შემოქმედებითი (კომპლექსური) დავალებები სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია, რადგან კონსტრუქტივისტული პრინციპები პირდაპირ კავშირშია მასთან. მისი მიზანია ერთდროულად რამდენიმე უნარის გავარჯიშება და, ამ პატარა საფეხურების შეერთებით, უფრო მასშტაბურ შედეგზე გასვლა.
სწორად მიცემული და შესრულებული შემოქმედებითი დავალება მოსწავლეს უზრდის თვითშეფასებას, აჩვენებს როგორ გამოიყენოს პრაქტიკაში ნასწავლი, გარდა ამისა, თამაშ-თამაშით უვითარებს დასახული პრობლემებისა და ამოცანების დამოუკიდებლად და შემოქმედებითად გადალახვის უნარებს.
გიზიარებთ I კლასის შემოქმედებით (კომპლექსურ) დავალებას თავისი აქტივობებით, რესურსებითა და შეფასებით.
შემოქმედებითი (კომპლექსური) დავალება
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი: I
სკოლა: სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის №1 საჯარო
პედაგოგი: კესო ქობალია
რესურსები: წინასაანბანო ილუსტრაციები (სახელმძღვანელოს ავტორები: ლ. ვაშაკიძე, ვ. როდონაია, მ. მირიანაშვილი, ნ. ხაჭაპურიძე; გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“)
სხვა რესურსები: მოსწავლის რვეული, სურათები (ცხოველების/ფრინველების)
თემა: ჩვენი ოჯახის განსხვავებული წევრები
სამიზნე ცნებები: სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I).4,5,6)
სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები
მოსწავლე აცნობიერებს, რომ:
- მიზნობრივი მთლიანობის შესაქმნელად, სათქმელის უკეთ გამოსაკვეთად მნიშვნელოვანია შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების შერჩევა;
- მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად, მეტი დამაჯერებლობისთვის, მნიშვნელოვანია დეტალების წარმოჩენა, შინაარსის გამდიდრება.
საკითხი:
გამოცანა მეგობარს (ჩაფიქრებული ცხოველის აღწერა/გამოცნობა)
ქვესაკითხი: აღწერის შემადგენელი ნაწილები/ელემენტები (ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვები)
ქვეცნება: აღწერა, აღწერის მახასიათებლები.
საკვანძო შეკითხვა: როგორ აღვწერო ესა თუ ის ცხოველი/ფრინველი?
კომპლექსური დავალება: სახალისო გამოცანის შედგენა (მეწყვილისთვის, მეგობრისთვის…)
♦ ჩაიფიქრე ერთ-ერთი შინაური ან გარეული ცხოველი/ფრინველი. ჯერ კარგად მოიფიქრე, როგორ აღწერ მას. შემდეგ შენს მეწყვილეს (მეგობარს…) ისე აღუწერე იგი, რომ გამოიცნოს რომელი ცხოველი გყავს ჩაფიქრებული.
დავალების შეფასების კრიტერიუმები:
ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:
♦ როგორი გარეგნობა აქვს? (ბეწვი, კუდი, ყურები, თვალები)
♦ რა უყვარს? რას ჭამს? როგორ ხმას გამოსცემს და სხვ. (ს.1,3)
♦ ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი მრავალფეროვანი სიტყვები (ს. 1,2)
კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები)
I ეტაპი. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების/პირობის გაცნობა
აქტივობა №1. დავალების მოთხოვნის გაცნობიერება
♦ გიყვართ გამოცანები?
♦ ადვილად შეგიძლიათ მათი გამოცნობა?
♦ როგორ გამოიცანით გამოცანის პასუხი? რა მინიშნებები იყო გამოცანაში ისეთი, რაც დაგეხმარათ პასუხის მიღებაში.
♦ თქვენ ხომ არ გიცდიათ გამოცანის შედგენა? რას ეხებოდა?
♦ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გამოცანის შედგენის დროს?
♦ რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
II ეტაპი. კომპლექსური დავალების მომზადება და წარდგენა
რესურსები/აქტივობები
აქტივობა 1. ცხოველების ამოცნობა და აღწერა
რესურსი 1. ილუსტრაციები/ვიდეოები
gareuli cxovelebi da prinvelebi, sascavlo video patarebistvis, gavicnot cxovelebi da prinvelebi
♦ რას ხედავთ ილუსტრაციებზე?
♦ რომელი ცხოველის/ფრინველის დასახელება შეგიძლიათ?
♦ სად ცხოვრობს ძაღლი? კატა?
♦ კიდევ რომელი ცხოველები/ფრინველები ცხოვრობენ ადამიანებთან?
♦ რომელი გარეული ცხოველის/ფრინველის დასახელება შეგიძლიათ?
აქტივობა 2. გარეული ცხოველები
რესურსი 2. (მოსწავლის რვეულში)
♦ რას ხედავთ სურათზე?
♦ სად ცხოვრობს დათვი? მელა? მგელი? ლომი? (ტყეში)
♦ რატომ ეძახიან ზოგ ფრინველს შინაურს, ზოგს კი — გარეულს?
♦ როგორი ზომის ცხოველია ციყვი? დათვი?
♦ სად ცხოვრობს კურდღელი? როგორი ყურები და კუდი აქვს მას?
♦ რომელი ცხოველი მოგწონთ განსაკუთრებით? რატომ?
♦ როგორ გამოიყურება ის?
♦ გინდათ, რომ გყავდეთ შინაური ცხოველები? რატომ?
აქტივობა 3. მოსწავლეებისთვის აღწერის მაგალითის ჩვენება
რესურსი 3. მაგალითად: სპილოს სურათი
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი იწყებს ერთ-ერთი გარეული ან შინაური ცხოველის/ფრინველის დახასიათებას ფერის, ზომის, გარეგნობისა და სხვა ნიშნების (კუდის სიგრძე, რქა, ბრჭყალები, ხორთუმი) მიხედვით, რაც მოსწავლეებისთვის აღწერის მაგალითი უნდა იყოს. დახასიათების დასრულების შემდეგ მოსწავლემ, რომელსაც აქვს შესაბამისი ნახატი, იგი მთელ კლასს უნდა აჩვენოს. სასურველია, არ გამოვტოვოთ მოსწავლის ბარათზე ასახული არც ერთი ცხოველი. მაგ., „ის დიდი ზომის ნაცრისფერი ცხოველია. მას აქვს ვეებერთელა ყურები, დიდი თეთრი ეშვები და პატარა თვალები. მისი კუდი არ არის დიდი, არც ფუმფულა, კუდის ბოლო ფუნჯივით აქვს დაყოფილი. ამ ცხოველს აქვს ღონიერი და გრძელი ხორთუმი“.
აქტივობა 4. შინაური ცხოველის აღწერაზე დამოუკიდებლად მუშაობა.
♦ საბოლოო ვარიანტის მომზადება
♦ გამოცანაზე მუშაობა.
რესურსები: animals clipart coloring – Google Search
domestic and wild birds clipart coloring – Google Search
კომპლექსური დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობადაა გამიზნული.
♦ რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით?
♦ დაგეხმარა თუ არა ცხოველის ან ფრინველის აღწერა დავალების შესრულებაში?
♦ რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
♦ როგორ დაახასიათე შენი შერჩეული ცხოველი/ფრინველი, რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?
♦ გასაგები იქნება თუ არა შენი აღწერა/გამოცანა მეწყვილისთვის/მსმენელისთვის?
♦ რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარა უკეთ გადმოცემაში?
♦ რა გამოგივიდა კარგად დავალებაზე მუშაობის პროცესში?
♦ რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
♦ თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა, გამოცანამ მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რითი?
♦ რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
დამატებითი აქტივობა
ვიდეორგოლის შექმნა
თემა: გამოცანები შინაურ და გარეულ ცხოველებზე/ფრინველებზე
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისთვის შინაური და გარეული ცხოველების, ფრინველების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ასევე ზეპირმეტყველებისა და დამახსოვრების უნარის განვითარება, შემოქმედებითი მიდგომის წახალისება.
მოსამზადებელი ეტაპი: აქტივობისთვის მოვიძიე სხვადასხვა გამოცანა შინაურ და გარეულ ცხოველებზე, ასევე ფრინველებზე. შევარჩიე მარტივი და გასაგები ტექსტები, რომ მოსწავლეებს ადვილად შესძლებოდათ მათი დამახსოვრება. პირველ ეტაპზე გავაცანი გამოცანები, განვიხილეთ შინაარსი და მნიშვნელობა, ვისაუბრეთ ცხოველებისა და ფრინველების თავისებურებებზე, ბოლო ეტაპზე კი მოსწავლეებმა ზეპირად ისწავლეს გამოცანები.
აქტივობის მსვლელობა: მოსწავლეებმა ინდივიდუალურად იმუშავეს კონკრეტულ გამოცანებზე (იმის გათვალისწინებით, რომ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა მცირეა). თითოეული ცდილობდა გამოცანის სწორად წარმოთქმას. აქტივობის განმავლობაში გამოვიყენე ვიზუალური მასალა, რათა უფრო ნათლად წარმოედგინათ, რომელ ცხოველზე ან ფრინველზე იყო საუბარი.
ვიდეოს გადაღება: მოსწავლეებმა ზეპირად შეისწავლეს გამოცანები, შემდეგ კი ჩავწერე თითოეული მათგანი. თუმცა, რადგან ეს პირველი გადაღება იყო, ზოგიერთი კამერის წინ დაიბნა, რამაც გადაღების პროცესის გახანგრძლივება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ბავშვებმა სწრაფად დაძლიეს მღელვარება და საბოლოოდ წარმატებით ჩავწერეთ ვიდეო.
შედეგები და რეფლექსია: აქტივობამ შესანიშნავად ჩაიარა. მოსწავლეებმა მეტი ინფორმაცია შეიტყვეს ცხოველებისა და ფრინველების შესახებ, გაძლიერდა მათი ზეპირმეტყველების უნარი, და რაც მთავარია, მათთვის ეს პროცესი სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა. ერთად გავაანალიზეთ მიღებული შედეგები და ბავშვებმა თავადაც გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი აქტივობები კვლავ განმეორდეს.
სამომავლო გაუმჯობესება: მომდევნო აქტივობისთვის შეიძლება უფრო მეტი ვიზუალური მასალის გამოყენება და დამატებითი თამაშების ჩართვა, რაც კიდევ უფრო გაზრდის მოსწავლეების ინტერესსა და ჩართულობას. ასევე, მომავალში, კამერის წინ მღელვარება რომ შემცირდეს, შესაძლებელია წინასწარ ჩატარდეს „რეპეტიცია“ და ბავშვებმა კამერასთან კომფორტულად იგრძნონ თავი.
იხ.ვიდეოს ბმული ჩემს YouTube-არხზე: გამოცანა მეგობარს🩷 – YouTube
I კლასში განხორციელებული კომპლექსური დავალების ანალიზი და შეფასება
მიზანი:
♦ ჩაფიქრებული ცხოველის აღწერა/გამოცნობა;
♦ სათქმელის გამოსაკვეთად შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების შერჩევა;
♦ მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად, დეტალების წარმოჩენა, შინაარსის გამდიდრება;
♦ აღწერის შემადგენელი ნაწილების (ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვები) გააზრება, სწორად გამოყენება.
რეფლექსია
კომპლექსური დავალება ითვალისწინებდა ჩაფიქრებული ცხოველის აღწერასა და გამოცნობას. სათქმელის უკეთ გადმოსაცემად შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების შერჩევას, გარდა ამისა, მსნენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად, დეტალების წარმოჩენას და შინაარსის გამდიდრებას. რაც ყველაზე მთავარია, აღწერის შემადგენელი ნაწილების გააზრებას და სწორად გამოყენებას.
ბავშვებმა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა დიდი მონდომებით დაიწყეს. პროცესი მათთვის საინტერესო აღმოჩნდა. დავალება ორიენტირებული იყო ცოდნის გამოყენებაზე საბოლოო პროდუქტის შესაქმნელად.
პირველ ეტაპზე მოსწავლეებს გავაცანი კომპლექსური დავალების პირობა, შეფასების კრიტერიუმები, ანუ ნამუშევრის წარდგენისას რა უნდა წარმოეჩინათ და რაზე გაემახვილებინათ ყურადღება. შემდეგ უკვე გადავედით დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე. ნელ-ნელა გავაცნობიერეთ დავალების მოთხოვნა, ვისაუბრეთ გამოცანებზე და მათ სტრუქტურულ მახასიათებლებზე. მოვისმინეთ რამდენიმე მათგანი და გავიაზრეთ მისი არსი.
მეორე ეტაპზე ვნახეთ შესაბამისი ილუსტრაციები და ვიდეორგოლები, ვუპასუხეთ შეკითხვებს (gareuli cxovelebi da prinvelebi, sascavlo video patarebistvis, gavicnot cxovelebi da prinvelebi). შემდეგ კი ვიმუშავეთ მოსწავლის რვეულებში და განვიხილეთ ნამუშევრები. მომდევნო აქტივობა დავუთმე აღწერის მაგალითის ჩვენებას, ნიმუშად გამოვიყენე სპილოს სურათი, დავახასიათე ფერის, ზომის, გარეგნობისა და სხვა ნიშნების (კუდის სიგრძე, რქა, ბრჭყალები, ხორთუმი) მიხედვით, რაც მოსწავლეებისთვის აღწერის მაგალითი იქნებოდა. დახასიათების დასრულების შემდეგ მოსწავლეს, რომელსაც ჰქონდა შესაბამისი ნახატი, უნდა ეჩვენებინა მთელი კლასისთვის. მაგ., „ის დიდი ზომის ნაცრისფერი ცხოველია. მას აქვს ვეებერთელა ყურები, დიდი თეთრი ეშვები და პატარა თვალები. მისი კუდი არ არის დიდი, არც ფუმფულა, კუდის ბოლო ფუნჯივით აქვს დაყოფილი. ამ ცხოველს აქვს ღონიერი და გრძელი ხორთუმი“. ბავშვებს ძალიან მოეწონათ ეს აქტივობა და წარმატებით გაართვეს თავი.
მომდევნო აქტივობა შინაური ცხოველის აღწერას დავუთმე. ახლა მოსწავლეებს დამოუკიდებლად უნდა ემუშავათ ამ დავალებაზე. პროცესი რომ მეტად საინტერესო ყოფილიყო, ამისთვის გამოვიყენე ვიზუალური მასალა (animals clipart coloring – Google Search domestic and wild birds clipart coloring – Google Search ) . ბავშვებმა თავად შეარჩიეს მათი საყვარელი ცხოველის/ფრინველის სურათი და შეუდგნენ მუშაობას. შუალედში გამოვიყენე მეტაკოგნიტური პაუზა, ასე ვთქვათ, „კადრების უკან დატრიალება“, რადგან ამ დროს მოსწავლეები აკვირდებიან, როგორ იქცეოდნენ ისინი სამუშაოს შესრულებისას — ვინ რა ხერხი, რა მიდგომა თუ სტრატეგია გამოიყენა, რა სირთულეებს წააწყდნენ, რამ შეუწყო ხელი სირთულის გადალახვას, რამ შეაფერხა წინსვლა, რა ვერ დაიძლია, რა შეცდომები იქნა დაშვებული და რატომ, რისი გაკეთება შეიძლებოდა, რა ეგონათ და რა აღმოჩნდა. ამ დროს მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სამუშაო მეთოდებს, აფასებენ მათ ეფექტიანობას, პოულობენ წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებს.
მეტაკოგნიტური პაუზების ჩართვა მუშაობის პროცესში ხელს უწყობს თითოეულ მოსწავლეს, მოძებნოს საკუთარ თავში სიძნელეთა დაძლევის ახალი რესურსები, გახდეს უფრო ქმედითი წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად. ასეთ კონტექსტში მკვეთრად იზრდება სწავლის მოტივაცია.
მესამე ეტაპზე, თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების საშუალებით, პირველადი ნამუშევრები გააუმჯობესეს და საბოლოო ვარიანტები წარმოადგინეს. კომპლექსური დავალების შესრულებისა და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი გამოვიყენე კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, რომელიც მათი წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად იყო გამიზნული.
დასკვნითი ნაწილი იყო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. მოსწავლეებმა გაასიტყვეს შესრულებული სამუშაოს ეტაპები, კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრეს: როგორ გაართვეს თავი დავალებებს, რითი იყო ეს მათთვის საინტერესო, რა ახალი ცოდნა და გამოცდილება შეიძინეს, რომელი აქტივობები და ეტაპები მოეწონათ ყველაზე მეტად. პრეზენტაციისას რეგულარულად ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებას, კონკრეტულ რჩევას ამა თუ იმ საკითხის შესახებ.
საბოლოო ჯამში, ამ დავალებამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას, ცოდნის ეტაპობრივ კონსტრუირებას წინარეზე დაფუძნებით, მის სამივე კატეგორიაზე მუშაობას, რამაც მოსწავლეებს საშუალება მისცა, გაეაზრებინათ დავალებებისა და პრეზენტაციის /საბოლოო პროდუქტის/ ტიპები და ფორმები, რაც მათ შემოქმედებითობასა და კრეატიულობაზე მეტყველებდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ მოსწავლეს, სრულად არ ჰქონდა დაცული გამოცანის სტრუქტურული მახასიათებლები (აღწერის სათანადო ელემენტები და ენობრივი საშუალებები). გასათვალისწინებელია, რომ ისინი ჯერ პირველ კლასში არიან და წინასაანბანო პერიოდში მსგავსი შემთხვევა მოსალოდნელიცაა, პრეზენტაციისთვის საჭირო უნარებს ნელ-ნელა ეცნობიან და სწავლობენ. თუმცა, მათი წარმოდგენილი ილუსტრაციები სრულად შეესაბამებოდა შინაარსობრივ მხარეს. სამომავლოდ ვაპირებ, სწორედ ამ მიმართულებებზე გავამახვილო ყურადღება, მსგავსი დავალებები მივცე და უკეთესი შედეგის მისაღებად ვიმუშავო. მით უმეტეს, რომ მათ მოსწონთ საინტერესო და სახალისო აქტივობებში აქტიურად მონაწილეობა.
შეფასება სოლო ტაქსონომიით
სოლო ტაქსონომია ანუ სად ვარ მე? – mastsavlebeli.ge
სოლო ტაქსონომია, როგორც მოსწავლის სწავლის გზა – ახალი განათლება
მოსწავლე N1 | |
სამიზნე ცნება სიტყვა, წინადადება, ტექსტი: (შედეგები: (I), 4,5,6 ) ქვესაკითხი: აღწერის შემადგენელი ნაწილები (ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვები) ქვეცნება: აღწერა, აღწერის მახასიათებლები. |
თემა: ჩვენი ოჯახის განსხვავებული წევრები
საკითხი: „ გამოცანა მეგობარს“ (ჩაფიქრებული ცხოველის აღწერა-გამოცნობა.) |
|
|
|
||||
მიმართებითი დონე | მოსწავლემ ჩაფიქრებული ცხოველი აღწერა შესაბამისი ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვების გამოყენებით, დაიცვა გამოცანის სტრუქტურული მახასიათებლები, წარმოადგინა თემატური ილუსტრაცია და პრეზენტაციის პროცესში საინტერესოდ გადმოსცა ჩაფიქრებული ცხოველის შესახებ მინიშნებები, თუმცა მეტყველებდა სიწრაფად, რაც აფერხებდა მოსმენილის გაგება-გააზრებას.
|
შენ კარგად გაიგე დავალების პირობა. გამოცანის მოსაფიქრებლად სწორად გამოიყენე მისი სტრუქტურული მახასიათებლები (ნიშან-თვისებების აღმნიშვნელი სიტყვები). საინტერესოდ გადმოეცი გამოცანა, გაითვალისწინე მოცემული მინიშნებები და დაიცავი აზრობრივი კავშირი. მომწონს შენი წარმოსახვის უნარი და ილუსტრაციები. გირჩევ, მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად იმეტყველო უფრო ნელა, აუჩქარებლად, რათა გამოცანაში არსებული მინიშნებები მეტად წარმოაჩინო და მსმენელისთვის უფრო გასაგები გახადო. |
კესო ქობალია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. დარჩელის №1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
გამოყენებული რესურსები:
- https://www.etaloni.ge/files_inner/4065qartuliasabazo.pdf /საგანი — ქართული ენა და ლიტერატურა, გზამკვლევი, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით/;
- ქართული ენის სახელმძღვანელო (ლ. ვაშაკიძე, ვ. როდონაია, მ. მირიანაშვილი, ნ. ხაჭაპურიძე); გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“).