23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გამომცემლობა „ინტელექტმა“ ლიტერატურული კონკურსის #დაწერე გაკვეთილების შემდეგ საკითხავზე გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გამართა.
კონკურსზე, მთლიანობაში, 356 ნამუშევარი შემოვიდა, საიდანაც სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ 25 ფინალისტი გამოავლინა, 3 საუკეთესო ნამუშევრის ავტორი კი დაჯილდოების დღეს დაასახელა. მათთვის, საჩუქრებთან ერთად, ფულადი პრიზები იყო განსაზღვრული.
I ადგილი – 500 ლარი; II ადგილი – 300 ლარი; III ადგილი – 200 ლარი
„გაკვეთილების შემდეგ საკითხავ“ სერიაში, ამ ეტაპზე, 10 წიგნია გაერთიანებული, როგორც კლასიკოსების ნაწარმოებები, ასევე თანამედროვე ლიტერატურა. გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ განხორციელებული ლიტერატურული კონკურსი #დაწერე, უკვე მეორე წელია, წარმატებით ხორციელდება და მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში წიგნის კითხვის, კრიტიკული აზროვნების დამკვიდრებასა და პოპულარიზაციას.
ჟიურის წევრები:
√ მწერალი, საბავშვო ლიტერატურის მიმომხილველი – მაკა ლდოკონენი;
√ მასწავლებელი, ბლოგერი – გიორგი ლიპარიშვილი;
√ გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი/მსოფლიო გამომცემელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი – გვანცა ჯობავა.
გთავაზობთ საპრიზო ადგილებზე გასული მოსწავლების საკონკურსო ნამუშვრებს
I ადგილი
ალექსანდრე ნიჟარაძე
სსიპ ქუთაისის №23 საჯარო სკოლის VIIგ კლასის მოსწავლე
რეცენზია
ჯონათან სვიფტის წიგნზე „გულივერის მოგზაურობა“
გულივერი ჩემი მეგობარია. ალბათ ვერ გამიგეთ რომელ გულივერს ვგულისხმობ.
დიახ, ჯონათან სვიფტის წიგნის პერსონაჟი – ლემუერ გულივერი ჩემი მეგობარია. სწორედ ის, ხან ლილიპუტების ქვეყანაში რომ ამოყო თავი და ხანაც გოლიათებთან მოუწია ცხოვრება…
„თავდაპირველად ქირურგისა და შემდგომ რამდენიმე გემის კაპიტნის ლემუერ გულივერის მოგზაურობა შორეულ ქვეყნებში“, დაახლოებით, 300 წლის წინ დაიბეჭდა. ვინ იცის მსოფლიოში რამდენმა მოზარდმა და ზრდასრულმა წაიკითხა ეს წიგნი. ყველაზე საჭირო დროს ალბათ მე წავიკითხე და გავიცანი „ჩემი“ გულივერი, რომელიც ჩემთვის „ლიტერატურული ტყუპისცალი“ გახდა .
მე ერთი ჩვეულებრივი 13 წლის ბიჭი ვარ, რომელიც დედასთან, დასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს ძალიან ჩვეულებრივი ინდუსტრიული პერიოდის ბეტონის კორპუსში… სხვებივით მიყვარს ტელეფონი, კომპიუტერი და წიგნებსაც ვკითხულობ ხოლმე… „გულივერის მოგზაურობა“ სხვა გოგო-ბიჭებივით პირველად კინოფილმით ვნახე. ჩავთვლიდი, რომ მშვენიერი სათავგადასავლო ფანტასტიკაა, თუმცა ჩემი ასაკის ბიჭს ფენტეზით ვერ გააკვირვებთ.
როგორ დავმეგობრდით მე და გულივერ ლემუერი? ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჩემდა სამწუხაროდ სკოლა გამოვიცვალე და ახალ სკოლაში, ახალ კლასში თავი ისე ვიგრძენი როგორც გულივერმა ლილიპუტების ქვეყანაში. საკუთარ თავზე გადაჭარბებულად გრანდიოზული წარმოდგენის რომ არ გეგონოთ, სხვაგვარადაც შეიძლება ვთქვა: ახალ სკოლაში თავი ვიგრძენი, როგორც გულივერმა გოლიათების ქვეყანაში. ანდა როგორც გულივერმა ლაგადოსში, იაპონიაში და ყველგან, სადაც მანამდე უცხო და მისთვის გაუგებარ სამყაროში ამოყო თავი. ყველა ქვეყანას (ჩემ შემთხვევაში კი ახალ კლასს და სკოლას) საკუთარი წესები და კანონები აქვს, შენ კი როგორც „განსხვავებულს“ ჯერ აქტიურად გაკვირდებიან, გსწავლობენ და თავს გაბეზრებენ. ამ უხერხულობებზე როგორ არ გაგახსენდეს თავდაპირველად ქირურგი და შემდგომ რამდენიმე გემის კაპიტანი, გამოგონილი პერსონაჟი, მაგრამ მაინც ძალიან რეალური გულივერ ლემუერი?
თუ გინდა ახალ რეალობაში გადარჩე, გულივერივით უნდა დააკვირდე გარემოს, ხანდახან თავი უნდა მოიკატუნო, რომ შეეგუე და მოერგე მათ წესებს და შეხედულებებს. მაგრამ არასოდეს დაკარგო „შენს სამყაროში“ დაბრუნების იმედი. უნდა იბრძოლო შინ დაბრუნებისთვის.
ჯონათან სვიფტი, გარდა იმისა, რომ ფანტასტიკური ჟანრის მწერალია, ამავე დროს სატირიკოსიცაა. სატირიკოსობა ირონიას, დაცინვას და საფრთხეების გაპამპულავებასაც გულისხმობს. რაც გვაცინებს შეუძლებელია შემაწუხებელი იყოს. ახალ სკოლასთან ურთიერთობა შემაწუხებელი რომ არ ყოფილიყო გადავწყვიტე ცოტა ირონიულად შემეხედა ყველაფრისათვის. ასეთ დროს სატირის კლასიკოსების გადაკითხვა სჯობს… ჩემთვის „გულივერის მოგზაურობა“ აღმოჩნდა მეგობარი წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრების ახალ ეტაპზე მეგობრობაც გამიწია და ადაპტაციაც გამიადვილა. ახალი სკოლა ჯონათან სვიფტის ფანტასტიკურ ქვეყნებთან გავაიგივე, საკუთარი თავი – გულივერად წარმოვიდგინე და… რა ადვილი აღმოჩნდა ვიცინო ამბავზე, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ძალიან მძაბავდა.
ვერ ვეგუები გარემოს? გულივერივით შეუსაბამო ადგილზე აღმოვჩნდი?…არ უნდა დავკარგო ოპტიმიზმი! უნდა შევძლო გვერდიდან შევხედო საკუთარ თავს.. ვინ შეიძლება გამიწიოს მეგობრობა? – რა თქმა უნდა – ლემუერ გულივერმა.
– გაუმარჯოს გულივერს!
II ადგილი
ელისაბედ დიასამიძე
ბათუმის სკოლა „თაობის“ VIII კლასის მოსწავლე
რეცენზია
ასტრიდ ლინდგრენის და სარა შვარტის წიგნზე „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“
ასოები, სიტყვები, წინადადებები, სასვენი ნიშნები, ამბები, ფიქრები, აზრები, განცდები, ფურცელი და კალამი.
წერილები.
ფოსტალიონი და ემოციებით გაჟღენთილი, კონვერტში ჩადებული გაშიშვლებული ადამიანის გრძნობებით სავსე ფურცლები.
როდესაც პატარა ვიყავი, წარმოსახვის უნარი არ მქონდა. არ შემეძლო მემოგზაურა იქ, სადაც მომესურვებოდა. ეს იქამდე სანამ ასტრიდს შევხდებოდი. ადამიანს, რომელმაც ნაცრისფერ, უფანჯრო კედლების პატრონს მაჩუქა ფუნჯები და საღებავები. ჰა, ბურთი და მოედანიო.
მაშინ პირველად გავიცანი პეპი, კარლსონი, ლოტა, მადიკენი, მიო, ანა, ანიკა, ტომი, რონია და კიდევ მრავალი… ისინი თავის სამყაროში მოგზაურობის უფლებას მაძლევდნენ. ასტრიდმა მაჩუქა შესაძლებლობა, რომ ჩემს თვალწინ გადაშლილი სამყარო კი არ დამენახა — შემეგრძნო.
ერთია იყო მწერალი და წერდე კარგად, მეორეა იყო ადამიანი და იყო კარგი. ასტრიდი ორივე იყო. მართალია, არასდროს მქონია ბედნიერება, რომ პირადად გამეცნო ის, მაგრამ მქონდა შესაძლებლობა წამეკითხა მისი წერილები.
ვის ეკუთვნოდა ეს წერილები? გოგოს, რომელმაც ლინდგრენის გული დაიპყრო — სარა იუნგკრანცს.
და როგორი იყო ქალი, რომელმაც ასე ძლიერ შეგვაყვარა თავი? დაგვრჩა მისგან რამე? სარა თავს აქნევს და გვაიმედებს. ასე იწყება ეს ისტორია.
მთელ ქვეყანაში სახელგანთქმულ მწერალს, რომელიც სხვადასხვა ასაკის ხალხისგან ათასობით სათაყვანებელ წერილს, ძვირფას საჩუქრებსა და კომპლიმენტებს იღებს, ვის მიმართ შეიძლება გაუჩნდეს ინტერესი? ალბათ, იმ ემოციური, უცნობი გოგონას მიმართ, ერთ დღეს წერილს რომ გაუგზავნის, მკაცრი და გაბედული თხოვნით მოსთხოვს საკუთარი სურვილის ასრულებას. არც ასტრიდი დააკლებს და ისეთ წერილს გამოუგზავნის, რომელიც კანალიზაციაში ჩაირეცხება. ასტრიდსაც კი აღარ ახსოვს რა დაწერა წერილში, რომელმაც სარა ძალიან განარისხა. ერთი კი ფაქტია, ადამიანებს ყველაზე მეტად სიმართლე აღიზიანებთ. ალბათ, მწერალმა წერილში გოგონას თვალები აუხილა და მწარე რეალობა დაანახა, რამაც სარას სირცხვილის გრძნობა გაუღვიძა. სირცხვილის გრძნობას, სინდისის ქენჯნა მოსდევს, ხოლო ამას, სიტყვა „ბოდიში“, რომელსაც იუნგკრანცი ლინდგრენს გაუგზავნის. აქ იწყება 31-წლიანი მიმოწერა.
სარასი ძალიან შემშურდა. იმიტომ არა, რომ ის ასტრიდის „კალმის მეგობარი“ იყო, არამედ იმიტომ, რომ, მან ასაკის მატებასთან ერთად, შეძლო შეენარჩუნებინა ბავშვობა, რომელიც თითქმის არ ჰქონია. ლინდგრენის წიგნის კითხვისას, შენში მყოფი მიძინებული ბავშვი უნდა გამოაფხიზლო. ეს ასე თუ არ მოხდა, ამბავს ვერ გაიგებ და წიგნიც უაზრო მოგეჩვენება. წამოვიზარდე თუ არა, გადავწყვიტე, ასტრიდი საჩემო აღარ იყო და სჯობდა ხელი დიდი წიგნებისთვის მომეკიდა. იმ დღეს დასრულდა ჩემი ბავშვობაც. სარა კიდევ მთელი ცხოვრების განმავლობაში ხელით დაატარებდა ლინდგრენის წიგნებს. თითქოს, მისთვის ამ წიგნებს ჰქონდათ ის დახმარების ხელი გამოწვდილი, მთელი ამ დროის განმავლობაში რომ ელოდებოდა. ისხდნენ ასტრიდი და სარა ანთებული სანთლის წინ. სარა არ წასულა – ის ახლაც იქ არის.
ამ წიგნის წაკითხვა ასტრიდის გასაცნობად გადავწყვიტე, მაგრამ ყველაზე მეტად სარა იუნგკრანცის განვითარებაზე თვალყურის დევნებამ გამიტაცა. იგივე მიზეზი ჰქონდა ასტრიდსაც. წერდა სარას, რადგან აინტერესებდა როგორ წარიმართებოდა გოგონას ცხოვრება. არა, ლინდგრენი მას ლუპით ხელში არ აკვირდებოდა. ის ყოველთვის ცდილობდა სარასთვის ხიფათის არიდებას: ალკოჰოლი, მოწევა, ადრეული გათხოვება… სწორედ ის თემები, რომლებიც დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც მაშინ…
სარა გაზაფხულის იმ ყვავილს მაგონებს, ზამთრის სიცივეში რომ აღმოცენდა. სხვებისგან განსხვავებული, იძულებით განდეგილი ფერადი არსება, რომლისთვისაც სუსხიან ქარს ხელები დაუსერავს. გოგონა ემოციებით, რომელიც მას არასოდეს უგრძნია. ფიზიკური და შემდეგ უკვე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, საკუთარი თავით უკმაყოფილო სარა, რომელსაც თან სდევს საკუთარი ჩრდილი, ასე ძალიან რომ ეზიზღება.
შუაღამით, თავსხმა წვიმაში ველოსიპედს მიაქროლებდა ლამაზი სარა. მისი ცრემლები წვიმის წვეთებს უერთდებოდა და სხეული თვითონ წვიმას ერწყმოდა. იმ დღეს გოგონას ამძიმებდა სიყვარულის უნარი, რომელიც რვა მილიარდი ადამიანიდან მხოლოდ ერთს გააჩნია.
სარა იყო ადამიანი, რომელსაც ენატრებოდა სიყვარული, რომელსაც ყოველთვის გასცემდა, მაგრამ უკან არასოდეს უბრუნდებოდა. სარას ენატრებოდა ბავშვობის მეგობრები, რომლებიც არ ჰყოლია. ენატრებოდა მზრუნველი, ყურადღებიანი მამა, რომელიც სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა, აშინებდა სიბნელე, რომელიც თან სდევდა.
გარდატეხის პერიოდს თან ახლავს მთელი რიგი პრობლემები. დაბალი თვითშეფასება, უკონტროლო სიბრაზე, გაუცხოება და განსხვავებული ფიქრები, ამ ყველაფრის გამო საკუთარი თავის სიძულვილი. რთულია ეს ყველაფერი მარტომ გადალახო, ამიტომ ყველას გვჭირდება ვიღაც, ვინც ბნელი, შავი, ნეგატიური ფიქრების ორმოდან ამოგვათრევს.
„თავი დამანებეთ!“ — ამბობს ხალხით იმედგაცრუებული გოგონა და თან აყოლებს — „სიამოვნებით გაგაწნავდით სილას და შურს ვიძიებდი“. საკუთარი აზრებით შეშინებული სარა თვლის, რომ ის ბოროტი და ეგოისტია, მაგრამ ასტრიდი პასუხობს: „შენ შეყვარებული ხარ. ეს დიდებული მდგომარეობაა“. და დასაშოშმინებლად ნილ ფერნილის ლექსს უგზავნის:
„ამიტომ ვცდილობ არ ვიყო ავი,
კეთილო ხალხო, გთხოვთ, დამანებოთ თავი.“
ასტრიდი არის ის, ვინც სარას არ განსჯის, არ მიუთითებს. ის მას უბრალოდ უსმენს. მოსმენა კი ის არის, რაც სარას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ის არ უღრმავდებოდა დეტალებს, არ ეძებდა მიზეზებს. მაშინაც კი, როდესაც სარას ქადაგების უკან ხედავდა სულიერ ტკივილს. ასტრიდი ამას არ აკეთებდა, რადგან იცოდა, რომ ერთი სიტყვაც კი „განხეთქილების ვაშლი“ იქნებოდა სარას მგრძნობიარე სულისათვის.
და მაინც, სად ვინახავთ ადამიანები წერილებს? მეხსიერებაში, გულში, მოგონებებში თუ რკინის სეიფში? არა, ჩვენ, ბავშვები, წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავთ, ყველაზე საიმედო ადგილას, თავდადებით ვინახავთ იქ, სადაც შრება ჩვენი ცრემლები. იქ, სადაც იმალებიან ასოები, სიტყვები, წინადადებები, ფიქრები, აზრები, განცდები…
ხოდა, ასტრიდ – „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“…
III ადგილი
თეკლა მეტრეველი
სსიპ თბილისის №59 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე
რეცენზია
ლევან ბოლქვაძის წიგნზე „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“
ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ დაფუძნებულია საბჭოთა კავშირის რეალისტურ ამბებზე, რომლებმაც პირადად მე ძალიან დამაფიქრა და წიგნში ჩამასახლა. მაოცებს მწერლის წერის, ამბების გადმოცემისა და შენიღბვის უნარი. ვესწრები ლიტერატურულ შეხვედრებს, სადაც მასწავლებელმა საბჭოთა კავშირი ისე გაგვაცნო, რომ ასე მეგონა, ძვალ-რბილში მქონდა გამჯდარი და გააზრებული. წიგნის წაკითხვის შემდეგ კი კიდევ უფრო კარგად მივხვდი, რომ მწერალმა მოახერხა და დამაფიქრა საბჭოთა კავშირზე – ამ რეალისტურ საშინელ ორმოზე, სადაც ადამიანებს წაართვეს ყველა ის მნიშვნელოვანი უნარი, რაც კი ჰქონდათ მათ გამოჩენამდე (ფიქრი, ხმის ამოღება, კრიტიკული აზროვნება, სიყვარული, ერთგულება) და ამ ორმოში ჩაყარეს, ხოლო მათ ნაცვლად ჩაუნერგეს ბოღმა, შური, დაბეზღება, ერთნაირობა, ორპირობა და ტყუილები. სწორედ ამ რეალობაზე გვიყვება ავტორი, რეალობაზე, რომელიც ზოგმა არასწორად გაიგო.
წიგნი ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მოყვარული 12 წლის ბიჭის, ცოტნეს (ჭაბუკას, ასე ეძახიან), შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თავს გადახდება ისეთი თავგადასავალი, როგორზეც არც კი იოცნებებდა. წიგნების მოყვარულ ბიჭს ჰყავს მეზღვაური მამა, რომელსაც საოცარი ნივთები ჩამოაქვს და-ძმისთვის, დედა და პატარა და, მატო. ოჯახი სიყვარულით და ბედნიერებით გაჟღენთილია, სანამ მამა უეცრად არ გაუჩინარდება. ისინი ბაბუასთან საცხოვრებლად გადავლენ. ცოტნეს ჰყავს წიგნების მოყვარული ბაბუ, რომელსც აქვს ერთი წიგნებით გამოტენილი სარდაფი. დღედაღამეს ჭაბუკა იქ ატარებს. თაროებზე რომელ წიგნს არ შეხვდებით: გრძელსათაურიანს, მოკლესათაურიანს, ერთსიტყვიანს, ხუთასფურცლიანს თუ ასფურცლიანს. ერთ-ერთი გრძელსათაურიანი წიგნი ჭაბუკამაც აღმოაჩინა, კითხვას შეუდგა და ის ის იყო, უნდა დაემთავრებინა, რომ ამბავი გაწყდა და მის წინაშე ვარსკვლავებიანი რუკა გადაიშალა. აქედან იწყება ჭაბუკას ერთი შეხედვით მოკლე, მაგრამ გრძელი – ხიფათებით, მეგობრობით, სიყვარულით, ბოღმით, შურით, ამპარტავნებით, სიკეთით, ბოროტებით სავსე თავგადასავალი, საიდანაც თავის დაღწევა ადვილია, ამბის დასრულება კი – რთული. ვის არ გაიცნობს ჭაბუკა აქ – პირველ მინისტრს, პაპა პიეტროს, მეფე ჩიგიდ XVI-ს, სილვიოს, მენაცვლეს, ინის, ტინიტოს, ვინის, ტოპს, ჩინელ მოგვს, მესაათე ბაზილს, პროფესორ კომპოტინს და სულკატიანებს. ჭაბუკა ამ ქალაქში მომხდარ უსიამოვნების და ბოროტების განდევნას მისტერ კომპოტინის, პაპა პიეტროს, ინის და თითქმის ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა პერსონაჟის დახმარებით ცდილობს. ეძებს ექვსნიშნა რიცხვს, რომლის დახმარებითაც მესაათე ბაზილის დამზადებულ დიდი ქალაქის საათს შეაჩერებენ და ამასთან ერთად მეფე ჩიგიდის გულმკერდზე ჩამოკიდებული მარადიული სიცოცხლის საათიც შეჩერდება.
კითხვის დროს ასე მეგონა, გულში მენთო ცეცხლი, რომელიც ნაპერწკლებს ყრიდა. ჩიგიდის უმოწყალო საქციელი ნერვებს მიშლიდა, მინდოდა, ვინმეს გაეჭყლიტა და ისე დაეპატარავებინა, ვეღარავის დაენახა. ჩემი ვარაუდებიც გამართლდა. ამაყ, წუწუნა და გამაღიზიანებელ პრინცესაზე ხომ აღარაფერს ვამბობ. ისიც მინდოდა მამამისს მიჰყოლოდა, მაგრამ რატომღაც ავტორმა შეიწყალა. თუმცა, რა პრინცესას ბრალია, ბავშვობიდან რომ ანებივრებდნენ და ათამამებდნენ. ბოროტი პერსონაჟების ცუდი საქციელი საფიქრალს მიჩენდა. სწორედ ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომაც მიყვარს ეს წიგნი. ფიქრზე ხომ ვგიჟდები. ზოგი წიგნი ისე წამიკითხავს, არაფერზე დავფიქრებულვარ, მაგრამ შეიძლება, მაშინ ფიქრიც არ ვიცოდი. ფიქრს ხომ სწავლა უნდა?!
კიდევ უფრო მეტად გამახალისა და აღმაფრთოვანა მწერლის გამოგონებებმა. პერსონაჟებს სახელები ასოების მიხედვით დაარქვა. ერთ-ერთ პერსონაჟს, გოგონას, „ინი“ უწოდა, სხვებს კიდევ „ლასი“, „მანი“, „ვინი“ და „ტოპი“. უაზროდ რომ არ ყოფილიყო ეს სახელები, ახსნაც გამოუძებნა. „ბედნიერების ქალაქში“ წესია, რომ რა სიმდიდრესაც ფლობ, იმის შესაბამისი სახელი გერქვას, მაგალითად, ან, ბან, გან ბედნიერი ხალხია, საჭმლის ფული გააჩნიათ, მათ ქვემოთ მყოფ ასოებს ნელ-ნელა უჭირთ საკვების შოვნა. ამ ყველაფერმა წიგნს დიდი ხიბლი შესძინა. მომეწონა ქართული ხალხური ზღაპრების ნიშან-წყალი რომ ეტყობოდა წიგნს – ტინიტოს სალამური, თვითონ ტინიტოც ხომ საოცრებაა, შავი რაში და მაგიური მოგვი.
წიგნში შეხვდებით საბჭოთა კავშირის პრობლემებს – ერთმანეთის დაბეზღებას, ყველაფრის განადგურებას, რომ ყველამ ერთნაირად უნდა იაზროვნოს, არავინ უნდა იყოს გამორჩეული, რომ გამორჩეულობა და თავისუფლება დანაშაულია, მოაზროვნეებს ციხეში ამწყვდევენ და ამით ცდილობენ პრობლემებისგან თავის დაღწევას, იყენებენ დასჯის უსასტიკეს მეთოდებს. „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ გვაფიქრებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემაზე. საბედნიეროდ, გვყავდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ამ ყველაფერს შეეწინაღმდეგნენ, ხმა ამოიღეს და სხვების ინსპირაციად იქცნენ. ამიტომ ქართველებს არასდროს დაავიწყდებათ 26 მარტი და 9 აპრილი. ამ დროს გაიმარჯვა ერთიანობამ, სიძლიერემ, სამშობლოსა და ადამიანის სიყვარულმა, სიკეთემ, მეგობრობამ და ერთმანეთის დახმარებამ. ამ თვისებებმა სძლია ბოროტებას და დაშალა საბჭოთა კავშირი. ამ რომანმა გამიჩინა სურვილი, დავწერო წიგნი თინეიჯერების პრობლემებზე და გავაგებინო ხალხს, თუ რა მნიშვნელოვანია კეთილი თვისებები ადამიანებისთვის და აღვწერო ის პრობლემები, რაზეც ასე თუ ისე ხალხი ხმას არ იღებს.
წიგნის მთავარი სათქმელია ის, რომ რაც არ უნდა ხიფათი და ფათერაკი აღიმართოს ჩვენს ცხოვრებაში, ყოველთვის შევძლებთ მათ გადალახვას, მარტო კი არა, არამედ სხვებთან ერთად. საბოლოოდ, ბოროტება ადრე თუ გვიან მაინც მარცხდება და მოწყვეტით მიწას ენარცხება. მოდი, დავფიქრდეთ, ბოროტება და სიკეთე რომ არ არსებობდეს, ჩვენი ცხოვრება არაფრის მთქმელი და მომცემი იქნებოდა. მაშინ ჩვენს სიცოცხლეს რა აზრი ექნებოდა? მივხვდი, რომ ყველაფერი რაღაცისთვის საჭიროა და ამ სამყაროში ტყუილად არაფერი შექმნილა.