2 მაისი, ხუთშაბათი, 2024

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტის მიმართვა მასწავლებლებს

spot_img

ძვირფასო კოლეგებო,

უკანასკნელ პერიოდში, მასწავლებლებში გაიზარდა უკმაყოფილება სტატუსის ამაღლების პროცესთან დაკავშირებით. პედაგოგთა სხვადასხვა ჯგუფები აყენებდნენ რიგ მოთხოვნებს და შექმნილ მდგომარეობაში კრიტიკის ძირითად ობიექტად, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აქციეს. ჩვენი აზრით, ამ კრიტიკის ძირითად მიზანი, არა პედაგოგთა ინტერესების დაცვა, არამედ ჩვენი ორგანიზაციის დისკრედიტაცია და განხეთქილების შეტანის მცდელობაა პედაგოგთა საზოგადოებაში. რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს.

ალბათ დამეთანხმებით, სტატუსის ამაღლების პროცესი დროში გაიწელა, მას ახლდა უამრავი ნაკლოვანება და წარიმართა არათანმიმდევრულად. ვაღიაროთ სიმართლე, რეფორმების პროცესში, ყველა მინისტრს საკუთარი მოსაზრება ჰქონდა, იცვლებოდა პედაგოგთა მიმართ წაყენებული მოთხოვნები და შეფასების კრიტერიუმები. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რეფორმის პერიოდში 6-ჯერ შეიცვალა განათლების მინისტრი. ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით და ვიბრძვით პედაგოგთა ინტერესების დასაცავად. არ ჩამოვთვლით, ჩვენი ინიციატივით პედაგოგთა სასარგებლოდ მიღებულ გადაწყეტილებებს. ვისაც სურს დაინახოს პროფკავშირის როლი, ეს ცნობილია, ვისაც სხვა მიზანი ამოძრავებს, მათთვის ჩამოთვლას აზრიც არ აქვს.

დღეს განათლების სისტემას ახალი მინისტრი ჰყავს. პირველი შედეგები სახეზეა: გადაიდო წამყვან/მენტორობის სტატუსის მსურველთა გამოცდები, გაუგებარი მიზეზით შეჩერებულია განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭების საკითხი და გვიანდება დირექტორობის მსურველთა გასაუბრების შედეგების გამოცხადება. გაურკვეველია გადაწყვეტილებები, უკვე განხილული, ჩვენი ინიციატივების შესახებ: იმ ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლების საკითხი, რომელთაც 2022 წლის ზაფხულში საგნობრივი კომპეტენციის გამოცდაზე, 50%-იანი ბარიერი გადალახეს, მცირეკონტინგენტიანი სკოლების საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრების მასწავლებელთა სტატუსის დანამატების, საჯარო სკოლის მასწავლებელთა საბაზო ხელფასისა და ადმინისტრაცია-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდის საკითხი და სხვა.

მოკლედ რომ ვთქვათ, იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი. ჩვენთვის ცნობილი არ არის რა სიურპრიზები იქნება შემოთავაზებული მასწავლებელთა კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებით. განათლების სამინისტროში მუშაობს ზოგადსაგანმანათლებლო რეფორმის სპეციალური ჯგუფი. ალბათ უპრიანი იქნება დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ. წინასწარი განსჯისგან თავს ვიკავებთ!

მინდა აღვნიშნო, რომ კატეგორიულად არ ვეთანხმებით წამყვანი/მენტორი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდების გადადებას და სქემით განსაზღვრული, განსაკუთრებული გამოცდილებისა და მიღწევების მქონე მასწავლებლისათვის/სპეციალური მასწავლებლისათვის განსაკუთრებული წესით სტატუსის მინიჭების საკითხის შეჩერებას.

ჩვენი დამოკიდებულება, მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, ყოველთვის იყო და იქნება პრაგმატული. უპირველეს ყოვლისა, ვითვალისწინებდით და ვითვალისწინებთ მოსწავლეთა ინტერესებს და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობას. ყოველთვის ვაყენებთ ისეთ მოთხოვნებს, რომლის გადაწყვეტაც სახელმწიფოში შექმნილი, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარეობს. ალბათ ყველას გახსოვთ, ცალკე მოქმედი პედაგოგთა არაფორმალური ჯგუფი, რომელიც აყენებდა საკითხს პედაგოგთა ხელფასების ასტრონომიულად გაზრდის თაობაზე, ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს მასწავლებლები იღებენ ერთი კვირის ანაზღაურებას და სხვა. სამწუხაროდ, დღესაც გაჩნდნენ ჯგუფები, რომელთა მოთხოვნებიც აცდენილია რეალობას. მაგალითად, ითხოვენ გამოცდების და სტატუსის ამაღლების პროცესში, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების გაუქმებას, სქემით განსაზღვრული სტატუსების გათანაბრებას და ა. შ.

ბუნებრივია კითხვა: ეს ჯგუფები გამოხატავენ თუ არა მთლიანად პედაგოგთა კორპუსის ინტერესებს? რა დააშავეს იმ მასწავლებლებმა, რომლებმაც კოლოსალური შრომა ჩადეს სტატუსისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მიიღეს წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსები? ანდა, თუ უფიქრიათ ზემოაღნიშნულ ჯგუფებს, რომ სტატუსების გათანაბრების პრინციპი, მოტივაციას დაუკარგავს კოლეგებს, შელახავს მათ უფლებებს და უარყოფითად იმოქმედებს სწავლა-სწავლების ხარისხზე? რატომ გვავიწყდება, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, არის რეფორმის ძირითადი არსი და მიზანი?!

რა თქმა უნდა, პროფკავშირი მხარს ვერ დაუჭერს არარეალურ მოთხოვნებს. ჩვენ ვიცავთ არა მასწავლებელთა ცალკეული ჯგუფების, არამედ მთლიანად პედაგოგთა კორპუსის ინტერესს, ყველა სტატუსის მქონე მასწავლებელთა მოთხოვნებს და ვერ დავეთანხმებით დაუმსახურებელი შეღავათების დაწესებას ცალკეული ჯგუფებისათვის.

პროფკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები სოლიდარობა, ერთიანობა და წარმომადგენლობითობაა. პროფკავშირის საქმიანობა იგეგმება და მიმდინარეობს ყველა მასწავლებლის ინტერესების გათვალისწინებით, მათი უფლებების დაცვისათვის.

იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენი ინიციატივებით მიღებული გადაწყვეტილებები თანაბრად ვრცელდება ყველა პედაგოგზე, წევრია თუ არაწევრი.

პატივისცემით,

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები