მადონა ხაჩიძე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხევის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
✅ მშობლიური სკოლის მასწავლებელი
დავიბადე პედაგოგის ოჯახში. პროფესია მასწავლებელი ჩემთვის ყოველდღიური თანაცხოვრება და სიცოცხლეა. ყოველთვის მახსოვს, რომ თუ მიწოდებულ ცოდნას სიყვარული ჯადოსნური საბურველივით არ ახლავს, მაშინ მას ფასი არ აქვს. ეს, ჯერ კიდევ მოსწავლეობის პერიოდში, ჩემი აღმზრდელი პედაგოგებისაგან, ხევის საჯარო სკოლის კედლებში ვიგრძენი. დღეს კი მშობლიური ხევის საჯარო სკოლაში ვასწავლი და ვგრძნობ, თითქოს ყველა კუთხიდან ჩემი ბავშვობა მიცინის. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მშობლიურ სკოლაში ქართულ ენას და ლიტერატურას ვასწავლი.
✅მასწავლებელი-დამრიგებელი, როგორც სულიერი მოძღვარი
გავიხსენებ ყველასთვის საყვარელი ქართველი მწერლის, ნოდარ დუმბაძის სიტყვებს: „მინიმუმ ოთხ საიდუმლოს მაინც უნდა ფლობდეს მასწავლებელი: 1. უსაზღვროდ უყვარდეს ბავშვები; 2. უსაზღვროდ უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის; 3. ჰქონდეს უნარი – ეს სიყვარული სხვასაც შეჰყაროს, როგორც სენი უკურნებელი; 4. იყოს უაღრესად თანამედროვე, ჰქონდეს ცოდვა-მადლის ანუ სამართლის გაჩენისა და მოთმინების უნარი. მთავარი მაინც ის არის, რომ ბავშვმა, სკოლაში, როგორც სალოცავ ტაძარში, ისე იაროს და იქ უწმინდესი და უნეტარესი სულიერი მოძღვარი დახვდეს…“
ჩემი აზრით, კარგმა დამრიგებელმა სინათლის შუქით უნდა გააბრწყინოს მოსწავლის სასკოლო ცხოვრება, მასთან უნდა მიიტანოს მთავარი სათქმელი, მზე ყველა მოსწავლეს სარკმელთან უნდა ამოუყვანოს, სითბოთი, სიყვარულით სავსე ხურჯინი ყველას თანაბრად გაუნაწილოს, შეიძლება შეცდომაც გაეპაროს, მაგრამ, ისეთი არა, რომ ვერ გამოასწოროს. უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ერთგული მეგობარი, სევდისა და ლხინის თანაზიარი. „მოსწავლე ჩირაღდანია, რომელიც უნდა აანთო, ჩირაღდანი რომ აანთო, თვით უნდა იწვოდე, ვით ჩირაღდანი“.
✅ მოსწავლეების საიმედო მეგობარი
ჩემს სადამრიგებლო კლასში 9 მოსწავლეა – 6 ბიჭი და 3 გოგონა. მე და ჩემს მოსწავლეებს ერთმანეთთან მხოლოდ „მოსწავლე მასწავლებლის“ პოზიცია არ გვაკავშირებს. ჩვენი ურთიერთობები განპიროვნებულია მოსიყვარულე, თბილი, მეგობრული დამოკიდებულებებით და ურთიერთპატივისცემით. ჩვენ ერთმანეთისთვის საიმედო მეგობრები ვართ. მოსწავლეებს აქვთ იმის შეგრძნება, რომ მათთვის მხოლოდ მასწავლებელი კი არა, სანდო, მოსიყვარულე და მზრუნველი მეგობარი ვარ. ისინი ჩემთან გულახდილები არიან, თამამად საუბრობენ მათთვის საჭირო, საინტერესო ან პრობლემურ თემებზე. ჩემგან კი იღებენ რჩევა-დარიგებას, რასაც ყოველთვის ითვალისწინებენ.
მასწავლებელს ძირფესვიანად უნდა ჰქონდეს გააზრებული განათლების ეროვნული მიზნები, საკუთარი სკოლის ხედვა და მისია, უნდა შეეძლოს მოსწავლეს ჩაუნერგოს ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობა.
✅ მშობელი, სკოლა და მასწავლებელი
მშობლის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც სასკოლო ცხოვრების განვითარებისთვის, ასევე მოსწავლის აკადემიური მოსწრების კუთხით. თითოეულმა მშობელმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას შეუძლია სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, წარმართვაში, შეცვლასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს. მშობელსა და მასწავლებელს შორის კარგი კომუნიკაცია ყოველთვის დადებითად აისახება ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე. ეს ჯაჭვი – მშობელი, სკოლა და მასწავლებელი – მყარად უნდა იყოს შეკრული ბავშვის ირგვლივ. ასეთი მიდგომებით ბავშვი უფრო სწრაფი ტემპით ვითარდება.
✅ მშობელთა კრება
ჩემი აზრით, მშობელთა კრების მიმდინარეობისას, ყველაზე დიდი შეცდომა იქნება, თუ რომელიმე მოსწავლის ქცევასა და აკადემიურ მოსწრებას საჯაროდ განვიხილავთ. ასეთ პრობლემაზე საუბარი უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, უმტკინვეულოდ და საუბრის მთავარი მიზანი უნდა იყოს ამ პრობლემის აღმოფხვრის გზების ძიება. მშობელთა კრების მიზანი ხომ მშობლებისთვის სიახლეების გაცნობაა, მათთან ინდივიდუალურად საუბარი მოსწავლის საჭიროებების გამოვლენის ხელშეწყობასა და სახლში სწავლისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, შვილთან კომუნიკაციის პროცესში ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება და სხვა მრავალი. როცა მშობელიც და მასწავლებელიც მოსწავლეზე არიან ორიენტირებულნი და არა საკუთარ სურვილებზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში წარვმართავთ პროცესს ეფექტურად და სასურველ შედეგსაც მივიღებთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე, ჩემი სადამრიგებლო მე-10 კლასის მოსწავლეები და მშობლები ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი ვართ.
პიროვნების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია თვითშეცნობისა და თვითაღზრდის უნარების განვითარება. ხშირად თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა წარმმართველი ძალაა, რომელიც ყოველ ადამიანს დადებითი ქცევისა და მეს სრულყოფილებისკენ მიმართავს. მოსწავლეებს ვუქმნი პოზიტიურ, თბილ გარემოს, სადაც ვსაუბრობთ გულღიად, თავისუფლად, ყოველთვის მზად ვართ სიახლეებისა და გამოწვევებისადმი. უდიდესი პასუხისმგებლობა გაკისრია დამრიგებელს, როცა ამ მოვალეობას სიყვარულით ასრულებ, კლასის ხელმძღვანელის ხელფასს დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებ, თუმცა, ვფიქრობ, პედაგოგის პროფესიას მეტი დაფასება და წახალისება სჭირდება.
✅ არაფორმალური განათლება
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია, რა დროსაც თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება ხდება. არაფორმალური განათლების ფარგლებში, ჩემ მოსწავლეებთან ერთად, არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩავატარეთ. თითოეული აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება ჩვენთვის სახალისო და საინტერესოა. ყველა ღონისძიების წინ ვითვალისწინებ თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს, სურვილს, თანაბრად ვანაწილებ როლებს. ხალისით ვსწავლობთ და შემოქმედებით უნარებს თვალნათლივ წარმოვაჩენთ ერთად. ვფიქრობთ მოსალოდნელ შედეგზე.
არაფორმალური განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩაერთოს ისეთ აქტივობებში, რომლებიც მის ინტერესებზე, შესაძლებლობებსა და საჭიროებებზეა მორგებული, არასაგაკვეთილო დროსა თუ სივრცეში. ასეთ გარემოში სწავლა მის მოტივაციასა და ხალისს ზრდის. ამ მხრივ, გასული სასწავლო წელი საკმაოდ ნაყოფიერად დავასრულეთ.
არაფორმალური განათლების ფარგლებში, მოსწავლეებთან ერთად, მოვინახულეთ „კლდეში ნაკვეთი ქალაქი“ – ვარძია. ღონისძიების ფარგლებში:
√ მოსწავლეებმა ისაუბრეს „კლდეში ნაკვეთი ქალაქის“ ისტორიის შესახებ, შექმნეს ხელნაკეთი წიგნი, რომელიც სკოლაში ინახება;
√ ბებიების ურთიერთობა შვილიშვილებთან ყოველთვის განსაკუთრებული და აღმატებულია. ამ მიზნით, საკლასო ოთახში მოსწავლეთა ბებიები მოვიწვიეთ და მათ თბილი და დაუვიწყარი საღამო ვაჩუქეთ;
√ მოვამზადეთ და განვახორციელეთ პროექტი „ო, აფხაზეთო! ტკივილო ჩვენო“, რომელიც სულ სხვა გულისძგერითა და აღმატებული ემოციით წარმოაჩინეს მოსწავლეებმა. ჩვენ გვყავს თაობა, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა, გვყავს თაობა, რომელსაც აფხაზეთი ფრაგმენტებად ახსოვს და ვართ თაობა, რომელსაც აფხაზეთი არ გვინახავს. ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნდეს სიყვარული აფხაზი ხალხის მიმართ და მუდამ გვახსოვდეს, რომ აფხაზეთი ჩვენი ნაწილია. მე მჯერა, რომ აუცილებლად დადგება ჩვენი ერთიანობის დღე.
სადამრიგებლო კლასთან ერთად, შევიმუშავე საახალწლო ღონისძიების პროექტი — „ზამთრის სპეტაკ სითეთრეს შევურიოთ ფერები“. ჩვენი ხელით, საუცხოოდ მოვრთეთ საკლასო ოთახი, დერეფანი, გამოვუშვით კედლის გაზეთი. საახალწლო ზეიმზე ორიგინალური ნომრით წარვდექით და გადავიღეთ სახალისო საახალწლო კლიპი. შუაღამით, სკოლაში დავტოვეთ საჩუქრები;
√ მოსწავლეებთან ერთად, ვესტუმრეთ და დაბადების დღე მივულოცეთ ჩემი სადამრიგებლო კლასის, დიდი ხნის უნახავ, პირველ მასწავლებელს. მოსწავლეებმა მადლობა გადაუხადეს მას იმ ოთხი შესანიშნავი წლისთვის, რომელიც ერთად გაატარეს ხევის საჯარო სკოლაში, სადაც ისინი მასთან ერთად დაცულად, ბედნიერად და ხალისიანად გრძნობდნენ თავს;
√ საინტერესოდ წარიმართა ილია ჭავჭავაძის მოთხრობის „სარჩობელაზედ“ მიხედვით დადგმული იმიტირებული სასამართლო. ახალ სასწავლო წელს ახალი იდეებით შევხვდით. წინ ბევრი საინტერესო პროექტი და ღონისძიებაა.
✅ სასკოლო სახელმძღვანელოები და თანამედროვე მოსწავლეები
რამდენად პასუხობს სასკოლო სახელმძღვანელოები თანამედროვე მოსწავლის მოთხოვნებს, ვფიქრობ, სადავო საკითხია. პირადად მე, საგაკვეთილო პროცესის მრავალფეროვნებისთვის, არაერთხელ დამჭირვებია დამხმარე სახელმძღვანელოების გამოყენება. სახელმძღვანელოები კომპლექსურ დავალებებსა და პროექტულ სწავლებაზე უნდა იყოს მორგებული. როგორც ცნობილია, მიმდინარეობს სასკოლო საგნის სტანდარტების განახლების პროცესი, რომელსაც მომავალში თითოეული სასკოლო სახელმძღვანელო დაეფუძნება. სასკოლო სახელმძღვანელოები აუცილებლად უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოსწავლის მოთხოვნებს.
✅ ჩემი მოსწავლეები ერთმანეთის სიხარულით ხარობენ
დიდ ყურადღებას ვაქცევ მოსწავლეთა ურთიერთდამოკიდებულებას. ვითვალისწინებ თითოეული ბავშვის ოჯახურ მდგომარეობას, მათ ემოციურ განწყობას. ბულინგისა და ძალადობის პრევენციის მიზნით, აქტიურად არიან ჩართული საკლასო თუ სასკოლო ცხოვრებაში. ასეთი ტიპის აქტივობებით, ჩემ სადამრიგებლო კლასში, შეიქმნა ტოლერანტული გარემო, სადაც ადგილი არ აქვს ერთმანეთის ჩაგვრას. ერთმანეთზე ზრუნვა, თითქოს, მათი ყოველდღიური მოვალეობაა. მიხარია, რომ ისინი ერთმანეთის სიხარულით ხარობენ, მათი შემყურე ვრწმუნდები, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს.
ესაუბრა მაკა ყიფიანი