გაეროს ბავშვთა ფონდმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალციხეში, მესამე საერთაშორისო კონფერენციას “ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში – ფოკუსით სახელმწიფო ენის სწავლებასა და ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე” უმასპინძლა, რომელიც საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების საკითხების გათვალისწინებას მიეძღვნა.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამართული ბავშვთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში ჩატარებულ, ორდღიან კონფერენციას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, ელჩები და წარმომადგენლები 16 ქვეყნიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, პროფესორები და სტუდენტები, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ბავშვთა უფლებების დაცვისა და განათლების დარგში, ასევე, სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრატორები.
კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს: განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა; გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილემ, ფილიპ კორიმ; გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, საბინე მახლმა; გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა; ასევე, ბულგარეთის, ესტონეთის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთისა და შვეიცარიის ელჩებმა.
კონფერენციის ფარგლებში, ბავშვთა უფლებების დამცველებისა და განათლების სპეციალისტების ფართო სპექტრმა მრავალმხრივი ინფორმაცია მიიღო ბავშვთა უფლებების დაცვისა და უფლებებზე დაფუძნებული სწავლებისა და სწავლის გავლენის შესახებ ფორმალური და არაფორმალური განათლების პირობებში. კონფერენციამ მომავალ სპეციალისტებს შეუქმნა მოტივაცია, რომ ბავშვთა უფლებების შესახებ მიღებული განათლება თავიანთი ყოველდღიური ცხოვრებისა და საქმიანობის განუყრელ ნაწილად აქციონ, რასაც მიღებული თეორიული ცოდნის სახლში, სკოლასა და საზოგადოებაში გამოყენებით შეძლებენ.
მესამე საერთაშორისო კონფერენციის ფოკუსი სახელმწიფო ენის სწავლება და ეთნიკური უმცირესობების განათლება იყო, რაც ინკლუზიური, სამართლიანი და ხარისხიანი განათლების მიღების უფლების დაცვას გულისხმობს, რომლის უზრუნველყოფის შედეგად, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტად აქტიურად ჩაერთვებიან, ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი დასაქმების შესაძლებლობები და პერსპექტივა.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას სახელმწიფო ენის ხარისხიანად სწავლის შესაძლებლობის ნაკლებობა წარმოადგენს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, 2019 წელს, განხორციელებული სახელმწიფო შეფასების მიხედვით, რომელიც მიზნად ისახავდა ქართულის, როგორც მეორე ენის ცოდნის დონის განსაზღვრას, გამოიკვეთა, რომ აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეების 87%-მა, ხოლო სომხური სექტორის მოსწავლეების 60%-მა ქართული ენა ელემენტარულ დონეზეც კი არ იცოდა. შესაბამისად, ენობრივი ბარიერის გამო, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოზარდი ბოლომდე ვერ ავითარებს და წარმოაჩენს თავის პოტენციალს და ვერც ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში ახერხებს სრულფასოვნად მონაწილეობას.
კონფერენციაზე პრეზენტაციები გამართეს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ დონეზე ცნობილმა სპეციალისტებმა და ექსპერტებმა. ასევე, წარდგენილ იქნა მოსწავლეების ესეები და სასკოლო პროექტები. განხილვის ძირითადი საგანი იყო — რა როლს თამაშობს უნივერსიტეტი ბავშვთა უფლებების დაცვის მხარდაჭერის, პოლიტიკაზე ზემოქმედებისა და ენობრივი ბარიერის გამო შექმნილი საგანმანათლებლო უთანასწორობის დაძლევის საკითხებში.
კონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებმა წარადგინეს თავიანთი ინიციატივები, რომლებიც მიზნად ისახავს ბავშვთა უფლებების საკითხების გათვალისწინებას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში, რის შედეგადაც ბავშვთა უფლებების მომავალი დამცველები უკეთ იქნებიან მომზადებული და წარმოდგენილი განათლების, სამართლის, ბიზნესისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში. საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უნივერსიტეტის 15 პროფესორს, გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ინიცირებული პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის, გადაეცა სერტიფიკატები, რითაც ისინი ბავშვთა უფლებების სერტიფიცირებული სპეციალისტები გახდნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამცხე-ჯავახეთში გამართული მესამე საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია უნივერსიტეტების კურიკულუმებში ბავშვთა უფლებების საკითხების გათვალისწინებას მიეძღვნა. პირველი კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, 2020 წელს, ხოლო მეორე — ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2021 წელს. კონფერენცია ერთგვარ პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომლის მეშვეობითაც საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ერთმანეთს ბავშვის უფლებების გარშემო არსებულ თეორიებს, კვლევებს, პოლიტიკასა და გამოცდილებას უზიარებენ.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს, ღასან ხალილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.