რუბრიკის “ქართველი სტუდენტები უცხოეთში” სტუმარია გიორგი გოგიძე — St. John’s University-ს სტუდენტი
⇒ გიორგი, რა ადგილი უჭირავს შენს ცხოვრებაში სკოლაში გატარებულ წლებს?
⇒ თბილისის 24-ე საჯარო სკოლა ჩემთვის განსაკუთრებულია. ყველა იმ წელს, რომელიც ამ სკოლაში გავატარე, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ვიყავი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, სადისციპლინო კომიტეტის წევრი, „რა? სად? როდის?“ გუნდის კაპიტანი და წამყვანი. ის სითბო, რომელსაც 24-ე საჯარო სკოლაში ვგრძნობდი, დღევანდელ ცხოვრებაში ძალიან იშვიათია. თითოეული პედაგოგისგან მხარდაჭერას, ხელშეწყობას, გვერდში დგომასა და თანაგრძნობას ვგრძნობდი. სკოლის დირექტორის, ბატონი გიორგი კაკაბაძის და სასწავლო ნაწილის გამგის, ქალბატონი ეკა ბროლაძის მაქსიმალური მხარდაჭერა მქონდა პროექტების განხორციელებისას და სწორედ ამიტომ იყო გამორჩეული 24-ე საჯარო სკოლაში ჩატარებული თითოეული ღონისძიება.
სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე და ამაში სკოლის ყველა წარმომადგენელმა დიდი წვლილი შეიტანა.
⇒ რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი და რომელ უმაღლეს სასწავლებელს მიანიჭე უპირატესობა?
⇒ პროფესიის არჩევანი, მეტწილად, ჩემმა მსოფლმხედველობამ და მისწრაფებებმა განაპირობა. საჯარო გამოსვლებში გაწაფულობა, ორატორობა, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები იყო განმაპირობებელი ფაქტორი, როცა საერთაშორისო ურთიერთობების განხრა ავირჩიე, ინგლისური სექტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.
⇒ რატომ გადაწყვიტე სწავლის გაგრძელება აშშ-ში?
⇒ ამერიკის უმაღლესი განათლების სისტემა ერთ-ერთი სრულყოფილია და წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიოს მასშტაბით. ყოველთვის მინდოდა, უმაღლესი განათლება ამერიკაში მიმეღო და ჩემი შესაძლებლობები მოწინავე უნივერსიტეტში გამომეცადა.
ვსწავლობ St. John’s University-ის იურიდიულ ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის საშუალო სწავლის საფასური შეადგენს $50 000-ს, საზოგადოებრივი კოლეჯის — $15 000-ს. აქედან უნივერსიტეტი სტუდენტს, შეღავათის სახით, ნაწილს უფინანსებს, ნაწილის გადახდა კი თავად უწევს. სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად, სემესტრულად და წლიურად. წარჩინებულ სტუდენტებს უნივერსიტეტი შიდა დაფინანსებას ან შიდა გრანტს აძლევს, თუმცა ნაწილის დაფარვა თავად სტუდენტს მაინც უწევს.
უმაღლესი აკადემიური მოსწრების სტუდენტმა შეიძლება უნივერსიტეტის შიდა გრანტი მიიღოს, რაც დიდი შეღავათია, სწავლის საფასურიდან გამომდინარე. რაც შეეხება ფედერალურ გრანტებსა და დახმარებებს, ამის უფლება მხოლოდ „მწვანე ბარათის“ მფლობელებსა და მოქალაქეებს აქვთ.
ამერიკულ უნივერსიტეტში სტუდენტის ცოდნის შეფასება გარკვეული კრიტერიუმებით ხდება, ეს მოიცავს: ქვიზებს, კვლევებს, აკადემიურ ნაშრომებს, შუალედურ და ფინალურ გამოცდებს.
სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზი შეიძლება გახდეს სერიოზული დისციპლინარული გადაცდომა ან სტანდარტის მინიმუმის შეუსრულებლობა.
⇒ როგორ ფიქრობ, რა უპირატესობა აქვს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებს ქართულთან შედარებით?
⇒ უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების უპირატესობა უნივერსიტეტის ისტორიით, კვლევების მეთოდებითა და სიძლიერით, თეორიული და პრაქტიკული მიდგომის სინთეზით გამოიხატება; გარდა ამისა, ტექნიკური აღჭურვილობებით, მდიდარი ბიბლიოთეკებით, წამყვან პოზიციებზე დასაქმების პროცენტული მაჩვენებლითა და პროგრამის მოდერნისტული ორგანიზაციით. ქართულ განათლების სისტემას სჭირდება უფრო მეტი სპეციალიზება ვიწრო სფეროებზე, რადგან, როგორც წესი, პროგრამები ზედმეტად განზოგადებულია და მხოლოდ თეორიული ხაზია განვითარებული. მეტი პრაქტიკა, მეტი კვლევა და განვითარებაა საჭირო.
⇒ რა შეგიძლია გვითხრა აშშ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების შესახებ?
⇒ ამერიკის ბიბლიოთეკები საკმაოდ მდიდარია ანტიკური, რენესანსული თუ თანამედროვე მასალებით, წიგნებით, წყაროებით, წერილებითა და ნაშრომებით. სწორედ ამიტომ, აქ ჩატარებული კვლევები ბევრად უფრო დახვეწილი და მრავლისმომცველია.
⇒ რომელია შენთვის ყველაზე საინტერესო სივრცე უნივერსიტეტში და რამ მოახდინა შთაბეჭდილება, როცა პირველად შეხვედი ამერიკულ სასწავლებელში?
⇒ პირადად ჩემთვის, ეს იყო პირადი ნივთების შესანახი კარადა, რადგან მხოლოდ ფილმებიდან ვიცოდი ამ სივრცის შესახებ და როცა ამის მომსწრე თავად გავხდი, ძალიან ბევრი სასიამოვნო მოგონება აღძრა ჩემში.
⇒ პანდემიის პერიოდში დღის წესრიგში დადგა ონლაინ სწავლების აუცილებლობა. პანდემიამ დაგვანახა, რომ შესაძლებელია განათლების მიღება დისტანციურად. თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილი უპირატესობას პირისპირ სწავლებას ანიჭებს. შენ რას ფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით?
⇒ ტრადიციულ მეთოდს, ცხადია, ვერაფერი შეედრება, როცა აუდიტორიაში, ლექტორთან და თანაკურსელებთან პირისპირ, სწავლობ და გამოცდილებას იღებ. თუმცა ამერიკაში, გადასახადის რაოდენობიდან გამომდინარე, სწავლას აუცილებლად სამუშაოც უნდა შეუთავსო, რომ სწავლის საფასურის გადახდა ზედმეტი სტუდენტური სესხების გარეშე შეძლო. ამიტომ ჩემთვის ონლაინ სწავლება, შეიძლება ითქვას, კომფორტული აღმოჩნდა.
⇒ რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი აქვთ?
⇒ პირველ რიგში, დავიწყებ იქიდან, რომ ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნაა საჭირო. სასურველია, სტუდენტს ჰქონდეს მაღალი ქულა TOEFL-სა ან IELTS-ში, გამოცდებში, რომლებსაც უნივერსიტეტები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ასევე ძალიან მნიშვნელევანია ფსიქოლოგიური მზადყოფნა, რომ სტუდენტი ახალ გარემოსა და რეალობას მენტალურად სწორად გაუმკლავდეს. რაც შეეხება კრედიტების აღიარებასა და გადასახადებს, ეს ფორმალური პროცესია და სტუდენტს ყოველთვის შეუძლია, მაღალი აკადემიური მოსწრებით, უნივერსიტეტის შიდა დაფინანსება მოიპოვოს.
⇒ გიორგი, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაოცებს, გაკვირვებს ან აღგაფრთოვანებს ამერიკაში?
⇒ ეს არის გარემო, რომელშიც შეგიძლია გახდე ის, ვინც საკუთარი შესაძლებლობიდან, უნარებიდან, ნიჭიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე, გინდა რომ იყო. აქ არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, კანის ფერს, შეხედულებებს, ყველა ადამიანს წარმატების თანაბარი შანსი აქვს, რადგან სისტემა მერიტოკრატიას ეფუძნება და ნეპოტიზმი და კორუფცია უცხოა. მოწინავე ადგილზე პროფესიონალიზმი დგას.
⇒ სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს, როგორია ამერიკული სტუდენტური ცხოვრება?
⇒ პანდემიამდე, თავისუფალ დროს, ადგილობრივ სკვერებში ვიკრიბებოდით, სხვადასხვა ტიპის გართობის საშუალებით, მაგალითად, ბოულინგით, ფილმის სესიებითა და სხვა მსგავსი აქტივობებით ვიქცევდით თავს.
⇒ სწავლის პარალელურად, ამერიკის სიცოცხლის სადაზღვევო კომპანიაში, გენერალური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობ, რა გზა გაიარე წარმატების მისაღწევად?
⇒ ამერიკის სიცოცხლის სადაზღვევო კომპანიის (American Income Life), რომელსაც Forbes-ის ჟურნალში, ყოველწლიურად, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს, საუკეთესო აგენტის ტიტული 2020 წლის ბოლო მეოთხედში მოვიპოვე. იქამდე კი, საკმაოდ კომპლექსური ინტერვიუ გავიარე, პროქტორის გამოცდა, საშტატო სალიცენზიო გამოცდა, რომ სადაზღვევო აგენტად დამეწყო მუშაობა. შემდეგ გენერალური მენეჯერის პოზიციაზე გადამიყვანეს, შესრულებული სამუშაოდან, №1 თანამშრომლის ტიტულიდან და კომპანიის დამფუძნებელთა კლუბის წევრობიდან გამომდინარე.
⇒ როგორ გესახება მომავალი, თუ საქართველოში დაბრუნდები, რა მოლოდინები გაქვს? რატომ უჭირთ უცხოეთში განათლება მიღებულ ახალგაზრდებს სამშობლოში დაბრუნება?
⇒ ვფიქრობ, ამ ეტაპზე, საქართველოს აქედან უფრო დავეხმარები. ამერიკული განათლება მნიშვნელოვანია ცოდნის საქართველოში გაზიარებისა და დანერგვის პერსპექტივით. აქაური გამოცდილება ძალიან დამეხმარება, ჩემი წილი აგური დავდო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ბევრ ქართველ ახალგაზრდას საქართველოში დაბრუნება უჭირს, რადგან ის სამუშაო თუ სამოღვაწეო ასპარეზი არ აქვს, რაც უცხოეთშია. მიუხედავად ამისა, ერთობლივად, ერთსულოვნებით, საქართველოში შესაძლებელია ისეთი ეკონომიკური, სოციალური თუ პოლიტიკური გარემოს შექმნა, სადაც ქართველი პროფესიონალები და სპეციალისტები კომფორტულად იგრძნობენ თავს.
⇒ როგორია შორიდან ოკეანის მიღმა დარჩენილი შენი ქვეყანა?
⇒ საქართველო ჩემი სამშობლოა და, უფლის შემდეგ, განსაკუთრებულად სამშობლო მიყვარს. სამომავლო ფიქრები და გეგმებიც საქართველოს დახმარებასა და გაძლიერებას უკავშირდება. ამ ეტაპზე, ქართველ ახალგაზრდებს სამშობლოს დახმარება კარგი განათლების მიღებით შეუძლიათ, ამიტომ, ამ მიზნით, უცხოეთში, საქართველოდან ასე შორს ჩემი გამგზავრება, ისევ და ისევ სამშობლოზე ზრუნვითაა განპირობებული.
ესაუბრა მაკა ყიფიანი