დარიკო ხვედელიძე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი
ჩემ შესახებ
ამაყი და ბედნიერი ვარ, რადგან შესაძლებლობა მომეცა გაგაცნოთ ჩემი თავი. მე ვარ დარიკო ხვედელიძე — 37 წლის, პროფესიით მასწავლებელი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავირიცხე სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 2003 წელს წარმატებით დავამთავრე ისტორიის ფაკულტეტი, ამავე წელს გავხდი ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტი. 2011 წელს ჩავირიცხე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების დოქტორანტურაში. 2013 წლის 29 მარტს დავიცავი დისერტაცია თემაზე „PR განათლების სისტემაში“. დისერტაციამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მომენიჭა. გამოქვეყნებული მაქვს 8 სამეცნიერო ნაშრომი და ვმონაწილეობდი საერთაშორისო კონფერენციებში. 2001 წლიდან ვმუშაობ სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად. 2006 წელს წარმატებით ჩავაბარე დირექტორთა გამოცდები და 2008 წლიდან, პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად, ვხელმძღვანელობ დარკვეთის საჯარო სკოლას. 2017 წელს, პილოტირების რეჟიმში, გავიარე გარე დაკვირვება და მომენიჭა ჭიათურის მუნიციპალიტეტში რიგით პირველი წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
პროფესიის არჩევანი
სკოლას ვამთავრებდი, როცა თომას ედისონის შესახებ წავიკითხე. გარკვეულწილად, მისმა ისტორიამაც გადამაწყვეტინა პედაგოგი გავმხდარიყავი, სწორედ მისი „თავგადასავალი“ გახდა ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის მთავარი სტიმული. ამავე დროს, ჩემი არჩევანი იმანაც განაპირობა, რომ პედაგოგთა გარემოცვაში ვიზრდებოდი. ჩემი მშობლები მასწავლებლები არიან და მუდმივად მიწევდა იმ ყოველდღიური ცხოვრების ორომტრიალში ყოფნა, რამაც ჩემში ამ პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარული და პატივისცემა ჩამოაყალიბა.
წარმატების ფორმულა
ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად მთავარია საქმისადმი სიყვარული, მუდმივად ზრუნვა განვითარებისთვის. თანამედროვე პედაგოგი, პირველ რიგში, უნდა იყოს პროფესიონალი, მოწესრიგებული, ენერგიული, მიზანსწრაფული, ჰქონდეს კრეატიული აზროვნების უნარი, საჭირო ცოდნისა და სწავლების პროცესისადმი ახლებური, თუნდაც განსხვავებული ხედვა, უნდა იყოს შრომისმოყვარე, პატივს სცემდეს იმ საქმეს, რასაც აკეთებს. საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება თავისთავად ავტორიტეტის მოპოვების და შენარჩუნების საწინდარია. მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მასწავლებლის ნდობა და შეეძლოს მასთან ნებისმიერ თემაზე საუბარი, იყოს გულწრფელი და, რაც მთავარია, მასწავლებელი უნდა ფლობდეს მოსწავლეთათვის საინტერესო მრავალფეროვან ინფორმაციას და ჰქონდეს კარგი გადმოცემის უნარი.
თანამედროვე სკოლის პრობლემები
თანამედროვე ბავშვებსა და მასწავლებლებს შორის უნდა იყოს ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, პედაგოგი ბავშვის უფროსი მეგობარი, მრჩეველი და კეთილის მოსურნეა, ვინც გულისყურით მოეკიდება მის პრობლემებს. მასწავლებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს დრო თითოეული მოსწავლის სურვილების, ინტერესებისა და პრობლემების შესწავლა-გაგებისათვის, უახლესი და საჭირო ინფორმაციის გაცნობა-გაზიარებისთვის. ამიტომ, სასურველია სკოლებში პერიოდულად მიავლინონ სპეციალისტები პროფესიული სიახლეებისა და საერთაშორისო ახალი მნიშვნელოვანი ტენდენციების გასაცნობად.
თანამედროვე სკოლებში, სწავლების პროცესთან ერთად, ყურადღებას ურთიერთობების პრობლემებიც საჭიროებს. მათ დაძლევას, შეძლებისდაგვარად, ვუმკლავდებით, მაგრამ თანამედროვე მასმედია იმდენ სურვილების აღმძვრელ ინფორმაციას აწვდის მოზარდ თაობას, უბრალოდ, შეუძლებელია მარტივად მათი დაკმაყოფილება. დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები კი ზრდის ადამიანის/მოზარდის სისხლში ტესტოსტერონის ჰორმონის შემცველობას, რაც ადამიანს/მოზარდს აგრესიისა და ძალადობისკენ უბიძგებს. სკოლის მოსწავლეებში აგრესია/ძალადობა წარმოჩინდება რაიმე ნივთის (მაგ. მობილური ტელეფონი) ან ფულის „შეწერის“ (მოთხოვნის) სახით, რაც ბულინგის ფორმას იძენს და ხელს უშლის როგორც მსხვერპლის, ისე მოძალადის სულიერ განვითარებას (სიჯანსაღეს) და სწავლის პროცესს. ცხადია, ყოველივე ეს მოსწავლეთა დისციპლინაზეც უარყოფითად აისახება. თანამედროვე ფსიქოლოგები ვარაუდობენ, რომ ამას არც მშობლების, მასწავლებლების, მანდატურებისა და პოლიციელების შიში აღმოფხვრის, არც სათვალთვალო კამერების დამონტაჟება საკლასო ოთახებში. შიში აღარ არის პრობლემის მოგვარების თანამედროვე მეთოდი! ის ვერ მოსპობს ადამიანის (განსაკუთრებით ვაჟების) სისხლში ტესტოსტერონის შემცველობას, მას, ცალკეულ შემთხვევებში, მხოლოდ აგრესიული ქცევის სკოლის გარეთ გატანა შეუძლია! გამოსავალი მოზარდების თავისუფალი დროის კონსტრუქციულად გამოყენება, ჭარბი ენერგიის „დახარჯვაა“ სპორტის სხვადასხვა სახეობებში, ხელოვნების სექციებში (ცეკვა, გუნდური სიმღერა, თეატრალური დადგმები, ნაკლები თავისუფალი დრო და ა.შ.). მაგრამ ყველაფერი ეს ოჯახების უმეტესობისთვის ძვირი სიამოვნებაა. ამ პრობლემიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა სკოლაში სპორტისა და სახელოვნებო სექციების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სამწუხაროდ, გვავიწყდება, რომ სპორტი, ხელოვნება და ნებისმიერი ასაკის შესაფერი ფიზიკური შრომა მოზარდი თაობის ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვისაა საჭირო. ჩვენ კი ხშირად ამ საგნებში სასკოლო პროგრამით გათვალისწინებულ გაკვეთილებს (კვირაში ერთი ან ორი საათი) სხვა საგანს ვუთმობთ (მათემატიკა, უცხო ენა ან სხვა), განსაკუთრებით დაწყებითების პედაგოგები. ეს მე გამოუსწორებელ შეცდომად მიმაჩნია, მით უმეტეს ქალაქის სკოლებში, სადაც ბავშვები „თავისუფალ დროს“ მეტწილად ტელევიზორებთან ან კომპიუტერებთან ატარებენ. ხელოვნური საფარით დაფარული მოედნები კი უბნის მოზარდებისთვის ხშირად ხელმიუწვდომელია, რადგან მათ დიდი ბიჭები აკონტროლებენ. მოზარდთა უმრავლესობა ქუჩის ბულინგის შიშით შინ, კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ზის.
ბულინგი სკოლაში
თანამედროვე მოსწავლეების დასჯა ძველი მეთოდებით მიუღებელია. მოსწავლე, რომელიც არ მეცადინეობს, წესრიგს არღვევს, უზრდელობს, უხეშობს და ა.შ., როგორც წესი, ოჯახში არსებული პრობლემების გამო აკეთებს ამას ან პირიქით, განებივრებულია. პირველ შემთხვევაში, მასწავლებელი მისი დამრიგებელი, მეგობარი უნდა იყოს, თანამგრძნობი, გამგები, გამმხნევებელი, დამაიმედებელი, სწავლის სტიმულის მიმცემი და, ცხადია, დამხმარე, პრობლემისგან თუ მარცხისგან თავის დაღწევის მასწავლებელი. მოსწავლეს მასწავლებლის ნდობის დაკარგვისა უნდა ეშინოდეს. მასწავლებლის კეთილგანწყობამ, ბავშვთან ერთად ყოველი ქცევის გაანალიზებამ, მაგალითების ჩვენებამ, რეალურ სიტუაციებზე დაკვირვებამ ახსნა უნდა მოუძებნოს ამა თუ იმ ქცევას და უკეთესი ვარიანტი შესთავაზოს მოზარდს. მეორე შემთხვევაში, როცა ბავშვი განებივრებულია, მასწავლებელმა აუცილებლად მშობელთან უნდა იქონიოს მუდმივი კავშირი, ინდივიდუალურად ჩაატაროს ახსნა-განმარტებითი საუბრები და აღზრდის სწორ მეთოდებზე კორექტულად უნდა მიუთითოს, ერთად ეძებონ გზები მოზარდის ქცევის დასარეგულირებლად. მათ მიერ ერთობლივად მიღებულ გადაწყვეტილებებში გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსწავლის შესაძლებლობები და ინტერესები. მასწავლებელმა უნდა შეძლოს და ბავშვი გარე ფაქტორების არასწორი ზემოქმედებისგან დაიფაროს.
თანამედროვე განათლების სისტემა — ტექნოლოგიები, სტრატეგიები და მიდგომები
უცხოელ ფსიქოლოგებს თანამედროვე განათლების სისტემის ნაკლად მიაჩნიათ ის, რომ სკოლა მოსწავლეებს აზროვნებას კი არ ასწავლის, არამედ მეცნიერების ნააზრევის დასწავლას აიძულებს, რითაც ხელს უწყობს „შაბლონური აზროვნების“ დანერგვას. სკოლამ მოზარდს უნდა ასწავლოს კითხვაზე პასუხის მოძებნა, პრობლემის გადაჭრის მეთოდის დამოუკიდებლად მიგნება-პოვნა-გაანალიზება და დასკვნების გამოტანა, განავითაროს მოსწავლეებში ტრანსფერის უნარი, რაც აზროვნების არსებითი ნიშანია. ეს მათ არსებულის გაუმჯობესების მეთოდების პოვნაში დაეხმარება, რაც სწავლა-განათლების უმთავრესი ამოცანაა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რადგან მოსწავლეთა მოტივაცია, ინტერესი და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა იზრდება. ისინი ხალისით ერთვებიან მუშაობაში, ხშირად თვითონვე არიან ინიციატორები, მოიძიონ საინტერესო რესურსი, მოამზადონ პრეზენტაცია და პროექტორის საშუალებით წარადგინონ კლასის წინაშე. ამის შედეგად შედარებით პასიურ მოსწავლესაც მსგავს აქტივობაში მონაწილეობისა და კლასის წინაშე თავის გამოჩენის სურვილი უჩნდება. ვცდილობ, წავახალისო მსგავსი ინიციატივა და მოსწავლეებს მოტივაცია ავუმაღლო. არის შემთხვევები, როცა მათ უჭირთ საკუთარი მოსაზრებების აუდიტორიის წინაშე გადმოცემა. პრეზენტაცია აჩვევს და უვითარებს მათ საკუთარი აზრის გამოხატვის, მსჯელობისა და ფართო საზოგადოების წინაშე წარდგენის უნარს.
პროფესიული განვითარება
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ჩემი მთავარი მიზანი და პირდაპირი მოვალეობაა. ვმონაწილეობ სხვადასხვა ტრენინგებში, ვორქშოპებში, კონფერენციებში. მასწავლებელთა უმეტესობა ჩართულია პროფესიული განვითარების პროცესში, გეგმავს და ატარებს შიდა და სამოდელო გაკვეთილებს, იჩენს სხვადასხვა ინიციატივას და გეგმავს სახალისო აქტივობებს, ეს გაკვეთილები მასწავლებლებს ეხმარება იმაში, რომ ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ზოგჯერ გაკვეთილი ერთფეროვანი და მოსაწყენიცაა. მიმდინარეობს მხოლოდ ლექციური, კითხვა-პასუხის და შინაარსის გადმოცემის მეთოდით. მიზეზი ის არის, რომ ზოგიერთ ჩვენს პედაგოგს ინოვაციური მეთოდების გამოყენების უნარი ნაკლებად აქვს ან არ უნდა განვითარება, აქვე დავამატებ, რომ ამ შემთხვევაში, პედაგოგის ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია რამდენად სურს მასწავლებელს განვითარება. ცხადია, თვითგანვითარების სტიმულის მიმცემი ადეკვატური ხელფასებიცაა.
სასკოლო სახელმძღვანელოები
ჩემი აზრით, სახელმძღვანელოები აკმაყოფილებს თანამედროვე მასწავლებლისა და მოსწავლის მოთხოვნებს, თუმცა გამარტივება და ცვლილებების შეტანა აუცილებელია, რადგან ტესტური შემოწმების მეთოდი უნდა ჩაანაცვლოს დივერგენტულმა სააზროვნო უნარებმა, გააზრებაზე დაფუძნებულმა სწავლებამ, რომელიც მეტად საინტერესო და შემოქმედებით აზროვნებას განავითარებს. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ სკოლაში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. მივესალმები განათლების სამინისტროს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ქართული ენის გრამატიკისათვის გარკვეული საათები იგეგმება.
ახალი ინიციატივები
ყოველთვის ვცდილობ წავახალისო მოსწავლის ინიციატივა, გაკვეთილზე ვიყო ფასილიტატორი და მოსწავლე იყოს წამყვანი ფიგურა, საჭიროების შემთხვევაში კი, ვიყო მისი დამხმარე. ანგარიშს ვუწევ მოსწავლის აზრსა და ინიციატივას, რადგან მიმაჩნია, რომ სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. არსებობს გამონათქვამი: „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა“. ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ სიახლეების მიღება-დანერგვის პროცესს. პირადად მე, მზად ვარ სიახლეების მისაღებად, თუ გონივრულია და შედეგზე გაგვიყვანს. ამის ნათელი მაგალითია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემა, რომელიც პედაგოგს საშუალებას აძლევს, განავითაროს შესაძლებლობები. სქემასთან დაკავშირებით მუდმივადაა დავა, რომ არ გაამართლა, არაა ეფექტური, რასაც ვერ დავეთანხმები, თუნდაც იმიტომ, რომ სქემა აძლევს მოსწავლეს შანსს, იყოს რიგით პირველი საგაკვეთილო პროცესში.
თავისუფალი დრო და მომავლის გეგმები
ვფიქრობ, მასწავლებელს თავისუფალი დრო ნაკლებად აქვს, მათ შორის მეც. ჩვენი ყოველწუთიერი ფიქრი, გვინდა თუ არ გვინდა, მოსწავლეებს დასტრიალებს. იშვიათად მრჩება თავისუფალი დრო, თუმცა, თუკი ამის საშუალება მაქვს, სიამოვნებით ვკითხულობ წიგნებს. სამომავლოდ ვგეგმავ პროფესიულ ზრდას და დავიწყე კიდეც ამ კუთხით მუშაობა.
მოამზადა მაკა ყიფიანმა