თბილისის 108-ე საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების მიერ შემუშავებული მაკეტის საფუძველზე სამგორის რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა.
სკვერის განაშენიანების პრეზენტაცია სამგორის რაიონის გამგეობაში გაიმართა, მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ მახარაშვილი და სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე.
თამარ მახარაშვილი: „მოსწავლეებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარების კუთხით სკოლებში სწავლა-სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამ მიზნით, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება თანამედროვე მიდგომების გამოყენებაზე, რაც ახალგაზრდებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობას მისცემს“.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მოსწავლეების ცოდნითა და შრომით შექმნილი მაკეტის საფუძველზე რაიონში ახალი სკვერი მოეწყობა კიდევ უფრო აუმაღლებს ახალგაზრდებს მოტივაციას, შექმნან არაერთი ინოვაციური პროექტი და განახორციელონ სხვადასხვა ინიციატივა.
სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ უახლოეს მომავალში გამოიყოფა შესაბამისი ტერიტორია, სადაც სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. კერძოდ, პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, საპროექტო სამუშაოების დაგეგმარების ტენდერი ჩატარდება. ამის შემდეგ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მეორე ტენდერს გამოაცხადებს, რომელში გამარჯვებული კომპანიაც სკვერის განაშენიანების სამუშაოებს შეასრულებს.
სამგორის გამგეობაში გამართულ ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ 108-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები და სხვა მოწვეული სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ სკვერის მაკეტი მოზარდებმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, მათემატიკის საგანში კომპლექსური დავალების შესრულების შედეგად, გეომეტრიული ფიგურებისა და მათემატიკური გამოთვლების გამოყენებით, შექმნეს. მოსწავლეები სკვერის განაშენიანების პროცესის ყველა ეტაპზე აქტიურად იქნებიან ჩართული.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების შეთავაზება, რომელიც შესასწავლი საკითხის ღრმად გააზრებასა და ცხოვრებისეულ თემებთან დაკავშირებას გულისხმობს. დავალების შესრულების დროს მოსწავლე მაქსიმალურად ერთვება შემოქმედებით პროცესში და, მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, ახალი პროდუქტის შექმნაზეა ორიენტირებული. აღნიშნული მიდგომა, თავის მხრივ, მოზარდებში ცოდნის გაღრმავებისა და მრავალმხრივი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.