ანა ფირცხალაიშვილი
კოლეჯი, რომლის სტუდენტები მინდა გაგაცნოთ, გამორჩეული იმითაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ტრადიციული პროფესიული საგანმანათლებლო კერაა საქართველოში. იგი 1918 წელს გაიხსნა მაშინდელი საზოგადო მოღვაწეების ძალისხმევითა და ფართო საზოგადოების მხარდაჭერით. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე წელს ბევრ სასიკეთო საქმეს ჩაეყარა საფუძველი ქვეყანაში და მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამდვილად იყო პირველი საფერშლო სკოლის (ამჟამად თბილისის №1 სამედიცინო სასწავლებელი, დირექტორი – ნინო ბიბილაშვილი) გახსნა, რომელიც სხვადასხვა პროფილის საშუალო სამედიცინო პერსონალს მოამზადებდა. გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლიდან, სასწავლებელმა ფუნქციონირება კი გააგრძელა, მაგრამ სწავლება რუსულ ენაზე წარმოებდა, კურსდამთავრებულებს ფერშლის, ფარმაცევტისა და მედიცინის დის წოდება ენიჭებოდათ.
ბუნებრივია, საუკუნის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა პროფესიული განათლების სფეროში და ეს ცვლილებები პირველ სამედიცინო სასწავლებელსაც შეეხო. იგი უფრო მიმზიდველი გახდა თავისი მრავალპროფილიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების განხორციელებით, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების შესაძლებლობის ხელშეწყობით…
უმაღლესი სამედიცინო განათლებისკენ სწრაფვა ყოველთვის თვალშისაცემი იყო ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ აი, საექთნო საქმის მიმართ ახალგაზრდების უფრო და უფრო მზარდი ინტერესი სიახლეა და სასიამოვნო სიახლე, რადგან ვიცით, რომ სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გაწევა წარმოუდგენელია კვალიფიციური მედდის გარეშე. თავად სტუდენტები კი პროფესიულ არჩევანს სხვადასხვა მოტივით აკეთებდნენ.
ნაზი წელაურმა 1988 წელს დაამთავრა სკოლა და ეკონომიური განათლებაც მიიღო. დაოჯახებისა და 90-იან წლებში შექმნილი ვითარების გამო, არსად უმუშავია, არც უცდია, ორ შვილს ზრდიდა და იმ პირობებში შეუძლებლად მიიჩნია სამსახურზე ფიქრი. პროფესიის არჩევას რაც შეეხება, ეს მოგვიანებით, მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მის მესამე შვილს A ტიპის დიაბეტი დაუდასტურდა. „გარდა იმისა, რომ ყოველთვის მომწონდა უანგაროდ ადამიანების დახმარება, ადვილად ვერკვეოდი და ვიმახსოვრებდი, მაგალითად, ანალიზების, პრეპარატების დასახელებას, კარგად ვერკვეოდი სხვადასხვა დიაგნოზის ნიუანსებში, მაგრამ გადაწყვეტილება ჩემი შვილის დიაგნოზმა განაპირობა. ბუნებრივია, მისი მართვა მთლიანად საკუთარ თავზე ავიღე და ღრმადაც ჩავიხედე ყველა წვრილმანში. ახლა ის თავადაც სტუდენტია, მომავალი ექიმი, ჩემი მეურვეობაც მეტ-ნაკლებად დასრულებულად მივიჩნიე და ვიფიქრე – რატომაც არა, ვცდი იმას, რაც მომწონს და ვიცი, რომ გამომივა“. სცადა და გამოუვიდა კიდეც. ქალბატონი ნაზი მადლიერებით იხსენებს იმ მხარდაჭერას, რაც სასწავლებელმა გამოიჩინა, პირველ ეტაპზე, გამოცდებისთვის მოსამზადებლად (უფასო 10-10 საათიანი კურსები ბიოლოგიასა და ქიმიაში), თუმცა ნაწილობრივ ზუმის ფორმატში მოუწიათ გაგრძელება. რა თქმა უნდა, ამდენი წლის შემდეგ ადვილი არ იყო ქიმია-ბიოლოგიასთან ახლიდან მიბრუნება, მაგრამ ამბობს, რომ კარგი ლექტორების წყალობით ადვილად აღიდგინა წლების წინ ნასწავლი და ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასება დაიმსახურა, რეიტინგულ სიებში, საქართველოს მასშტაბით, IV-V ადგილებზე გავიდა. ასე გახდა სტუდენტი იმ პროფესიული სასწავლებლის, რომლის შესახებ ადრეც ბევრი სმენოდა. „ეს ჩემი პირველი წარმატებული ნაბიჯი იყო მიზნისკენ გადადგმული. ჩამონათვალში სხვა კოლეჯებიც მეწერა, მაგრამ ვიცოდი, რომ აქ ნამდვილად ხარისხიან ცოდნას მივიღებდი და არც მიფიქრია, ისე გავხდი პირველი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტი. წელს მხოლოდ თეორიულ კურსს გავდივართ, სულ 18 მოდული უნდა გავიაროთ, 7 უკვე დავხურეთ. მართალია, ლექციები ონლაინ რეჟიმში გვიტარდება, მაგრამ ჩართული კამერით მაინც ლექტორის პირისპირ ზიხარ და მთლიანად ხარ ჩართული პროცესში. ზოგი ჩემი ჯგუფელი, პარალელურად, მუშაობს კიდეც, მაგრამ თეორიულ სწავლებას მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და არც ერთ ლექციას არ ვაცდენ, დილის 10 საათიდან 3 საათამდე, ყოველდღე, ორ საგანში ლექციებზე ვზივარ. ასე გაგრძელდება მეორე კურსის მარტამდე, შემდეგ კი კლინიკებში პრაქტიკა დაგვემატება. ახლა ძალიან დიდი მოთხოვნაა ექთნებზე და იმედი მაქვს დასაქმების პრობლემა კარგ სტუდენტებს არ შეექმნებათ. ხშირია შემთხვევები, როცა ლექტორები სთავაზობენ ხოლმე სამსახურს, თავიანთ კლინიკებში სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს“.
დარწმუნებული ვარ, ნაზიც ერთ-ერთი მათგანი იქნება. 3 შვილისა და 4 შვილიშვილის გამზრდელი ქალბატონი ახლა მთლიანად საკუთარი ოცნების ასრულებაზეა კონცენტრირებული. ამბობს, რომ შვილებს თავიანთი გზები გაკვალული აქვთ, შვილიშვილებისთვის კი მხოლოდ საღამოობითაა ბებო. დღისით საკუთარი განათლებისთვის შრომობს. ოჯახი მხარს უჭერს და პატივისცემით ეკიდება მის არჩევანს, ქალიშვილები ამხნევებენ, სტიმულს აძლევენ… სფერო, რომელსაც მომავალი ექთანი აირჩევს – ბავშვთა ენდოკრინოლოგია – მისთვის კარგად ნაცნობია. წლების განმავლობაში დიდი გამოცდილებაც დააგროვა, რომელსაც კოლეჯში შეძენილი ცოდნით შეავსებს და გამოუცდელ მშობლებს გაუზიარებს. ამისთვის მას წინ კიდევ ორი წელი აქვს, თუმცა ახლავე შემიძლია ვივარაუდო, რომ ქალბატონი ნაზი არა მხოლოდ დედობრივად მზრუნველი იქნება მის ხელში მოხვედრილი თითოეული პატარასთვის, არამედ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ექთანიც.
თეა ახვლედიანი საექთნო ფაკულტეტს წელს ამთავრებს. პანდემიის გამო არც მისი სტუდენტობა ყოფილა ისეთი სრულფასოვანი, როგორც მის გარეშე იქნებოდა. პედაგოგები ნიჭიერ, შრომისმოყვარე სტუდენტად ახასიათებენ და ამბობენ, რომ არასდროს, არც ერთი ლექცია არ გაუცდენია, არც ონლაინ და არც პირისპირ სწავლებისას. და ეს მაშინ, როცა მას ყოველდღე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან უწევდა მგზავრობა, საღამოს კი (შუადღის რეისს ვერ უსწრებდა) უკან დაბრუნებულს მთელი ღამე მეცადინეობა და დილით ისევ თბილისში წამოსვლა. ამბობს, რომ პროფესიის არჩევანის წინაშე არც მდგარა, მედიცინა ბავშვობიდან აინტერესებდა, სასწავლებელი კი ნათესავის რეკომენდაციით აირჩია, მასაც I სამედიცინო კოლეჯი აქვს დამთავრებული და ექთნად მუშაობს. „ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ. პირველი შთაბეჭდილება პედაგოგების სტუდენტებისადმი დამოკიდებულება იყო, ჩემი ფავორიტი და მისაბაძი მაინც ქალბატონი მანანა თოთლაძეა, ანატომიის მასწავლებელი, როგორც ადამიანი და როგორც პროფესიონალი. ანატომიის კარგად ცოდნა მედიცინის მუშაკისათვის აუცილებელია და სწორედ მას ვუმადლი, რომ მე ეს ცოდნა აქ მივიღე. კოლეჯში ყველანაირი აღჭურვილობა გვაქვს, რაც სტუდენტისთვისაა საჭირო, მაგრამ მეორე კურსზე, პანდემიის გამო, ვერ ვისარგებლეთ ამ თვალსაჩინოებებით, დანაკლისი მოგვიანებით, კლინიკებში პრაქტიკისას შევივსეთ. პრაქტიკებს კი სხვადასხვა პროფილის კლინიკებში გავდივართ, ეს პროცესი გამოცდებით სრულდება. 40-მდე თემა გვაქვს მოცემული, ზეპირი გამოკითხვაცაა, ჯამში, 70 ქულაზე მეტი უნდა აიღო. ხეჩინაშვილის კლინიკაში 100 ქულა ავიღე, ახლა იაშვილში გავდივართ პრაქტიკას, ვნახოთ, რას ვიზამ“.
ქალბატონი ნაზისგან განსხვავებით, თეა პირველ კურსზე ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხა (ეს წესი მოგვიანებით შეიცვალა) და სწავლის საფასურს ყოველწლიურად იხდის. „ერთი წელია, კავკასიის მედიცინის ცენტრში ვმუშაობ ქირურგიის განყოფილებაში, ვმორიგეობ კიდეც, ხან ყოველ მეორე დღეს, ხან ოთხ დღეში ერთხელ, 28-კაციანი განყოფილებაა, ყოფილა 8-9 პაციენტი მყოლია, ხან შეიძლება მთელი ღამე თვალიც ვერ მოხუჭო. რთულია, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაცაა, მაგრამ საკმარისია პაციენტისგან მადლიერების სიტყვები მოისმინო და ყოველგვარი დაღლა და ნერვიულობა იმწამსვე ქრება. როცა გიყვარს შენი პროფესია, მისი სირთულეც აღარ გაშინებს, პირიქით, თითქოს უფრო მოტივირებული ხდები ყოველი გამოწვევის დროს, მით უმეტეს, როცა პაციენტი მადლობას გეუბნება იმისათვის, რომ შვება მოჰგვარე. ზოგი რჩევასაც მაძლევს, ექთნობას არ დასჯერდე, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარეო… ბედნიერი ვიქნები, თუ ამას შევძლებ, ექთნის გამოცდილება ნამდვილად წამადგება პროფესიონალ ექიმად ჩამოყალიბებაში“.
უკვე გითხარით, რომ თეა ერთი წელია მუშაობს დამწყები ექთნის პოზიციაზე, მაგრამ არ მითქვამს, რომ წლევანდელ სწავლის გადასახადს იგი საკუთარი ხელფასით ფარავს და ამით ძალიან ამაყია. ეს მხოლოდ პირველი წარმატებული ნაბიჯებია მის რთულ პროფესიაში. დიპლომის აღების შემდეგ საშუალო ექთნის პოზიციაზე დაწინაურდება. ზოგადად, საექთნო საქმეში კვალიფიკაციის მფლობელს გზა ბევრი მიმართულებით აქვს ხსნილი – შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში, შინმოვლის სფეროში, სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებენ საექთნო მომსახურებას ან სწავლა გააგრძელოს უმაღლეს სამედიცინო დაწესებულებაში.
ასე მგონია, კოლეჯის დამთავრებისთანავე თუ არა, ახლო მომავალში მაინც, თეა ამ უკანასკნელს აირჩევს. ის უკვე კარგი ექთანია, მაგრამ მისგან კიდევ უფრო კარგი ექიმი დადგება.