25 მაისს, „ასოციაცია-ბიომ“ პროექტის – ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა ბუნებისმეტყველების დაწყებით საფეხურზე – შემაჯამებელი კონფერენცია გამართა. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგების ცენტრის (ctc) სკოლა-ლაბის პროგრამის მიერ სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში, გერმანული ფონდის Bread for the World (VfdW) ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციას წინ უძღოდა, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, რომლის მიზანიც დაწყებით საფეხურზე ბუნებისმეტყველების მიმართულებით ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშეწყობა გახლდათ. საერთო ჯამში, პროექტმა, საქართველოს მასშტაბით, 30 სკოლის 150-მდე მასწავლებელი მოიცვა. როგორც „ასოციაცია-ბიოს“ დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი ხათუნა გოგალაძე აღნიშნავს, თავიდან გათვალისწინებული იყო მხოლოდ ხუთი სკოლის მონაწილეობა, თუმცა, სკოლების მხრიდან გამოჩენილი დიდი ინტერესისა და გამოხმაურების შედეგად, გადაწყდა, რომ სხვა სკოლებიც ჩართულიყვნენ, რის შემდეგაც კიდევ 25 სკოლა დაემატა.
ხათუნა გოგალაძე: „მასწავლებლებმა რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავეს პროექტის ფარგლებში, ისინი მუდმივად გვაძლევდნენ უკუკავშირს, რომელსაც ვხვეწდით და საბოლოო სახეს ვაძლევდით მე, როგორც პროექტის მენეჯერი და ექსპერტები: ლაურა ჯიმშელეიშვილი და მარინა ჯალიაშვილი. თემები კლასების მიხედვით გვქონდა გადანაწილებული და პედაგოგებს კლასების მიხედვით ორ-ორი პროექტ-მაკეტი შევთავაზეთ – I კლასი – „მოგზაურობა ცხოველთა სამყაროში“, „სათამაშოების ჯადოსნური სახელოსნო“; II კლასი – „ხმელეთის ბინადარნი“, „ჩვენ გადავუფრენთ სამყაროს“; III კლასი – „მზე დედაა შენი“, „მოგზაურის დღიური“; IV კლასი – „წყლის სამყარო“, „ჩვენი ლურჯი პლანეტა“; V კლასი – „რა შეუძლია მცენარეს“, „აჩუქე სიცოცხლე ნაძვის ხის სათამაშოს“; VI კლასი – „ჰოპლა – ჩვენ გავფრინდებით“, „ჯანსაღი ცხოვრების ანბანი“.
თითოეულის განხორციელება ეტაპების მიხედვით წარიმართა. მაგალითად, პროექტის გახსნა ინოვაციური მეთოდით გულისხმობდა იმას, რომ ბავშვებს თვითონ ამოეცნოთ პროექტის სათაური, რაც სიახლეა პროექტულ სწავლებაში. შემდეგი ეტაპი გულისხმობდა ღონისძიებებს და აქტივობებს. მასწავლებელს უნდა შეეგროვებინა ცოდნის მოსავალი, მოესმინა ბავშვების უკუკავშირი და ბოლო ეტაპი – პროექტის დახურვაც, ისეთივე საინტერესო და შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო, როგორიც გახსნა.
ეს ყველაფერი მასწავლებლის გზამკვლევში გავწერეთ, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოვეცით და შემაჯამებელ კონფერენციაზე წარვადგინეთ. ფაქტობრივად, ამით დაიტესტება, თუ როგორ იმუშავა ჩვენ მიერ ადაპტირებულმა პროექტებმა. გზამკვლევში შესულია ყველა დეტალი: რას სთხოვს მასწავლებელი მოსწავლეებს, რა კითხვებს უსვამს, როგორი ტიპის აქტივობებს სთავაზობს და ა.შ.“
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი გამოვიდა. ყურადსაღებია ისიც, რომ შერჩეული გვყავდა სხვადასხვა ტიპის სკოლები, მათ შორის: მცირეკონტინგენტიანი, მაღალკონტინგენტიანი, სკოლები, სადაც კლას-კომპლექტებით მიმდინარეობს სწავლება, ასევე სსსმ მოსწავლეებიანი კლასები. ბუნებრივია, მრავალფეროვან საკლასო გარემოში გვსურდა, გამოგვეცადა, თუ როგორ იმუშავებდა ასეთი სახის პროექტული სწავლება.პროექტის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ იოლად ხელმისაწვდომი მასალებით შეექმნათ რესურსები. რაც მთავარია, პროექტის ფარგლებში შექმნილი და საგაკვეთილო პროცესში გამოფენილი რესურსების მისი მრავალჯერადი გამოყენებაა შესაძლებელი, როგორც ბუნებისმეტყველების საგნებში, ისე სხვა საგნებთან ინტეგრირებულად.“
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რაც პროექტის ფარგლებში გაკეთდა, არის „ასოციაცია-ბიოს“ საიტის შექმნა (AssociationBio (association-bio.ge), სადაც პროექტის მიმდინარეობის დეტალები და საბოლოო შედეგები აიტვირთება, რათა პროექტის მონაწილე სკოლების გარდა, დანარჩენი სკოლის მასწავლებლებმაც შეძლონ რესურსის გამოყენება თავიანთ საგაკვეთილო პროცესში. მეორე მხრივ, ეს პროექტის მდგრადობასაც განაპირობებს. ონლაინ რესურსის გარდა, იგეგმება ბეჭდური სახით გზამკვლევის სკოლებისთვის დარიგებაც, განსაკუთრებით, იმ სკოლის მასწავლებლებისთვის, სადაც ინტერნეტის მოხმარება შედარებით შეზღუდულია. „ყველა ფოტომასალა და ვიდეორესურსი, კლასების მიხედვით დახარისხებული, აიტვირთება ვებგვერდზე. საიტი ქიუარ კოდით არის ჩატვირთული და მსურველები იოლად შეძლებენ მის გამოყენებას. ახალბედა მასწავლებლები, იმის გარდა, რომ წაიკითხავენ როგორ გააკეთონ პროექტები, ნახავენ და დააკვირდებიან უშუალოდ, როგორ განხორციელდა ეს საკლასო ოთახებში. ასევე, დაინტერესების შემთხვევაში, შეუძლიათ, დაუკავშირდნენ პროექტის მონაწილე მასწავლებლებს და ითანამშრომლონ მათთან“, – ამბობს ხათუნა გოგალაძე.
პროექტმა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი მოიცვა – სექტემბერში დაიწყო და მაისში დასრულდა, რეალურად, მთელი სასწავლო წელი გაგრძელდა. როგორც ხელმძღვანელები აღნიშნავენ, პროექტ-პაკეტები მასწავლებლებმა შეიძლება საუკეთესო გზამკვლევად აქციონ და მთელი წლის განმავლობაში განახორციელონ პროექტით სწავლება და მათთვის სასურველ დროს (გადანაცვლებით), ჩაატარონ ეს აქტივობები. მთავარია, საბოლოოდ ეროვნულ მიზნებზე გავიდნენ. კიდევ ერთი დახმარება, რომელიც აღნიშნულმა პროექტმა მასწავლებლებს აღმოუჩინა, მესამე თაობის ესგ-ს მიხედვით შედგენილი აქტივობებია. პროექტის მენეჯერის თქმით, ამის აღნიშვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მისივე განმარტებით, წელს მესამე თაობის გრიფირებული სახელმძღვანელოები მხოლოდ პირველ და მეორე კლასში ჰქონდათ. მესამედან მეექვსე კლასის ჩათვლით კი, მეორე თაობის ესგ-ს მიხედვით შედგენილი სახელმძღვანელოებით ასწავლიდნენ. „კვეთა არ იყო მოთხოვნასა და შეთავაზებულ სახელმძღვანელოებს შორის – ანუ მესამე თაობის ესგ-ს შედეგებზე უნდა გაიყვანონ მოსწავლეები და სახელმძღვანელოები შედგენილია მეორე თაობის ესგ-ს მიხედვით, – პროექტ-პაკეტებში კი, შემოვიტანეთ მესამე თაობის ესგ-ს მიხედვით შედგენილი აქტივობები და, რეალურად, ამით გავუადვილეთ მათ მოთხოვნის შესაბამის შედეგებზე გასვლა“.
პროექტის ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლება განსაკუთრებულ მნიშვნელობას დაწყებითი საფეხურიდანვე იძენს, რადგან ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებების კვლევით ნაწილზე მუშაობა/კვლევით პროექტად ჩამოყალიბება, საბაზო საფეხურზე გადასვლისას ძალიან უჭირთ მოსწავლეებს. მეშვიდე კლასიდან მათ უწევთ ამასთან შეჭიდება, რეალურად კი, არ არიან ამისთვის მზად, არ იციან, როგორ დაწერონ კვლევის რაპორტი, როგორ ჩაატარონ ექსპერიმენტი, რა არის ჰიპოთეზა ან როგორ გააკეთონ შედეგების ანალიზი, დასკვნა როგორ ჩამოაყალიბონ და ა.შ. ამ პროექტის ფარგლებში კი, გზამკვლევის სახით, შესთავაზეს მასწავლებლებს, თუ როგორ ასწავლონ ის საბაზისო უნარები, რომელიც ზედა საფეხურზე გაუადვილებთ ამ მიმართულებით სწავლებას.
ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მენტორი მასწავლებელი, პროექტის ექსპერტი მარინა ჯალიაშვილი მიიჩნევს, რომ „ასოციაცია-ბიომ“ ძალიან საინტერესო პროექტი განახორციელა დაწყებითი საფეხურის ბუნებისმეტყველების მასწავლებლებისთვის, რომლის მთავარი მიზანი, ესგ-ს დანერგვასთან ერთად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ბავშვების ინტერესის გაძლიერება იყო. მისივე თქმით, ეს წარმატებით გამოუვიდათ, რასაც ადასტურებს მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან გამოჩენილი დიდი ინტერესი და აქტივობა. „პროექტული სწავლებისას, იმის გარდა, რომ მოსწავლეები ცოდნას იძენენ და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავდივართ, მათ უვითარდებათ სხვადასხვა საჭირო უნარები, როგორიცაა: კომუნიკაციის, ჯგუფურად მუშაობის, კრიტიკულად აზროვნების, შემოქმედებითი და ა.შ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ დაწყებითი საფეხურის ექვსივე კლასისთვის დაგვეგეგმა და დაწვრილებით გაგვეწერა პროექტები, რომელსაც მოარგებდნენ თავიანთ სასწავლო პროცესს. ეს იყო ერთგვარი დახმარება, რომ ესგ ეფექტურად დაენერგათ კლასში და შემდეგ ჩვენ გვენახა შედეგები, რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა. მასწავლებლები ძალიან შემოქმედებითად მიუდგნენ შეთავაზებული პროექტების განხორციელებას იმის გათვალისწინებით, რა ცოდნა და გამოცდილება ჰქონდათ მათ მოსწავლეებს. შესაბამისად, მოახდინეს მოდიფიცირება და აქტივობები საკუთარი მოსწავლეების საჭიროებებსა და შესაძლებლობებს მოარგეს. სწორედ ამიტომ მივიღეთ კარგი შედეგები. ამასთანავე, მოსწავლეების მაღალი ჩართულობით შეიქმნა პროექტით გათვალისწინებული პროდუქტები – საუკეთესო რესურსები.
საერთო ჯამში, პროექტებით სწავლება, მრავალმხრივ სასარგებლოა – ერთი მხრივ, ესგ-ს შესაბამისად, სამიზნე ცნებებზე გავდივართ, მეორე მხრივ, ბავშვებმა სამომავლოდ საჭირო უნარ-ჩვევები შეიძინეს. მაგალითად, როდესაც ახორციელებდა პირველი კლასი პროექტს – სათამაშოების ჯადოსნური სახელოსნო – მსჯელობდნენ, რა მასალა უნდა გამოეყენებინათ, შემდეგ ახარისხებდნენ. ამით მათ ნელ-ნელა ეკოლოგიური აზროვნებაც უყალიბდებათ – მიზანმიმართულად დავამზადებინეთ სათამაშოები მეორადი მოხმარების საგნებით, ანუ ხელახლა გამოიყენეს რესურსები, რაც ეკოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბებაში ეხმარებათ. რაც მთავარია, ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული აქტივობებით სწავლების პროცესი ბავშვებისთვის მოსაწყენი არ იყო, პირიქით, მათში დავინახეთ ძალიან დიდი ინტერესი და ხალისით კეთების სურვილი.
აქვე ვეტყვი დაინტერესებულ მასწავლებლებს, რომ მათთვის შექმნილი გზამკვლევის და ვებგვერდზე ატვირთული სხვა რესურსების გამოყენებით, შეუძლიათ ისარგებლონ და მომავალ წელს თავიანთ კლასებში განახორციელონ მსგავსი პროექტები, მოსწავლეების საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით“.
♦♦♦
კონფერენციაზე, პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა მონაწილეებს გააცნეს კონკრეტული აქტივობები, რომელზეც კლასთან ერთად, მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, იმუშავეს. ასევე, ისაუბრეს პროექტული სწავლების მნიშვნელობაზეც, რომელმაც საუკეთესო შედეგები მოუტანათ ესგ-ს დანერგვის პროცესში.
ამბროლაურის №1 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ათეულთა კლუბის წევრმა, ნინო ჭიჭინაძემ, განხორციელებული პროექტბის – „მოგზაურობა ცხოველთა სამყაროში“ – მაგალითზე წარმოაჩინა თუ როგორ იძენს მოსწავლე მრავალმხრივ ცოდნას, პროექტით გამთლიანებული აქტივობების დახმარებით. ნინო გვიამბობს, რომ პროექტის, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ოცამდე აქტივობა განახორციელა მშობელთა ჩართულობით, საგანთა ინტეგრირებითა და მრავალმხრივი ცოდნის მიღება-განმტკიცებით.
ნინო ჭიჭინაძე: „შევეცდები გაგაცნოთ ჩემ მიერ განხორციელებული განსხვავებული აქტივობების დაგეგმვის მიზანიც და შედეგებიც.
„ჩემი საყვარელი ცხოველი“ – ამ აქტივობის მიზანი გახლდათ, საკითხის ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირება. მშობლებს ვთხოვე მოსწავლის მიერ გადაღებული ან მოსწავლის და მისი საყვარელი ცხოველის ფოტო გამოეგზავნათ, წარდგენა კი ბავშვებმა გააკეთეს. აღნიშნული აქტივობით გააქტიურდა თითოეული მოსწავლე, განსხვავებულად წარმოაჩინა საკუთარი თავი. ბავშვებმა თანაკლასელის შინაგანი სამყაროს დანახვაც შეძლეს. აქტივობა გაბმული მეტყველების უნარის ფორმირებისა და პროექტის აქტუალურად დაწყებისთვის იყო საუკეთესო.
learningapps.org – პლატფორმაზე არსებული დავალებები ძალიან სახალისო და საინტერესო გახდა მოსწავლეებისთვის, თანადროულად ახდენდნენ ცოდნის მიღება-რეალიზებას, ეფექტური იყო ციფრული დავალებები და იწვევდა მათ მაღალ ჩართულობას. ინტეგრირდებოდა ისტორია, ბუნებისმეტყველება და ქართული ენა.
„კედლის წიგნი“ – ამ აქტივობის მიზანია, მოსწავლეთა შექმნილი ნამუშევრების (უკლებლად ყველას) მნიშვნელოვნების წარმოჩინება კლასში. ეს მათ თვითშეფასებას ზრდის. ამასთანავე, შექმნილი ნაშრომი, ერთი აქტივობის ფარგლებში, თავისუფლად შეიძლება მომდევნო საკითხისთვის გახდეს გამოსადეგი. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, მოსწავლეთა მიერ ცხოველ-ფრინველებზე შექმნილი ნახატები წარმოგვედგინა კედლის წიგნის ჩვენეული ვერსიით. აქტივობა იძლეოდა ინტერაქციის საშუალებასაც, მსჯელობდნენ, თუ რატომ ათავსებდნენ, მაგ., კატას შინაური ცხოველის გრაფაში. შედეგად, მოსწავლეებმა გაიგეს, თუ რომელი ცხოველი ან ფრინველი იყო შინაური, რომელი გარეული. მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები დარჩნენ, საკუთარი საერთო ნაშრომად აღიქვეს და გაუჩნდათ ერთმანეთთან მიკუთვნებულობის განცდაც. ამ აქტივობისას ინტეგრირდა ბუნებისმეტყველება და ხელოვნება.
„ბარტერული გაცვლა“ – ამ სახელწოდების ჯგუფური მუშაობა უკავშირდებოდა ფინანსურ განათლებას – ჯგუფური მუშაობის, მოლაპარაკების, შორს ხედვის უნარის ფორმირებას. თამაში მიმდინარეობდა ოთხ ჯგუფში (თითოეულში იყო 3 ბავშვი). მათ დავურიგე ჩამონათვალი: 1. შინაური ცხოველები; 2. გარეული ცხოველები; 3. შინაური ფრინველები; 4. გარეული ფრინველები. ასევე თითო ცალი კანფეტი. მერხზე განთავსებული იყო ცხოველთა ნაშიერების ოთხი შეკვრა. ჯგუფის წარმომადგენელ მოსწავლეს უწევდა მოსვლა, პაკეტების წაკითხვა, სასურველის ამორჩევა და კანფეტში გადაცვლა. თუ სწორად განალაგებდნენ, თითოეულს შეხვდებოდა კანფეტი. აქტივობა გამოდგა საინტერესო, მათ განივითარეს კითხვის უნარი, ურთიერთსწავლების, მოლაპარაკების, წინდახედულების, რომ სწორად მიესადაგებინათ ცხოველისთვის ნაშიერი, ასევე, მოთმინების უნარიც, რომ ეს კანფეტი გაცვლისთვის გამოეყენებინათ და არა უცებ შესაჭმელად. დავალების ფარგლებში ინტეგრირდა ქართული ენა ბუნებისმეტყველებასთან. სწორად და სწრაფად კითხვის უნარი იყო დავალებისთვის ფონური ცოდნა, ასევე წარდგენის უნარის ფორმირება.
საბოლოო პრეზენტაცია — ჯგუფური მუშაობა და წარდგენა იყო კულმინაცია, სადაც მიღებული ცოდნა წარმოჩინდა. ოთხი ჯგუფი მუშაობდა, მომზადდა ფონური პლაკატები, რომელზეც მოსწავლეებმა დაიტანეს თავისი გაფერადებული ცხოველ-ფრინველები. დამხმარე შეკითხვების მეშვეობით მოსწავლეებმა ისაუბრეს ცხოველთა სამყაროს შესახებ – ახსნეს სახეობები, მათი კვების, საცხოვრებელი გარემოს, ნაშიერების შესახებ და ა.შ.
ამ აქტივობებით ნათლად ჩანს, რომ სასწავლო პროექტზე მუშაობისას ხდება საგანთაშორის კავშირების დამყარება, ცოდნათა ურთიერთდაკავშირება, კეთებით სწავლა, მოსწავლის პასუხისმგებლობის ზრდა, გუნდურობის განცდის ფორმირება; ვითარდება წარდგენის უნარი. პროექტული სწავლება ნამდვილად იძლევა საშუალებას, რომ სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, სწავლების პროცესი უფრო შემოქმედებითი, საინტერესო და შედეგიანი გავხადოთ. მსგავს პროექტებს კი, სასკოლო კლიმატის ცვლილებამდე მივყავართ, რომელშიც მოიაზრება მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ხელმძღვანელებს ამ შესაძლებლობისთვის.“
თბილისის №32 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანმა მასწავლებელმა, თინა სანებლიძემ „ასოციაცია-ბიოს“ მიერ შეთავაზებული ორი პროექტი – „ლურჯი პლანეტა“ და „წყლის სამყარო“ განახორციელა. ჩვენთან საუბრისას მან ყურადღება პირველ პროექტზე გაამახვილა, რომლის მიზანი რუკისა და გლობუსის გამოყენებით მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების აღწერა, მათი ურთიერთმდებარეობის განსაზღვრა იყო; ასევე, მოსწავლეებისთვის კომპასის გამოყენების სწავლება და დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებზე საუბარი; დედამიწის რელიეფის ცვლილებების გამომწვევი სტიქიური მოვლენების (ვულკანი, მიწისძვრა, წყალდიდობა) შესახებ ინფორმაციის გაცნობა მოსწავლეებისთვის.
თინა სანებლიძე გვიამბობს, რომ პროექტის ეტაპები ძალიან საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. „ჩვენს სკოლას საკმაოდ დიდი, ლამაზი და კეთილმოწყობილი ეზო აქვს, სადაც პირველი აქტივობა ჩავატარეთ. სხვადასხვა ადგილზე მქონდა დამალული თეთრი ფერის ბარათები, თითოეულში ცალ-ცალკე მოთავსებული იყო ჩვენი პროექტის სათაურის ასაწყობი ასოები. ბავშვებს მივეცი დავალება, რომ მოეძებნათ დამალული ბარათები და ნაპოვნი ასოებით აგვეწყო ჩვენი პროექტის თემის დასახელება. ასე ავკინძეთ „ლურჯი პლანეტა“ და შევუდექით მის განხორციელებას. ჩემს მოსწავლეებს ბუნებაში უკვე ნასწავლი, განვლილი მასალა კარგად ახსოვდათ, რაც ძალიან გამოადგათ. ვსაუბრობდით, რა აწუხებს დედამიწას, როგორ მოვუაროთ და დავეხმაროთ მას. ამ თემასთან დაკავშირებით ბავშვებმა შექმნეს პოსტერები „გადავარჩინოთ დედამიწა“, შეასრულეს ნახატები თემაზე „დედამიწა — ერთი სახლი“; 22 აპრილს დედამიწის დღე აღვნიშნეთ, დავასუფთავეთ სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორიაზე დავრგეთ მცენარეები.
მომდევნო აქტივობა მიწისძვრასა და უსაფრთხოების თემას მივუძღვენით. პროექტორის საშუალებით PowerPoint პროგრამაში აწყობილი სლაიდებით ბავშვებს ვუჩვენე, თუ რის გამო ხდება მიწისძვრა, როგორი შედეგები მოჰყვება მას, როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის დროს და, რაც მთავარია, არ შეგვეშინდეს, არ დავიბნეთ, რათა ვუშველოთ როგორც საკუთარ თავს, ასევე, გარშემომყოფებს. ვიმსჯელეთ ვულკანის შესახებ, ვულკანის მოდელებიც დაამზადეს.
კომპასის დამზადებამდე ბავშვებს დავალება მივეცი, ინტერნეტის საშუალებით მოეძიებინათ ინფორმაცია კომპასის შესახებ: რომელ ქვეყანაში გამოიგონეს და რისთვის გამოიყენება. ერთმანეთს ყურადღებით უსმენდნენ, ჩემნაირი აქვს თუ არაო, ეს მიმაჩნია ინტერესის გაღვივების ერთ-ერთ გზად.
მომდევნო იყო კონტინენტებზე, ოკეანეებსა და ზღვებზე საუბრები. მოსწავლეები, თავიანთი ინტერესების მიხედვით, დაიყვნენ ჯგუფებად და დაინაწილეს დავალებები. ინტერნეტის საშუალებით მოიძიეს ინფორმაცია, თუ რომელი კონტინენტი, ოკეანე, ზღვა სად მდებარეობს; ასევე, მოიძიეს ინფორმაცია, რომელი ცხოველი რომელ კონტინენტზე ბინადრობს, რით იკვებებიან, როგორ მრავლდებიან. დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით მოეკიდნენ დავალების შესრულებას. შემდეგ შექმნეს დიორამა „ზოოპარკი“. მუშაობის პროცესში ბავშვები სიყვარულით საუბრობდნენ თითოეულ მათგანზე, სლაიდებიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი მოსიყვარულე თვალებით მისჩერებიან საკუთარი ხელით შექმნილ ფიგურებს.
ბოლოს პროექტის დახურვის აქტივობაც დაიგეგმა, უნდა დაემზადებინათ დედამიწის მოდელი – გლობუსი. ეს იყო საქმიანი ხმაური და ყველაზე მხიარული დავალება. ჯგუფებში გადანაწილდნენ და მონდომებით ასრულებდნენ დავალებას, თან სხვა ჯგუფების მიერ შესრულებულ დავალებას აკვირდებოდნენ, საკუთარს ადარებდნენ. სიამოვნებით ვადევნებდი თვალს მათ აქტიურობას. პროექტული სწავლება საუკეთესო გზა აღმოჩნდა მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერებისა და უნარ-ჩვევების განვითარების ხელშესაწყობად. ძალიან დიდი მადლობა „ასოციაცია-ბიოს“ და პროექტის ორგანიზატორებს იდეების მოწოდებისა და საინტერესო აქტივობების წარმატებით განხორციელების ხელშეწყობისათვის. სწორედ ასეთი პროექტებითა და აქტივობებზე მუშაობით უვითარდებათ ბავშვებს გუნდური და თანამშრომლობითი, კრიტიკული და შემოქმედებითი, კეთებითა და ექსპერიმენტებით სწავლის, სხვისი აზრის მოსმენისა და პატივისცემის უნარები.“
ქრისტეფორე III-ის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის №4 საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა, ლელა კორკოტაძემ „ჯანსაღი სხეულის ანბანზე“ VI კლასის მოსწავლეებთან იმუშავა. გვიყვება, რომ ძალიან სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის პროექტის აქტივობებში ჩართვა. „მაქსიმალურად გავითვალისწინე მათი ინდივიდუალური საჭიროებები და შესაძლებლობები. ვეცადე, კარგად წარმოეჩინათ თავიანთი უნარები, შემოქმედებითობა, შესძლებოდათ მსჯელობა. რაც მთავარია, დაგეგმილი აქტივობებით ხელი შევუწყვე მათში აზროვნების, ჯგუფური მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, დამუშავებისა და ანალიზის უნარების განვითარებას.
ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა პროექტის შემაჯამებელი ეტაპი. როცა მოსწავლეებმა თავი მოუყარეს ნასწავლ და მოძიებულ მასალას, ამ დროისთვის მათ უკვე კარგად ჰქონდათ გააზრებული პროექტის მნიშვნელობაც. რაც მთავარია, გაიაზრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობა. პროექტის საბოლოო მიზანიც ხომ ეს იყო.
კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო, როგორ ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას პროექტებით სწავლება – ყველანაირი შესაძლებლობის მქონე მოსწავლე ინტერესით და მონდომებით ერთვება სწავლების პროცესში, მუშაობს ცხოვრებისეული პრობლემის გადაჭრაზე. ამის გარდა, უფრო საინტერესო და სახალისო ხდება საგაკვეთილო პროცესები, გარკვეულწილად, მათ პასუხისმგებლობასაც ზრდის, უფრო კრიტიკულები, შემოქმედებითები და თვითდაჯერებულები ხდებიან. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი პროექტი, რომელიც მოსწავლეთა საჭიროებასა და ინტერესებზე იქნება მორგებული, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა დეკლარაციული ცოდნის პროცედურულ და პირობისეულ ცოდნად გადაქცევას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „ასოციაცია-ბიოს“ ასეთ საინტერესო პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის.“
♦♦♦
კონფერენციის ბოლოს, „ასოციაცია-ბიოს“ წარმომადგენლებმა მომხსენებელი მასწავლებლები და მონაწილე სკოლები დააჯილდოვეს.
ლალი ჯელაძე