25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

მავთულხლართებს აქეთ საქართველოს მონატრებულებს მტკიცედ სჯერათ ბედნიერი მომავლის

spot_img
 ? ? მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ან, აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად, ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, წელსაც შესაძლებლობა აქვთ, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით ჩაირიცხონ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა.

გადაწყვეტილება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო“.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ლია გიგაურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის აგრესიულ პოლიტიკას და ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციის პრაქტიკას, მათ მცდელობას, ახალგორსა და გალის რაიონებში მცხოვრებ ქართულენოვან ახალგაზრდებს არჩევანის თავისუფლება და უკეთესი მომავლის იმედი წაართვან, არ მისცენ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება, ხელისუფლება წელსაც ანალოგიურ მექანიზმს დაუპირისპირებს: აბიტურიენტები, რომლებიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ, მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. ამასთან, სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად დააფინანსებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობა, ყოველდღიურად, ეთნიკური დისკრიმინაციის წნეხის ქვეშაა.საოკუპაციო რეჟიმი როგორც გალის, ისე ახალგორის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების უფლების შეზღუდვას და სკოლების რუსიფიკაციის პოლიტიკას განაგრძობენ. იმ აბიტურიენტებს კი, რომლებიც ქართულ ენაზე ამთავრებენ სკოლას, კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების ბარიერებს უქმნიან.

ყველას გვახსოვს გასულ წელს, ეროვნული გამოცდების დაწყების წინ, როგორ ჩაკეტა ე.წ. გადასასვლელი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ახალგაზრდების გამოცდებში მონაწილეობის შეზღუდვის მიზნით. აბიტურიენტთა დიდი ნაწილი, ხელისუფლების ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შეუერთდა გამოცდების მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპს, ნაწილმა თითქმის სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხა გადმოსვლა, ნაწილმა კი საერთოდ ვერ შეძლო საგამოცდო პროცესში ჩართვა. ამ დესტრუქციულ ქმედებას ჩვენმა ხელისუფლებამ ადეკვატურად უპასუხა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებული ყველა აბიტურიენტის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის გადაწყვეტილება მიიღო, მიუხედავად მათი მონაწილეობისა და შედეგებისა.“ – ამბობს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.

ლიკა გიგაურის გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, წელს გაიზარდა სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობა და მეტი ახალგაზრდა ცდილობს, უმაღლესი განათლების მისაღებად გალიდან და ახალგორიდან თბილისში წამოვიდეს. გასულ წელს მათი რაოდენობა გაორმაგდა, წელს კი დარეგისტრირებულთა რიცხვმა 360-ს გადააჭარბა.

„ეს არის უდიდესი მიღწევა! ქედს ვიხრი მათ წინაშე! ასეთი საქციელი ნამდვილად გმირობის ტოლფასი და საამაყოა.

მიუხედავად საოკუპაციო რეჟიმის მცდელობისა, რომ ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაებარებინათ, მათ და მათმა ოჯახებმა გაუძლეს ზეწოლას, გადალახეს შიში და, დიდი რისკის ფასად, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლები აირჩიეს, რადგან მავთულხლართებს აქეთ საქართველოს მონატრებულებს მტკიცედ სჯერათ ბედნიერი მომავლის და ფიქრობენ, რომ დიდი მისია აკისრიათ შერიგების გზების მოძებნაში.

რომ არა ოკუპანტის მიერ ხელოვნურად შექმნილი ბარიერები და გამიზნულად ჩაკეტილი გადასასვლელები, მათი უმრავლესობა წარმატებით ჩააბარებდა ეროვნულ გამოცდებს და საუკეთესო შედეგებს აჩვენებდა. ისინი ხომ, წლების განმავლობაში, მაღალი პასუხისმგებლობით და დიდი მონდომებით ემზადებოდნენ ამისათვის.

ოკუპაციის წნეხის ქვეშ მყოფი ახალგაზრდების თანადგომისა და მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერ შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო მათი სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით დააფინანსებს.

მინდა მივულოცო და წარმატებები ვუსურვო ამ საოცარ ახალგაზრდებს! დარწმუნებული ვარ, ღირსეულად ატარებენ სტუდენტის სახელს, ჩვეული მონდომებითა და შემართებით დაეუფლებიან პროფესიას და ცოდნით შეიარაღებულები სამშობლოს სამსახურში ჩადგებიან!

უდიდეს მოკრძალებას და პატივისცემას გამოვხატავ ამ ახალგაზრდების გმირი მშობლებისა და მასწავლებლების მიმართ. მიუხედავად არსებული მძიმე პირობების და სოციალურ-ეკონომიკური ფონის, უუფლებო მდგომარეობის, მუდმივი ზეწოლის, მუქარის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და მშობლიურ ენზე განათლების შეზღუდვის, ისინი ძალისხმვას არ იშურებენ, რომ სრულფასოვანი განათლება მისცენ მომავალ თაობებს. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს! გამძლეობა მათ!

ჩვენ კი, კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ხარისხიანი განათლება ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, რომ ერთად გადავდგათ უფრო დიდი ნაბიჯები შერიგების, ნდობის აღდგენისა და უკეთესი მომავლისკენ!“

 ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები