მოქალაქეობა არ არის დაკავშირებული არც ეთნიკურ წარმომავლობასთან, არც რელიგიურ აღმსარებლობასთან, მით უმეტეს, რომ ეს უკანასკნელი ადამიანის თავისუფალი არჩევანის შედეგია და არა მემკვიდრეობით მიღებული იდეოლოგია. მოსწავლის სამოქალაქო კომპეტენციის ჩამოყალიბებისა და საზოგადოებაში სამოქალაქო კულტურის დამკვიდრებისათვის, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქის აღზრდისთვის, სამოქალაქო განათლების საგნის სწავლებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, კარგად გააზრებული თეორიის მიუხედავად, ამ საგნის სწავლებას სკოლაში, ჯერ კიდევ, მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებენ.
ვინ და რატომ უნდა ასწავლოს სამოქალაქო განათლება, რა როლი უჭირავს საგანს მოსწავლეების ცხოვრებაში — ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება ნინო ბობღიაშვილი, გომბორის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი.
— როდის გადაწყვიტეთ თქვენი პროფესიული ცხოვრების სკოლასთან დაკავშირება და რას ნიშნავს თქვენთვის პროფესია მასწავლებელი?
— ჩემი პროფესიული ცხოვრება სკოლას უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაუკავშირდა. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. 2011 წელს, დროებით, დავიწყე მუშაობა მასწავლებლად და დღემდე სკოლაში ვმუშაობ. აღმოვაჩინე, თუ როგორი რთული და საინტერესო პროფესიაა. ჩემთვის პროფესია მასწავლებელი უდიდესი პასუხისმგებლობაა.
— რა არის იმისთვის საჭირო, რომ გახდე წარმატებული პედაგოგი, ავტორიტეტი მოიპოვო და შეინარჩუნო?
— წარმატებულ პედაგოგს, ვფიქრობ, სულ ორი რამ სჭირდება — უყვარდეს ბავშვები და თავისი პროფესია. ეს ორი ფაქტორი აძლევს ბიძგს მასწავლებელს მუდმივად ვითარდებოდეს, რაც ნებისმიერ პროფესიაში წარმატების და ავტორიტეტის მოპოვების საწინდარია.
— რა მოეთხოვება სამოქალაქო განათლების პედაგოგს და ვინ უნდა ასწავლოს ეს საგანი?
— სამოქალაქო განათლება, ალბათ, უნდა ასწავლოს პედაგოგმა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება გააზრებაში, თუ როგორი მნიშვნელოვანია თავისუფალი და პატრიოტი მოქალაქე ქვეყნის და საზოგადოების განვითარებისთვის.
— რა პრობლემები ახლავს სამოქალაქო განათლების სწავლებას?
— ზოგადად პრობლემაა სამოქალაქო განათლების მეორეხარისხოვან საგნად მიჩნევა. ჩემს სკოლაში, საბედნიეროდ, ეს ასე არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გომბორის საჯარო სკოლა პროგრამა „მომავლის თაობას“ შეუერთდა. ეს არაჩვეულებრივი პროგრამა საშუალებას გვაძლევს, მოსწავლეებს, დამხმარე რესურსებით და პროექტული სწავლებით, მაქსიმალურად შედეგიანად ვასწავლოთ საკითხები, რასაც სამოქალაქო განათლება მოიცავს.
— რა არის მთავარი იმისთვის, რომ აღვზარდოთ აქტიური მოქალაქე?
— როგორც პედაგოგი, ვფიქრობ, საზოგადოებრივი საქმიანობის სწავლება და საზოგადოებრივი სარგებელის გააზრება თეორიულად შეუძლებელია. აქტიური მოქალაქის აღზრდისთვის, საჭიროა ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველობაში, მათი აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას. ეს გაზრდის ახალგაზრდების მოტივაციას და პასუხისმგებლობას საზოგადოებრივი საქმიანობის მიმართ.
— რა პრობლემებს აწყდებით თანამედროვე მოსწავლეებთან ურთიერთობისას და როგორ ახერხებთ მათ დაძლევას… დისციპლინის საკითხი ყოველთვის იყო და არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, როგორ ფიქრობთ — რატომ?
— ძირითადი პრობლემა, რაც მოსწავლეებთან ურთიერთობისას ჩნდება ხოლმე, მოტივაციის ნაკლებობაა, რის მეტ-ნაკლებად დაძლევას მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზებით ვახერხებთ. რაც შეეხება დისციპლინას, პრობლემის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი, კლასებში, მოსწავლეთა რაოდენობაა — ოცდაათი და მეტი ბავშვი კლასში. კლასების განტვირთვა, ვფიქრობ, მოხსნის ამ პრობლემას. ჩემს სკოლაში დისციპლინის საკითხი ნაკლებად დგას, რადგან მთიანი სოფლის სკოლაა და კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა.
— გაგვიზიარეთ თქვენ მიერ განხორციელებული პროექტები, სასკოლო სამოქალაქო ინიციატივები და მიღწეული შედეგები, რა შეცვალა სამოქალაქო განათლებამ თქვენი მოსწავლეების ცხოვრებაში?
— 2018 წლის გაზაფხულიდან, პროგრამა „მომავლის თაობაში“ ჩართვის შემდეგ, მრავალი სიახლე დაინერგა სამოქალაქო განათლების კუთხით. პირველი, რამაც სასიკეთო გავლენა მოახდინა სასკოლო ცხოვრებაზე, ეს იყო სამოქლაქო კლუბის ჩამოყალიბება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავიწყეთ პროექტებით სწავლება. ამან საშუალება მისცა მოსწავლეებს, პრაქტიკულად აეთვისებინათ საგნის ფარგლებში შესასწავლი მასალა, განეხორციელებინათ ბევრი საინტერესო და სასარგებლო სასკოლო და სათემო პროექტი. ყველაზე ვერ ვისაუბრებ, მოგიყვებით შედარებით მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი — „წიგნიერების დონის ამაღლება“ — მიზნად ისახავდა მოსწავლეებში წიგნის კითხვისადმი მოტივაციის ამაღლებას. მოსწავლეებმა ითანამშრომლეს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“, ადგილობრივ თვითმმართველობასთან, საგარეჯოს კულტურის დაწესებულებების გაერთიანებასთან, მწერალ ბექა ქურხულთან. შედეგად, სკოლას გადაეცა გომბორის გამგეობის შენობაში არსებული, უფუნქციო 15 314 წიგნი, გარემონტდა სკოლის ბობლიოთეკა, შეიქმნა სასიამოვნო გარემო, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეების კითხვით დაინტერესებას.
უნდა გამოვყო PH International-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „კინო ღია ცის ქვეშ“. ეს მცირე საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც ადამიანის მოსახლეობასა და მოსწავლეებში უფლებათა შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას ემსახურებოდა. ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადმოცემულ სივრცეში 12 ფილმის ჩვენება გაიმართა, აქედან 3 ფილმი ქალთა უფლებებს ეხმიანებოდა. 3 — რასიზმს, 2 ბავშვთა უფლებებს, ხოლო 4 — ადამიანის უფლებათა სხვადასხვა დარღვევას. ყოველი ფილმის დასასრულს ეწყობოდა განხილვა და მისი დაკავშირება ადამიანის უფლებებთან, ადამიანის უფლებათა დეკლარაციასა და ბავშვთა უფლებათა კონვენციასთან.
საინტერესო პროექტი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რომლის ფარგლებში, მოსწავლეებმა განახორციელეს შემდეგი აქტივობები: კვლევა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ; საინფორმაციო კამპანია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ; ტრენინგი მოწევის მავნებლობის შესახებ; კვების რაციონის შედგენა ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად; შეხვედრა მოწვეულ სტუმართან, მორაგბე მერაბ შარიქაძესთან; სპორტული ღონისძიება-მარათონი. პროექტი შედეგიანი აღმოჩნდა — მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში გაიზარდა სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესება.
განხორციელებული აქტივობების შედეგად მოსწავლეებმა გაიაზრეს საზოგადოებრივი საქმიანობის და თითოეული წევრის ჩართულობის, მონაწილეობის მნიშვნელობა; აუმაღლდათ სამოქალაქო ცნობიერება, ჩამოუყალიბდათ ჯგუფური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. თვითშეფასების ამაღლებამ საკუთარი თავის რწმენა გაუჩინათ, რაც მათ მიერ ინიცირებულ ახალ პროექტებსა და ღონისძიებებში აისახება. მოსწავლეთა აღნიშნული საქმიანობა კი სასიკეთო გავლენას ახდენს სასკოლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
— რამდენად რთულია სიახლეების დანერგვა, როგორ ხვდებიან ინიციატივას მოსწავლეები, კოლეგები, რა როლი უჭირავს თანამედროვე ტექნოლოგიებს საკლასო ოთახში? რა მიდგომებს, მეთოდებს, სტრატეგიებს იყენებთ სწავლებაში, რათა გაკვეთილი უფრო მრავალფეროვანი, პრაქტიკული, ინტერაქტიული და საინტერესო გახადოთ?
— რა თქმა უნდა, სიახლეების დანერგვა რთულია. მოსწავლეებში სიახლისადმი მზაობა მაღალია, მათ მოსწონთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, თუმცა სკოლებს ჯერ კიდევ არ აქვს ის რესურსები, რაც პრაქტიკული, ინტერაქტიული სწავლებისთვის არის საჭირო. კონსტრუქტივისტულ მიდგომებს ვიყენებთ, „სწავლა კეთებით“, ხშირად — დისკუსიას, როლურ, საგანმანათლებლო თამაშებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს, მაქსიმალურად კარგად აითვისონ და გაიაზრონ მასალა.
— აკმაყოფილებს სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოები თანამედროვე მასწავლებლისა და მოსწავლის მოთხოვნებს?
— ეს სახელმძღვანელოები შესანიშნავი რესურსია მასწავლებლისთვის და მოსწავლეებისთვის. მოიცავს თითქმის ყველა იმ საკითხს, რასაც სამოქალაქო განათლება უნდა ფარავდეს.
— რა მიგაჩნიათ განათლების სისტემის მთავარ პრობლემად?
— განათლების სისტემის მთავარი პრობლემა სკოლებში ისეთი ფიზიკური გარემოს და საჭირო რესურსების არარსებობაა, რომელიც აუცილებელია ინტერაქტიული, მრავალფეროვანი სწავლებისთვის და რომელიც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. პრობლემაა ასევე მშობელთა არასაკმარისი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, რასაც მეტ ყურადღებას უნდა უთმობდეს განათლების სამინისტრო.
— რამდენად ახერხებთ პროფესიულ განვითარებას, როგორ იყენებთ თავისუფალ დროს და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
— პროფესიული განვითარებისთვის მრავალი საშუალება არსებობს. ვესწრები ტრენინგებს, ვეცნობი სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსებს ინტერნეტში.
თავისუფალ დროს მხატვრული ლიტერატურის კითხვისთვის და ინგლისური ენის შესასწავლად ვიყენებ, რადგან ჩემი პროფესიისთვის ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო რესურსია ამ ენაზე.
სამომავლო გეგმები კი, კვლავ სკოლას უკავშირდება. მიყვარს ჩემი პროფესია, მინდა გავიღრმავო ცოდნა, განვვითარდე და შევძლო ჩემს ძალიან ნიჭიერ, გონიერ მოსწავლეებში მათი მრავალმხრივი და საინტერესო უნარების განვითარება.
ესაუბრა მაკა ყიფიანი