6 ოქტომბერს, შვიდი, თერთმეტი და ჩვიდმეტი წლის მოზარდებმა, საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით, დამოუკიდებლად მიმართეს სასამართლოს. სარჩელი ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მხრიდან ბავშვების უფლებების დარღვევას ეხებოდა, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი დაახარვეზა და იმ მიზეზით არ მიიღო, რომ მათი სასარჩელო მოთხოვნა ბუნდოვანია და იქვე მიუთითა მოსარჩელე მოზარდებს, რომ საჭიროა მიმართონ სასამართლოს სხვა კოლეგიას.
ბავშვის უფლებათა კოდექსი, მუხლი 13 — „ბავშვს აქვს უფლება, საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს და ისარგებლოს მართლმსაჯულების ისეთი სისტემით, რომელიც არის ბავშვისთვის ხელმისაწვდომი, მისი ასაკის შესაბამისი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი, სწრაფი, სამართლიანი, თანმიმდევრული, მის უფლებებსა და საჭიროებებს მორგებული, ბავშვის ღირსებისა და პირადი ცხოვრების მიმართ პატივისცემის გამომხატველი“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხრიდან მსგავსი პრაქტიკის დანერგვა შეიცავს საფრთხეებს: ბავშვებს შეეზღუდოთ სასამართლოზე ხელმისაწვდომობა და დაეკარგოთ სასამართლოს მიმართ ნდობა.
როგორც ვხედავთ, ბავშვებისთვის კოდექსით მინიჭებული უფლების რეალიზების პირველივე მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. რასთან გვაქვს საქმე და რა დაბრკოლებებს ხედავენ უფლებადამცველები ამ კონკრეტულ შემთხვევაში ან როგორ უნდა მოიქცეს სასამართლო ასეთ დროს — ამ საკითხებზე გვესაუბრება უფლებადამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა აბაშიძე.
– ანა, კონკრეტული ქეისის მიხედვით, რასთან გვაქვს საქმე, უფრო ვრცლად რომ განგვიმარტოთ და რას ამბობს კანონი?
– როცა მართლმსაჯულების და, კონკრეტულად, სასამართლოს მისაწვდომობაზე ვსაუბრობთ ბავშვებთან მიმართებაში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს, დონორი ორგანიზაციების დახმარებით, შემუშავებული აქვს ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმა, რომლის მიზანია, ბავშვმა, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, დამოუკიდებლად შეძლოს სასამართლოსთან კონტაქტი/მიმართვა. სასამართლოს მისაწვდომობაზე გარანტიას ახლახან მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსიც“ იძლევა. მეტიც, კოდექსი ამკვიდრებს სიახლეს, რომ ბავშვს, ნებისმიერ ასაკში (ასაკის კონკრეტული ლიმიტი აღარ არსებობს), შეუძლია, დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად, ჰყავდეს ადვოკატი და ა.შ. საკანონმდებლო ბაზა ბავშვს აძლევს დამოუკიდებელი მოქმედების თავისუფლებას, და სასამართლო, თითქოს, იმის გარანტადაც დგას, რომ იქნება ბავშვზე ორიენტირებული, თუმცა, რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბავშვებმა გადაწყვიტეს, დარღვეული უფლებების აღსადგენად, კოდექსით მინიჭებული უფლების გამოყენება, როგორც შეძლეს, დაწერეს სარჩელი დარღვეული უფლების შესახებ და მიმართეს სასამართლოს. სასამართლოს პასუხი კი, სამწუხაროდ, სრულიად ალოგიკური აღმოჩნდა. საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, ის იყო ზუსტად ისეთი, როგორიც შეიძლება ყოფილიყო ადრე, კოდექსამდე. სასამართლო ბავშვს მიუდგა, როგორც სრულწლოვანს და სარჩელი არ მიიღო იმ მოტივით, რომ ზუსტად ისე არ იყო შედგენილი როგორც ამას, ტრადიციულად, სასარჩელო ფორმა მოითხოვს ზრდასრული ადამიანების შემთხვევაში. მეტიც, მითითება სასამართლომ ბავშვებისთვის სრულიად გაუგებარი ტერმინებით დაწერა, რის გამოც, მოგვიანებით, მათ ჩვენ მოგვმართეს. სასამართლოსგან უარით გამობრუნებული მოზარდები დაგვიკავშირდნენ და გვთხოვეს, გაგვერკვია, რას ნიშნავდა ესა თუ ის ტერმინი — „აი, ეს სიტყვა ვერ გავიგეთ, ეს სიტყვა რას ნიშნავს“ და ა.შ. მათ შორის იყო ჩაწერილი მაგალითად, „მიმართეთ სხვა კოლეგიას კონკრეტულ სასამართლოში“… დაბნეული ბავშვები გვთხოვდნენ განმარტებას. „სამართლის ენაზე“ საუბრის გარდა, ყველაზე აღმაშფოთებელი ის იყო, რომ ბოლოს სასამართლომ ბავშვებს დაუწერა – თუ კონკრეტულ პერიოდში (რამდენიმე დღეში) არ გაასწორებთ ამ ხარვეზებს, თქვენი სარჩელი საერთოდ აღარ განიხილებაო (დაახლოებით ასეთი შინაარსია). რეალურად, სასამართლო დაემუქრა კიდეც ბავშვებს, რომ თუ არ გამოასწორებთ, საერთოდ აღარ განვიხილავთო. მოკლედ, მოსარჩელე ბავშვები, უბრალოდ, დაბნეულები და გაოცებულები იყვნენ, რადგან კანონით მინიჭებული უფლების განხორციელება ვერ შეძლეს – „გავიგეთ, რომ შეგვეძლო მიგვემართა სასამართლოსთვის ჩვენი უფლების დასაცავად, მაგრამ უარით გამოგვისტუმრეს. როგორც შეგვეძლო, ავუხსენით სასამართლოს რა გვჭირდებოდა, მათგან კი სრულიად გაუგებარი პასუხები მივიღეთ“. სასამართლომ შაბლონური საკანცელარიო ენით დაწერილი პასუხი გასცა, რომელსაც, ცხადია, ბავშვი ვერ გაიგებდა. აი, ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ სასამართლო სისტემა ბავშვზე მორგებული არ არის და, რა თქმა უნდა, მხოლოდ ილუზიაა ამის ძახილი, პრაქტიკამ სულ სხვა შედეგები აჩვენა.
სასამართლომ მოსარჩელე ბავშვები იძულებული გახადა, იურისტისთვის მიემართათ. აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იკვეთება – სასამართლომ ბავშვებს წერილშივე განუმარტა, რომ ქვეყანაში არსებობს იურიდიული დახმარების სამსახური, იქვე მიუწერა ტელეფონის ნომერი, მისამართი, სადაც კონსულტაციისთვის უნდა დაერეკათ. მოკლედ, ასე ამცნო სასამართლომ ბავშვებს, მისი გადმოსახედიდან, ვისთან უნდა გაევლოთ კონსულტაცია, რომ გაერკვიათ, რას ითხოვდა სასამართლო. ასეთი დამოკიდებულებაც ძალიან უცნაურია – ბავშვს უბრალოდ ტელეფონის ნომერი მიუთითო და მშვიდად იყო, ბოლომდე არ დარწმუნდე, რომ ის აუცილებლად იპოვის ადრესატს, რომელსაც სარჩელის შესწორებას სთხოვს. ამ შემთხვევაშიც, სრულიად აცდენილია რეალობა ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებას.
– ბავშვის რომელი უფლება დაირღვა კონკრეტულ შემთხვევაში და რა მოთხოვნა გაქვთ უფლებადამცველებს?
– ბავშვი ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებას ედავება მნიშვნელოვან დარღვევაზე. უფლებადამცველები კი ვითხოვთ იმას, რომ სისტემურად შეიცვალოს ბავშვებისთვის საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც არასრულწლოვანს ისე კი არ მიუდგება, როგორც სრულწლოვანს, არამედ გაითვალისწინებს, რომ ის ბავშვია და რომ მას განსხვავებული, მარტივი და გასაგები ენით უნდა ესაუბროს. მეტიც, თავად უნდა ეცადოს მის დახმარებას და, რაც მთავარია, შეასრულოს კანონით დადგენილი წესები. ეს აუცილებელია, რომ მსგავსი შემთხვევა კიდევ არ განმეორდეს, რომ ისევ ფარატინა ქაღალდზე დაწერილი მითითებებით არ გამოაბრუნოს სასამართლომ მოზარდი. ნორმალურ ქვეყნებში ბავშვს ტელეფონის ნომრებს კი არ აძლევენ, წადი და ვიღაცას სთხოვე დახმარებაო, არამედ თვითონ ამ სამსახურის წარმომადგენლებს იბარებენ და ახვედრებენ ბავშვს, ავალებენ, რომ დაეხმარონ. არც მხოლოდ ამით უნდა შემოიფარგლოს სასამართლო, ბოლომდე უნდა დარწმუნდეს, რომ ბავშვმა მართლა მიიღო დახმარება.
მარტივი კითხვა მაქვს – წარმოიდგინეთ თქვენი თავი, როგორ დაეხმარებოდით ბავშვს, რომელსაც სერიოზული პრობლემა აქვს, მაგრამ რაღაც ტექნიკური წესები ვერ დაიცვა ისე, როგორც სრულწლოვანმა?
– როგორ არის ასახული ეს ყველაფერი ბავშვის უფლებათა კოდექსში, რომელზეც ვამბობთ, რომ აქ ყველაფერი გათვლილია ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე?
– დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ არ ვამბობთ, რომ ბავშვის უფლებათა კოდექი სასწაულია და რომ წარმოუდგენელი რამ გააკეთა კანონმდებლობაში. ამას ამბობს სახელმწიფო, რადგან მას აწყობს, ასე წარმოაჩინოს კოდექსი. ბავშვის უფლებათა კოდექსი, მარტივად რომ ვთქვათ, 20 წლის წინ ჩვენი მხრიდან ნაკისრი ვალდებულების ქართულ ენაზე დაწერაა. 20 წლის წინ თქვა სახელმწიფომ, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციას უერთდება და ამით აღიარებს ბავშვის უფლებებსა და ვალდებულებებს. ზუსტად იგივე წერია ახლა, 2020 წელს მიღებულ ბავშვის უფლებათა კოდექსში. ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ ახალი და გრანდიოზული არაფერი მომხდარა, ის ვალდებულებები, რაც სახელმწიფომ კოდექსით იტვირთა, 20 წლის წინაც ჰქონდა ნაკისრი. მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სახელმწიფოს აწყობს, რომ მოვლენად გაასაღოს კოდექსის შექმნა და ბავშვის უფლებებში აქედან დაიწყოს წელთაღრიცხვა.
იმისთვის, რომ ადამიანმა უფლებებით ისარგებლოს, თავისთავად, ჯერ კანონები იწერება, რომელსაც აუცილებლად მოყვება უფრო დეტალური ინსტრუქციები, გაიდლაინები, რათა ყველამ ერთნაიარად შეძლოს მისი გამოყენება. ცხადია, ვერ ჩაიწერება კოდექსებში და კანონებში ისეთი დეტალური ინსტრუქციები, რომლებიც შესაძლებელია თავად სასამართლომ შეიმუშაოს, მაგალითად, როგორ მოქმედებს, სასამართლო, როცა ბავშვის სარჩელი შედის. ამას კანონი ვერ განმარტავს – კანონმა თქვა უფლებრივი სტანდარტით, რომ ბავშვს აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს და მას ამაზე უარს ვერავინ ეტყვის, მაგრამ როგორ უნდა შეუწყო ხელი ბავშვს, რომ ამ უფლების რეალიზების დროს პრობლემა არ შეხვდეს, ეს უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების, კანონის შემფარდებლის – მართლმსაჯულების შტოს პრობლემაა. მან უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არასრულწლოვანს არანაირი პრობლემა არ შეხვდეს ამ უფლების განხორციელებისას. ეს არის მთავარი ამოცანა. როცა კანონს წერდნენ, მათ შორის ბავშვთა უფლებების კოდექსს, კანონმდებლებს იმგვარად უნდა შეეხედათ ყველა უფლებისთვის, თითოეული მუხლისთვის, რომ, პირველ რიგში, მათთვის გამხდარიყო მკაფიო – როგორ გამოიყენებს ბავშვი კანონით მინიჭებულ უფლებას. თუ მსგავსი მიდგომით იმუშავებდა პარლამენტი, იმასაც მიხვდებოდა, რომ, მაგალითად, გარდამავალ დებულებებში დაევალებინა კონკრეტული უწყებებისთვის სპეციალური წესებისა და ინსტრუქციების შემუშავება ბავშვებისთვის, რათა უპრობლემოდ ყოფილიყო შესაძლებელი ამ უფლებების რეალიზება. ეს იმიტომ არ მოხდა, რომ ქალბატონი სოფიო კილაძის სუბიექტური გადაწყვეტილებით, ბავშვთა უფლებებზე მომუშავე კვალიფიციურ ადამიანებს არ მიეცათ კოდექსის შედგენაში მონაწილეობის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, არც ცალკე აღებული იუნისეფის, არც ცალკეული პარლამენტარის ან თუნდაც სამოქალაქო სექტორის მცდელობაა ამისთვის საკმარისი. აქ მთავარია ერთობლივი მუშაობა და ყველა დეტალის გათვალისწინება, რასაც პრაქტიკაში შეიძლება წავაწყდეთ. ეს რომ არ არის გათვალისწინებული, საბოლოო ჯამში, სწორედ ამიტომ ვიღებთ ასეთ ხარვეზულ პრაქტიკას, რომლის გასწორებაზე შემდეგ ორმაგ დროს ვხარჯავთ.
რეალურად, კონკრეტული ქეისით, ჩვენ დავინახეთ ბავშვის ინტერესების და მისთვის მინიჭებული უფლებების სრული უგულვებელყოფა. არადა, კოდექსი ამბობს, რომ მთელი სისტემა ბავშვის ინტერესებზეა მორგებული, რომ მას დამოუკიდებლად აქვს უფლება, უფლების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს სასამართლოს; მეორე მხრივ კი, სასამართლო, ტექნიკური ხარვეზის გამო, არ იღებს სარჩელს. თუკი ბავშვი მინიჭებულ უფლებას ვერ გამოიყენებს დარღვეული უფლების დასაცავად, ეს მისი უფლების უგულვებელყოფაა, აბა რა არის?
– ანა, ბავშვთა ადვოკატირების მიმართულებით რა მდგომარეობაა? გვყავს სისტემაში გადამზადებული ბავშვთა ადვოკატები, რომლებიც დაიცავენ არასრულწლოვნის უფლებებს?
– ზოგადად, არასრულწლოვანთა ადვოკატები ორ ნაწილად უნდა დავყოთ. ბავშვთა ადვოკატები სისხლის სამართლის მიმართულებით, ჯერ კიდევ 2015 წლიდან გვყავს, მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მივიღეთ. კოდექსით იურიდიული პროფესიის წარმომადგენლისთვის მოთხოვნილი იყო მათი სპეციალიზაცია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ეხებოდა როგორც ადვოკატების, ისე პროკურორებისა და გამომძიებლების გადამზადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ იმუშავებდნენ ბავშვის საქმეზე. რაც შეეხება მეორე ნაწილს – ბავშვის უფლებათა კოდექსმა იგივე მოთხოვნა შემოიტანა უკვე სამოქალაქო მიმართულებით მომუშავე ადვოკატებისთვის (ისინი უნდა გადამზადდნენ). როგორც იცით, კოდექსი სექტემბრიდან შევიდა ძალაში და მათი გადამზადების პროცესი, რეალურად, ახლა მიმდინარეობს, რასაც ადვოკატთა ასოციაცია კურირებს.
– ბოლოს, მოკლედ რომ მითხრათ, რა დასკვნის გაკეთება შეიძლება – ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მივიღეთ ბავშვის უფლებათა კოდექსი, მაგრამ პირველივე მცდელობებმა, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, გვაჩვენა, რომ ჯერჯერობით ის მხოლოდ ფურცელზე დაწერილ დოკუმენტად რჩება.
– ყოველ შემთხვევაში, ეს კონკრეტული მაგალითი ამის თქმის საშუალებას იძლევა, რადგან ბავშვებმა სცადეს კოდექსით მინიჭებული უფლების გამოყენება, მაგრამ უშედეგოდ. თუმცა, ყოველი მომდევნო შემთხვევის პრაქტიკა უფრო სრულ წარმოდგენას შექმნის, როგორ იმუშავებს კოდექსი. ჩვენ სწორედ ამას ვითხოვთ – პრაქტიკაში უნდა იმუშაოს კოდექსმა და მერე შევაქოთ და არა ისე, როგორც მოხდა – ჯერ ფოირვერკები გავისროლეთ და მერე ვნახეთ, რომ პრობლემებია, თურმე კოდექსი ისეთი „ლამაზი“ არ არის, როგორც ეს სახლმწიფოს უნდა რომ ხალხს დაანახოს.
ლალი ჯელაძე
P.S. ანასთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, რამდენიმე დღეში, გაირკვა, რომ სასამართლომ მეორედ შეტანილი სარჩელიც დაახარვეზა, ამჯერად იმ მიზეზით, რომ ბავშვების მიერ დაწერილ სარჩელს მშობელი არ აწერდა ხელს. ანა აბაშიძე აცხადებს, რომ „გამოვიყენეთ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სპეციალური, ბავშვზე მორგებული სარჩელის ფორმა. როგორც ვიცით, ეს ფორმა შეიქმნა სწორედ იმიტომ, რომ ბავშვებს დამოუკიდებლად შეძლებოდათ სარჩელის სასამართლოში შეტანა. ამ ფორმაში კი, არსადაა მოთხოვნილი მშობლის ხელმოწერა“.
უფლებადამცველი მიიჩნევს, სასამართლოს მხრიდან სარჩელის ამ მიზეზით დახარვეზება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის 2020 წლის პირველ სექტემბერს ძალაში შესულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან“ და, რაც მთავარია, ნეგატიურად აისახება ბავშვების დამოკიდებულებაზე სასამართლოს მიმართ. ამიტომ, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, რომელსაც ანა აბაშიძე წარმოადგენს, მოითხოვს, რომ სასამართლომ ბავშვის მიერ დაწერილი სასარჩელო მოთხოვნა განიხილოს ძალაში შესული ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, რომლის მთავარი მონაპოვარი სწორედ სასამართლოსთვის დამოუკიდებელი მიმართვის უფლებაა და არა ძველ ნორმებზე დაყრდნობით, რომელიც ასაკობრივ ცენზს ადგენდა და აუცილებლად ითხოვდა მშობლის მონაწილეობას სამართლიანი სასამართლოს უფლების განხორციელებაში.