მარიამ რთველაძე
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის №1 საჯარო სკოლის IX ა კლასის მოსწავლე
ირმა წიკლაური – ხელმძღვანელი პედაგოგი, სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიის, I-VI კლასების ბუნებისმეტყველების წამყვანი მასწავლებელი
ცხოვრების ყველაზე ფერადი, ლაღი და შთამბეჭდავი პერიოდი არის ბავშვობა, რაც ადამიანმა სავსებით უნდა შეიგრძნოს და მაქსიმალურად განიცადოს აბსოლუტურად ყველანაირ კონტექსტში.
არაფერია ბავშვობის უწყინარ, უბრალო და სანატრელ წლებზე უფრო დასამახსოვრებელი.
სწორედ იმიტომაცაა, რომ იგი იზომება ხმებით, სუნითა და ხედებით, სანამ გონების ბნელი საათი დაიწყებს ზრდას.
თითოეული ადამიანი იღებს, ასე თუ ისე, გამოცდილებას ბავშვობის წლებთან მეტ-ნაკლები შეხებით, თუმცა, აღვნიშნავ ისეთ სიტუაციასაც, რომელიც ბავშვს მომავლის პერსპექტივას ართმევს და ნაადრევად ოჯახის შექმნას აიძულებს. ამ შემთხვევაში, როცა ოჯახის უფროსი წევრები, თუნდაც მხოლოდ მშობელი ცდილობს ბავშვზე ზემოქმედების მოხდენას, რომ ქორწინება ერთადერთი გამოსავალია და საჭიროა სწავლაზე უარის თქმა, რაც მას და მის მომავალს ვერ წაადგება, იქმნება კონფლიქტის ზონა საზოგადოების ორ დიდ ფენას შორის — ვინც მოცემულ გადაწყვეტილებას ამართლებს ან აკრიტიკებს და ამათრახებს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს 21-ე საუკუნეა და ჩვენ მომავლის ადამიანები, თაობები და ინდივიდები მსგავსი ტიპის იდეებს, მოსაზრებებსა და სიტუაციებს განვიხილავთ ისეთ ჭრილში, რომ აღარ უნდა მეორდებოდეს, სამწუხაროდ, მაინც მეორდება… მაინც ხდება ბავშვთა გარკვეული ნაწილი ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი… მაინც ებმებიან მახეში.
სინამდვილეში დრო კი არ უნდა შეიცვალოს, არამედ ჩვენ უნდა შევცვალოთ დროც, პიროვნებებიც, აზროვნებაც და ყოველივე, რისი კეთების საშუალებაც გვწადია.
ჩვენ გვაქვს უამრავი კანონი, მაგრამ თუკი ადამიანთა ნაწილი არ შეეცდება მათ ათვისებას, გაგებას, არ დაინტერესდება და არ იკითხავს თუ რისთვის არის შექმნილი, ისევ გაგვიჭირდება, ისევ უამრავი ბავშვი გახდება მსხვერპლი.
ბავშვები ის ახალი ნაპერწკლები არიან სამშობლოსა და ოჯახისათვის, რომელთაც შეუძლიათ სამყაროს უკეთესობისკენ გარდაქმნა, სიკეთის დათესვა და ახალი ტიპის მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაც კი.
პირველ რიგში, ბავშვებს სჭირდებათ ხარისხიანი განათლება, რათა განვითარების ფართო საფეხურს მიაღწიონ და თავად მიიღონ გადაწყვეტილება თუ რა იქნება უკეთესი მათ საკეთილდღეოდ, მომავლის სპექტრში განხილული.
ნაადრევი ქორწინებით მათ არა მარტო ბავშვობას, არამედ არჩევანის უფლებას ვართმევთ, განათლების უფლებას, მათ ჯანმრთელობასაც კი საფრთხეში ვაყენებთ ჩვენი გაუაზრებელი ქცევით. თითოეულ ნაადრევ ქორწინებას ახლავს ნაადრევი მშობიარობის რისკიც, რის გამოც მშობლისა და ჯერ არ დაბადებული ბავშვის სიცოცხლეც პირდაპირ საფრთხეში ვარდება.მათ დასაქმების უფლებასაც ვართმევთ, ან ნაადრევ ასაკში ვაიძულებთ მუშაობას, მძიმე დატვირთვასა და ზედმეტად მძიმე ოჯახურ პასუხისმგებლობებს ვაკისრებთ ამ უგუნური გადაწყვეტილებით.
ყველა ადამიანმა, ვფიქრობ, უნდა განიცადოს ბავშვობის დაუვიწყარი, სიცოცხლითა და ხანგრძლივი თავგადასავლებით მდიდარი პერიოდი, რომელიც ვინსენტ ვან გოგის ფერად პალიტრასაც მოგვაგონებს.
„ბავშვებო, არ დათმოთ ბავშვობა, იღიმეთ, იცელქეთ, რადგანაც დრო გადის, დრო გადის და მერე, ინანებთ დაკარგულ ვარსკვლავსაც“.
საბოლოოდ, ანე ფრანკივით, მეც მჯერა ადამიანის სიკეთისა, მისი გონებრივი და ფსიქოლოგიური განვითარებისაც.
ვფიქრობ, ერთ დღეს, ყველა დაწერს თავის მხიარულ ისტორიებს საკუთარი ბავშვობიდან, თუმცა უნდა გვახსოვდეს და არასოდეს მივცეთ დავიწყებას ის ფაქტი, რომ ადრეულ ასაკში მიღებული განათლება რჩება ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინვესტიციად, რაც შეგვიძლია განვახორციელოთ უაღრესად დიდ რეფორმად თითოეული მოსწავლისათვის, როგორც წარმატების, აყვავების გრძელ გზად, ასევე გრძელვადიან ეკონომიკურ სიძლიერედ.
არა ნაადრევ ქორწინებას!