სტატია ეხება დროის კონცეფციებს, რომელშიც მოვიაზრებთ დროსთან დაკავშირებულ სიტყვებს: გუშინ, დღეს, ხვალ, პირველი, შემდეგი, ბოლოს და ა.შ. დამეთანხმებით, რომ ბავშვებისთვის დროის კონცეფციების სწავლება გაგვიადვილებს მათთან კომუნიკაციას, რუტინის შესრულებას, კონკრეტული აქტივობის სხვა დროისთვის გადატანას, ქცევითი სირთულეების გარეშე.
როდის სწავლობენ ბავშვები დროსთან დაკავშირებულ კონცეფციებს? ეს, დაახლოებით, 5-6 წლის ასაკიდან იწყება. ბავშვები ამ ასაკში ცდილობენ, თანმიმდევრულად მოჰყვნენ რაიმე ამბავი, გაიხსენონ აქტივობის პირველი, შემდეგი და ბოლო ნაწილი, ააგონ რაიმე მოვლენა თანმიმდევრულად მოვლენების დაწყობით და მეტად გააცნობიერონ საკუთარი ქმედებები/აქტივობები, დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
ბავშვის დღის რუტინა გვეხმარება პირველი ნაბიჯები გადავდგათ დროის კონცეფციის გაცნობაში. ისინი ჯერ სწავლობენ, რომ დღე იყოფა სხვადასხვა ნაწილად: დილა, შუადღე, საღამო და ღამე. სხვადასხვა რუტინული აქტივობები დაკავშირებულია დროის სხვადასხვა მონაკვეთთან, რაც უადვილებს ბავშვებს მათ დამახსოვრებას და ერთმანეთისგან განსხვავებას. მაგალითად: დილას ბაღში მივდივართ, შუადღეს სადილის დროა, ღამე ვიძინებთ და პიჟამას ვიცვამთ.
ბავშვებისთვის ძალიან სახალისოა და საინტერესოა წელიწადის დროების გაცნობა, მათ იციან, რომ ზაფხული ასოცირდება სიცხესთან და სოფელში, ზღვაზე წასვლასთან, სადაც ძალიან მხიარულად ატარებენ დროს. ზამთარში კი მოდის თოვლის ბაბუა და თოვლში თამაშის დრო. მოგვიანებით, ისინი ცდილობენ დაიმახსოვრონ როდისაა მათი დაბადების დღე, როცა ძალიან ცივა, ცხელა, ყვითელი ფოთლების დროს თუ ყვავილების ამოსვლის დროს.
დროსთან დაკავშირებული კონცეფციები არ არის დაკავშირებული მხოლოდ კოგნიტურ სფეროსთან, ის სხვადასხვა განვითარების სფეროს ჩართულობას მოითხოვს, როგორიცაა: ადაპტური, სოციალურ-კომუნიკაციური და სოციალურ-ემოციური სფეროები. სწორედ ადაპტური სფეროს კარგად განვითარებული უნარები აძლევს მათ საშუალებას, თვითონ შეასრულონ სხვადასხვა დროსთან დაკავშირებული თავის მოვლის და ჰიგიენური პროცედურები, გაიხსენონ დღის რომელ მონაკვეთში რისი გაკეთების დროა, ხანდახან წინასწარ შეასრულონ რაიმე და ამის შესახებ აცნობონ ოჯახის წევრებს.
ჩაცმა-გახდის უნარები გვაძლევს საშუალებას, დროის და სიტუაციის მიხედვით, აირჩიონ და ჩაიცვან ბავშვებმა ტანსაცმელი, მაგალითად, დილით ბაღის ტანსაცმლის დროა, საღამოს სახლის ტანსაცმლის დროა, ღამე პიჟამას დროა და ა.შ.
ბავშვებს ასევე სჭირდებათ კარგად განვითარებული საკომუნიკაციო უნარები, იქნება ეს ვერბალური თუ არავერბალური, რათა უკეთ გაიგონ სპეციფიკური წესები, რუტინა და დღის რეჟიმი სახლსა თუ საბავშვო ბაღში.
გთავაზობთ თამაშებს, რომლებიც გაუადვილებს თქვენს შვილს დროის კონცეფციების გაცნობას და შესწავლას:
- დღის ვიზუალური რუტინის შექმნა
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ სხვადასხვა ვიზუალური განრიგი, დროის კონცეფციების გამოყენებით. მაგალითად, აიღეთ დიდი თეთრი მუყაოს ქაღალდი და დაყავით 4 ნაწილად. პირველ ფოტოზე დახატეთ მზის ამოსვლა და გაღვიძების მოქმედება – ეს იქნება დილა, ამოსული მზის ფოტოზე დახატეთ ბაღის შენობა და გემრიელი სადილი – ეს იქნება შუადღე, მზის ჩასვლის დროს დახატეთ სახლი და ოჯახის წევრებთან თამაში – ეს იქნება საღამო და ბოლოს ღამე, მთვარე და ვარსკვლავები – ამ ფოტოზე დახატეთ დაძინების რუტინა – ეს იქნება ღამე.
იგივე პრინციპის გამოყენებით შეგიძლიათ ითამაშოთ წელიწადის 4 დროზე – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი – დაასურათონ ბავშვებმა და თქვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენები ჩააკარით.
- ამბის თანმიმდევრულად მოყოლა
• დაეხმარეთ თქვენს პატარას, თანმიმდევრულად მოყვეს ამბავი, როგორ გაატარა დღე, რა გააკეთა, როგორ იკვება, რა ითამაშა. მოყოლის დროს გამოიყენეთ „ჯერ“, „შემდეგ“ და „ბოლოს“. მიეცით ბავშვს გონივრული დრო, თვითონ გაიხსენოს მოვლენები, თუ დაავიწყდება, რამდენიმე წუთის შემდეგ შეახსენეთ და დაეხმარეთ თხრობის გაგრძელებაში;
• მოუყევით მისთვის საყვარელი ზღაპრები და მოთხრობები სურათების მიხედვით. სურათის მიხედვით იმსჯელეთ ჯერ რა მოხდა, შემდეგ როგორ გაგრძელდა ამბავი. ხანდახან აურიეთ თანმიმდევრული ბარათები და გამოიცნონ, როგორ უნდა დავალაგოთ სწორად, დროის და მოვლენების მიხედვით;
• ამბის თანმიმდევრული მოყოლის უნარები შეგიძლიათ სახალისო კულინარიითაც დაასწავლოთ. შეეკითხეთ თქვენს შვილს მისთვის ნაცნობი კერძი როგორ მზადდება და მოამზადეთ ერთად. მაგალითად: როგორ გავაკეთოთ ყიყლიყო? ჯერ უნდა დავჭრათ პური, მერე ავთქვიფოთ კვერცხი, ავანთოთ გაზქურა და დავდოთ ტაფა, მოვათავსოთ პურის ნაჭრები კვერცხიან თეფშში და ბოლოს დავდოთ ტაფაზე.
- კალენდრის შემოხაზვა
შეიძინეთ ბავშვისთვის სახალისო კალენდარი საბავშვო გმირების გამოსახულებით. დაკიდეთ კალენდარი მის ოთახში. დილით, როცა გაიღვიძებს, სთხოვეთ, შემოხაზოს შემდეგი დღე – დღევანდელი დღე. აღნიშნეთ, რომ წინა რიცხვი მან გუშინ შემოხაზა, შემდეგს კი ხვალ შემოხაზავს.
- ხვალინდელი გეგმების მოფიქრება
ძილის წინ ჰკითხეთ თქვენს შვილს, ხვალ რისი გაკეთება სურს – სად წავიდეთ, რა ვითამაშოთ, ვის ვესტუმროთ. დაელოდეთ მის პასუხებს და მეორე დღეს შეასრულეთ ერთად დაგეგმილი აქტივობები.
შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტოები და მეორე დღეს ჩამოთვალოთ გუშინ რა გააკეთეთ. ეს დაეხმარება ბავშვს, ყოველდღიურად, მარტივად და სახალისოდ აითვისოს დროის კონცეფციები.
მასალა მოამზადა ადრეული განვითარების პროგრამის სუპერვიზორმა და განათლების ფსიქოლოგმა, სოფიო მელაძემ