რუბრიკის „პროფესია პედაგოგი“ სტუმარია ნინო დანელია,
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებელი
მოკლე წარდგენა
დავიბადე მარტვილის რაიონში, სოფელ ხუნწში, ვსწავლობდი და დავამთავრე ხუნწის საჯარო სკოლა. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, ხუნწის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, დაწყებითი კლასის მასწავლებლად. 2013 წელს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში გავაგრძელე მუშაობა, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტად, მარტვილის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლაში ვიყავი დამკვირვებელი. 2017 წელს ეს მიმართულება გაუქმდა და მას შემდეგ, ამ საგანს ხუნწის საჯარო სკოლის IX-XI კლასებში ვასწავლი. ასევე, ზედა ხუნწის საჯარო სკოლაში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.
პროფესია მასწავლებელი
როდესაც სკოლაში შევედი და ჩემს პირველ მასწავლებელს შევხვდი, ვთქვი, რომ მეც აუცილებლად მასწავლებელი გავხდებოდი. მშობლები და გარშემომყოფები მირჩევდნენ, ექიმის ან ჟურნალისტის პროფესია ამერჩია. როცა პროფესიული არჩევანის წინაშე დავდექი, აღმოვაჩინე, რომ ბავშვობაში არჩეულ პროფესიაზე აზრი არასდროს შემიცვლია, ეს იყო ის, რაც ნამდვილად მინდოდა. ვთვლი, რომ ჩემი პროფესიის განსაზღვრა იმ მასწავლებლის დამსახურებაა, რომელიც არა მარტო თავისი საგნის მცოდნე იყო, არამედ არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც მთელი გულით უყვარდა მოსწავლეები, მშობელი დედასავით უვლიდა თითოეულ მათგანს და სიყვარულს ყველას თანაბრად უნაწილებდა.
მასწავლებლობა მარტო საგნის კარგად ცოდნა ხომ არ არის, ის ბავშვებში იმედის გაჩენას, სწავლის სიყვარულის ჩანერგვას და მომავალი გზის გაკვალვაში დახმარებას ნიშნავს. მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეს ცხოვრება გაუადვილოს, შეუცვალოს, მთავარ ღირებულებებზე დააფიქროს, ამას თუ არ ცდილობს, განა ის ნამდვილი მასწავლებელია?! მოსწავლეებს უნდა დავანახოთ, რომ ცხოვრება შეიძლება სევდიანიც იყოს, მხიარულიც, უცნაურიც, იდუმალიც, რომ ის ჭრელია და რაც მთავარია, ამ სიჭრელეში თავიანთი ფერის პოვნაში დავეხმაროთ. უნდა ვასწავლოთ, რომ თუ არ დავეცით, ვერასოდეს ავდგებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია… ამდენ რამეს რომ ვასწავლით ბავშვებს, ამიტომაცაა მასწავლებლის პროფესია იდუმალი, საინტერესო, რთული და ჯადოსნურიც კი.
წარმატებული პედაგოგი
წარმატებული პედაგოგობა ჩემთვის კარიერულ სტატუსს (უფროსი, წამყვანი, მენტორი) ნამდვილად არ ნიშნავს, წარმატებული მაშინ ხარ, როცა მოსწავლეებს უყვარხარ და გიყვარს, ბავშვებზე ფიქრში იძინებ და იღვიძებ, ფიქრობ, როგორ გაახარო, ყველაფერს აკეთებ მოსწავლის ღიმილიანი გამოხედვისთვის და მისთვის ფერადი სამყაროს შესაქმნელად. მასწავლებლობა ჩემთვის მეგობრობასაც ნიშნავს, ნამდვილს, გულწრფელს, დიდის და პატარას უღალატო მეგობრობას. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება მოსწავლეების სიყვარულით სავსე მზერის დანახვაა, ლამაზი თვალებით ყურებაა, სულ რომ შემოგციმციმებენ. როცა რაიმეს აშენებ, სიყვარულს იმკი, ამას დიდი დრო სჭირდება, დანგრევას და დაკარგვას კი, სულ მცირე დროც ჰყოფნის, ამიტომ, ჩემი მიზანია, მთელი ცხოვრება შევინარჩუნო მათი სიყვარული, პატივისცემა.
თანამედროვეობა და მასწავლებელი
XXI საუკუნე გამოწვევების და უამრავი სიახლის საუკუნეა, რომელზეც ფეხის აწყობა მოგვიწია. თუ ამ გამოწვევებს ღირსეულად არ ვუპასუხეთ, ვერასდროს ვიქნებით თანამედროვე მოსწავლეების მასწავლებელი. მათ უამრავი კითხვა აქვთ, სიახლის ძიებაში არიან და მაქსიმალურად მომზადებული უნდა შეხვიდე მათთან, რათა ნებისმიერი ინტერესის სფერო დააკმაყოფილო. ამისთვის ის არ კმარა, რასაც წლების წინ უნივერსიტეტში გვასწავლიდნენ, ჩვენც უნდა ვისწავლოთ, თან ვისწავლოთ ისე კარგად, რომ თითოეულ მოსწავლეს ვასწავლოთ, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. მათთან ურთიერთობისას არასდროს შემქმნია პრობლემა, რადგან ვთვლი, რომ მათი უსიტყვოდ უნდა მესმოდეს, გამოხედვაში უნდა ვგრძნობდე, რა სურთ და აუცილებლად უნდა ვაკმაყოფილებდე მათ სურვილებს. რაც შეეხება პროფესიულ განვითარებას, ვფიქრობ, მასწავლებლობა ის პროფესიაა, რომელსაც მუდმივად სჭირდება განვითარება. სიახლის ძიების პროცესში აუცილებლად უნდა იზრუნო კვალიფიკაციის ამაღლებაზე, თვითგანვითარებაზე.
არ ვფიქრობ, რომ მასწავლებლის პროფესია ნაკლებ პოპულარულია, ალბათ იმიტომ, რომ მე მიყვარს მასწავლებლობა და ამ პროფესიას სხვა თვალით ვუყურებ. შეიძლება, ვისაც ფინანსური დაინტერესება აქვს ამ სფეროში, ასე მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობ, დღეს, საქართველოში, მასწავლებელი ამ კუთხითაც დაფასებულია.
მოგეხსენებათ, არსებობს მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელზეც ბევრ კარგ მასწავლებელს წარადგენენ, ყოველთვის ღირსეულზე ღირსეული იმარჯვებს. ყველა კონკურსს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს, მაგრამ მონაწილეებიც გამარჯვებულები არიან, რადგან მათ მთელი საქართველო და მსოფლიო იცნობს, ნუთუ ეს არ არის მასწავლებლის პოპულარიზაცია?!
არასატანდარტული გაკვეთილი
დღეს მასწავლებელს ყველანაირი რესურსი და შესაძლებლობა აქვს, რომ მის მიერ ჩატარებული გაკვეთილი მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობებით გაჯერებული იყოს, რომელიც მოსწავლეთა მოტივაციას გაზრდის. ხშირად მიწევს არასტანდარტული გაკვეთილების ჩატარება, გაწერილი გეგმიდანაც ხშირად ვუხვევ — რადგან 21-ე საუკუნის თაობასთან მიწევს ურთიერთობა, მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ექსპრომტად ვცვლი ხოლმე გეგმას, ეს კი გაკვეთილებს მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოს ხდის.
„ცხოვრებისეული დისციპლინის“ სწავლება სკოლაში
მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ და იცნობდნენ ცხოვრებისეულ დისციპლინებს, რომლის სწავლება მხოლოდ, მაგალითად, ქართულის ან მათემატიკის, გაკვეთილზე არ ესწრება. მოსწავლე რომ კარგ მოქალაქედ აღიზარდოს, საჭიროა მისი სამოქალაქო ცნობიერების გაზრდა. სწორედ ამან მოითხოვა, რომ მოსწავლეებს, დაწყებითი საფეხურიდანვე, დეტალებში შეესწავლათ ცხოვრებისეული დისციპლინის საკითხები. ამას „მე და საზოგადოების“ გაკვეთილზე ახერხებენ, პრაქტიკული მაგალითებიდან გამომდინარე. მე და ჩემი მოსწავლეები, ყველა გაკვეთილზე, ვცდილობთ, თეორიული საკითხები პრაქტიკულად შევასრულოთ, ეს მათთვის ძალიან საინტერესო და სახალისოა, მთელი გულისყურით ეცნობიან თითოეულ თემას და დარწმუნებული ვარ, არასდროს დაივიწყებენ.
რაც შეეხება სკოლაში პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სწავლებას, უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, არასდროს დავიღლები ბავშვებთან ამ თემაზე საუბრით, რადგან მათი კარიერული არჩევანი მათივე გადასაწყვეტია და ეს კარგად უნდა გაიაზრონ. იმაზე, თუ რამდენად სწორად გათვლიან და აირჩევენ პროფესიას, ხომ მთელი მათი ცხოვრებაა დამოკიდებული. უნდა დაიმსხვრეს ძველი ე.წ. სტერეოტიპი — „ექიმის შვილმა აუცილებლად საექიმოზე უნდა ჩააბაროს“, „ჩემს შვილს აუცილებლად უმაღლესის დიპლომი უნდა ჰქონდეს“, „პროფესიულ სასწავლებელში მხოლოდ უცოდინრები მიდიან, იქ ჩემს შვილს როგორ ვასწავლი?!“ და ა.შ.
ვმუშაობ ბავშვებთან, ვმუშაობ მშობლებთანაც, რომ მათაც კარგად გაიაზრონ, ეს შვილების მომავალია და არა მათი. ბავშვებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, პირველ რიგში, რა სურთ და რა სიამოვნებთ, შემდეგ — შეუძლიათ თუ არა ამა თუ იმ საქმის კეთება და რამდენად მოთხოვნადია შრომის ბაზარზე მათ მიერ შერჩეული პროფესია. ამ საგნის სწავლება სკოლაში აუცილებელი და დროულიც კი იყო, დამერწმუნეთ, ბევრ მოსწავლეს შეაცვლევინა აზრი, ბევრი სტერეოტიპიც დაამსხვრია და პროფესიული არჩევანის კუთხით, თავისუფლად აზროვნების შესაძლებლობა მისცა.
მე, ჩემი სკოლა, დირექცია მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მოსწავლეებმა კიდევ უფრო მეტი გაიგონ შრომის ბაზრის შესახებ — ეწყობა ექსკურსიები სხვადასხვა დაწესებულებებში, ქარხნებში, უნივერსიტეტებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში; მოსწავლეები ხვდებიან სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულ ადამიანებს და მათგანაც იგებენ ინფორმაციას პროფესიების შესახებ. მჯერა, თანამედროვე ახალგაზრდების მიერ შექმნილი პროდუქცია საკმაოდ ხარისხიანი იქნება, რადგან ისინი იმ საქმეს ირჩევენ, რაც უყვართ…
თითქმის ყველა საგნის სპეციალისტი გვყავს სკოლაში, მაგრამ ზოგადად, მეზობელი სკოლების მაგალითზე, მინდა გითხრათ, რომ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია — იმ საგანთა ჩამონათვალია, რომელთა მასწავლებლების სიმცირეც აღინიშნება.
მასწავლებელი სკოლის მიღმა
ძალიან მიყვარს ექსკურსიები, ჩემი ქვეყნის ლამაზი ადგილების დათვალიერება, ხელსაყრელ დროს და პირობებში. ყოველთვის ვცდილობ, წავიყვანო მოსწავლეები და მათთან ერთად დავტკბე საქართველოს სილამაზითა და მშვენიერებით.
მოამზადა მაკა ყიფიანმა