ინტერვიუ მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №2 საჯარო სკოლის დირექტორთან, ვარდენ ნიქაბაძესთან
– ვინ არის სკოლის დირექტორი და რას მოითხოვს მისგან სახელმწიფო, საზოგადოება…
– საუკეთესო შემთხვევაში, სკოლის დირექტორი უნდა იყოს სკოლის ორგანიზაციული ერთიანობის, უსაფრთხო სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნის გარანტი; ცვლილებებისა და სკოლის განვითარების ინიციატორი, სკოლისთვის სასარგებლო ინიციატივების წამახალისებელი, მამოძრავებელი და ფასილიტატორი. სახელმწიფო სკოლის დირექტორს, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დაკვეთას აძლევდა. რეფორმების დასაწყისში აქცენტი დირექტორის მენეჯერულ თვისებებზე კეთდებოდა. დირექტორებს, ძირითადად, სამეურნეო ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, თავისუფალი და დაცული გარემოს უზრუნველყოფა ევალებოდათ. სულაც არ ითვლებოდა სავალდებულოდ დირექტორის პედაგოგიური გამოცდილება. შემდეგ, თანდათან, მომწიფდა მოსაზრება, რომ დირექტორი, პირველ რიგში, საგანმანათლებლო ლიდერი უნდა იყოს და პედაგოგიური გამოცდილება უნდა ჰქონდეს, რაც, ალბათ, გამოცდილებამაც აჩვენა. ამ ცვლილებას მივესალმები, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ვიცნობ წარმატებულ დირექტორებს, რომლებიც პედაგოგები არ არიან, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ისინი, კარგ მენეჯერობასთან ერთად, საგანმანათლებლო ლიდერებადაც ჩამოყალიბდნენ. საზოგადოება დირექტორისგან და, ზოგადად, სკოლისგან უსაფრთხო გარემოს და ხარისხიან განათლებას ითხოვს, თუმცა, ცხადია, ხარისხიანი განათლება ყველას თავისებურად ესმის.
– როგორია ქართული სკოლის სისტემა?
– შემიძლია ვთქვა, რომ ქართული განათლების სისტემა, ძალიან პროგრესული და კეთილშობილური მიზნებით, ჯერ კიდევ დუღილის და საკუთარი თავის ძიების პროცესშია.
– თქვენი, როგორც სკოლის ლიდერის პასუხისმგებლობებიდან, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა იყო ყველა მოსწავლის ინტერესების სადარაჯოზე. მგონია, რომ სკოლა ყველა ტიპის მოსწავლის ინტერესებზე მორგებული არც ერთ ეპოქაში არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიდგომა შეიცვალა, ყოველთვის არიან სკოლაში მოსწავლეები, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული სწავლების სისტემაში საკუთარი თავის და შესაძლებლობების რეალიზებას ასეთი მოსწავლეების ნაწილი ზოგჯერ მაინც ახერხებს გახდეს წარმატებული, მაგრამ განათლების სისტემაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ალბათ, ნაკლებად ბრუნდებიან (თუმცა, გვაქვს მაგალითები, როცა ასეთი მოსწავლეები შემდგომში ცნობილი პედაგოგებიც გამხდარან). შედეგად, ვიღებთ მოჯადოებულ წრეს, როცა სკოლაში მასწავლებლებად, უპირატესად, ისეთი მოსწავლეები ბრუნდებიან, რომლებსაც მოსწავლეობის დროს სწავლაში მაინც და მაინც სერიოზული პრობლემები არ ჰქონიათ. შესაბამისად, ზემოთ ხსენებული მოსწავლეების „ამბის მომტანი“ სისტემაში თითქმის არ გვყავს. ამიტომ ლიდერის, დირექტორის უპირველესი მოვალეობაა, საკუთარ გუნდთან/პედაგოგებთან ერთად, შექმნას მაქსიმალურად ინკლუზიური გარემო; იზრუნოს სწავლაში პრობლემების მქონე მოსწავლეებზე, მოახდინოს მათი პრობლემების იდენტიფიცირება და დახმარება; სკოლაში აქცენტი უნდა გაკეთდეს არა ვარსკვლავების აღზრდაზე, არამედ, თითოეული მოსწავლის წარმატებასა და სათანადო მხარდაჭერაზე.
– რა ძირითადი ელემენტებისგან შედგება სკოლის ხარისხი და როგორ უნდა განხორციელდეს ხარისხის მართვა? გაგვიზიარეთ სკოლის მართვის თქვენი მოდელი/პრაქტიკა — როგორ მართავთ სკოლას? რა პრობლემებს აწყდებით ამ პროცესში ან რა გამოგდით წარმატებულად?
– სკოლის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ხარისხის მართვის მონიტორინგის აღიარებისა და მხარდაჭერის სისტემის არსებობა. ხარისხის მართვის სისტემის მიზანია არსებული ხარისხის შენარჩუნება (ის, რაც უკვე მეტ-ნაკლებად კარგად გამოგვდის) და ხარისხის განვითარება, რომელიც თავის თავში მოიცავს როგორც პიროვნულ, ასევე ორგანიზაციულ განვითარებას. რეალურად, სკოლის პიროვნული და ორგანიზაციული განვითარება ურთიერთდაკავშირებულია და მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. მაგალითად, მხოლოდ თანამშრომლების ტრენინგები, რომელიც პიროვნული განვითარებისკენაა მიმართული, სკოლას სათანადოდ ვერ გააძლიერებს, თუ ამ ტრენინგების შედეგები საერთო სასკოლო კულტურაში რაღაც ფორმით არ აისახა. სწორედ ამაში გვეხმარება ხარისხის მართვის სისტემა, რომლის ჩამოყალიბება და ეფექტიანი ფუნქციონირება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა სკოლისთვის.
ჩვენს სკოლაში, ამ მიმართულებით, თავიდანვე ტექნოლოგიების გამოყენება გადავწყვიტეთ, რადგან ხარისხის მართვა საჭიროებს მონაცემების შეგროვებას, მათზე დაკვირვებას, ანალიზს, მაღალი ხარისხის კომუნიკაციას. ამის გაკეთება, ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე, თითქმის შეუძლებელია. პირველი მცდელობა მასწავლებლების საქმიანობის ქულობრივ შეფასებას ემყარებოდა, ვითვალისწინებდით მასწავლებლების თვითშეფასებას. შეფასება კონფიდენციალური იყო. ვაძლევდით პირად უკუკავშირს და ვაცხადებდით მხოლოდ ერთ საუკეთესო შედეგების მქონე პედაგოგს. ეს სისტემა ბევრ ხარვეზს მოიცავდა და არასაკმარისად ასახავდა საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას. ამის შემდეგ, შევეცადეთ, ძირითადი აქცენტი გაკვეთილზე გადაგვეტანა და კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენეთ ტექნოლოგიები, ამჯერად – გუგლის ფორმები. პირველი, რაც გავაკეთეთ, შევთანხმდით, თუ რას ნიშნავდა კარგი გაკვეთილი და შევიმუშავეთ გაკვეთილის შეფასების რუბრიკა, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად ასახავდა გაკვეთილზე მიმდინარე პოზიტიურ პროცესებს. უნდა ვთქვა, რუბრიკაზე შეთანხმება ერთ-ერთი ურთულესი პროცესი იყო. თავიდანვე გადაწყდა ისიც, რომ აქცენტს გავაკეთებდით არა კონკრეტულ გაკვეთილზე, არამედ ზოგად მდგომარეობაზე სკოლაში. კათედრები ურთიერთდასწრების განრიგს ადგენდნენ, არაფორმალურ დასწრებას ახორციელებდა სკოლის დირექციაც. კონკრეტულ გაკვეთილზე უკუკავშირი ხორციელდებოდა გაკვეთილის დასრულების შემდეგ. ყველა გაკვეთილის შედეგები გუგლის ფორმებში გადაგვქონდა, სადაც უკვე განთავსებული გვქონდა რუბრიკა. ვიღებდით ანალიტიკურ ინფორმაციას გაკვეთილების ხარისხის შესახებ, თავის გრაფიკებით, დიაგრამებით. პრაქტიკულად, პულსზე გვეჭირა ხელი და სწორედ იმ მიმართულებით ვახორციელებდით ინტერვენციებს, სადაც ამის საჭიროება იყო. მაგალითად, გამოვლინდა პრობლემები შეფასებაში, სათანადო უკუკავშირში, ცოდნის კონსტრუირებაში და ა.შ. სქემის შემოღების შემდეგ, გართულდა სქემის აქტივობებისა და ხარისხის მართვის ამ სისტემის ერთობლივად ფუნქციონირება. დროებით, მხოლოდ სქემაზე გადავერთეთ, თუმცა, არსებული გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, იმავე სქემით გათვალისწინებული, გაკვეთილებისა და სხვა აქტივობების ჩატარებაში, დაგეგმვასა და შეფასებაში. 2020 წლიდან კვლავ ავამოქმედეთ შეფასების სისტემა. განვაახლეთ და დავხვეწეთ კრიტერიუმები და განსაკუთრებული აქცენტი მოსწავლეებზე ზრუნვის კომპონენტებზე გადავიტანეთ. შეფასების სისტემას მოსწავლეებისა და მშობლების კითხვარებიც დავამატეთ. ხარისხის მართვის სისტემას პილოტირების რეჟიმში ვამუშავებთ და ვფიქრობთ სისტემის ოპტიმიზაციასა და გამარტივებაზე.
ზოგადად, სკოლაში ყველა ცვლილება დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით, ტექნოლოგიების აქტიური გამოყენებით ხორციელდება. დირექტორობის პირველივე წლებში დავრწმუნდი, როგორც მოსწავლეებთან არის ძნელი მხოლოდ ახსნით და ლექციური ტიპის გაკვეთილებით წარმატების მიღწევა, კიდევ უფრო გამოკვეთილია ეს პრობლემა ზრდასრულებთან. აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივ დაგეგმვასა და ახსნაზე გაცილებით ეფექტურია კეთებით სწავლა. შესაბამისად, ნებისმიერი სიახლე სკოლაში, რაც დავნერგეთ, ეს იყო გაბედული ნაბიჯების შედეგი. არ ვიცი საიდან ავიღეთ ეს ფრაზა, მაგრამ ხშირად ვიმეორებდით – „ქაოსში იბადება ჭეშმარიტება“. იყო წარმატებები, შეცდომებიც და შეცდომებზე სწავლა. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია არა მარტო სკოლის განვითარებისთვის, არამედ ახალი სასკოლო კულტურის ჩამოყალიბებისთვის. შეცდომების მიმართ ტოლერანტული სასკოლო საზოგადოება ტოლერანტული ხდება მოსწავლეთა შეცდომების მიმართაც, მოსწავლეები კი უფრო გაბედულად მოქმედებენ და გამოთქვამენ საკუთარ აზრებს. ყველა ხვდება, რომ შეცდომები სწავლის შანსია, სკოლაში მთავარია, იყოს თავისუფალი გარემო და მოსწავლეებმა სწავლის დროს დაუშვან შეცდომები, სამაგიეროდ – ცხოვრებაში აღარ.
– როგორ ხორციელდება სკოლის დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თანამშრომლობა — რა როლი აკისრია რეალურად სამეურვეო საბჭოებს სკოლის მართვაში?
– სამეურვეო საბჭო კარგი შესაძლებლობაა სასკოლო საზოგადოებისთვის და ადგილობრივი თემისთვის, მონაწილეობა მიიღონ სკოლის მართვის პროცესში, დადებითი გავლენა მოახდინონ სკოლის განვითარებაზე, მის ანგარიშვალდებულებაზე. თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში, სამეურვეო საბჭომ აღნიშნული როლის მორგება ვერ შეძლო. ამას თავისი მიზეზები აქვს და, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, მსგავსი ტრადიციის არქონაა. საბჭოთა გამოცდილებით, სკოლის მართვა მხოლოდ სკოლის დირექტორთან და განათლების სამინისტროსთან ასოცირდებოდა. იმ ქვეყნებში, სადაც სამეურვეო საბჭოს იდეა გაჩნდა, განათლების სისტემა თავიდანვე დეცენტრალიზებული იყო და შემდეგ დაიწყეს, ქვეყნის მასშტაბით, საერთო სტანდარტებისა და რეგულაციების შემოღება. იქ სამეთვალყურეო საბჭოების შემოტანა ბუნებრივი აუცილებლობა იყო. ჩვენთან კი, ეს იყო, ალბათ, ძალიან კეთილშობილური იდეა, სისტემის დეცენტრალიზაციისა და სკოლის მართვა/განვითარებაზე ადგილობრივი თემის და სასკოლო საზოგადოების პასუხისმგებლობის გაზრდის მიზნით. სამეურვეო საბჭოები თავისთავად ვერ გახდა ქმედითი, არც არის გასაკვირი. ამ საქმეს, ალბათ, ძალიან დიდი ძალისხმევა და ხანგრძლივი მხარდაჭერა სჭირდებოდა, სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან ერთად. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ამ რგოლმა ბევრი მიმართულებით მოლოდინები ვერ გაამართლა, სამეურვეო საბჭოს ზოგიერთი ფუნქცია, თანდათან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იტვირთა. მე მაინც ვფიქრობ, სამეურვეო საბჭო უნდა განვიხილოთ შესაძლებლობად, რომელიც საზოგადოების განვითარებასთან ერთად, უფრო ეფექტიანი გახდება.
– რესურსცენტრების ფუნქციას და როლს როგორ ხედავთ სისტემაში – დღეს რა როლს ასრულებენ და თქვენი აზრით, რა დამატებითი ფუნქციები შეიძლება ჰქონდეთ?
– დღეს რესურსცენტრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმოადგენენ ადგილებზე. კარგია, რომ უკანასკნელ პერიოდში სამინისტროს ბევრი ფუნქციის დელეგირება მოხდა რესურსცენტრებზე. ეს სისტემას უფრო მოქნილსა და ოპერატიულს ხდის. მაგალითისთვის, პანდემიის პერიოდში, კონკრეტული სკოლის ჰიბრიდული სწავლების სისტემაზე გადასვლას, სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, რესურსცენტრი წყვეტს. მომავალში, კარგი იქნება გარკვეული სახის საექსპორტო მხარდაჭერის გაწევა სკოლებისთვის იქ, სადაც სკოლებს შესაბამისი კომპეტენციის კადრები არ ჰყავს. მაგალითად, სკოლის განვითარების დაგეგმარების, ან შესყიდვების, ან თვითშეფასებისა და ხარისხის მართვის მიმართულებით და ა.შ.
– როგორ უნდა შეიცვალოს თანამედროვე ქართული სასკოლო სისტემა, უფრო ზუსტად რომ უპასუხოს ცხოვრების გამოწვევებს და რა არის დღევანდელი სკოლის მთავარი მისია და გამოწვევა?
– ტექნოლოგიების განვითარებამ და ინტერნეტის ეპოქამ, ერთი მხრივ, გაგვიჩინა განცდა, რომ განათლებისთვის, როგორც არასდროს, ისეა ყველაფერი ხელმისაწვდომი, საკმარისია მხოლოდ ერთი ხელის გაწვდენა – უამრავი ვიდეომასალა, სასწავლო კურსები, საიტები, საგანმანათლებლო პროგრამები… არ არსებობს თემა, რომ მასზე ვიდეოინსტრუქცია, ე.წ. „ტუტორიალი“ არ ნახო. უამრავი ადამიანი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, სხვადასხვა სფეროში და მიმართულებით. მართალია, ამ მასალების უმრავლესობა უცხოურ ენაზეა, მაგრამ ენების შესასწავლადაც უამრავი რესურსია, დაწყებული ფილმებიდან დამთავრებული ენის შემსწავლელი კურსებით. ბევრისთვის კომპიუტერული თამაშებიც ენის შესწავლის საშუალებაა. ადრინდელთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომი გახდა ბეჭდური სახელმძღვანელოებიც. თუ აქ რაიმე არ იშოვება, შეგიძლია გამოიწერო. თუმცა, ყველა ვხედავთ, ეს შესაძლებლობები განათლების დონეს თავისთავად ვერ ზრდის.
სამყარომ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილებაც განიცადა ინტერნეტის ეპოქაში — გამოხატვის თავისუფლებამ სულ სხვა შინაარსი შეიძინა, სოციალური ქსელების გავრცელების შემდეგ. უამრავ სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად, ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ვხვდებით „ყალბ ინფორმაციას“. საეჭვო რეპუტაციისა და კომპლექსებით შეპყრობილ ბევრ ვითომ სწავლულს საერთო ჯგუფებში გაერთიანებისა და საზოგადოებისთვის ცრუ და არამეცნიერული ინფორმაციის სანდოდ მიწოდების შესაძლებლობა მიეცა. არაფერს ახალს არ ვიტყვი – ამის წინააღმდეგ ძირითადი იარაღი კარგი განათლებაა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ თვითსწავლის, ინფორმაციის გადამუშავებისა და კრიტიკულად გააზრების უნარები. კიდევ ერთი თვისება, რაც მოსწავლეებს უნდა შევძინოთ, საკუთარი ცხოვრების დაგეგმვისა და გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების უნარ-ჩვევაა. მომავალი თაობის წარმომადგენლები უფრო გამბედავები და ოპერატიულები უნდა იყვნენ. დღესაც ბევრია ჩვენ ირგვლივ, უბრალოდ რომ მიჰყვება ცხოვრების დინებას, რაღაც სასწაულის, გამართლების მოლოდინშია და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რომ მისი ბედი მისსავე ხელშია. მოსწავლეებთან საუბრის დროს, ხშირად მომყავს ფეხბურთის ან კალათბურთის მაგალითი. ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიც კი, წამის მეასედით თუ დააგვიანებს პასის მიწოდებას ან სათანადო პოზიციის დაკავებას, შეიძლება, გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს ჯერ იმ კონკრეტულ თამაშს და შემდგომ, მთელ მის კარიერას (თუ ეს ხშირად განმეორდება). რეალურად, თანამედროვე დინამიურ, სწრაფად ცვლად სამყაროშიც ასეა, მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებების დროული მიღება და საჭირო დროს მოქმედება, უბრალოდ, სპორტში ეს თვალსაჩინოა.
როგორ შეგვიძლია ამ ყველაფრის განვითარება? ჩემი აზრით, უნდა გაიზარდოს არაფორმალური განათლების როლი, ოღონდ განათლების ეს ფორმა სრულფასოვანი განათლების ნაწილად უნდა იქცეს; უნდა გაიზარდოს ჰიბრიდული სწავლების წილი განათლებაში, რადგან სწავლების ეს ფორმა ბევრ შესაძლებლობას აჩენს; ზოგადად, განათლებას მეტი ინიციატივა და თავისუფლება სჭირდება. ამისათვის, სასურველია, სკოლების ავტონომიურობის კიდევ უფრო გაზრდა, გონივრულ ანგარიშვალდებულების სისტემასთან ერთად.
– ზრდის თუ არა დღევანდელი სკოლა აქტიურ მოქალაქეებს, დასაქმების ბაზრისთვის კონკურენტუნარიან ახალგაზრდებს, ამზადებს თუ არა მოსწავლეებს მომავალი ცხოვრებისთვის?
– ვიტყოდი, რომ იმაზე გაცილებით ნაკლებს, ვიდრე საჭიროა.
– წარმატებული სკოლისთვის რა ფაქტორებია აუცილებელი?
– მნიშვნელოვანია კარგი პედაგოგებისგან შემდგარი გუნდი, კარგი მოტივირებული ლიდერი, მომთხოვნი და კვალიფიციური საზოგადოება. მნიშვნელოვანია, ასევე, დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
– წლების განმავლობაში, სისტემა აქცენტს აკეთებს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, სკოლის დირექტორის პროფესიული ზრდის ხელშეწყობა კი ჯერ კიდევ დაპაუზებულია… რა სჭირდება დღეს სკოლის დირექტორს, რომ გაზარდოს კომპეტენციები — თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს კომპონენტი?
– სკოლაზე უნდა ვისაუბროთ, როგორც მთლიან მექანიზმზე. ცალკეული მაღალკვალიფიციური მასწავლებელი სკოლას ვერ შეცვლის, გამოწვევებს გუნდურად, მიზანმიმართულად უნდა გავუმკლავდეთ. თანამედროვე სკოლა იმდენი გამოწვევის წინაშე დგას, რომ უმნიშვნელოვანესია, სკოლამ თავისი ძლიერი მხარე გამოიყენოს – გამოცდილების მუდმივი გაზიარება, ერთობლივი დაგეგმვა. ამ ყველაფრის განხორციელება მხოლოდ მაღალკვალიფიციურ და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილ დირექტორს და მის გუნდს შეუძლია. ამიტომ, აუცილებელია ტრენინგები სკოლის მართვაში, ტექნოლოგიების გამოყენების მიმართულებით, დირექტორები კარგად უნდა იცნობდნენ ცვლილებებისა და ლიდერობის თეორიებს, სწავლა-სწავლების თანამედროვე თეორიებს.
– რომელი ქვეყნის განათლების სისტემის მოდელია თქვენთვის ყველაზე მეტად მისაღები/მისაბაძი, სკოლის მართვის თვალსაზრისით?
– ჩვენი ქვეყნისთვის სამაგალითო ესტონური მოდელი მგონია, ისიც ხომ პოსტსაბჭოთა მცირე ზომის ქვეყანაა. რადგან საერთო წარსული გვაქვს (ორივე ქვეყნის განათლება საერთო მოდელს ეფუძნებოდა), აქედან გამომდინარე, მათი გამოცდილების გადმოტანა ჩვენს რეალობაში უფრო მარტივი იქნება.
ესაუბრა ლალი ჯელაძე