ლიკა ღლონტი, უმაღლესი განათლების ექსპერტი
რეფორმის მოსალოდნელი შედეგები მოკლევადიან პერსპექტივაში: მე არ მჯერა, რომ ამ მოცემულობაში ხელისუფლება რამდენიმე წელიწადში (როგორც ეს პრემიერმა განაცხადა) მოახერხებს რეფორმის განხორციელებას – სულ მცირე მისი ინფრასტრუქტურული ნაწილი ბევრად უფრო მეტ დროს მოითხოვს – კორპუსების გაყიდვა, ახალი უნივერსიტეტების აშენება რუსთავის გზატკეცილზე და ა.შ.
მაგრამ ზიანის მიყენებას მოახერხებენ – მაგ., მარტივად შეუძლიათ სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღების აკრძალვა და განათლების გადაყვანა 3+1 სისტემაზე.
ეს ნიშნავს, რომ განათლების დაფინანსების ახალი სისტემის ამუშავებამდე გაუარესდება უნივერსიტეტების ფინანსური მდგომარეობა; დაიხარჯება უამრავი დრო და ენერგია პროგრამების დაწერაზე და, რაც მთავარია, მოხდება აკადემიური პერსონალის შემცირება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში, უმაღლესი განათლების ხარისხი გაუარესდება, ქვეყანა დაკარგავს კონკურენტუნარიანობას და აღმოჩნდება იზოლაციაში გამკაცრებული ცენტრალიზებული მართვის პირობებში.
როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში იკარგება უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება, რაც კონსტიტუციითაა განსაზღვრული.
♦♦♦
11 წლიანი სასკოლო მოდელი უმაღლესში ცოდნის ხარისხის ამაღლების საწინდარია?
მამუკა ხამხაძე – ისტორიის მენტორი მასწავლებელი, ზოგადი განათლების ხარისხის ექსპერტი და ტრენერი
მინდა გამოვეხმაურო განათლების რეფორმის კონცეფციას და მის სასკოლო ნაწილს – სკოლის გადასვლას 11-წლიანი სწავლების მოდელზე. ამ ეტაპზე დაანონსებული სასკოლო რეფორმის შესახებ ცოტა რამ ვიცით. გაცხადებულია განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის გატარება, რომლის მიზანიც ცოდნის ხარისხის ამაღლება და კვალიფიციური კადრებით შრომითი ბაზრის ეფექტური უზრუნველყოფაა. განათლების სამინისტრომ განმარტა, რომ სკოლის 11- წლიან სწავლებაზე გადასვლის მთავარი მიზანი არის შრომით ბაზარში ახალგაზრდების დროული ჩართვა და რომ ეს ცვლილება გამომდინარეობს „3+1 მოდელიდან“; რომ სახელმწიფოს ინტერესია მაქსიმალურად კვალიფიციური კადრების მომზადება და გაშვება შრომით ბაზარზე. ასევე ვიცით პრემიერის ხედვა სისტემასთან დაკავშირებით: „დღეს, პრაქტიკულად მე-12 კლასის მოსწავლეები სკოლაში არ დადიან. რატომ? იმიტომ, რომ მათ ურჩევნიათ, მისაღები გამოცდებისთვის მოემზადონ. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ საერთოდ არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე და ასეთ პირობებში მოსწავლეებს სკოლაში სიარული არ უღირთ. ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს“. გამოსავალია უმაღლესის გადასვლა 3+1 მოდელზე და სასკოლო განათლების შემცირება 11 წლამდე.
⇑⇓ მიმაჩნია, რომ საკითხის ამგვარად დაყენება – სასკოლო სისტემის ასეთი ცვლილების მიბმა უმაღლესი განათლების რეფორმაზე შემოთავაზებული არგუმენტაციით არასწორია, ბუნდოვანია, მრავალი კითხვისა და რისკის შემცველია არაერთი მიზეზის გამო.
⇑⇓ კერძოდ, რეფორმის წარმოდგენილი კონცეფცია ნაკლებად ან სულაც არ ითვალისწინებს ზოგადი განათლების გამოწვევებს, ვერ პასუხობს საზოგადოებაში არსებულ მოლოდინებს, სათანადოდ არ ასახავს სკოლის საშუალო საფეხურის ფუნქციას მომავალი განათლების სისტემაში, არ ემყარება კომპლექსურ მიდგომას და სისტემის ფუნდამენტურ კვლევას.
⇑⇓ ვფიქრობ, შემოთავაზებულ ცვლილებას უნდა შევხედოთ იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელშიც ვიმყოფებით და ამ გადასახედიდან შევაფასოთ მისი ავ-კარგიანობა. შესაბამისად, ჯერ უნდა დავსვათ რამდენიმე მთავარი კითხვა: 1. სად ვართ და რა პრობლემები გვაქვს დღეს სკოლაში და ზოგად განათლებაში? 2. რა სჭირდება დღეს სკოლას განვითარებისა და ხარისხის გაუმჯობესებისათვის? აქედან გამომდინარე უნდა დავსვათ სხვა ქვემდებარე შეკითხვები – რატომ აღარ არის საჭირო 12-წლიანი სწავლება, რატომ გახდა საჭირო 11-წლიან სწავლებაზე გადასვლა და რას მოგვიტანს ეს ცვლილება? რამდენად გამომდინარეობს 11-წლიანი მოდელის საჭიროება სკოლაში არსებული პრობლემებიდან? დაბოლოს, რამდენად შეესაბამება 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა სამინისტროს მიერ უკანასკნელ წლებში გატარებულ სასკოლო ცვლილებებს?
⇑⇓ ძნელია არ დავეთანხმოთ რეფორმის მესვეურთა შეფასებებს, განსაკუთრებით იმას, რომ სკოლაში არსებული მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ დღეს კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სკოლიდან ვერ იღებს მაღალი ხარისხის განათლებას და მათი ზოგადი განვითარების დონე არ შეესაბამება ცხოვრების მზარდ მოთხოვნებს; რომ უმაღლესში სწავლას აგრძელებენ ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებსაც წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვთ.
⇑⇓ სწორედ აქ ვაწყდებით 11-წლიანი სკოლის კონცეფციის პირველ ბუნდოვანებას. ჩნდება კითხვა – როგორია რეფორმის მესვეურთა საგანმანათლებლო ხედვები, რაში ხედავს კონცეფცია პრობლემას და მისი გადაჭრის გზებს? გაცხადებული ცვლილებების მთავარი პრობლემა ისაა, რომ კონცეფციაში არ ჩანს ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის ერთიანი ხედვა. მკაფიოდ არ ჩანს, რაში ხედავს კონცეფცია სასკოლო პრობლემას და როგორ ხედავს სახელმწიფო სასკოლო განათლების ფუნქციას მოქალაქისა და ეკონომიკის განვითარებაში.
⇑⇓ უპირველესად გაუგებარია, არსებულ მოცემულობაში რატომ ვიწყებთ განათლებაში ფუნდამენტურ ცვლილებებს ზემოდან – უმაღლესი სკოლიდან და არა ქვემოდან – საშუალო სკოლიდან? და მეორეც, უცნობია, რატომ მიაჩნია დარგობრივ სამინისტროს 11-წლიან სწავლებაზე გადასვლის მოდელი სკოლაში ცოდნის დაბალი ხარისხის ამაღლების საშუალებად?
⇑⇓სკოლა ხომ უპირველესად სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომლის მიზანია მოქალაქის აღზრდა და პიროვნების აღჭურვა XXI საუკუნისათვის საჭირო კომპეტენციებითა და უნარებით. სკოლა ხომ უპირველესად მოზარდის პიროვნული განვითარების სივრცეა, რომელმაც უნდა მოამზადოს ახალგაზრდა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის და შესთავაზოს მას მრავალმხრივი არჩევანი და შესაძლებლობა.
⇑⇓ შემოთავაზებული ცვლილების მთავარი პრობლემა კი იმაშია, რომ სკოლა უპირველესად მოიაზრება, როგორც სამომხმარებლო დაწესებულება, რომლის დანიშნულებაა ახალგაზრდების მომზადება შრომით ბაზარზე გასასვლელად. კონცეფცია ხომ სასკოლო დროის 11 წლამდე შემცირების საჭიროებას შრომით ბაზარზე მოზარდის დროულად გასვლის საჭიროებით ასაბუთებს. ასევე, გაუგებარია – არსებული რეალობის გათვალისწინებით შემცირებულმა სასწავლო დრომ როგორ უნდა უზრუნველყოს სწავლა-განვითარებაში ჩამორჩენილი ახალგაზრდების მაღალი შედეგები უმაღლესში და სათანადო კვალიფიკაცია შრომით ბაზარზე. როგორ შექმნის 17 წლის მოზარდი უფრო უკეთეს ეკონომიკას, ვიდრე 18 წლის ახალგაზრდა? რამდენად მზადაა ქართულ რეალობაში 17 წლის არასრულწლოვანი ისეთი არჩევანის გასაკეთებლად, როგორიცაა პროფესიის არჩევა ან/და შრომით ბაზარზე დამოუკიდებელი ნაბიჯების გადადგმა? რამდენად მზადაა ამისათვის სასკოლო გარემო და რა დახმარებას სთავაზობს სკოლა მოზარდს ასეთი რთული არჩევანის გასაკეთებლად? რამდენად შეუწყობს სასკოლო დროის შემცირება ახალგაზრდების მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მაშინ, როცა 12-წლიანი სწავლება ამისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა? ახალგაზრდების დიდი ნაწილისათვის ხომ სასკოლო გარემო განვითარების ერთადერთი შესაძლებლობაა, რადგან, ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, ყველა ოჯახი ვერ აძლევს მოზარდს ადეკვატური განვითარების შესაძლებლობას.
⇑⇓ და კიდევ, ერთი მთავარი კითხვა კონცეფციასთან – რას ემყარება რეფორმის მესვეურთა შეფასებები? ჩატარდა თუ არა კომპლექსური კვლევა და თუ ჩატარდა, რა გვაჩვენა მონაცემთა ანალიზმა, რაც ცვლილებების დაგეგმვის წინაპირობაა. თუ ჩატარდებოდა სასკოლო სისტემის კომპლექსური კვლევა, აღმოჩნდებოდა, რომ დღეს სკოლა მოზარდებისათვის ვერ ასრულებს ცხოვრებასთან დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას – ვერც უმაღლესში სწავლის გასაგრძელებლად და ვერც შრომით ბაზარზე გასასვლელად; რომ სკოლაში მხოლოდ მე-12 კლასელის პრობლემა კი არ დგას – დღეს მოზარდების უმეტესობას სკოლაში აქვს გადაულახავი სირთულეები: კოგნიტური და ფსიქო-ემოციური პრობლემები, აცდენები ასაკობრივ განვითარებასთან, პოსტპანდემიური სინდრომი – შეფერხება ზოგად განვითარებაში, არარეალიზებული პოტენციალი, რისი მიზეზებიც სოციალური და სასკოლო გარემოს მოწყობაში უნდა ვეძებოთ; რომ დღეს სკოლაში სწავლობენ დემოტივირებული მოსწავლეები და ასწავლიან დემოტივირებული მასწავლებლები დაბალი თვითეფექტურობის განცდით, რომლებსაც უფრო მეტი ვალდებულება აქვთ, ვიდრე სათანადო მხარდაჭერა.
⇑⇓ ასეთ მოცემულობაში აქტუალურია პრემიერის რადიკალური შეფასება – ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. საზოგადოებას, მათ შორის სასკოლო საზოგადოებას, აქვს კითხვები და მოლოდინები, რომლებსაც ვერ პასუხობს 11-წლიანი სწავლების შემოთავაზებული მოდელი: არაერთი მრავალწლიანი მცდელობის მიუხედავად რატომ ვერ აკმაყოფილებს დღევანდელი სასკოლო გარემო მოსწავლის საჭიროებებს? რატომ სჭირდება დღეს ნებისმიერ მოსწავლეს მომზადება ყველა საგანში? რატომაა ასე დაბალი უმაღლესში მისაღები საგნობრივი მინიმალური ბარიერი? რატომ „არ არის მორგებული ბოლო კლასების სასწავლო პროგრამა მისაღებ გამოცდებზე“? მე-12 კლასი თვითმიზანი არ არის, მაგრამ ვინმემ ხომ უნდა გაარკვიოს – იქნებ არც მე-11 კლასელებს უღირთ სკოლაში სიარული? რა უშლის ხელს საშუალო საფეხურის მისიისა და მიზნების პრაქტიკულ რეალიზებას? და საერთოდ, რა ადგილი უკავია საშუალო საფეხურს განათლების სისტემაში და ახალგაზრდის პიროვნების განვითარებაში?
⇑⇓ საზოგადოებისათვის უცნობია როგორ ხედავს განათლების სამინისტრო აღნიშნულ პრობლემებს (სასკოლო ცვლილებების შესახებ პრეზენტაცია რამდენიმე კვირაში იქნება). და თუ ხედავს, რა პასუხი აქვს კითხვებზე – რატომაა მე-12 კლასი დღეს უფუნქციო? რატომ ხარჯავს სახელმწიფო (მისასალმებელია რომ ხარჯავს) მილიონებს სკოლაში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში, მასწავლებლების გადამზადებაში, უფასო სახელმძღვანელოებში, სასწავლო პროცესში ახალი პროგრამების დანერგვაში ისე, რომ არასოდეს არც ერთი მიმართულებით არ ამოწმებს მიღებულ შედეგებს – სწავლების არც ერთ საფეხურზე არ კითხულობს მოსწავლის შედეგს – რამდენად შეიცვალა ცოდნის ხარისხი დახარჯული ძალისხმევითა და ფინანსებით?
⇑⇓ დაბოლო კითხვა, რამდენად თანმიმდევრული ნაბიჯია 11-წლიანი სკოლის შემოთავაზება? თუ 11-წლიანი სკოლის ხედვა არსებობდა, რატომ გახდა სულ ახლახანს საბაზო განათლება 10 წლიანი? რატომ დაიგეგმა და არ განხორციელდა პროფილური სწავლება საშუალო საფეხურზე? რატომ არ არის რეფორმის დროს მკაფიოდ საუბარი პროფესიული განათლების როლზე? რა ბედი ეწევა საბაზო და საშუალო საფეხურს 11-წლიანი მოდელის შემთხვევაში – 9+2 იქნება თუ 10+1? მსგავსი წინააღმდეგობები გვაფიქრებინებს, რომ გადაწყვეტილებები არათანმიმდევრულია, ცვლილებები აჩენს კითხვებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს და აჩენს რისკებს, რომ წინგადადგმული ნაბიჯები უკანგადადგმული ნაბიჯებით გაუფასურდება.
⇑⇓ ამ მოცემულობაში მთავარი კითხვაა – მოაგვარებს თუ არა 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა ცოდნის ხარისხის და კვალიფიკაციის პრობლემას სკოლაში, მერე უმაღლესში ან/და შრომით ბაზარზე? 11-წლიანი სწავლების მოდელის მიუღებლობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მოზარდისადმი მომხმარებლური ხედვა სკოლას უქვემდებარებს შრომითი ბაზრისა ან/და უმაღლესის საჭიროებებს, არ განიხილავს სკოლას როგორც ახალგაზრდის პიროვნული განვითარების შესაძლებლობას და ბუნდოვანს ხდის სასკოლო პრობლემების გადაჭრის გზებს. ეს პასუხგაუცემელი კითხვები გვაფიქრებინებს, რომ 11 წლიან სწავლებაზე გადასვლის იდეა საფუძველს მოკლებულია და ვერ უზრუნველყოფს სკოლის პრობლემების გადაჭრას დროის მოთხოვნების შესაბამისად.
⇑⇓ საზოგადოება მოუთმენლად ელოდება სასკოლო რეფორმის პრეზენტაციას, რადგან სჯერა, რომ მომავალი და იმედი განათლებაშია. სასკოლო საზოგადოება ელოდება სკოლაში ისეთ ცვლილებებს, რომელიც მოიტანს სკოლის მეტ ავტონომიას, ძლიერ სასკოლო ლიდერს, დაცულ მასწავლებელს, მეტ ფინანსურ და ინსტიტუციურ მხარდაჭერას და შესაძლებლობას სკოლის განვითარებისათვის. მეტი რეალიზაციის შესაძლებლობას ყველა ტიპის მოსწავლისათვის. ვეთანხმები პრემიერის პათოსს – „ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი პროგრამა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება მორგებული მოსწავლის ობიექტურ ინტერესებზე“.
⇑⇓ რეფორმის კონცეფციაში წარმოდგენილი პრობლემის გადაჭრის გზები ფრაგმენტული და უპერსპექტივო იქნება სკოლის სათანადო რეფორმირების გარეშე, რადგან უმაღლესში სწავლის ხარისხის გაზრდა და ახალგაზრდების გადინების შემცირება შეუძლებელია სასკოლო გარემოს გაუმჯობესების გარეშე.
⇑⇓ იმედია რეფორმა გაითვალისწინებს სკოლის რეალურ საჭიროებებს, სამინისტრო თვალს გაუსწორებს რეალურ პრობლემებს და შეიმუშავებს კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ცოდნის დაბალი ხარისხის ასამაღლებლად და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად. იმედია, დაანონსებული ცვლილებები გახდება საყოველთაო კვალიფიციური განხილვებისა და კონსტრუქციული კრიტიკის საგანი. მასწავლებლისა და დარგობრივი სპეციალისტების ხმა მკაფიოდ უნდა ისმოდეს სკოლის რეფორმაზე საუბრის დროს.
⇑⇓ ასეთ შემთხვევაში 11-წლიანი სწავლების მოდელს ექნება პერსპექტივა, საზოგადოებისა და სკოლის ნდობა და მხარდაჭერა. სხვა შემთხვევაში 11-წლიანი სწავლების მოდელი სკოლაში გააღრმავებს „აღზრდის ტრაგედიას“ და სკოლას იმ პანდორას ყუთად აქცევს, საიდანაც უამრავ უბედურებას უნდა ველოდოთ.

                                    



