ინტერვიუ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, ბერიკა შუკაკიძესთან
2021 წლის მნიშვნელოვანი სიახლეები და გამოწვევები
ახალს არაფერს ვიტყვი იმით, რომ 2021-შიც მთავარი გამოწვევა პანდემია იყო – ძალიან რთული პერიოდი მასწავლებლებისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო მათ თავდადებული შრომისთვის. სირთულის მიუხედავად, პანდემიით გამოწვეულ პრობლემებთან ერთად სწავლა-სწავლებასაც შევეჩვიეთ. ამ პერიოდში მასწავლებლის სახლმა სატრენინგო მოდულები მთლიანად ონლაინ რეჟიმზე გადააწყო, მათ უმეტესობაში გათვალისწინებულია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი მიმართულებები. მასწავლებლის სახლისა და სამინისტროს ერთობლივი მუშაობა ძალიან ეფექტიანი გამოდგა. ამის გარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პროექტი „ჩხირკედელა“ ძალიან პოპულარული გახდა და, პირველად ჩვენი განათლების ისტორიაში, დავიწყეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერა კეთებით სწავლებით. ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებლებს მივეცით კეთებით აღმოჩენების შესაძლებლობა – დაედგინათ თავიანთი პროფესიული საჭიროებები; ასევე ესწავლათ, როგორ განახორციელონ კონკრეტული პროექტები საკლასო ოთახში. ეს აუცილებელია, რადგან 21-ე საუკუნის მოსწავლისთვის მხოლოდ ის სასწავლო პროცესია მიმზიდველი, რომელიც კვლევაზე, აღმოჩენასა და შემოქმედებითობაზეა ორიენტირებული და, რა თქმა უნდა, კეთებაზე. STEM-ის საგნების მასწავლებელმა საინტერესო გაკვეთილი რომ ჩაატაროს, საჭიროა, ასეთი ტიპის პროექტები შესთავაზოს ბავშვებს.
რა არის აქ მნიშვნელოვანი? რომელიმე კონკრეტულ პროექტზე მუშაობისას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნების, ასევე სამოქალაქო განათლების მიმართულების მასწავლებლებს ერთმანეთთან თანამშრომლობა უწევთ, ანუ ასეთმა მიდგომამ ბუნებრივი გახადა თანამშრომლობის პროცესი, რაც მათივე სურვილით ხდება. ერთი კონკრეტული პროექტი რომ დასრულდეს, მას სჭირდება ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკისა და ხელოვნების მასწავლებლების ჩართულობა. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთთანამშრომლობაა. ტექნოლოგიებში ხშირად ბავშვები მეტად ერკვევიან, მეტიც, მასწავლებელს შეიძლება საგნის ღრმა ცოდნა ჰქონდეს, ზედმიწევნით იცოდეს ფარადეის კანონი, მაგრამ არდუიონოს დაპროგრამება, რომელიც პროექტს სჭირდება, მოსწავლემ უპრობლემოდ შეასრულოს. ამიტომ ვამბობ, რომ მათ შორის არსებული თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია.
სულ 350 სკოლაში გავაგზავნეთ, დაახლოებით, 80 პროექტი STEM-ის მიმართულებით, რომელსაც ახლავს სილაბუსები. სკოლები თავიანთი სურვილის მიხედვით ირჩევენ პროექტს, რომლის განხორციელებაშიც შემდეგ ჩვენ დავეხმარებით. საბაზო და საშულო საფეხურის გარდა, დაწყებითი საფეხურისთვისაც გვაქვს ასეთი პროექტები, რადგან გვინდა დაწყებითი კლასებიდანვე მიეცეთ მოსწავლეებს კეთებით სწავლის შესაძლებლობა. მასწავლებლის სახლშიც გვსტუმრობენ სკოლები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები არაქართულენოვანი სკოლებიდანაც მოჰყავთ მასწავლებლებს.
ყოველ ოთხშაბათს გვქონდა და ისევ ვაგრძელებთ STEM-ის საღამოებს, სადაც მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ პროექტებს. დიდი ნაწილი ბატონი დავით სონღულაშვილის პროექტების ფარგლებში ხორციელდება, რომელიც, უკვე ერთი წელია, მასწავლებლის სახლის თანამშრომელია.
ჩვენ მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი სიახლეებიდან, ასევე მახსენდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების მშობლების ტრენინგი, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის ინიციატივა იყო. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო, დისტანციური სწავლების პირობებში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს სახლში ყოფნა მოუწიათ. მშობლებს, თავდაპირველად, ახალ გარემოსთან ადაპტირება ძალიან გაუჭირდათ. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, მათთვის ჩაგვეტარებინა ტრენინგი ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ამიტომაც მიმაჩნია ეს ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვნად.
ძალიან საინტერესო სიახლე გვაქვს დირექტორებისთვის. მათთვის შევქმენით სატრენინგო კურსი 21 მიმართულებით, რომლის ძირითადი ნაწილი საგანმანათლებლო ლიდერობაზე იქნება ფოკუსირებული. როგორც კი დირექტორების შესარჩევი კონკურსი დაიწყება, მასწავლებლის სახლი მზადაა, 21-ივე მიმართულებით დაიწყოს ზრუნვა მათ ხანგრძლივ პროფესიულ განვითარებაზე. სკოლის დირექტორებს დააინტერესებთ, ასევე, ჩვენი ცენტრის მიერ გამოცემული ჟურნალი „სკოლის მართვა“ (უკვე 4 ნომერი გამოვიდა), რომლის გაცნობა ელექტრონულად შეუძლიათ. საკმაოდ კვალიფიციური გამოცემაა როგორც სკოლის დირექტორებისთვის, ისე მასწავლებლებისთვისაც; ამის გარდა, დირექტორებისთვის შევქმენით სკოლის მართვის ახალი სახელმძღვანელოც.
ერთ-ერთი ინიციატივა დიასპორის ბავშვებსაც შეეხება, გვინდა, უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს, ქართული ენის გარდა, სხვა საგნების მშობლიურ ენაზე შესწავლა შევთავაზოთ, რადგან ასე გაცილებით უკეთ სწავლობენ ენას, ამის ძალიან კარგი გამოცდილება უკვე არსებობს.
განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ ერთ სიახლეზე, რომლის ტრადიცია მასწავლებელთა სახლს აქვს. ეს არის მასწავლებლის პროფესიული ლიტერატურის შექმნა. საქართველოში იშვიათია სფერო და სპეციალობა, რომელსაც საფუძვლიანი და კვალიფიციური რესურსები აქვს. ჩვენ, უხლოეს პერიოდში, დავიწყებთ სამი პროფესიული ჟურნალის გამოცემას – ერთი იქნება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მეორე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (STEM-ში) და მესამე – საზოგადოებრივ მეცნიერებებში. სამივე ჟურნალში მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი რესურსები და სტატიები დაიბეჭდება მიმართულებების მიხედვით, რომელიც ადაპტირებული იქნება ქართული სკოლის რეალობაზე. გვინდა, ასევე, ჟურნალებში საგანმანათლებლო კვლევების მიმართულებაც აისახოს, რომ საფუძვლიანი და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებები გავაცნოთ საზოგადოებას.
დაბოლოს, ყველაზე საინტერესო სიახლე მინდა გავახმოვანო, რომელიც გვექნება — ჩვენი იდეაა შევქმნათ ონლაინ პლატფორმა სახელად „განათლების ელექტრონული სახლი“. პროექტის წარდგენა წლის ბოლომდე იგეგმება.
პორტალზე გაერთიანებული იქნება დირექტორის, მასწავლებლის, მშობლისა და მოსწავლის რესურსები. ამ ინიციატივის პრინციპი ძალიან მარტივია – ყველა რესურსი, რაც არსებობს – მასწავლებლის სახლის, უნივერსიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი – მასწავლებლისთვის, მოსწავლისთვის, მშობლისთვის და დირექტორისთვის, ატვირთული იქნება ერთ პლატფორმაზე. ამასთანავე, ყველა სერვისი, რასაც მათ ჩვენი ცენტრი სთავაზობს, იქნება ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, საუკეთესო გამოცდილებების ვიდეოკოლაჟი თუ ფორუმი, აიტვირთება აღნიშნულ პორტალზე. მაგალითად, თუ ლალი მასწავლებელი, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხაბუმეშის ფიზიკის მასწავლებელია, საღამოს შევა ამ პლატფორმაზე, გახსნის მასწავლებლის სკოლას და აირჩევს საგნებში ფიზიკას, მას იქ დახვდება ყველაფერი ამ საგანში ვიდეორესურსით დაწყებული, ტექსტური ინფორმაციით დამთავრებული. ამ რესურსების გამოყენება მას თავისუფლად შეუძლია საგაკვეთილო პროცესში. ასევე, კალენდარში მოცემული იქნება ინფორმაცია, ვებინარი კონკრეტულ თემატიკაზე, ფორუმზე, დისკუსია კოლეგებთან სწავლების მეთოდებზე და ა.შ.
სქემა – პრაქტიკოსების ბედი და მოლოდინები
პრაქტიკოსი მასწავლებელი აღარ არსებობს. ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გარკვეული გამონაკლისები დავუშვით. ძალიან დასანანი იქნებოდა, მასწავლებელი, რომელსაც საგანი 10 კრედიტზე აქვს ჩაბარებული, სისტემიდან გაგვეშვა, მათი დაკარგვა არ შეიძლება. საგნობრივი ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მოსაზრებით დაიშვა გამონაკლისი მათთვის, ვისაც 10 კრედიტზე აქვს ჩაბარებული გამოცდა და ვისაც ორივე გამოცდა აქვს ჩაბარებული, ასწავლის მაღალმთიან სოფლებში ან მცირეკონტინგენტიან სკოლებში. მათ აქტივობების საშუალება ნაკლები აქვთ, მით უფრო, პანდემიის პირობებში და კრედიტების შევსებისას ჰქონდათ გამოწვევები. სწორედ ამიტომ, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ მასწავლებლებს, იანვრიდან, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ. ასეთი სულ 700-მდე ადამიანია.
რაც შეეხება დანარჩენი ყოფილი პრაქტიკოსების მოთხოვნას, მოკლებულია საფუძველს. 2015 წელს, უფრო ადრეც, მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ 2019 წელს სქემა მთავრდებოდა და ამ პერიოდში მათ, უფროსის სტატუსის მისაღებად, 19 კრედიტი უნდა დაეგროვებინათ. თუმცა, პანდემიის გამო, ორი წლით გადავადდა ეს პროცესი, ანუ კიდევ ორი წელი მიეცათ დამატებითი დრო სტატუსის ასამაღლებლად, შესაბამისად, კიდევ ორჯერ გავიდნენ გამოცდაზე. ეს პროცესი დაუსრულებლად ვერ გაგრძელდებოდა.
ყოფილი პრაქტიკოსი მასწავლებლები, არსებული მონაცემებით, საქართველოს მასწავლებლების, დაახლოებით, 5 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამდენმა პროცენტმა ვერ აიმაღლა სტატუსი. ნებისმიერ პროფესიაში არსებობს ამდენიც და ამაზე მეტი პროცენტი ადამიანებისა, რომლებიც შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ვერ იმაღლებენ კვალიფიკაციას. სამწუხაროა, მაგრამ ამ ადამიანებმა ვერ მოახერხეს სტატუსის ამაღლება. მეორე მხრიდან თუ შევხედავთ საკითხს, იმ ადამიანებს რას ვპასუხობთ, ვინც კომპეტენცია დაადასტურა და პროფესიაში შემოსვლა სურს? მათთვისაც ხომ უნდა გაიხსნას დასაქმების „კარი“? თუ სკოლამ, ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, კვალიფიციური მასწავლებელი ვერ აიყვანა, მაშინ ყოფილ პრაქტიკოსთან იმავე პირობებით აგრძელებს თანამშრომლობას, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ეს მასწავლებელი რეალურად არაფერს კარგავს, მას ისევ ექნება საშუალება, გავიდეს გამოცდაზე, ჩააბაროს და დაადასტუროს კომპეტენცია.
ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ყველაზე დიდი გამოწვევა
მნიშვნელოვანია, სისტემაში მაღალი სააზროვნო უნარების მქონე კიდევ უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა და მასწავლებლის პროფესიაში „ტოპ ათეულის“ პროფესიებით დაინტერესებული ადამიანების შემოყვანა. ამ მიმართულებით, მალე, სპეციალური პროგრამაც გვექნება. ეს მთელი მსოფლიოს სტანდარტია, ფინური განათლების წარმატების ერთ-ერთი ფაქტორიც სწორედ ეს არის – მასწავლებლის პროფესიაში ფინელები ახალგაზრდებს „ტოპ ათეულის“ პროფესიებიდან მოიზიდავენ. მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვის შემდეგ რეფორმა კიდევ უფრო წარმატებული გახდება. როდესაც ადამიანს მაღალ სტანდარტს უწესებ, აუცილებლად უნდა არსებობდეს მისი შესრულების შესაძლებლობაც. იყო პერიოდი, როდესაც დაბალი ანაზღაურების გამო მასწავლებლის პროფესია ძალიან არაპოპულარული გახდა. დღეს კი, მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელს შეუძლია, 2000 ლარამდე გამოიმუშაოს. მოწოდებით ყველა მასწავლებელი ვერ იქნება, მაგრამ გვინდა, სკოლებში ისეთი ახალგაზრდები მოვიზიდოთ, რომლებსაც გათავისებული ექნებათ, რომ მასწავლებლობა პატრიოტიზმის ნაწილია. მართლაც, რა შეიძლება შენს ქვეყანას იმაზე კარგი გაუკეთო, ვიდრე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით აღჭურვილი თაობა გაუზარდო.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალკვალიფიციური დირექტორი. მნიშვნელოვანია, ადამიანები აქაც „ტოპ ათეულის“ პროფესიებიდან შემოვიდნენ, რადგან მაღალკვალიფიციური დირექტორის გარეშე შეუძლებელია განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელება.
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს არის ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა. ჩვენ ერთი საერთო მიზანი გვაქვს და ამ მიზნის გარშემო ვერთიანდებით – მასწავლებელიც, დირექტორიც, სამინისტროც და ჩვენი ცენტრიც. ყველა ეს რგოლი უნისონში უნდა ფუნქციონირებდეს.
კრიზისული სიტუაცია, როგორც შესაძლებლობა
ტექნოლოგია ეს არის მედიუმი, ანუ საშუალება და თუ ჩვენ გვინდა (და აუცილებლად გვინდა), რომ წავახალისოთ სწავლა ძიებით, სწავლა აღმოჩენით და სწავლა კვლევით, ტექნოლოგიების გარეშე ვერაფერს გავაკეთებთ. პანდემიის პერიოდში ტექნოლოგიებთან ურთიერთობამ, ონლაინ გაკვეთილებმა თუ სერვისებმა გააჩინა ეს შესაძლებლობა და ზოგადად, პანდემიამ ეს პროცესი დააჩქარა. ამიტომ, თუ შეიძლება, რომ გამოწვევა შესაძლებლობად აქციო, ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. რეალურად, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, ტექნოლოგიების გამოყენებით, შეძლეს ახალ რეალობასთან მყისიერად შეგუება.
ბოლოს მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ჯანმრთელობა და წარმატებები ვუსურვო. ნებისმიერ დროს მზად ვარ, პირადი ტელეფონით ვუპასუხო მათ შეკითხვებს. ამ დღეებშიც დამირეკა ერთმა მასწავლებელმა, რომლის სახელი და გვარიც კი არ ვიცი და მადლობა გადამიხადა იმისთვის, რომ იმ მასწავლებლების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებიც იანვრიდან უფროსი მასწავლებლის სტატუსს მიიღებენ.
ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნებისმიერი სიახლე მასწავლებლების ინტერესებზე იყოს მორგებული და გულწრფელად მინდა, ყველას წარმატება ვუსურვო!
ესაუბრა ლალი ჯელაძე