრება უწევთ. შედეგად, წლების განმავლობაში, დიდი მოცულობის ინფორმაცია გროვდება, რის გარეშეც ისტორიის, როგორც საგნის ათვისება შეუძლებელი ხდება.
სწავლის პერიოდში დიდძალი ფაქტოლოგიური ინფორმაციის მიღების პროცესი ხანდახან თითქოს არ ტოვებს მასალის განზოგადებისა და სათანადო ანალიზის დროს. ამასთან, ეს ინფორმაციული „მოძალება“ დროდადრო ილუზიასაც ტოვებს, რომ სწორედ ესაა ისტორია და მისი ცოდნა-არცოდნაც ქრონოლოგიის, ფაქტებისა და სახელების დამახსოვრება-ვერდამახსოვრებაზე გადის.
არადა, ისტორიის შემეცნების პროცესში ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი სწორედ მასალასთან ურთიერთობის წესებისა და ინსტრუმენტების დაუფლება, დაგროვილი ფაქტოლოგიური მასალის გაანალიზება და პროცესების განზოგადებაა. ამ დროს უკირკიტებ თითქოს ნაცნობ მოვლენებს, კრიტიკულად ეკიდები არსებულ კლიშეებსა და სტერეოტიპებს, იაზრებ კონტექსტებს, წარსულში იჭვრიტები საკუთარი და არა წიგნების თვალით, ეძებ პარალელებს სხვადასხვა ქვეყნებსა თუ სხვადასხვა ეპოქებს შორის, პოულობ უზოგადეს კანონზომიერებებს…
მოკლედ, ფიქრობ, ფიქრობ და ამოცანებისა და განტოლებების ამოხსნას ლამობ. ერთი ეგაა: მათემატიკისგან განსხვავებით, აქ მოსწავლეებმა შესაძლოა სხვადასხვა პასუხები მიიღონ. ან, საერთოდაც, ვერაფერი მიიღონ…
ჩვენს გაკვეთილებზე (უფრო შეხვედრებს დავარქმევდი) ვცდილობთ, დავსვათ კითხვები, რომლებიც შესაძლოა არასოდეს დაგვისვამს ისტორიის სწავლისას, მსჯელობის გზით მივიდეთ რაიმე დასკვნამდე, ან კიდევ, ეჭვი შევიტანოთ არსებული პასუხების სისწორეში. ისტორიაც ხომ ესაა – მუდმივი ფიქრი, მსჯელობა და პასუხების მიღებისა და გადასინჯვის ხელოვნება.
სწავლებისას პრინციპული მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა ჩართულობას. საკითხებს, როგორც წესი, დისკუსიის ფორმატში ვიხილავთ. მოსწავლეები, ცხადია, ახალ ინფორმაციასაც იღებენ, თუმცა მთავარი მაინც ლოგიკური აზროვნების პროცესია, პარალელების გავლება (მათ შორის, თანამედროვეობასთან), კანონზომიერებების დანახვა და საკუთარი ხედვების ჩამოყალიბებაა.
☑️🔳 ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი საქართველოს ისტორიიდან, რომელზეც სიამოვნებით ესაუბრებით მოსწავლეებს ან სტუდენტებს?
განა რომელ პერიოდს შეიძლება „ნაკლებად მნიშვნელოვანი“ ვუწოდოთ. საგნის მიმართ ზოგადი ინტერესისა თუ სიყვარულის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ყველა ისტორიკოსს აქვს შედარებით ვიწრო „ვნებები“ ამა თუ იმ პერიოდის/საკითხის მიმართ. მე საქართველოს ისტორიის შუა საუკუნეების მკვლევარი გახლავართ და სწავლების პროცესში ალბათ მეტყობა ეს „დამხრობა“.
ვფიქრობ, სწავლებისას უმნიშვნელოვანესია, საუბარი ორმხრივად (!) საინტერესო იყოს. ამისთვის კი მხოლოდ ცოდნისა თუ გამოცდილების გადაცემა არ არის საკმარისი. საჭიროა ინტერაქტივი და ისეთ თემებსა თუ დეტალებზე საუბარი, რაზეც ალტერნატიული პასუხები შესაძლოა შენთვისაც სიახლე იყოს.
ეკუთვნოდა თუ არა გიორგი III-ს (ან მის ასულ თამარს) ლეგიტიმურად სამეფო ტახტი? გამართლებულია თუ არა გიორგი ბრწყინვალის ნაბიჯი, რომელმაც დიდებულები მოტყუებით სადარბაზოდ (სათათბიროდ) დაიბარა და ამოხოცა? თქვენ რომ ფეოდალი ყოფილიყავით, უპირობოდ დათმობდით სტატუსებს, ქონებრივ და საოჯახო-საგვარეულო ინტერესებს მეფის შეხედულებისამებრ? მაშინაც კი, თუ ის უსამართლოდ და უგუნურად მართავს ქვეყანას? როგორ წარმოიქმნებოდა ქალაქები და რატომ იქცეოდა ზოგი მათგანი ნაქალაქარად, სხვა კი, აოხრებების მიუხედავად, აგრძელებდა სიცოცხლეს? რატომ უნდა დავუჯეროთ წყაროს, როცა ცნობის სისწორის გადამოწმების საშუალება არა გვაქვს? როგორ შევიტყოთ ისეთი მოვლენების შესახებ, რომლებიც მემატიანეებმა განზრახ დაგვიმალეს, ან უბრალოდ, არ ჩათვალეს მნიშვნელოვან ფაქტად და არაფერი გვამცნეს? რა შლის ხოლმე ქვეყანას და რა აერთიანებს? რომ კინკლაობენ, იმიტომ იშლება, თუ რომ სუსტდება და იშლება, იმიტომ იწევენ ერთურთზე?…
გაკვეთილებსა თუ ლექციებზე უამრავ ასეთ საკითხს ვეხებით ხოლმე და სიამოვნებას იმის გაცნობიერება იწვევს, რომ რაღაცას ახლებურად შევხედეთ იმ დღეს და ისეთი კითხვა დავსვით ან ისეთი ვერსია მოვისმინეთ პასუხად, რომელზეც მანამდე არასოდეს გვიფიქრია.
☑️🔳 აუცილებლად მინდა გკითხოთ სვანური და მეგრული ენების შესახებაც. გასულ წელს, პრეზიდენტის ინიციატივას, სკოლებში არჩევითი საგნის სტატუსით შემოსულიყო ამ ენების სწავლება, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რეალურად, სვანური და მეგრული ენები რომ გაქრობის პირასაა, ამაში თავადაც დავრწმუნდი. ზაფხულში ვიყავი მესტიაში, იქ უფროსები საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალგაზრდები (სკოლის მოსწავლეები) სვანურად თითქმის აღარ ლაპარაკობენო. რა არის ამის მიზეზი და რას ფიქრობთ, როგორ უნდა გადავარჩინოთ ეს ენები? თქვენმა გამომცემლობამ წიგნებიც კი გამოსცა – „ვისწავლოთ სვანური“ და „ვისწავლოთ მეგრული“.
სამწუხაროდ, ხშირად გვავიწყდება, რომ მეგრული, სვანური და ლაზური ენები ჩვენი, ქართველების საერთო სიმდიდრეა და მათი, როგორც უნიკალური არამატერიალური მემკვიდრეობის, მოფრთხილება, პოპულარიზება, კვლევა და შენარჩუნება საერთო საქმეა. იგივე უნდა ითქვას სხვა ენებზეც (აფხაზური, წოვათუშური, უდიური…), რომლებიც მართალია არ შედის ქართველურ ენათა ოჯახში, თუმცა მათზე ზრუნვაც ჩვენი ქვეყნის პასუხისმგებლობაა.
გასაგებია, რომ თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა ზემოხსენებული ენებიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს მათზე, ბავშვებსა და ახალგაზრდებში კი ნაკლებად პოპულარული ხდება ამ ენებზე ლაპარაკი (არცთუ იშვიათად, სამწუხაროდ, სათაკილოც), რაც, ერთი-ორი თაობის შემდგომ, მათი გაქრობის საფრთხეზე მიგვანიშნებს. თუ ასე გაგრძელდა, ნახევარ საუკუნეში, სანთლით საძებნი იქნება ამ ენებზე მოლაპარაკე ადამიანი.
გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. ნახსენები საფრთხეც რომ არა, არაერთი მოქალაქისგან (მათ შორის, სხვა კუთხის წარმომადგენლებისგან) გამიგონია, რომ სურთ ამ ენებზე ამეტყველდნენ. თუმცა ამგვარ სურვილს, პრაქტიკულად, აქამდე ვერაფრით ვეხმარებოდით. ვისაც მეგრული და სვანური ენების შესწავლა სურს, მათთვის ჩვენი თვითმასწავლებლები უკვე ხელმისაწვდომია.
დავიწყეთ აგრეთვე ქართველურ ენათა (მეგრული, სვანური, ლაზური) სასწავლო კურსები. პირველმა ნაკადმა უკვე დაასრულა სწავლა და მალე მეორე ნაკადსაც მივიღებთ.
რასაკვირველია, ეს ღონისძიებები არ არის საკმარისი ამ ენების პოპულარიზებისა და შენარჩუნებისათვის. რაც შეეხება სკოლებში სწავლას, ვფიქრობ, მხოლოდ არჩევით საგნად შეტანა ბევრს არაფერს შეცვლის. გამოცდილება აჩვენებს, რომ მშობლების უმრავლესობა ასეთ დროს დამატებით საგანს აღარ ირჩევს ხოლმე. შესაბამისად, ჯგუფიც ვერ დგება (იხ. მეზობელი თურქეთის მაგალითი, სადაც ლაზურს სკოლებში ძალიან ცოტა თუ ირჩევს).
დასახელებული ენების მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ერთადერთ გამოსავლად შესაბამის რეგიონებში მათი სავალდებულო საგნად სწავლება მესახება. სხვაგვარად თვალსა და ხელს შუა დავკარგავთ ამ სიმდიდრეს. მე მამით მეგრელი გახლავართ, დედით — სვანი, შესაბამისად, კარგად ვიცნობ ამ ენების წინაშე მდგარ საფრთხეებს. თქვენ ახალგაზრდები ბრძანეთ. მეტიც, რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო იზღუდება ამ ენების გამოყენების სივრცეები უფროსებისთვისაც (ბევრისთვის რატომღაც მიუღებელია სახელმწიფო დაწესებულებებში საუბარი, ბევრისთვის – სკოლებში, სხვათათვის – მაღაზიებში, აფთიაქებში, დიდ წვეულებებზე, ზოგისთვის – ქუჩაშიც კი…). შესაბამისად, უფროსი თაობის წარმომადგენლებიც ნაკლებად საუბრობენ მეგრულად და სვანურად. კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა ლაზურთან, წოვათუშურთან და უდიურთან დაკავშირებით.
ქმედით ნაბიჯებს თუ არ გადავდგამთ, ჩვენს თვალწინ „მკვდარ ენებად“ იქცევა ეს ჩვენი საგანძური.
ესაუბრა ლალი ჯელაძე